Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა გენერალურმა პროკურატურამ ბიჭვინთაში არსებული სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების შემოწმება დაასრულა


ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა გენერალურმა პროკურატურამ აფხაზეთ-რუსეთს შორის ბიჭვინთის სახელმწიფო სააგარაკო კომპლექსის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთანხმების მომზადებასა და ხელმოწერაში კანონთან შესაბამისობის შემოწმება დაასრულა. პროცედურული შემოწმება ადგილობრივი ორგანიზაციების „აიდგილარას,“ „აიააირას“ და „აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტის“ მიმართვის საფუძველზე განხორციელდა.

პროკურატურამ ხელშეკრულებაში აღმოჩენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, ადგილობრივ მინისტრთა კაბინეტს სპეციალური წარდგინება გადაუგზავნა.

როგორც გაირკვა, სახელმწიფო აგარაკ ,,ბიჭვინთის“ ფაქტობრივი მისამართის საკოორდინატო პუნქტები ხელშეკრულების დანართში მითითებულ გეოგრაფიულ კოორდინატებს არ შეესაბამება.

დარღვევაზე პასუხისმგებელია ქონების მართვისა და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტი. გარდა ამისა, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დადებითი დასკვნა, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, გამოტანილია მიწათსარგებლობისა და საკადასტრო ადმინისტრაციის მიერ.

დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, ვინაიდან აღნიშნული შეთანხმება ჯერ ძალაში არ არის შესული.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ სახელმწიფო აგარაკ ,,ბიჭვინთის“ კომპლექსს, რომლის ტერიტორიაც, მისი მიმდებარე ზღვის აკვატორიით,  რუსეთის ფედერაციას უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს. აგარაკის გასხვისების შესახებ მოლაპარაკებები დიდ ხანს მიმდინარეობდა, საბოლოო შეთანხმებას ეგერთწოდებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოსკოვში ხელი 2022 წლის 19 იანვარს მოაწერა, რასაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და ხალხს შორის დიდი დაპირისპირებები მოჰყვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, აფხაზები პოზიციებს დღემდე არ თმობენ და აღნიშნულ ხელშეკრულებას აპროტესტებენ.  

 

 მოამზადა ირმა ბერიშვილმა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...