Jump to content
Planeta.Ge

„საქსტატის“ მონაცემებით საქართველოს სტატისტიკის სისტემა საერთაშორისო რეიტინგში კვლავ დაწინაურდა


ორგანიზაცია Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის (Open Data Inventory – ODIN) რიგით მეექვსე ანგარიშის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემა 70 ქულით შეფასდა. ამასთან, ქვეყნის რეიტინგი წინა შეფასებასთან შედარებით 3 პოზიციით გაუმჯობესდა და საქართველომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 31-დან 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.

როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ODIN-მა რიგით მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიოს ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასება, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.

„ანგარიშის მიხედვით საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, მალტა, ბულგარეთი და ჩეხეთი) და ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-18 ადგილი უკავია. იმავე ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ჩინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და მალაიზია. ODIN-ის დანიშნულებაა ოფიციალური სტატისტიკის მოცვისა და მასზე ხელმისაწვდომობის ობიექტური შეფასება, რომელიც ეფუძნება ღია მონაცემთა განსაზღვრებას. მსოფლიოს ქვეყნების მიხედვით მონაცემთა აღწერასა და ცვლილებების შეფასებას Open Data Watch-ი უკვე მეშვიდე წელია ახორციელებს. შეფასების ელემენტები კატეგორიებისა და კრიტერიუმების მიხედვით ხელმისაწვდომია ბმულზე: https://odin.opendatawatch.com/Report/countryProfileUpdated/GEO?year=2022 . ამასთან, სისტემა წლების მიხედვით მონაცემების შედარების საშუალებასაც იძლევა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქსტატის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს ღია მონაცემთა შეფასება 192 ქვეყანაში ჩატარდა, რამაც მოიცვა 22 სტატისტიკური კატეგორია და 65 მაჩვენებელი. შეფასების მიხედვით საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერობს და პირველ ადგილზეა.

„შეფასება მოიცავს ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: ეროვნული ანგარიშები, მოსახლეობა და დემოგრაფია, დასაქმების, უმუშევრობის და ფასების სტატისტიკა, განათლება და ჯანდაცვა, გენდერული სტატისტიკა, სამართალდარღვევების სტატისტიკა, სიღარიბის მაჩვენებლები, სახელმწიფო ფინანსები, საგარეო ვაჭრობა, საგადასახდელო ბალანსი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და სხვ. თითოეული მაჩვენებლის მიხედვით შეფასების მეთოდოლოგია განთავსებულია Open Data Watch-ის ვებ-გვერდზე.

ODIN-ის 2022/23 წლის ანგარიში, რომელშიც შესულია მონაცემები საქართველოს შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...