Jump to content
Planeta.Ge

რატომ გვიანდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების თანამაშრომლებისთვის ხელფასების მომატება და რა თანხას ჰპირდებიან მათ


image.jpeg

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გასული წლის სექტემბრის ბოლოს გამართულ მთავრობის სხდომაზე, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებსა და სხვადასხვა სეგმენტში ხელფასების მატებაზე ილაპარაკა, აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც შესაძლებელი იქნებოდა.

მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმაც დაადასტურა, რომ  ბაგა-ბაღის პერსონალის ანაზღაურება, 100 ლარის ოდენობით, წლის დასაწყისიდანვე მოიმატებდა.

ბუნებრივია, ამის შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ აღნიშნული ცვლილება საქართველოს ყველა მუნიციპალიეტეტს შეეხებოდა და ბაგა-ბაღის თანამშრომლები, ახალი წლიდან, გაზრდილ ხელფასებს აიღებდნენ.

სამწუხაროდ, ეს დადგენილება ყველაზე თანაბრად ვერ გავრცელდა. მათ შორის აღმოჩნდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების პერსონალიც.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად, ხელფასების მატება სამეგრელოს რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებს შეეხო, წალენჯიხის ბაღების თანამშრომლები კი ჯერ კიდევ გაურკვეველ ვითარებაში არიან.

მათ დღემდე არ აქვთ ინფორმაცია, როდიდან მიიღებენ კუთვნილ დანამატს, მიიღებენ თუ არა საერთოდ ან 100 ლარის ნაცვლად რა თანხის დამატებას აპირებს მათი ხელმძღვანელობა.

ჩვენთან საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, არსებულ კითხვებზე ზემდგომებისგან აქამდე არავითარი კონკრეტული პასუხი არა აქვთ.

თანამშრომლები ამბობენ, რომ თებერვლის ხელფასს დაელოდებიან და თუ სრული დანამატის ნაცვლად მხოლოდ ნაწილობრივ გაზრდილს შესთავაზებენ, პროტესტის ნიშნად სამსახურში აღარ მივლენ, ბავშვებს აღარ მიიღებენ და თავიანთი უფლებების დასაცავად, ბრძოლის გზას აუცილებლად იპოვიან.

,,ჯერ ის ვერ მოგვინელებია, რომ თანხების გამოთავისუფლების მოტივით, თანამშრომლები შეგვიმცირეს. მერე საახალწლო პრემია არ მოგცეს და ახლა კუთვნილი ხელფასის დამატებასაც აღარ გვიპირებენ.“ - აცხადებენ ისინი.

რატომ დაუგვიანდათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების თანამშრომლებს პრემიერის მიერ დაანონსებული გაზრდილი ხელფასი და რა პრობლემებია გადასაჭრელი, ამაზე ჩვენ წალენჯიხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ლანა შენგელიას ვესაუბრეთ.

- რატომ იგვიანებს თანამშრომლებისთვის გაზრდილი ხელფასის გაცემა, რა გიშლით ხელს ამ საქმეში ან ხელფასების მატება თუ იგეგმება, საერთოდ?

- ამჟამად მიმდინარეობს წლის ბოლო ნაშთების შეჯამება და ხელფასის მომატების საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა თანხა დაემატებათ ხელფასზე.

-  ეს არ იქნება პრემიერ-მინისტრის მიერ დაპირებული 100 ლარი?

-  მოგეხსენებათ, ალბათ, რომ პრემიერის ბრძანებულებით, მუნიციპალიტეტის ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რამდენი პროცენტით გაიზრდება ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასი. ამიტომ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე გადაწყდება.  

- როგორც ვიცით, იყო საუბრები სხვადასხვა გაერთიანებებიდან, ორგანიზაციებიდან, რომ წალენჯიხას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეოდა, როგორც ფინანსური, ისე სხვა მარავლი კუთხით. ასევე, თანხების გამოთავისუფლების მიზნით, ბაგა-ბაღებში შტატებიც შეამცირეთ. ეს გარემოებები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელფასს სრული თანხა დაემატოს?

- შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა 2022 წელს ორ ეტაპად მოხდა. პირველი, ეს იყო გაზაფხულზე, როცა ადგილობრივი ბიუჯეტის გათვალისწინებით 25 %-ით გაეზარდათ ხელფასები. ამის საშუალება გაჩნდა მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა თავიანთი ხელფასის გაორმაგებაზე უარი თქვეს. მეორედ შემოდგომაზე გაეზარდათ ხელფასის ოდენობა, 10 %-ით. ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების პერსონალს ხელფასები აქამდეც არ მომატებიათ.

- მაგრამ ამ ეტაპზე, როცა სხვა მუნიციპალიტეტებში ხელფასები იზრდება, მათი ბედი გაურკვეველი რატომ არის?
- არა, არ არის გაურკვეველი, თებერვლის ბოლოს ისინი აუცილებლად მიიღებენ მომატებულ ხელფასს, უბრალოდ ჯერ არ ვიცით, რა თანხა იქნება ეს.

- მითხრეს, რომ წლის ბოლოს პრემიასაც ელოდებოდნენ, რაც ვერ მიიღეს. რა იყო ამის მიზეზი?

- ბიუჯეტში არ გვქონდა გათვალისწინებული პრემიის თანხა და შესაბამისად, ვერ გავცემდით.

