Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.293

ორშაბათიდან შემორჩენილი გამთენიისა და მოცალეობის ყავა


katya

2.610 views

blog-0913333001358842767.jpg

ისეთ განწყობაზე ვარ, კაცი რომ ბჭობდა, ღმერთი რომ იცინოდა და კაცს რომ წყინდა...

ამიტომ, წასვლას და იძულებით თვალის მოტყუებას ისევ ყავის დალევა ვამჯობინე.

ანდა რაღა დროს თვალის მოტყუებაა? დილის 5 საათია. სოფლად ამ დროს მამლები ჩახველებას იწყებენ და საყვარელ აკორდს იმეორებენ მოგუდულად, რომ მოგვიანებით, სუფთა ბგერით იყივლონ... და, ისედაც– ყელამდე კი არა, თავს ზემოთ კიდევ 2 მტკაველით ვართ გადაფარული სხვადასხვა ჟანრის, სქესის და აღმსარებლობის ტყუილებით.

ოქროს თევზზე და ნატვრის თვალზე რახანია, აღარ ვოცნებობ. ახლა უფრო აქტუალური ოცნებები მაქვს, ცხოვრებისეული. მაგალითად, ისეთ მამალზე ვოცნებობ, ყივილით სოფელს თუ ვერ ააშენებს, აშენებული სოფლის გამოღვიძებას მაინც რომ შეძლებს. ისეთ მერცხალზე – 2 თვით ადრე გაზაფხულს რომ მოიყვანს. ისეთ ჩინოვნიკებზე, ცხოვრების გაუმჯობესებას საკუთარი თავით რომ არ იწყებენ, ხოლო დასაქმების პრობლემის გადაჭრას, საკუთარი ოჯახის წევრებით. კიდევ ისეთ პრეზიდენტზე ვოცნებობ, პრეზიდენტობა სამსახურად რომ მიაჩნია და „მეორედ მოსვლის“ ვადაშიც კი ხალხს მისი ჯერ კიდევ სჯერა. მაგალითად, „პრიორიტეტულ მეგობრად“ შერაცხულ აშშ–ში მეორედ „ინაუგუირდა“ შავკანიანი, როგორც დღევანდელი ქართული ოპოზიციის მრისხანე ბელადი –„მიხეილ – უძვლო ენა“ – იტყოდა,– „ზანგი“. „ზანგი“ უძახეთ და, ჩემი, ომამდე რასისტობის მიუხედავად, კი შემშურდა ამერიკელების, თანაც, გულწრფელად, ნაციონალების ჯიბრზე კი არა...

და იყო გუშინ კიდევ ერთი ორშაბათული ორშაბათი უკანასკნელი „ნაციკანების“ ცხოვრებიდან... მალფუჭადია ეს პროდუქტი და ტრანსპორტირებას ვერ იტანს–მეთქი, რახანია ვამბობ, მაგრამ ვინ გისმენს?

ცრუმ გაპენტა, მაგრამ რა გაპენტა! ამჯერად შუაგულ ევროპაში. ფაქტიურად, ბეჭებზე დასცა და მწყობრიდან გამოიყვანა სტრასბურგის ყველა სიცრუის დეტექტორი. მასპინძლისთვის მიყენებული ზარალის ხარჯებს აანაზღაურებს საკუთარი ფონდიდან, აბა რას იზამს? სადაც 1 მილიონი მედიის განვითარებაში გაისროლა, სტრასბურგში ურიის ვალს აიღებს და, ყველაფერ „სიკეთესთან“ ერთად, წუწურაქიც ყოფილაო, – არ ათქმევინებს.

რა ენაღვლება?! ან რა ვალი შეგაშინებს, ორმილიონიანი მხარდაჭერა რომ გაქვს პირად ანგარიშზე. კი არ ვიგონებ? ვინმე მაზმანიანმა დააპოლიქრონიონა გუშინ და ტყუილის მთქმელი ბიჭი არაა, კალიგრაფიაზე ეტყობა. 2 მილიონი მხარდამჭერი მიშას – კიდევ ერთი ცოცხალი მტკიცებულებაა, რომ ენას ძვალი არ აქვს. მიხეილი მხოლოდ ენის უძვლობას რომ უჩიოდეს, რაღა გვიჭირდა?! არადა, უფხოაო, ვერ იტყვი... ბებიას გაზრდილია და უყვარს სადარბაზოს წინ „სკამეიკაზე“ ჩამოჯდომა და ჭორაობა. ერთი ნაკლი ყველას გვაქვს. რა მაგის ბრალია, მე რომ ბავშვობიდან არ მიყვარს ენტანიები, აფერისტები და შანტაჟისტები. არც ისინი მიყვარს, ეგეთების „მოვლა“ რომ ევალებათ, მაგრამ, ვერ უვლიან...

