ო, ლილო–ლილო! რიო დე ჟანეირო... ანუ ყავის–ფერი დილა და წინასაახალწლოდ განწყობილი ფიქრი გზაზე
ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე არც იწვის და არც დნება, როგორც დიდი პოეტის ვერსიაშია... უბრალოდ, დეკემბრის დილა ყინავს...
ამ ელექტრონული წეაღსვლის კითხვის პროცესში, ნებითა ჩემითა და სურვილითა სხვისითა, ლილოს გზას გამოყენებენ... დიახ ლილოს, დიახ სამარშრუტო ტაქსით და დიახაც მეტის ღირსი ვარ!
ზარმაციც ვარ, უპასუხისმგებლოც, ცაიტნოტში გაკეთებულ საქმეზეც ვგიჟდები, „ჩემი ჭკუით ეკონომიაზე“ ჭკუა მეკეტება, მაგრამ იმას მაინც ვერ ვხვდები, რატომ უყვართ ყველაზე დიდი გაბარიტის მქონე ქალებს (კაცებსაც) „მარშუტკის“ კართან ჯდომა და გასასვლელის ჩახერგვა?
რამდენი რამის კულტურა გვაქვს დასახვეწი, მაგრამ, ამ წუთას, ჩემთვის მგზავრობის კულტურა ყველაზე პრიორიტეტულია (ახლა ვხვდები, რა მეთოდით ირჩევა სახელმწიფოებრივი და სხვა დონის პრიორიტეტები), იმიტომ რომ შევწუხდი... იმიტომ კი არ შევწუხდი, რომ ვიღაც პატივცემულის რძიან–მაწვნიანი ტარა, მთელი თავისი სურნელებით, თავზე მადევს, ანდა ლილოში წასვლა არაპრესტიჟულია?
აქამდე ისე მოვედი, საზოგადოებრივ აზრზე და კლიშეებზე ორიენტირებული არ ვყოფილვარ და ახლა რაღა დროსია? არც იმაზე ვიდარდებ, რას იტყვის ხალხი? ან ვინმე ნაცნობმა რომ დამინახოს?! დამინახოს რა, მაინც ვერ მიცნობს, ისე თბილად ვარ შენიღბული. ბოლო–ბოლო ჩემს „ხავერდოვან“ ხმას ცოტას წავიწვრილებ, თვალებს დავაელამებ, ლ–ს დავარბილებ ან გავამაგრებ (სიტუაციის შესაბამისად) და ეგაა... წავიდნენ და მიმტკიცონ რომ ის მე ვარ ან მე ის...
არაა, სულ არ მაღიზიანებს, რომ ასეთი საპასუხისმგებლო მისიით ამ რეისით ვმგზავრობ. ჩემი ბრალია! ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებში არსებობა ვერ ვისწავლე. ხან დღე–ღამეში 24 საათი არ მყოფნის, ხან წელიწადში 12 თვე, ხან ფინანსები და ხან ძილი. ჰოდა ვარ ჩუმად და თავს ვიმხნევებ, რომ ეს ყველაფერი სახალისოცაა, რატომღაც, ტირილი რომ არ მინდოდეს... ბოლოს და ბოლოს, ამ სიტუაციას, ექსკურსიის და „ახალ სამყაროსთან შეხვედრის“ ჭრილში თუ განვიხილავთ, არც იმდენად მომაკვდინებელი დიაგნოზია. დიდი ამბავი! ლილოში ვინ არ ყოფილა?! ისინიც კი, ვინც სულ რიოზე ოცნებობდა ჩემსავით... ასეთია ავანტიურისტების ბედი...
რატომღაც „ნეილონის ნაძვის ხე“ გამახსენდა და კიდევ ის, რომ სალანძღავი ფრაზების ჩემი არსენალი, ბავშვობისას, სწორედ წინასაახალწლო დღეებში მდიდრდებოდა, როცა ჩემი მეზობლის მამა ოჯახში ნაძვის ხის აწყობას იწყებდა. არა, იმის თქმა კი არ მინდა, რომ მამაჩემი არ იგინებოდა, ვინ დაიჯერებს?! უბრალოდ მამაჩემის მისია ნაძვის ხესთან მჭიდრო ურთიერთობებს არ ითვალისწინებდა. ამიტომ ვიყავი მეზობლის კედელზე მიყურადებული...
მიყურადებას კარგი გაგებით, ანუ ჩვენებურად, მოვლენების მონიტორინგს, პროფესია მაიძულებს, თორემ ისე სამი შვილის დედა ვარ, თან მარტოხელა და ჩემს ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც უნდა მყოფნიდეს წესით, მაგრამ ჟურნალისტი და არაცნობისმოყვარე გაგიგიათ?
მერე იტყვიან, – ინტრიგანები ხართო!
მაგ ეპითეტის არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ინტრიგა ტონუსზე კარგად მოქმედებს, სხვა რამეებზეც, მაგრამ ახლა ამაში არაა საქმე.
