პაატა მანჯგალაძე: ე.წ. „ხალხის ძალის“ პროექტი არის პირდაპირ რუსული კანონის კოპირება
ე.წ. „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ლოგიკით, პაპუაშვილი უცხოური გავლენის აგენტი იყო მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან სხვაგან არ უმუშავია ცხოვრებაში გარდა GIZ-ისა, ამავე ლოგიკით ირაკლი კობახიძეც უცხოეთის გავლენის აგენტი გამოდის, რადგან USAID-ის დაქირავებული ექსპერტი იყო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ დაფინანსების წყაროს მიხედვით უცხოური გავლენის აგენტებად ადამიანის და ორგანიზაციის გამოცხადება არის რუსული მოდელი.
,,ე.წ. „ხალხის ძალის“ პროექტი არის პირდაპირ რუსული კანონის კოპირება. რაც შეეხება ამერიკულ კანონს, ის თითქმის 100 წლისაა და მიღებულია ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის ასალაგმად, ამ კანონშიც შემდეგ ბევრი ცვლილება შევიდა. 2012 წელს რუსეთში იქნა მიღებული კანონი და ყველა ორგანიზაცია და იურიდიული პირი, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდება, აგენტებად გამოაცხადეს და მათ შეეზღუდათ ლექციების ჩატარება, ტელევიზიებს მაუწყებლობა, ჟურნალისტებს - საქმიანობის განხორციელება. ასეთი კანონი მიიღეს ასევე ბელარუსმა, ჩინეთმა და ვენესუელამ. „ქართული ოცნება" მათ გზას ერთი - ერთში იმეორებს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.