ასლან ბჟანია: ჩვენ ვართ რუსეთის მოკავშირეები, გვინდა ვიყოთ მოკავშირეები ბელორუსისთვისაც
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოსკოვსა და მინსკში განხორციელებულ ვიზიტებს დღეს სოხუმში პრეს-კონფერენცია მიუძღვნა.
„კარგია, როცა ქვეყნების ლიდერებს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის საშუალება აქვთ. გასულ წელს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აქ გვეწვია. მან მე სტუმრად დამპატიჟა... მინსკში ჩემს ვიზიტს ბევრი ლაპარაკი მოყვა, ბევრს არ მოეწონა, რომ პრეზიდენტის პირისპირ არ ვიჯექი, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრები, რამაც ხელი შეუწყო აფხაზეთსა და ბელორუსს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარებას,“ - განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია მომავალში ბელორუსთან სრულფასოვანი ურთიერთობების დამყარებით.
მისი თქმით, ბელორუსის რესპუბლიკაში ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ არის, რაც შეიძლება მათ გადმოიღონ და სხვადასხვა დარგში მათი გამოცდილება თავიანთ პრაქტიკაშიც გამოიყენონ.
ბჟანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ბელორუსს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროები შეიძლება იყოს IT ტექნოლოგიები, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.
როგორც თავად ამბობს, მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მინსკის მაღალტექნოლოგიურმა პარკმა, რომელიც, ინტელექტუალური შრომის პროდუქციის (ძირითადად, პროგრამული და მიკროელექტრონული გადაწყვეტილებები) ექსპორტს ახორციელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა აფხაზ ჟურმასტებს აუწყა, რომ ბელორუსი ინვესტორების დაფინანსებით, 2024 წლის აპრილში ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში დაიწყება საკურორტო სანატორიუმის კომპლექსის მშენებლობა, სადაც 250-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამასთან, დასაქმებულთა 80 %-მდე ადგილობრივი მცხოვრები იქნება.
,,მინსკში აფხაზეთის სავაჭრო სახლი იმუშავებს. ბელორუსისთვის აფხაზური ღვინოების მიწოდებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. აფხაზური შემოქმედებითი კოლექტივები ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „სლავიანსკი ბაზარში“ მიიღებენ მონაწილეობას. კონტაქტები გაგრძელდება, ეს სასარგებლოა, ეს მომავალში უამრავ სასიკეთო საქმეს მოგვიტანს.
თქვენ ხედავთ, რამდენად დაახლოვდა პოზიციები ბელორუსსა და რუსეთს შორის. ჩვენ მათი მოკავშირეები ვართ, ჩვენ ვართ რუსეთის მოკავშირეები, გვინდა ვიყოთ მოკავშირეები ბელორუსისთვისაც და აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ოკუპირებული მხარის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, მინსკში იყო თუ არა საუბარი მოკავშირე სახელმწიფოების რიგებში აფხაზეთის გაწევრიანებაზე, ბჟანიამ უპასუხა, რომ „ამ ისტორიულ ეტაპზე“ ამ კავშირში აფხაზეთის გაწევრიანებაზე საუბარი ნაადრევია.
,,ამ თემაზე კონსულტაციები არ ყოფილა. საკავშირო სახელმწიფო, როგორც მე მესმის, არის ერთგვარი ზედნაშენი. სახელმწიფოებს შეუძლიათ გაერთიანებულ სახელმწიფოს შეუერთდნენ და ამასთან, თავიანთი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შენარჩუნონ. ასეთი საკავშირო სახელმწიფო არსებობს ბელორუსსა და რუსეთს შორის. ოფიციალური მოწვევა ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალში ამ კავშირში ჩვენი სახელმწიფოს მონაწილეობის განხილვა შესაძლებელი იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ.
ის არ ეთანხმება მათ, ვინც ამბობს, რომ ვიდრე ბელორუსი აფხაზეთს პოლიტიკურად არ აღიარებს, მანამდე მასთან ეკონომიკური კონტაქტების დამყარება არასწორია.
„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი 15 წელი არ გვაღიარებდა, მაშინ როცა, ამ წლების განმავლობაში ძალიან სერიოზული ეკონომიკური კონტაქტები გვქონდა. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ბელორუსის ლიდერის მაშინდელი პოზიცია შევახსენო, როდესაც აფხაზეთი ეკონომიკური ბლოკადის ქვეშ იყო. ბელორუსის პრეზიდენტმა მას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მან იცის, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და დამოუკიდებელ კურსს მიჰყვება. მე მას ამაზე ვისაუბრე,“ - აღნიშნა ბჟანიამ.
რაც შეეხება სოხუმსა და თბილისს შორის ,,კეთილმეზობლური ურთიერთობების“ დამყარებას, რაზეც ლუკაშენკომ ისაუბრა, ბჟანიას თქმით, ეს შესაძლებელია, მაგრამ საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოდ აღიარების საფუძველზე.
„სხვაგვარად ეს შეუძლებელია და ისიც (ლუკაშენკო) ეთანხმება ამას. ეს არ ყოფილა ჩვენს შორის დისკუსიის თემა.“ - თქვა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა.
მოამზადა ირმა ბერიშვილმა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.