„ ნებიერად“ შემოპარებული ორშაბათი ანუ, ფიქრები კალენდარული ცვლილებების მოლოდინში
სამყაროს გადატრიალების ჩემეული გეგმა საწყის ეტაპზევე დაიმსხვრა – როცა ამ დილით შვიდის ნახევარზე გაღვიძების პროცესში ვერაგულად მძლია ძილმა...
მაღვიძარამაც დარეკა და მეზობელი კედლიდანაც მომიბრახუნეს, უბრალოდ დამეზარა...სიზარმაცე ქვეცნობიერი სიბრძნეაო და, შეგვიძლია, მომავალში, თავის მართლების პროცედურისას, ეს ვერსიაც გამოვიყენოთ.
მე უფრო ის მაინტერესებს – სატელეფონო ზარი დეპრესიის ლიმიტის ამოწურვასა და მისი გაგრძელების პირობებზე ცხადი იყო თუ დამესიზმრა.
დღეს, ყველა წესის დაცვით, ბანკის წარმომადგენელს უნდა დაერეკა. ორშაბათობით კარგად მაქვს დაცდილი. არ დარეკა. 21–ის მერე გადმორეკავს, იმედია...
მეგობარმა მომიკითხა გუშინ – რას შვები?– როგორ ხარო?
– 21–ს ველოდები–მეთქი!
– რა ხდება, სად ვქეიფობთო?
გულწრფელად შემშურდა მისი არაინფორმირებულობის.. ვერ ვიტყვი, რომ პირველად შემშურდა...
ზედმეტადინფორმირებულობა უფრო მეტ გართულებებს და დისკომფორტს იწვევს, მე თუ მკითხავთ... როგორ უნდა „მოინდომო“, რომ რაც ამ დღეებში 21 რიცხვის მოლოდინებზე იწერება, გამოგრჩეს?! ეგ კი არა, ზოგიერთები, „ოცნების“ შემდეგ ამდენ იმედგაცრუებას ნამდვილად ვერ გადაიტანენ და, იმ შემთხვევაში, თუ 21–მა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, აღშფოთებულები ქუჩაში გამოვლენ და, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, იმ რაღაც „დასასრულსაც“ მოაწყობენ.
პირადად არ ვარ მომხრე ქუჩის აქციების. ცივილური გარემო, სითბო, კომფორტი და მოლაპარაკების მაგიდა მირჩევნია ყავის ფინჯნით დამშვენებული. კანონმორჩილ მოქალაქედ ვთვლი თავს. მეტიც, კანონის ისეთი რიდი მაქვს, სულ ვცდილობ შორიდან შემოვუარო ან გვერდი ავუარო.
ჩვენ, კულტურულმა საზოგადოებამ, უკვე ვიცით, რომ სოციუმი ცხოველთა სამყაროსგან მხოლოდ თავისი არასრულყოფილი კანონებით განსხვავდება!
ჩამოყალიბდით, ბატონებო! ჩამოყალიბდით!
”ტაბულას” რედაქტორმაც კი მოგიწოდათ უკვე ხელისუფლებას. თქვენც ადექით და ჩამოყალიბდით რა, ჩერგოს ჯინაზე მაინც. დიდი ამბავი, ჩერგომ თუ არ იცის რომ შეუგუებლობა და შემგუებლობა ერთმანეთს არ გამორიცხავს?!
არადა, როგორც ჩემი მეგობარი კონფუცი ამბობს, – ფიქრი კი არა ცოდნაა საჭირო!
კონფუციზე და ჭეშმარიტებებზე გამახსენდა, იმ დღეს ჩემს მეგობრებს შევუარე ერთ ბრენდულ ოფისში. ნეტავ არ შემევლო! რა ცდუნებასაც მე იმ რაღაც „ტიანდე“–ში გავუძელი, „ტიტანად“ უნდა ვმუშაობდე წესით და ხელფასი მქონდეს 1500–2000 ლარამდე, პლუს მაგ მოცულობის სახელფასო დანამატით ან პრემიით (სახელწიფო უწყებების სტილში, პარლამენტის თამადობით.)...
იმ ოფისიდან წამოსულმა, მეორე მეგობარს ვურჩიე, ტიბეტური ფარმაცია საუკეთესოა–მეთქი და იცით რა მიპასუხა? – კარგი რა, ვისთვის წავიტყიპნო ეს ყველაფერი, ადრესატი ხომ უნდა ყავდესო?!
მართლა კარგით რა!
როდის მორჩებით, ბოლოს და ბოლოს, მეორე და მესამე პირებზე ორიენტირებული ცხოვრებით სპეკულირებას?!
