რუსულ სპორტს ბნელი დრო უდგას. მისცემს თუ არა სოკ-ი რუს სპოტსმენებს ,,ნეიტრალურ სტატუსს"
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მის სპორტსმენებს მსოფლიოს მთავარი შეჯიბრებების კარი დაუკეტა. გასულ წელს სანკტ-პეტერბურგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ვერ შეძლო. განწყობა საკმაოდ უსიამოა და მას უკვე აქვს თავისი უარყოფითი შედეგები.
,,წელიწადი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მკვეთრ ცვლილებებზე ვისაუბროთ. თუმცა, რა თქმა უნდა, სპორტის ცალკეული სახეობებისთვის, სამწუხარო დასკვნები უკვე შეიძლება გაკეთდეს. რუსული ფეხბურთი სწრაფად დეგრადირდება. სრული დეგრადაციისგან ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ. თუმცა, მას სანახაობრიობა და ბევრი სხვა რამ უკვე დააკლდა,“ - ამბობს გაზეთ ,,საბჭოთა სპორტის" მთავარი რედაქტორი, ნიკოლაი იარემენკო.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს შესაძლებლობას, რუს სპორტსმენებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება მისცეს.
ეს მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის, მაგრამ საკმაოდ მისაღები - ზოგიერთი რუსი სპორტსმენისთვის, რომლებმაც მთელი ცხოვრება სპორტს მიუძღვნეს.
,,დასავლეთის ამოცანაა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენ თავად ვთქვათ უარი საერთაშორისო ასპარეზობებზე. ამიტომ, ცალსახად ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ მე ვფიქრობ, სპორტსმენების უმეტესობა მაინც იქითკენ იხრება, რომ მზად არიან ნეიტრალური სტატუსით გავიდნენ ოლიმპიადაზე. ეს გასაგებია, რადგან ისინი ვარჯიშზე დიდ ენერგიას და ჯანმრთელობას ხარჯავენ და სურთ, მთელ მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ,“ - განაცხადა ოლიმპიურმა მედალოსანმა ფარიკაობაში, ალექსეი იაკიმენკომ.
ვიდრე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრობს, რუსი სპორტსმენები აგრძელებენ ვარჯიშს. ამავდროულად, უკრაინა და ევროკავშირი პარიზის ოლიმპიადაზე მათ მონაწილეობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან, მათი აზრით, „რუსული პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.“
ცოტა ხნით ადრე, დიდი ბრიტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტრომ 34 ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ ხელმოწერილი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ითხოვენ, რომ სოკ-მა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენები არ დაუშვას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ სიტუაციაში „ნეიტრალური სტატუსის“ გამოყენება შეუძლებელია, რადგან სპორტსმენებს პირდაპირ აფინანსებენ და მხარს უჭერენ თავიანთი სახელმწიფოები, ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არსებობს „მყარი კავშირები რუს სპორტსმენებსა და რუსულ ჯარს შორის.
მანამდე იგივე რეზოლუცია ევროპარლამენტმაც მიიღო. საპასუხოდ, მსოფლიო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა ოლიმპიური თამაშების გამაერთიანებელ სამშვიდობო მისიას და ოლიმპიურ ქარტიას ეწინააღმდეგება და რომ 34 ქვეყნის პოზიცია, არ ითვალისწინებს გაეროს მოსაზრებას, ნაციონალური კუთხით ქვეყნების დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.