Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.263

ყავა ერთი ბუტერბროდით და ორი კომპლიმენტით


katya

3.057 views

blog-0069077001356374524.jpgპრინციპში, ქალს ჩუმად ყოფნაც შეუძლია, უბრალოდ მას ასეთი პრინციპი არ გააჩნია და მხოლოდ იმიტომ არ გააჩნია, რომ არ ჭირდება...

ცოტა ხმამაღლა ფიქრი გამომივიდა, უფრო სწორად ფიქრის ხმამაღალი გაელვება, თორემ ქალს კიდევ ბევრი რამ შეუძლია. იმაზე გაცილებით მეტი, რასაც მამაკაცის ფანტაზია ეყოფა...

ამიტომ, მამაკაცებო! არასოდეს უთხრათ ქალს: – „ვის ჭირდებიო?“ ქალი შეძლებს, უმცირეს დროში დაგარწმუნოთ საწინააღდეგოში და ეს იქნება ის უკანასკნელი რამ, რასაც სიამოვნებით გააკეთებს თქვენთვის.

არც გაბრაზებული ვარ, არც ნაწყენი და არც შარზე, უბრალოდ დილიდან ასეთ ხასიათზე გავიღვიძე და აქამდე მომყვა.

ალბათ ორშაბათის ბრალია... თანაც წლის ბოლო ორშაბათია და სამყაროს გამოცხადებული აღსასრულიდან პირველი ორშაბათი.

მაიას ტომის საავტორო უფლების და მთელი მსოფლიოს მიერ დაპატენტებული „ღონისძიება“ ჩაფლავდა... ნოეს კიდობნის შეკვრა კი მოუსწრია, მაგრამ ინტერიერის დიზაინზე ვერ შეთანხმებულა თანამეცხედრესთან, რომლის აზრითაც, ჟალუზების ფერი არ ეხამებოდა საშაქრის ძირის ფერს.

ზოგჯერ ასეთი უმნიშვნელო(ვანესი) წვრილმანიც საკმარისია, რომ გადარჩე, ან პირიქით...

არ მითხრათ, გაცვდა ეგ თემაო, ვის სჯეროდა სამყაროს აღსასრულისო?!

სტატისტიკა სანთლებისა და ასანთის გაყიდვებზე დაყრდნობით სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

 

არასოდეს დაუჯერო ქალს და მაიას ინდიელებს!

ამჯერადაც გაგვიმართლა – კიდევ ერთი უკატაკლიზმო კვირა ვუფეშქაშეთ წარსულს პირადი ანგარიშებიდან.

ორშაბათი ზოგადად იმიტომაა დასაფასებელი და ჩასახუტებელი „კაი ტიპი“, რომ კვირაში მხოლოდ ერთხელაა, არადა, შეეძლო, ზოგიერთი აქსელერანტი პაციენტივით, ჩაიზე შემოგვსწრებოდა და აღარ წასულიყო...

 

არომატული და ქაფქაფა ყავის თანხლებით, კაცობრიობის დასაბამის მიმცემ 2 არსებაზე მინდა საუბარი. რა ვიცი, მე დილიდან ასეთ ხასიათზე გავიღვიძე და...

იმ 2 არსების კოაბიტაციის შედეგია ჩვენი ჰარმონიული თანაარსებობა 3 დროში.

პირველი წყვილით დაიწყო ის, რაც, სავარაუდოდ, არასოდეს დასრულდება. ყველაზე დიდი აღმოჩენაც, თავისი პრემიალურებით, ამ წყვილს ეკუთვნის ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიოლოგის, ფილოსოფიისა და კიდევ უამრავ სამეცნიერო დარგში.

კინაღამ „მასალათა გამძლეობა“ გამომრჩა!

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ, ლეგენდის მიხედვით, მოცლილი და ფუქსავატი პარასკევის ბრალია პატიოსანი და მშრომელი ორშაბათისა და ჩვენი ტანჯვა. პარასკევმა იტლიკინა – მოდი, ორშაბათსო! და, იმ დღიდან მოყოლებული, დიეტა რომ დიეტაა, იმასაც კი ორშაბათიდან ვიწყებთ. არ დაიწყებ და შედეგებზე პასუხისმგებლობას კვირის არცერთი დღე არ აიღებს.

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს პატარა შავი კაბა. მეც მაქვს, ოღონდ მართლა პატარა მაქვს. ჰოდა, ამიტომ მამაკაცის გულისკენ კუჭის გავლით სვლა დროებით გადავდე, თუმცა, „გამოცდილებმა“ მირჩიეს, ღვიძლზე მოკლე ბილიკი გადის და უფრო მალე მიხვალო... მაინც ვფიქრობ, რომ მომავალი კეთილსინდისიერ კონკურენციას ეკუთვნის!...

ერთი ბუტერბროდი და ორი კომპლიმენტი ქალის მთელი დღის რაციონიაო და აბა თქვენ იცით, კომპლიმენტი მაინც არ მოითხოვს ზედმეტ კაპიტალდაბანდებებს. ნუ დაიშურებთ ქალბატონებისთვის სასიამოვნო ფრაზებს, რომლითაც მათ ყურსაც ახარებთ და თქვენს თვალსაც. არც ისე იშვიათი რეალობაა, როცა რომელიმე „ დაკომპლიმენტებული“, გათხოვების შემდეგ, იმ უსასრულოდ სასურველ პატარა შავ კაბაზე ამბობს უარს და პირდაპირ შავი ყუთის პრინციპზე გადადის.

მთავარია, არ ინერვიულოთ! თუმცა, როცა ქალი ამბობს ამას, ნერვიულობას უკვე აზრი აღარ აქვს...

