საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 თებერვალს კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, 19 თებერვალს, ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რომლებზეც თითოეული კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს.
როგორც საქართველოს პარლამენტში განმარტეს, ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის „მწვანე ენერგიაზე გადასვლა, როგორც პასუხი აღმოსავლეთ პარტნიორობის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიისა და საოკუპაციო ომის კონტექსტში" თანაავტორია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე.
20 თებერვალს, დაგეგმილია პლენარული სესიის ოფიციალური გახსნა. რის შემდეგაც გაიმართება დებატები თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ. ახალი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტი, გამოწვევები და შესაძლებლობები".
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობას მიიღებენ მაკა ბოჭორიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე.
საპარლამენტო ასამბლეა შედგება ოთხი მუდმივმოქმედი პოლიტიკურ საკითხთა, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებისგან.
საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ ასამბლეა ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებას და ევროკავშირში ეკონომიკურ ინტეგრაციას.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.