ინალ არძინბა: საქართველოს ხელისუფლებას ჰყოფნის კეთილგონიერება, ეს ნაბიჯი არ გადადგას
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის საავტორო გადაცემა Соловьев Live - ში მიიღო მონაწილეობა და კითხვებზე უპასუხა.
სოლოვიოვის ერთ-ერთი კითხვა,,მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილით დასავლეთის მხრიდან საქართველოს ,,წაქეზებას“ უკავშირდებოდა. რუსი პროპაგანდისტის აზრით, ამერიკა და სხვა ქვეყნები, რუსეთის გარშემო მდებარე სახელმწიფოებს, ,,მეორე ფრონტის“ გახსნისკენ ძალიან აქტიურად უბიძგებენ და საქართველოსაც ,,აქეთკენ, ექაჩებიან.“
ვლადიმერ სოლოვიოვი: გეოპოლიტიკის და უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის მიმდინარეობის გათვალისწინებით, როგორია იმის ალბათობა, რომ საქართველო აიძულონ, კვლავ წამოიწყოს ომი აფხაზეთის წინააღმდეგ?
ინალ არძინბა: ჩვენ ოპერატიულად ვახორციელებთ სიტუაციის მონიტორინგს და მართლაც, ამერიკული თუ ევროპული სტრუქტურები, რომლებიც განლაგებულნი არიან თბილისში, ეს იქნება ამერიკის საელჩო, ევროსაბჭოს თუ ევროკავშირის წარმომადგენლობა, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში დამანგრეველი საქმიანობით არიან დაკავებულნი, თქვენს მიერ აღნიშნული თემატიკის ლობირებას ყოველდღიურად ეწევიან.
ჯერ, საქართველოს ხელისუფლებას ჰყოფნის კეთილგონიერება, ეს ნაბიჯი არ გადადგას, თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე. ვინაიდან, საქართველოში შეიძლება რაღაც შეიცვალოს და ღმერთმა ნუ ქნას, თუ ხელისუფლებაში რადიკალები მოვლენ, რა თქმა უნდა, სიტუაცია შესაძლოა სხვაგვარად განვითარდეს.
იმედი გვაქვს, რომ მომავალში მშვიდად და ურთიერთპატივისცემით განვვითარდებით, ნორმალური დიალოგი გვექნება, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ჩვენს სუვერენიტეტს აღიარებენ. ჟენევის დისკუსიები ზუსტად იმისკენ მოგვიწოდებს, რომ მოხდეს ვითარების სტაბილიზაცია და უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება.
ვლადიმერ სოლოვიოვის ეთერში ინალ არძინბამ ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობასა და დიალოგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხში მათი მთავარი საყრდენი სირია-არაბეთის რესპუბლიკაში მდებარე საელჩოა. მისი თქმით, აფხაზები სირიელებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთთან ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ სტრატეგიას ამუშავებენ.
,,ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ლიბანთან, ავღანეთის წარმომადგენლებთან, ჩვენ ვსაუბრობთ სხვა რიგ სახელმწიფოებთანაც, რომელთა ჩამოთვლა არ მინდა, რადგან ამ ინფორმაციას ჩვენი ოპონენტები ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს წარმომადგენლები ცდილობენ, ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები დაბლოკონ. მართალია, ეს დიდად არ გამოსდით, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ ამას.“ - განაცხადა არძინბამ.
მისი თქმით, აფხაზები მტკიცედ ცდილობენ კონტაქტების გაფართოებას, მათი მიზანი ახლო აღმოსავლეთთან მჭიდო ურთიერთობაა და ამ მიმართულებით მუშაობის გასაძლიერებლად, მათ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი იმედი აქვთ.
მოამზადა ირმა ბერიშვილმა
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.