ჯერ ერთი არავინ დაგიფასებთ, მეორეც, ჩვენ ყველა ჩვენთვის გვინდა –შვილებიც, მშობლებიც, დებიც, ძმებიც, მეზობლებიც, მეგობრებიც, მტრებიც კი. ადამიანი ხომ ყველაზე ეგოისტი ძუძუმწოვარია. ჩემს სრულყოფილებას საზღვრები არ აქვსო, ტყუილად კი არ გაიფიქრა ჩვენი მაიმუნობის შემხედვარე მაიმუნმა.
ბრძენ და გამჭრიახ აღმოსავლეთში დიდი ხანია უწყიან, რომ სილამაზე და ჯანმრთელობა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან კომფორტია…
ჰოდა, ნუ აქცევთ თქვენი ცხოვრების წიგნს საჩივრის წიგნად.
ეჰ! და მართლაც, რა არის ზოგიერთის ცხოვრება – ინტერნეტი. დაიბადა–დარეგისტრირდა და წავიდა...
გულდასაწყვეტი ისაა, გასული საუკუნის სამოციანებში მომხდარი სექსუალური რევოლუციის არსი ახლა სექსზე ინტენსიურ საუბრებსა და დებატებში მდგომარეობს.
იმ დღეს ცხოვრების არსზე ვბჭდობდით მე და ჩემი კიდევ ერთი მეგობარი კონფუცის მხრიდან. გამაოცა მისმა ცხოვრებისეულმა ჭვრეტამ – რომ დაუფიქრდე, ყველაზე ცუდი პროფესია მეძავებს აქვთო, ეგ საწ####ბი ნეტა სამუშაოსგან თავისუფალ დროს თავს რითი ირთობენო?..
ჰოდა, ნეტავ რითი?
ეს მეცნიერებიც რა უცნაურები არიან, ცხოვრების არსს სხვა პლანეტებზე რომ დაეძებენ...
არადა რა მარტივი ფორმულაა – ცხოვრებაში უნდა იყოს მეტი სიყვარული და სიყვარულში მეტი ცხოვრება!
რას დავაკვირდი იცით? რაც უფრო ბევრ ინფორმაციას ვიღებ, მით უფრო ბევრი რამ ხდება გაუგებარი. კიდევ იმას დავაკვირდი, რომ ზოგიერთი თანამდებობის პირის თავის ქალიდან ჩამი–ჩუმიც არ ისმის. იმასაც, რომ, ყველაზე ხშირად ადამიანებს PRADA–ს, CC–ს ან Armain–ის აქსესუარებით და Birkin–ის ხელჩანთებით, სამარშრუტო ტაქსში შეხვდებით.
პარადოქსების განუმეორებელი ხიბლი...
სინოპტიკოსების და სტატისტიკოსების ვარაუდით, საახალწლოდ ჩვენში ხორცის სერიოზული დეფიციტი შეიძლება დაფიქსირდეს. დაფიქსირდება აბა რა?! – ღორები ხალხში გავიდნენ, ძროხები დათხოვდნენ, თხები დაქორწინდნენ, ცხვრებმა დისერტაცია დაიცვეს და სახელმწიფო მართვაშიც ჩაერთვნენ. ქათმები ამ ყველაფერზე სიცილმა დაწყვიტა. ეს პალიასტომის ბაყაყები კიდევ საჭმელად ჩინელებმაც კი დაიწუნეს – მაგარი და მშრალი ხორცი აქვთო... ჰოდა მაგათ კი აქვთ საყიყინოდ საქმე.
ორშაბათი კი დაგვისხლტა ხელიდან ამ „ტიტანურ შრომაში“, მაგრამ დღის წესრიგში რჩება ხვალინდელი სამუშაო პროცესის ჩაშლა დილიდან ერთი უწყინარი დამთქნარებით.
რატომ ვმავნებლობ? აბა რაღადროს მუშაობაა, ხალხი აგვისტოს მერე სამყაროს დაქცევისთვის ემზადება. აგვისტოდან ჩვენ არ გვეცალა – ოქრომბრისთვის ვემზადებოდით. მაინტერესებს, რა მიზეზს გამონახავს ქართველობა ამჯერად, რომ ქვეყნიერების დასასრულის წინასადღესასწაულო დღეები მიაფუჩეჩოს.
რა ორშაბათზე მისაყოლებელი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ, მინდოდა კვირის პირველი დღე ნებიერად შემომეპარებინა...
ჩემს შეფასებაზე ნუ იწვალებთ, ჭეშმარიტი ტალანტის შეფასება შეუძლებელია...
„ცნობადი ქალბატონების“ თვითშეფასებისთვის თურმე ვიღაც–ვიღაცეების შურიანი გამოხედვა საუკეთესო კრიტერიუმია.
ეგებ, ოდესმე, მეც ვცადო...
ამჯერად კი ისევ ყავმშვიდობისა!
კატო ჩულაშვილი
4 Comments
Recommended Comments