Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ- შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც მისივე შეფასებით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.

მინისტრის განცხადებით, აშშ-საქართველოს პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება. მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს სამაგალითო პარტნიორობას და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ასევე შავი ზღვის ფართო რეგიონში.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროშიც“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...