Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.305

ორი ყავა თუთიყუშისა და ორკესტრისათვის, ანუ სამსიტყვიანი ზღაპარი ძილის წინ


katya

1.942 views

blog-0721321001357225409.jpg

რა უცნაურია, ცხოვრების მანძილზე უამრავი ადამიანი მიდის და მოდის, ან მოდის და მიდის, ან მოდის და რჩება... ვიღაც რჩება, ვიღაც გარბის... ზოგჯერ ისინი რჩებიან და შენ გარბიხარ.

მერე, უცებ, მოულოდნელად გამოჩნდება ვიღაც, ვისაც, რატომღაც, გინდა, რომ სახლში დახვდე დაღლილს, მონატრებულს... მოეფერო, გაათბო, გაამხნევო და ა.შ. არ დავკონკრეტდები. მოკლედ, ცნობილი გამოთქმის თანახმად, ხვდები, რომ მასთან გაღვიძებაც ისეთივე სასიამოვნო იქნებოდა, როგორც ჩაძინება...

რა უგზო–უკვლო რომანტიკაა საახალწლოდ?

მხოლოდ საახალწლოდ არა – ყველა სეზონზე და ყველა ეპოქაში ასე ხდება. უბრალოდ რომანტიკის ხანგრძლივობა და გრძნობების ტევადობაა განსხვავებული.

ამ „დაფარშებულ“ თემაზე საუბარს არც ვაპირებდი საახალწლოდ. ისედაც ყველამ ყველაფერი მშვენივრად ვიცით.

მე გამიმართლა და მყავს უჭკვიანესი მეგობარი პირად პრაქტიკაზე დამყნობილი გენიალური დასკვნებით, რომელიც ყოველთვის მშველის, როცა რომანტიკის ბურუსში ზღარბუნიასავით ვეხვევი.

ჰოდა, სულ მახსოვს მისი ცხოვრებისეული კრედო: არასოდეს გაიხადო ჰობი სამსახურად და საყვარელი ქალი – ცოლად (ქალების შემთხვევაში, უკუღმაა, რა თქმა უნდა)! ისიც ვიცი, რომ ადამიანმა ბედნიერებისთვის თავისი მეორე ნახევარი თუ არა ორი მესამედი მაინც უნდა იპოვოს და რომელ ნაწილს რას დაარქმევს, ეგ უკვე თავისი რისკია...

ყავის მარცვალიც კი ორ თანაბარ ნაწილადაა გაპობილი, იმიტომაცაა ენერგიის მომცემი და მაცოცხლებელი ეფექტით...

რა ვერ ეშვები ამ ორი სქესის ურთიერთობებსო! –ზოგიერთი ინტრიგანი გაიფიქრებს, მაგრამ ურთიერთობა თავიდანვე ორსქესიანად იყო ჩაფიქრებული, ცალსქესიანებთან ბოდიში, არც მე ვეხები და ნურც ისინი შემეხებიან...

ცალ სქესში გაცილებით მეტი თანხვედრააო, უფრო მეტი გაგება და გატანაო... არ გვინდა ეს აბსურდული არგუმენტები... ჩემზე არ ჭრის, არც ჩემიანებზე. დალოცვილ ორსქესიან ურთიერთობებშიც, ბოლოს და ბოლოს, ორივე მხარე ხვდება თავის შეცდომას: შენც ხვდები, რა სულელი იყავი და ისიც ხვდება, რა სულელთან იყო...

31–ში მეგობრებს ტრადიცია გვაქვს, აბანოში არა, ერთმანეთის ოჯახებში ვიკრიბებით მორიგეობით. წელს ისეთ ოჯახს მოუწია რიგმა, სადაც ორივე „ნახევარი“ ჩვენი ბავშვობის მეგობარია. რამდენიმე თვეა არ მინახავს არცერთი და, რაღაც, ვერ მოვირგე თვალზე ძველებურად, თუმცა ძალიანაც ცდილობდნენ, გაცრეცილი ყოველდღიურობისთვის ჭრელი სპარსული ფარდაგის მიფარებას.

–აბა როგორ გინდაო?! ამდენი წელი გავიდა და რას მოითხოვ, 18 წლის ასაკის ცეცხლს და ნავთსო? –ასე შემომიღრინა იმ ჩემმა „ბრძენო“ მეგობარმა გემრიელი მუჯლუგუნის თანხლებით. მეც სახის გამომეტყველების დალაგება ვცადე პოზიტივისკენ, მაგრამ ამაოდ...

პრინციპში, მართალია, – შვილები გაეზარდათ, თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ამდგარან და თუთიყუში გაუჩენიათ. იმდენს ქაქანებს, ტვინი წაიღო...

