Jump to content
Planeta.Ge

სტიქიით დაზარალებულ სირიაში გაერო-ს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა


 image.jpeg

ჰუმანიტარული დახმარების მანქანების პირველი კოლონა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში უკვე ჩავიდა. კარვებითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით დატვირთულმა ექვსმა სატვირთომ საზღვარი ალეპოს პროვინციაში, ბაბ ელ-ჰავას საგუშაგოზე ხუთშაბათს, გაეროს მანქანების თანხლებით გადაკვეთა. ამ დახმარებას სირია-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ჯინდირესის მაცხოვრებლები მიიღებენ.

ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურებულია, მისი მოქალაქეებიდან 800 ადამიანზე მეტი დაიღუპა, დაახლოებით 3 ათასი კი დაშავდა.

ერთი დღით ადრე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა სირიის საზღვარზე ორი დამატებითი სასაზღვრო პუნქტის გახსნასა და ჰუმანიტარული მარაგების მიწოდებაზე მუშაობს. მისი თქმით, სირიის ამ რეგიონში კატასტროფული მიწისძვრის შედეგად, გზების ნაწილი განადგურებულია, რაც თურქული და საერთაშორისო დახმარების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემებს ქმნის.  

მან აღნიშნა, რომ თურქეთი ცდილობს სირიისთვის უცხოური დახმარების მიწოდება ხელი შეუწყოს.

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში, გეირ ოტო პედერსენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაუდებელი დახმარების მიწოდება არ უნდა იყოს პოლიტიზირებული.

,,ამის ნაცვლად, ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ სასწრაფო დახმარების გაწევაზე მამაკაცებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის, მათთვის, ვისი გადარჩენა ჯერ კიდევ შეგვიძლია. მათთვის, ვის სიცოცხლე, ბოლო საუკუნის განმავლობაში, რეგიონში ერთ-ერთმა ყველაზე კატასტროფულმა მიწისძვრამ გაანადგურა.“- განცახდა პედერსენმა.  

სირიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მათ ქვეყანაში სტიქიას  1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 2200-ზე მეტი კი დაშავდა. 1900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სირია-თურქეთის საზღვართან, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რაიონებში.

8 თებერვალს სირიის მხარდასაჭერად ევროპის სამოქალაქო თავდაცვის მექანიზმი ამოქმედდა. ევროკომისიის პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ევროპის კრიზისული ცენტრი ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს წევრ ქვეყნებთან. იტალიამ და რუმინეთმა უკვე გააკეთეს თავიანთი პირველი შეთავაზებები, მათ შორის კარვები, საძილე ტომრები, ლეიბების თუ თავშესაფრების სახით.

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...