ჩვენ რუსული პოპი აგვიკრძალა რესტორნებში მაგ ეგოისტმა და თვითონ, თურმე, ჩუმ–ჩუმად მეცადინეობდა რუსულ ენასა და ლიტერატურაში. არა! მაგას უკვე ვეღარ ვაპატიებ... „დიქტანტი“ ეხერხებოდა თავიდანვეო, კი ამბობდნენ. „დიქტანტიდან“ „დიქტატზე“ თუ გადავიდოდა, ვინ იფიქრებდა? ჩვენსა და ყავას შორის დარჩეს და, კი უნდა ეფიქრათ ზოგიერთებს, პრინციპში... კარვები გაიშალა ავლაბარში. ახლა მთავარია, პირველი თმას ვინ გაიშლის და დაიტირებს ნაციონალურ იდეას?

ხმა გავარდა, კონდოლიზა რაისი პოლიტმიმომხილველი გახდაო! ეგ და სოსო ცინცაძე მანახა ერთად ეთერში აქუსთან... თუ ქუთაისი საპორტო ქალაქი შეიძლება იყოს, სოსო ცინცაძის რეიტინგმა რა დააშავა? რა წარმოსახვა ჰქონია ისე იმ ,,ქართული ოცნების" დეპუტატ ნიშნიანიძეს...კაპიტან გრანტის შვილები მამას იპოვნიან მეორე სერიაში საფიჩხიაზე და პეტრე პირველი მეტალო–პლასტმასის „კარ–აკოშკას“ ჩასვამს ზღვის მხარეს.

გასულ კვირას „რამსები“ "ყაზტრანსგაზ-თბილისსაც“ კი აერია, მაგრამ ბოდიში მოიხადა. არდასათვლელი თეიკო თუთბერიძეც დაგვპირდა, რომ უბოდიშოდ გადაგვითვლის. მანამდე არაფერი გვეტკინოს!

ბიწაძეც ჩამოვიდა, ბედუკაძეც და დედ ჰასანიც, მაგრამ ყველა კი არ შემოუშვეს?

სიზმარი ვნახე, არგოთი ძველი აიასკენ მივცურავდით, ნიჩაბი გაგვიტყდა და თეთრ ქვებზე დავილეწეთ.

ბოლოს და ბოლოს, როდის მიხვდებით, რომ ყველაზე ძვირი გულწრფელობა და უანგარობა ჯდება?

როგორ გვანან ადამიანები მცენარეებს – მოაკლებ ყურადღებას და წყალს – ხმებიან, გადაყვები თან და – ლპობას იწყებენ. ზომიერება და ოქროს შუალები გამონაკლისების ნიჭია მხოლოდ. თანაც, ლოგიკურ, ადექვატურ და დალაგებულ ქვეყანაში, თორემ ჩვენთან ყველაფერი დაფარული, რაც დრო გადის, უფრო საიდუმლოებით მოცული ხდება, ხოლო ის რაც ცხადი და თვალსაჩინოა, ახალ დეტალებს იძენს.

აღსარებას ჟურნალისტებს ვაბარებთ, მოძღვრებთან აღსარებაზე მისულები ტრაბახით ვიოხებთ გულს, მთელი ჩვენი ცხოვრების დეტალებს ექიმებს, ტაქსის მძღოლებს და მასაჟისტებს ვუყვებით,“ შარლატანებთან“ და ჯადოქრებთან ვმკურნალობთ და ყველაფერ ამაში დამნაშავე, რა თქმა უნდა, მთავრობაა...

P.S.

არა, რაღაც მართლა უნდა შევცვალო! თანაც, სასწრაფოდ, თორემ დღეს თუ არ შევცვლი,ხვალინდელი დღეც ისეთივე იქნება, როგორიც გუშინდელი.

ამბობენ, ბედნიერები საათებს არ ატარებენო, არც წელიწადის დრო და სეზონი აწუხებთო. სათს არ ვატარებ, მომენტებში ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომელიც, თითქოს, საათივით მუშაობს, მაგრამ საათი მზისაა და მოღრუბლულ ამინდში ორიენტირება ცოტა უჭირს.

კობო აბემ თქვა: „ სწორედ მაშინ უნდა წერო, როცა არაფერი ხდება“–ო...

ჰოდა, დავწერე მეც, მოცალეობისა.

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

3 Comments


Recommended Comments

"აღსარებას ჟურნალისტებს ვაბარებთ, მოძღვრებთან აღსარებაზე მისულები ტრაბახით ვიოხებთ გულს, მთელი ჩვენი ცხოვრების დეტალებს ექიმებს, ტაქსის მძღოლებს და მასაჟისტებს ვუყვებით,“ შარლატანებთან“ და ჯადოქრებთან ვმკურნალობთ და ყველაფერ ამაში დამნაშავე, რა თქმა უნდა, მთავრობაა..."

 

როგორც ყოველთვის გულწრფელი და პირდაპირი ხარ, ძალიან მომწონს შენი წერის სტილი, უნიჭიერესი ადამიანი ხარ კატო :*

ლინკი
×
×
  • შექმენი...