არ მიყვარს თუთიყუშები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემმა „მაშამ“ თავის „გოშას“, ისტერიული სექსუალური დაუკმაყოფილებლობის ნიადაგზე, თავის ქალა დაუჩეჩქვა და შემოაკვდა. მაშინ დავფიქრდი, რა ვერაგები ვართ ადამიანები... ხომ შეიძლებოდა ეს წყვილიც, მე რომ არა რამდენიმე ხნის შემდეგ მშვიდად დაშორებოდა ერთმანეთს ყველაზე ბანალური და გავრცელებული მიზეზით – ფიზიოლოგიური შეუთავსებლობა... ახლა გოშაც ცოცხალი იქნებოდა და მაშაც. მთელი პარადოქსი იმაშია, რომ ეს ჩემი ზეაქტიური მაშა, დაქვრივების 2 თვის თავზე, ჩემი მეზობლის კეშამ ითხოვა. ანუ, 2 სართულით მაღლა ავათხოვე. აი იქ კი გაშალა ფრთა და გაფანტა ბუმბული. შეეწყვნენ, მარა რას შეეწყვნენ!? ყველას მოგეხსენებათ, რა შედეგი აქვს აქტიურ ასთმურ შეტევებს. ჰოდა ჩვენი მაშაც დაორსულდა. 6 კვერცხი შვა. საკუთარი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი... საიდან, როგორ, მუჭში ეტეოდა თვითონ... ჰოდა ბედის ირონიით, რამდენიმე თვის შემდეგ მაშა ზეთუთიყუშურ კოჰაბიტურ აქტს შეეწირა გმირულად. ..

რა შუაში იყო ჩემი თუთიყუშები, მაგრამ, ამ ჩვენმა მეგობრებმა იმდენი იამაყეს და იმდენი იქაქანეს საკუთარზე, იმდენი „საკონცერტო ნომერი“ გვაჩვენეს იმ თავაფეთქებული და გაფხორილი „კირილეს“ პროგრამიდან, საბოლოოდ დავრწმუნდით მეც და „ბრძენოც“, რომ მათ ფაქტიურად აღარ აქვთ პირადი ცხოვრება, ანუ ინტიმი, ანუ განმარტოვების სურვილი და რაც გინდათ ის დაარქვით. იმდენად დაგვწყდა გული, იმდენად არ გვესიამოვნა, რომ ჩემმა გაწონასწორებულმა და ჰუმანისტმა „ბრძენომაც“ ვეღარ მოითმინა და გამოსვლისას თავისი აზრი დელიკატურად, მაგრამ მაინც დააფიქსირა – ამდენი სისულელის მაგივრად, თქვენს შემხედვარე ამ დურაკ თუთიყუშს, საწოლის ჭრაჭუნის ხმის და სხვა შორისდებულების იმიტირება რომ ესწავლა, უფრო გამიხარდებოდაო!

აი ასე...

თუთიყუში, ვგონებ, ნიჭიერი არსებაა...

რას ვიზამთ, თუ სიმართლისთვის ხშირად თვალებში ჩახედვა გვიჭირს? ზოგჯერ სიმართლის კეფაც არანაკლებ მომხიბვლელი და მიმზიდველია, როგორც თვალები.

ასეთ დროს სულ ის ანეკდოტი მახსენდება:

– ძვირფასო, მომიყევი ზღაპარი ძილის წინ!

– მე შენ მიყვარხარ... დაიძინე!

„ვენის ტყის“ იქნება „ბულონის ტყის“ თუ „კოჯრის ტყის“, სიზმარი სიზმარია და ზღაპარი–ზღაპარი...

მამა ლომს თავი ცხოველთა მეფე ჰგონია, ვიდრე დედა ლომს სძინავს!!!

ზოოპარკის წინ ჩავლისას, სულ დიდი აბრის გაკვრის სურვილი მიჩნდება : მხეცებო! მოიქეცით კულტურულად! ნუ გააღვიძებთ თქვენში ადამიანს!..

P.S.

სადღესასწაულო დღის რეჟიმთან დაკავშირებით, გახშირდა თანამშრომლების სამსახურიდან დროზე ადრე გაშვება. რის პარალელურადაც იმატა ოჯახური სკანდალებისა და დანგრეული ოჯახების რიცხვმა... ხოდა ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს? რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობა. ნუ უშვებთ თანამშრომლებს სახლში ადრე, ნუ!!!!

 

ერთგული წყვილებისთვის კი ჩემი საახალწლო რჩევაა, თუ ძალიან დაიღალეთ ერთფეროვნებით და გსურთ ცხოვრება რადიკალურად შეცვალოთ, სცადეთ სექსი კონტრაცეპტივებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა საშუალებების გარეშე, მერე რა, რომ "ზამთარია"!? ;) ...

 

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...