აშშ და „დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები და „დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართომასშტაბიანი პაკეტის მომზადებაზე მუშაობენ, რომელიც უკრაინაში რუსეთის შემჭრის წლისთავზე გამოცხადდება.
„ვფიქრობ, დაახლოებით 24 თებერვალს, თქვენ იხილავთ სანქციების ახალ დიდ პაკეტს შეერთებული შტატებისგან და“დიდი შვიდეულისგან“. ეს სანქციები გააფართოვებს და გააღრმავებს ადრე დაწესებულ შეზღუდვებს გარკვეულ კატეგორიებში, კერძოდ, შეზღუდავს ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის ნაკადს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
მისი თქმით, ასევე მზადდება ინდივიდუალური სანქციები იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ, ან ცდილობენ მხარი დაუჭირონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს.
ნულანდის ინფორმაციით, სანქციები შეიძლება დაწესდეს სხვა ქვეყნების მიმართაც, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის ფედერაციას ადრე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში. საუბარია, მაგალითად, ლეპტოპების, მაცივრების და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის რუსეთში შეტანის სქემებზე, რომელთა ელექტრონული კომპონენტებიც რუსეთის ფედერაციას შეუძლია ომისთვის გამოიყენოს.
„ვაპირებთ, გავაფართოვოთ ექსპორტის კონტროლი, განსაკუთრებით, ვუმიზნებთ ქვეყნებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში. ჩვენ საჯაროდ ვისაუბრეთ ირანზე, ჩრდილოეთ კორეაზე, ჩინეთზე. მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის“, - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.