 

ჰო მართლა! ბარემ ისიც იცოდეთ, რომ თუ თქვენს ცოლს უეცრად გამოუკეთდა ხასიათი და სურვილებითაც თავს აღარ გაბეზრებთ, აუცილებლად შეცვალეთ თქვენი ფინანსური დანაზოგის სამალავი ანდა ელექტრონული ბარათის კოდი...

"ძვიტფასო მამაკაცებო!"გულდასმით შეარჩიეთ ქალის თქვენთვის მისაღები ტიპი. მთავარია, თავად ჩამოყალიბდეთ, – რა გსურთ? თორემ რა სურთ ქალებს? ეგ კითხვა ქათმის და კვერცხის ისტორიაზე უფრო ძველი და რთულია.

 

„ცოლ–დედებს“ – ქმრებში საკუთარი წარსული უყვართ. „ცოლ–ქალიშვილებს“ – საკუთარი მომავალი, „ცოლ–გოგონებს“ კი მეორე ნახევრები რეალობით და აწმყოთი ხიბლავენ.

მე თუ მკითხავთ, ოჯახში, ტრადიციებთან და პერსპექტივებთან ერთად, რეალობისთვისაც უნდა იყოს ფართი გამოყოფილი.

ძალიან წავუოცნებე...

 

როგორც წყაროზე ამბობენ, ქალი თხოვდება იმისთვის, რომ ყოველთვის იცოდეს, ვინაა ყველაფერში დამნაშავე, ხოლო ყველა ქმარს სურს ცოლი, 40 წლის შემდეგაც, დარჩეს გოგონად, თუნდაც 22 წლიანი სტაჟით.

ჰოდა, დათხოვდით გოგოებოო!!! თუნდაც იმიტომ, რომ არცერთი მამაკაცი არ დარჩეს დაუსჯელი...

ამ ყველაფრის, ანუ არაერთი გვერდითი მოვლენის, მიუხედავად, შეუძლებელია, ჯანმრთელი ორგანიზმის და ფსიქიკის პირობებში, მამაკაცს ქალი არ უყვარდეს. თუ მაინც და მაინც ერთი ქალის სიყვარული ვერ გაკმაყოფილებთ, ისეთი მაინც შეიყვარეთ, რომ ცოლთან გამოჩენის არ შეგრცხვეთ, საზოგადოებას ვინ ჩივის...

 

ქალის და მამაკაცის ფლირტი მხატვრულ ტანვარჯიშს და ფეხბურთს გავს. ქალები გამოდიან მოედანზე ლენტის თუ ბაფთის საფრიალოდ, ხოლო მამაკაცები აუცილებლად გოლის გასატანად. სექსიც კი ქალს სურს, ისე როგორც ეს იყო პირველად, ხოლო მამაკაცს – ისე, თითქოს ეს იყოს უკანასკნელად.

 

ამასწინათ ჩემს ფილოსოფიურ წეაღსვლებს ერთმა ძალიან რეალისტმა ტიპმა ყინულიანი წყალი გადაასხა , როცა ვთქვი, ყველა ქალში რაღაც გამოცანა უნდა იყოს–მეთქი... – ქალში გამოცანა კი არა მე უნდა ვიყოო!

ასეთებიც არიან კი, პირდაპირები და ალალები...

 

წინდახედულებიც გამოერევათხოლმე აქა–იქ. მამაკაცი, რომელიც ცოლს არასოდეს მოიხსენიებს შინაური ფრინველების ნაირსახეობად, მხოლოდ იმიტომ რომ თუ ცოლს ქათმობას დასწამებენ, თავად ვეღარ ექნებათ არწივობის ამბიცია...

 

ვფიქრობ და ვერაფერი მოვიფიქრე – რატომ აირჩიეს ფრანგებმა გამოგონილი ქვეყნის პროტოტიპად საქართველო? ქვეყნის, სადაც მოქმედება 2340 წელს ვითარდება და ქვეყანას ქალები მართავენ, ხოლო მამაკაცები დიასახლისები არიან.

ნეტავ როგორ გრძნობს თავს ჯეკი ქალების სამეფოში?

ასე მგონია, საკუთარი ოცნების ქალს ან მამაკაცს სუსტი წარმოსახვის და ღარიბი ფანტაზიის ადამიანები პოულობენ ადვილად.

ბოლო დროს ჩემს ყოფიერებაში იმ ტიპის მამაკაცებმა იმატეს, გული რომ წყდებათ, ადრე რატომ არსად გადავეყარეთ ერთმანეთსო. კაცების უმრავლესობის რეალობაში არსებობს ქალი, რომელიც ცოლად შეირთო, ხოლო წარმოსახვაში – ქალი, რომელსაც სიამოვნებით შეირთავდა ცოლად.

სევდიანია, მაგრამ სასაცილო...

პატივცემულო ცოლებო! ქრონიკული თავისტკივილების, დაღლილობის, ძილისა და სექსუალური ბოიკოტების სინდრომით! დიდი მადლობა თქვენი „აქტიური ცხოვრებისეული პოზიციისთვის!“ თქვენი წყალობით ჩვენ, უქმრო ქალები მარტოობას აღარ განვიცდით. მერე კიდევ ჩვენ გვეძახიან „მტაცებლებს“...

არადა, ზოგჯერ ბედნიერებისთვის არც ისე ბევრია საჭირო, მხოლოდ სულ ცოტა ჭკუა, რომ მიხვდე – რა ბედნიერი ხარ!

ამიტომაა რომ ზოგს ცხოვრებისგან რჩება „რაღაც მოსაგონარი“ ხოლო ზოგს – დაუვიწყარი მოგონებები...

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

2 Comments


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...