ნაცმო–ს „კუში“, მიხეილის ვა–ბანკი, ანუ ჟღალი საუბრები დემოკრატიისა და სამყაროს აღსასრულზე...
აი ასე... 20 დეკემბრის საღამოა... დიდი გაურკვევლობის, ცნობისმოყვარეობისა და მოლოდინის საღამო... იმდენად დიდის, რომ თვით ნაციონალური საპარლამენტო უმცირესობა ქუთაისიდან აიყარა და თბილისს შეესია. რა ქნან, ეპატიებათ. უნდათ ახლა მაგათ წინასაახალწლოდ პერიფერიაში, თუნდაც საპარლამენტო აპარტამენტებში სხდომა? თანაც, ვაითუ ამ გამოცხადებულმა სამყაროს აღსასრულმაც გაამართლოს! ამიტომ, სჯობს, გეგმიურ თუ დაუგეგმავ განსაცდელს ყველა თავის ჭერქვეშ დაელოდოს.
თუმცა, მათი მხრიდან, ოფიციალურ ვერსიად შეურაცხყოფა და უფლებების შელახვა დასახელდა.
ვერ გაუთენდა ბედნიერი ნიკოლოზობა მაგათ ნიკალაევიჩს.
ქუთაისმა ვერ „უდედაქალაქა“ ნაცებს სათანადოდ.
ზოგჯერ ქალაქებიც ადამიანებივით „უმადურები“ ხდებიან.
ვისთვის დღეს მართლაც აესვენა უკანასკნელი მზე, თუმცა, ამას მოგვიანებით გააცნობიერებენ. ჯერ თვითგადარჩენის ინსტინქტს კიდევ მოყავს მოძრაობაში წაკვეთილი კუდები...
ყოფილ უმრავლესობას უმცირესობის მანტია უჭერს და ცდილობს, უხერხულობა და დისკომფორტი კითხვებით გადაფაროს. უაზრო კითხვებს კი ყველაზე ხშირად ისინი სვამენ, ვისაც პასუხები არ აქვთ...
აქამდე ფრთხილობდნენ, ახლა დაფრთხნენ. სიფრთხილე რისკს კეთილშობილებით ოდნავადაც ვერ ჩამორჩება, უბრალოდ სიფრთხილე ნაკლებადრეკლამირებულია, თუმცა, მაგის დროც მოვა...
რაღა დაგიმალოთ და, გაცილებით თავმოყვარეები მეგონეთ გავლენიანო ანცებო! ყურს ცუდად ხვდება, კაცობაზე, დემოკრატიაზე და პასუხისმგებლობაზე „ცარიელი ბერკეტები“ და „ოფიციალური რეკეტები“ რომ ლაპარაკს იწყებენ...
ვცდილობ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლის განწყობით, ჩავათავო ეს დღე დასასრულამდე, ან დასაწყისამდე. უბრალოდ, ამ დროს მარტო ყოფნა ზედმეტი გვემაა, მითუფრო, თუ სალაპარაკო თემაც არსებობს.
გაუმარჯოს სამყაროში განახლებადი ენერგიის არსებობას და წყაროებს! გაუმარჯოს დინამიკას! მათ შორის პოლიტიკურსაც. მაგალითად ევროპული პოლიტიკური დინამიკა თრილერს და ბესტსელერს მაგონებს, ამერიკული – ტრილოგიას, მექსიკური – საპნის ოპერას, რუსული პოლიტიკური დინამიკა მაყურებელთა თხოვნით მრავალჯერ გამეორებულ ერთი და იგივე ფილმს. აი ქართული პოლიტიკა ჯერ კიდევ თვითძიების პროცესშია, თუმცა, ამ პოლიტიკის ზოგიერთ ნაწილზე ძებნაცაა გამოცხადებული.
და მაინც არის ჩვენსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის განსხვავება – მაშინ, როცა დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი სამყაროს დასასრულზე ბჭობს, ჩვენთან ისევ ნაციონალური მოძრაობის აღსასრული რჩება დღის მთავარ თემად.
პარადოქსია, მთელ ამოდენა ამერიკაზე მხოლოდ ერთი ბარაკი მოდის, ისიც ობამა. სამაგიეროდ, ამ ხელისგულისოდენა საქართველოში ბევრი ბარაკია, და, ძირითადად, მხოლოდ მიშას დამსახურებით.
ყველა მასშტაბისა და მიმართულების კვლევის შედეგებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, წინ ვართ. ჩვენ – ანუ ბრბო! როგორც დღეს საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა იკადრა...