საქმე იმაშია, რომ ორი უბედურება გვჭირს – სულ ვიღაცას ვბაძავთ და მაინც ვერაფერს ვსწავლობთ.
რაღაც ისე ვერააო, –ფიქრობდა მთელი სიჩქარით ინკვიზიტორებისგან გაქცეული გალილეი. მისგან უიმედო მანძილზე ჩამორჩენილი ინკვიზიტორები კი მიჰყვიროდნენ: –„არაუშავს, დედამიწა მრგვალია, ასე რომ, ისევ შევხვდებითო!“
კომპოზიტორებიც ჩივიან, სულ შვიდი ნოტია, ყველაფერი გენიალური დაწერილია და ჩვენ რაღა დავწეროთო?! იფიქრეთ, ბატონებო! იფიქრეთ! ეგება და გაიფიქროთ ტალანტის ნაკლებობაზეც. არაა ეგ სამარცხვინო...
"მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჩემს გზას ვადგავარ"-ო, ისე მოგვამადლა ღრმად (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ აქ უამისობა არ გამოვა!)პატივცემულმა დეფიმ, ამასწინათ, რომ შემრცხვა...
აი ნოდარ ხადური არც არაფერს დაგვამადლის და არც ჩვენს ვაუჩერებით შეურაცხყოფას აპირებს. დიდი–დიდი ნაციონალური მოძრაობის ლეგენდა შეურაცხყოს გზა და გზა... გზაზე გამახსენდა, ძებნა გამოცხადდა გაზის ტარიფებთან დაკავშირებულ რეზერვებზე საქართველოს მასშტაბით... ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაც გრაფიკით იქნებაო და ვნახოთ...
კობა დავითაშვილს ჩაგრავენ ქუთაისში კომიტეტების მასშტაბით. ეგ უსუფაშვილს თვალში ეპატარავება თუ რატომ აითვალწუნეს, რომელი ჯამი არ დალია ნეტავ?
ჩვენი დღეში 20 000 ლარად დაცული პრეზიდენტი ისე გააქტიურდა, თვითგადარჩენის ინსტინქტის ქრესტომათიული მაგალითია, თან ცოცხალი...
მაინც ვერ გავიგე, გიგიმ და ყველაფრის ექს–მინისტრმა ნიკოლეიშვილმა მართლა იმ რეისით იმგზავრეს ბაქომდე, რომლითაც ჩვენი ახალი მთავრობა გაემგზავრა თუ ავია–სტოპის შემთხვევასთან გვაქონდა საქმე? აბა ახლა გიგის იმდენი ფინანსები სად აქვს, თავისი ხარჯით მეზობელ ქვეყანაში იფრინოს, თუ განსაკუთრებული მისია არ აკისრია... მადლობის მოხდაც ნათელა პატარკაციშვილისთვის, მისი შვილის ღვაწლის გამო, ალბათ, განსაკუთრებული მისია იყო... ისე, მე მეორე მხარისაც გამკვირვებია... თუ მე ვარ ინტრიგანი და ყველაფერს ვართულებ?
გართულება მერე ნახეთ, ქალაქის ცენტრში, ქართუ ბანკის ყურის ძირში, ივანიშვილის სახელით თუ ახალი პირამიდა დატრიალდა... ჯერ–ჯერობით ხალხის ნდობას ივანიშვილის ურთიერთდახმარების ფონდის სახელით ითვისებენ და ხალხს ეს ურთიერთდახმარება 850 ლარი უჯდებაო... მაგას არ ვამბობდი, რომ ჭკუას ვერ ვსწავლობთ?!
ისე ელოდა 25–დან 27 რიცხვალმდე სრულიად საქართველო ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციას, 21 რიცხვი აშკარად შეურაცხყოფილი დარჩა..
მე მაგდენი არც თვლა ვიცი და არც ინტერესი მაქვს, საზოგადოებრივი ინტერესის დონეზე მაინტერესებს, რამე აღმოაჩნდა ჩვენს პრემიერ–მინისტრს ისეთი, რაც ენერგეტიკულ კალაძეს არ აქვს?
როგორც იქნა, ფინანსისტმა პოლიციელებმა პატივცემულ კობა ნაყოფიას კაბინეტის კარზეც დააკაკუნეს. თორემ, უკვე ნერვიულობდა, მეც მინდა პროკურატურის დათვალიერებაო! ხომ იცით, რა სულსწრაფია და ამბიციური, წინა რიგში უყვარს ჯდომა, მინიმუმ შერონის გარემოცვაში. ეჰ, ბატონო ნაყოფია! უნაყოფო გამოდგა თქვენი გარჯა აგვისტოდან მოყოლებული და, მაგას დეკემბერი თუ არა იანვარი მაინც დაგიდასტურებთ. ვიცემერი მამუკა ახვლედიანიც თქვენს დღეშია – იბარებენ და იბარებენ. ვეღარ ამოეწურათ კითხვები. ამანაც ჩამოწეროს თავიდან ბოლომდე რაც იცის, მიაკეროს შესაბამისი დოკუმენტები , ამოიჩაროს მერე ის საქაღალდე იღლიაში და გამოცხადდეს დაკითხვაზე კაცურად. ჰო, თვალებსაც ნუ აფახულებს და აცეცებს ასე დამფრთხალი ციყვივით, თორემ ხალხს უკვე დამნაშავე გონია და გამომძიებელს რა გონია წარმომიდგენია...
