,,ვოლტის” კურიერები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ
საკურიერო კომპანიების ,,ვოლტის”, ,,გლოვოსა” და "ბოლტის" კურიერებმა საპროტესტო აქციები დღეს ყველა ჩამოთვლილი ორგანიზაციის ოფისთან გამართეს და დამსაქმებლებისგან ღირსეული შრომითი ანაზღაურება და სამუშაო პირობები მოითხოვეს.
მათ სოლიდარობა გამოუცხადეს საირმის მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცულ მუშებსა და ტელეკომპანია ,,ფორმულას" ოპერატორებს, რომლებიც დამსაქმებლებისგან მათი შრომის დაუფასებლობას და უფლებრივ დისკრიმინაციას აპროტესტებენ.
,,ეს ერთი დიდი პრობლემაა, ამიტომ ყველა ერთად ვართ და ყველა მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ ეს ბიზნეს-დიქტატურა საბოლოოდ ძირფესვიანად ამოვთხაროთ.
ჩვენ თუ ჩვენი მომავლისთის არ ვიბრძოლეთ, ისინი არასდროს არაფერს დათმობენ, ამიტომ ყველას გთხოვთ, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით.“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ტიკარაძემ.
მოთხოვნები, რასაც კურიერები აყენებენ, ასეთია:
ღირსეული ანაზღაურება;
,,ვოლტ ჯორჯიას” დირექტორის, ნატალია ხიზანიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება;
,,ვოლტის” პარტნიორი კურიერების მიმართ დისკრიმინაციული დევნის შეწყვეტა.
აქციის მიმდინარეობისას, გაფიცულებმა კომპანია ,,ვოლტის" ხელმძღვანელობისგან შეტყობინება მიიღეს, სადაც ისინი საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებს დახურულ ფორმატში შეხვედრას სთავაზობდნენ.
შეკრებილები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ და კომპანიისგან მოითხოვეს, მოიწვიონ საერთო კრება, რომელსაც მათგან ყველა მსურველი დაესწრება.
,,ბევრს არაფერს ვითხოვთ, უბრალოდ, დაგვაფასონ. ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები და ჩვენი შვილები დგანან.“ – აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.