როცა სხვა გამოსავალი არაა, არც უკან მოსახედი, სავარცხელი და სალესი სახლში დაგრჩა, ვა–ბანკზეც უნდა წახვიდე... არ გაემტყუნება–ჯერ კიდევ პრეზიდენტია!..ისე, ობამაც პრეზიდენტია და მისმა ხალხმა ლამისაა ჰავაიზე საშობაო არდადეგების გამო ჯვარს აცვას. ოჯახთან ერთად გახარჯულ 5 მილიონი დოლარზე ამერიკელი გადამხდელები პასუხს ითხოვენ, თანაც კატეგორიულ–მრისხანე ტონით. რაღა დაგიმალოთ და, ძალიან გასვლია თავს, ამ მასშტაბებს ჩვენი მიხეილი არც იკადრებდა... არც რომელიმე ქვეყნის პრემიერ მინისტრთან საჯარო ფლირტს იკადრებდა და არც მისი მეუღლე აღშფოთდებოდა, რომც ეკადრა...
და ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს რა ნიკოლოზობა გაგითენდა გუშინ ნიკალაევიჩ!
„მე დაცვა არ მჭირდება ჩემი ხალხისგან და არავისგან. მე არც ქონება მაქვს დასაცავი..– ეს ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ბრძანა მუქარის ინტონაციით...
"ნაციონალური მოძრაობა" მუშაობის "სხვა რეჟიმზე" გადადისო - ეს კი ვანომ ბრძანა!
და ისიც დასძინა, – მისმენენო!
ამას ვინ წარმოიდგენდა?! – ვანომ თქვა, მისმენენო!
მართლა ამაოება ყოფილა ეს ცხოვრება...
ასეა – ხან შენ მოუსმენ, ხან ისინი მოგისმენენ და კი ჩაივლის ამასობაში ჩვენი, ანუ ბრბოს „მიყურადებული“ ცხოვრებაც...
... და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი...
და არა მარტო არღანი.
მგონი მართლა დაიწყო!
რა დაიწყო და საახალწლო ფასდაკლებები საოჯახო ტექნიკაზე და გრანდიოზული სანახაობა – „ნაციონალების მეორედ მოსვლა –3“
„მატოოორრრრრრრრ!“–ო თქვა იმან, პრეზიდენტს და მოქალაქეს რომ უწოდებს თავს და გულში რომ სხვა რამეს ფიქრობს.
მიშას გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა!
აღარ მემღერებაო, დაიწკრიალა კულტურის ექს– მუშაკმა! დაიწკრიალებს და მოეშვება! არც თავს მოიკლავს და არაფერი... წავა სახლში და იატაკს ან ჭურჭელს დააწკრიალებს, მეტი ხეირია...
ეჰ... ნინა–ნინა, ჩვენო ნინა!
არამგონია, ეგ კატეგორია სამყაროს აღსასრულს არ განიცდიდეს, მაგრამ მაგათთვის უფრო მნიშვნელოვანი ისაა, – რა ჩაიცვან ახალი წლის ღამეს?
ყოფილი და დღეს უკვე წინასწარპატიმრობაში მყოფი ჩინოვნიკები მთელს იმედებს სამყაროს აღსასრულზე და სანტაზე ამყარებენო. სანტა ყველაზე რეალური შანსია მათთვის საკუთარი შემოსავლების დეკლარირებისთვის. ასეა, თუ ცოდვამდე სულ პანღურით და ყურით მიგათრიეს, მერე უკვე ცოდვაა, ამ ცოდვით არსარგებლობა.
ახალ ჩინოვნიკებს მთლად სანტას იმედი ნუ ექნებათ. გავიზარდეთ უმრავლესობა და მეზღაპრეებს რეალობის ჭრილიდან ვუჭვრიტინებთ. არც ნაოცნებარი დაგვვიწყებია და არც დანაპირები. აქ ვართ და გელოდებით!
როგორც მოჭადრაკეები ხუმრობენ, – ნუ ჩქარობთ, თორემ, სიჩქარეში წაგების მოსწრებაც შეიძლება. ხოლო ბომბში ჩამონტაჟებული საათი ყოველთვის ზუსტ დროს აჩვენებს.
რაოდენობა, სამწუხაროდ, ყოველთვის ხარისხში ვერ გადაიზრდება. არც ბევრ პატარ–პატარა სიამოვნებას აქვს ყოველთვის დიდ ბედნიერებად გადაქცევის შანსი...
თქვენი არ ვიცი და მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ, სამყაროს აღსასრულის დადგომისთანავე!
ხვალამდე და ყავამშვიდობისა !
კატო ჩულაშვილი
1 Comment
Recommended Comments