ჩვენს ქვეყანაში ან კარგად უნდა იცხოვრო, ან პატიოსნად. მოკლედ არჩევანი ყოველთვისაა და მანდ რჩევა უადგილოა.
არაა ჩვენი საშველი, იმიტომ რომ უმადური ერი ვართ! იმასაც ვიმსახურებთ, რომ აქამდე, წინასაახალწლოდ შალიკო გვწყევლიდა და ახლა მიშიკო დაგვწყევლის, თან ამინისტირებული კრიმინალის აჩრდილით შეგვაშინებს. მაგას გონია, თუ ბესელიას გამოშვებულმა ბანდიტმა დამაყაჩაღა, ვანოსთან ან ბაჩოსთან გავიქცევი დახმარებისთვის?
ნურას უკაცრავად, ბატონო პრეზიდენტო! ერთი ისეთი ვდრუზო რომ! ჩვენ ის ხალხი ვართ, ძალადობისთვის პასუხის გაცემა რომ ვისწავლეთ, შიშები დავძლიეთ, ბუტაფორიული ცდუნებებიც , მასშტაბურად ოცნებაც, ზოგიერთებმა ინდივიდუალური ოცნებების მასშტაბურად ასრულებაც...
თუმცა, გემოვნებაზე დავობენ. ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს ფოფოდია... ჩემთვის
მღვდელი მოსაწონი და ორგანულია საკურთხეველში... ჯიპში, თან ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან, რაღაც ვერაა მთლად ღვთისნიერება...
უნდა გამოვტყდე, რომ არ მიყვარს ეს კალენდარულად და ტრადიციულად თავსმოხვეული დღესასწაულები. გუშინ კარგი რამე თქვა ჩემმა ერთმა ორიგინალურმა მეგობარმა, როცა ახალი წლის სამზადისზე და ჩემს სიზარმაცეზე დავიწყე წუწუნი: –30 წლის მერე მაინც რა ერთფეროვანი ხდება ეს ახალი წელიცო...
შეიძლება, ეგეც ასაკობრივია, რომ, ბოლო დროს, ყველაზე მეტად „გამოცხადებულ–გაპიარებული“ მზრუნველობა და ქველმოქმედება მაღიზიანებს.
რად უნდა სიკეთის და მადლის კეთებას კამერა და ტაში? მადლი ქენი, ქვაზე დადე და გაიარეო! ასე აქვს დაბარებული ჩვენს წინაპარს, თორემ ხალხს ყურები გამოუჭედეო, ის კი არ დაუბარებია?! მიშას და გიგის წინასაარჩევნოდ „მზრუნველად–გაჭინთული“ სახეები და მიხვრა–მოხვრა თუ არ მოგვწონდა, სხვების რატომ უნდა მოგვეწონოს ვითომ?
მე მაპატიეთ, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეგ ყველაფერი ქაჯობაა, უტაქტობა და არა „პიარი“. ტელე–ქველმოქმედების ხიბლი მაცდურია, მაგრამ მომაკვდინებელი. ნუ შეიცხელებთ თბილ ბიუროკრატიულ ადგილებს, არამომგებიანია...
მოგება და წაგება ძმები არიანო!– ეგ არ მითხრათ ოღონდ. ფოლკლორში, ასე თუ ისე, ვერკვევი...
და თუ ქალს ამჯერად სათქმელი არაფერი აქვს, ეგ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩუმად იქნება! ის 2014 წელიც მალე მოვა და მერე ვნახოთ!..
დღეს კი მთავარია, ის არ დამავიწყდეს, ამ ლილო დე ჟანეიროში რისთვის აღმოვჩნდი... აქ ყველას ერთი კითხვა აქვს – სადღესასწაულოდ ფულის კუპიურებს ფრთები ასე სწრაფად რატომ ეზრდებათ?
დრაკონული წლის ბოლოს წინა დღეა... ჩვენსკენ მოსრიალე სიბრძნის და ჯანმრთელობის სიმბოლოს ვებარებოდეთ და, განგებამ დაგვიფაროს მიხეილ მაღალი–მცირეს ოცნებებისა და წინასწარმეტყველებისგან!
ყავამშვიდობისა!
კატო ჩულაშვილი
2 Comments
Recommended Comments