ავსტრია მიიჩნევს, რომ მშვიდობის სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობა სახიფათოა, თუმცა ,,ხიდებიც არ უნდა დაწვან"
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ალექსანდრე შალენბერგის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ უკრაინამ შეიძლება ტერიტორიების ნაწილი მშვიდობაზე გაცვალოს, სახიფათოა. მას მიაჩნია, რომ დადგება დრო, როცა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების დასაწყებად ადგილის შერჩევა გახდება საჭირო.
შალენბერგის სიტყვებით, არაფერია ცუდი იმაში, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ, ევროპაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
,,ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფალი დისკუსია გვქონდეს და ვიმსჯელოთ, არის ის, რაც ახასიათებს პლურალისტურ დემოკრატიებს და განგვასხვავებს ჩვენ ვლადიმერ პუტინისა და მისი სისტემისგან. ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა იმაზე ფიქრით, რომ მხოლოდ ერთი აზრია მართებული," - განაცხადა ავსტრიელმა დიპლომატმა გამოცემა Der Standard - თან მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, შალენბერგმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების შესაძლებლობა ჯერ არ არსებობს, თუმცა იმედოვნებს, რომ დიპლომატიის დროც დადგება.
„რუსეთი, გადაწყვეტილების მისაღებად, ბრძოლის ველს აკვირდება და ძალიან სახიფათო იქნება იმის თქმა, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი მშვიდობის სანაცვლოდ უნდა დათმოს. ჩემთვის ცხადია ერთი რამ: შეუძლებელია უკრაინის გარეშე უკრაინისთვის რაიმე გადაწყვეტილების მიღება,“ - განმარტა ავტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთანავე, ის კვლავაც მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, ევროპაში შესვლა ყველა რუსს აუკრძალონ, ამიტომ ამართლებს ეუთოს შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის ვიზიტს.
,,ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს უკრაინას, ტერიტორიული სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში. რუსეთი უხეშად არღვევს გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავწვათ დიალოგის ყველა ხიდი, ყველა გზა და არხი. როცა დრო მოვა, ჩვენ ასევე დაგვჭირდება მოლაპარაკებების ადგილი და პლატფორმა, როგორიცაა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია,“ - განაცხადა ალექსანდრე შალენბერგმა.
უცხოური პრესის მიხედვით მოამზადა ირმა ბერიშვილმა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.