- კადრების შემცირების ფაქტსაც რომ შევეხოთ, რამდენი თანამშრომელი შემცირდა და რა მოთხოვნების საფუძველზე?

- დიახ, რეფორმის შედეგად მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების თანამშრომელთა რიცხვი 35-ით შემცირდა. მიზეზი ის იყო, რომ თავის დროზე შტატი არასწორად გადანაწილდა და ესა თუ ის კადრი შტატში ბაღიდან მოთხოვნის გარეშე დაემატათ. როცა კონკრეტული ჯგუფის აღმზრდელს ერთი თანაშემწე უნდა ჰყოლოდა, ჰყავდა ორი ან სამი.

- გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ გათავისუფლებული თანამშრომლებიდან, უმეტესობა მალევე, სხვადასხვა პოზიციაზე ისევ უკან აღადგინეთ. მაშინ, რა აზრი ჰქონდა ამ ეგრეთწოდებულ რეფორმას?

- ჩვენ შტატები არ დაგვიმატებია, უბრალოდ, სხვების ხარჯზე გვქონდა დროებითი შტატები. ზოგი თანამშრომელი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგი შვებულებაშია. ჩვენ ამ გათავისუფლებული ადამიანებისგან შევქმენით საკადრო რეზერვი და თავისუფალ შტატაბზე კანდიდატურები მათგან შევარჩიეთ  .

- ადრე, როცა შტატების შემცირების აუცლებლობაზე საუბრობდით, აღნიშნეთ, რომ იმ თანხით, რაც მათ ხელფასებზე იხარჯებოდა,  მენიუს გამრავალფეროვნებას აპირებდით. რა დაემატა ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა კვების რაციონს?

- დიახ, ბაღის მენიუსთვის განკუთვნილი თანხა გაორმაგებულია, შესაბამისად რაციონიც გაიზარდა. დავამატეთ კარაქის რაოდენობა, დავამატეთ ,,ყიყლიყო,“ რაზეც დიდი მოთხოვნა იყო და იოგურტი. იანვრიდან რაციონს დაემატა ორაგულიც.

- რაც შეეხება ინვენტარიზაციას, ამ მხრივ რა სიახლეებია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში?

- ეტაპობრივად უკვე ბევრ ბაღს მივაწოდეთ ინვენტარი. ამასთან დაკავშირებით, ასევე წლის ბოლოს უნდა გამოგვეცხადებინა ტენდერი,  სამწუხაროდ ვერ მოვასწარით, მაგრამ თანხა გადმოვიტანეთ და ამ წლისთვის აუცილებლად გამოვაცხადებთ. ამის შემდეგ, ბაღებიდან მიღებული მოთხოვნების შესაბამისად, ყველა ინვენტარს შევიძენთ და ყველა ბაღს სრულად მოვამარაგებთ.

ქალბატონ ლანასთან საუბრის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ინვენტარიზაციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ბაგა-ბაღს სოფლის გამგეობის წარმომადგენლებმა, ახალი სკამების ნაცვლად, ბაღების გაერთიანებიდან გამოგზავნილი მხოლოდ 4 დიდი და 17 პატარა, ძველი სკამი მიუტანეს.

რაც შეეხება კვების რაციონს, როგორც უშუალოდ ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა გვითხრეს, იოგურტი და თევზი მენიუს მართლა დაემატა.

,,აღსაზრდელთა მენიუში თევზი ადრეც გვქონდა, მაგრამ ბავშვები არ ჭამდნენ და ამიტომ ამოიღეს. სექტემბრიდან ისევ დაგვემატა, ოღონდ თავიდან ძალიან ფხიანი თევზი მოჰქონდათ და არც ის ჭამეს ბავშვებმა. ჩვენი პრეტენზიების შემდეგ შეცვალეს და ახლა ორაგული მოაქვთ. რომ გითხრათ, სხვა რამე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მენიუშიო, მოგატყუებთ.“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ბაგა-ბაღებში განხორციელებული რეფორმების გარდა, წალენჯიხის მუნიციპალიეტეტის მერმა გია ხარჩილავამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მუნიციპალიეტეტი ერთდაერთია, სადაც სკოლის პირველკასელებისთვის უფასო კვების პროგრამა ამოქმედდება.

მერის თქმით, პროგრამაში ჩასართავად, საჭიროა მუნიციპალიეტეტის პირველკლასელთა მშობლებმა მათთან წარმოადგინონ განცხადება, პირველკლასელის დაბადების მოწმობა და ცნობა სკოლიდან.

ამის შემდეგ ბავშვებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები, რომლის მეშვეობითაც კვების ობიექტებსა და მარკეტებში პროდუქტის შეძენას შეძლებენ.

კვების დღიური თანხა 4 ლარს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა მარტიდან უნდა ამოქმედდეს.

რაც შეეხებათ ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, მომატებულ ხელფასებს, წესისამებრ თვის ბოლოს აიღებენ. ოღონდ, რამდენად გამართლდება მათი მოლოდინი, ამის თქმა, ჯერ-ჯერობით, ადვილი არ არის.
სავარაუდოდ, ისინი სწორედ ამ სტატიის მეშვეობით შეიტყობენ, რომ პრემიერის მიერ შეპირებული 100 ლარის ნაცვლად, ხელფასი შეიძლება ამ თანხის ნახევრით ან უფრო ნაკლებით გაეზარდოთ.

ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...