Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    407.926

აბი გლუკოზა ცალობით და კოჰაბიტაცია ბითუმად, ანუ პოლიტიკური ა –ვიტამინოზი კლინიკური გართულებების გარეშე


katya

3.679 views

blog-0285757001354792500.jpgხუთშაბათია და ეს კვირაც უკვე წელში მოიხარა... გარდატეხის პერიოდი აქვს ბუნებას. თოვლი ჯერ მხოლოდ წვიმს...როგორც „ჩვენი ნატო“ იტყოდა, – „ დეკემბერი დადგაო და“... თუმცა, ვისთვის დადგა, ვისთვის გავიდა, ვისთვის გამოვტოვეთ... ჩემს ეზოში ჯერ კიდევ სიმწვანეშემორჩენილ ალვებს მთლად შრიალში ვერ „დავაბრალდებულებ“, თუმცა, სიშიშვლეს შეძლებისდაგვარად უფარავენ რეალობას და, ამისთვის, მადლობა მათ.

ზამთარს მოსვლა დაუგვიანდა თუ შემოდგომას წასვლა, მაგაზე ეტაპობრივად ჩამოვყალიბდებით. ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?

გახმაურებულ ვერსიას თუ დავუჯერებთ, კაცობრიობამ ტაროსის მართვა ისწავლაო: მაგალითად, ფანჯრების დაწმენდა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ იწვიმოს, წვიმის შესაჩერებლად სახლიდან გასვლისას, წინდახედულობის ფორმატში, ქოლგის გაყოლებაც კმარა... ზაფხულის შვებულება ზღვაზე წვიმების საერიოზული გარანტიაა, ზამთრის შვებულება სამთო კურორტზე – თაკარა მზის. თუ თადარიგს დაიჭერ და თხილამურებს შემოდგომაზე იყიდი, ზამთარში თოვლი სანატრელი გაგიხდება. ჩაასხამ ავტომობილში იმ ლურჯ სითხეს და ყინვას საოჯახო საყინულეშიც ვერ ეღირსები.

მოკლედ, არის რაღაც დეტალები, რომლებიც დახვეწას ითხოვს, მაგრამ, 21 დეკემბრამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ოპტიმალურად მოაზროვნე პესიმისტების გათვლებით.

მთავარია, ნერვებმა გაგვიძლოს და „სამყაროს დასასრული“ არ დავაღალატოთ ჩვენი უემოციობით. ინტერნეტპროვაიდერებმა კი გაითვალისწინონ, რომ ყველაზე მავნე ნერვული სისტემისთვის – ნელი ინტერნეტია!

საზოგადოების მცირე, მაგრამ მაინც ერთი ნაწილი აპრილს ხსნასავით ელოდება. აპრილი, ტრადიციულად, ხუმარა–ცრუპენტელაა, ხოლო მუსიკალურად – „ლურჯი“... „ნაციონალური“ ძალების ირგვლივ, თითქოს, ჯადოსნური წრე შეიკრა. სიმბოლოები აღარ წყალობენ, ინტუიციაც სულ ღალატობთ და ღალატობთ...

ერთი ჩიორა რომ გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ეგ თავადაც იციან, უბრალოდ, ჩიორას ხელფასის არაფრის კეთებაში აღების და კიდევ პოლიტპატიმართა სიის სცხვენია. ამიტომაც გამოსცემს სახასიათო ხმებს სახასიათო მიმიკით.

გაზაფხულს ჩიორა კი არა საპარლამენტო უმცირესობის „მის უმცირესობა“ – მარიამ საჯაიაც ვერ მოიყვანს, მთელი თავისი უნაკლო ვიზუალით. იმედია, მე–2 არხი მაინც არ დაუკარგავს ამ ბავშვს ღვაწლს. აღნიშნული ეთერი ყურებადი გახდა სწორედპარლამენტარ საჯაიას წყალობით.

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია...

რას იზამთ ჩვენო პატივცემულო უმრავლესობავ და უმცირესობავ! რახან საზოგადოებამ ნდობა გამოგიცხადათ, პარლამენტარის იმუნიტეტითა და პულტებით შეგაიარაღათ, კეთილი ინებეთ და ქეთრინ ეშტონისეულ იმ რაღაც კოჰაბიტაციასაც გაუძელით. პარლამენტარის მანდატი მარტო კარგი ხელფასი და უზრუნველი ცხოვრება აღარაა... არ უნდა იყოს ეგ კოჰაბიტაცია ასე საშიში. მთელი ქართული მედია მაგ ერთი სიტყვით ენაბრგვილობას მკურნალობს და არც ისე ცუდი შედეგებიც აქვთ. ქალბატონი ეშტონისადმი ერთი თხოვნა კი გვექნება ქართველ ამომრჩეველს – შემდეგ ჩამოსვლაზე რაიმე ისეთი სიტყვა გამოგვიყოლოს, ტვინს რომ ფილტრავდეს, თორემ წაგვლეკა ზოგიერთის „ნალექ–ნადებმა“...

„ჩუმი–ჭკვიანი“ ხომ კარგია, მაგრამ ჩუმი –ბრიყვი – საერთოდ ცხოვრების საჩუქარია!

თუმცა, ჩვენ მაგის ბედი ვინ მოგვცა? !

ბრიყვზე და ბედზე გამახსენდა, ხომ არ იცით, სად მოვიძიო „სექსუალური შინაარსის პროდუქციის“ ჩამონათვალის, რომლის გამოც პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილება შეიტანა. კიდევ ის მაინტერესებს, რატომ უჭირთ კანონების და ბრძანებების სწორად გაგება „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და“ რუსთავი2“–ის საინფორმაციო სამსახურის უფროსებს? წამლის სააგენტოს ერთდღიანი ბრძანება რომ 4 დღის მერე დიდი აურ–ზაურით გაახმოვანეს და ნერვები თითებზე გადაუთვალეს წამლის, ღვთისა და „გაუზრდელი პენსიის“ იმედად დარჩენილ პენსიონერებს? ამაზე მეტი კი არაფერი დაუშავებია , თავის დროზე, „მოდელირებულ ქრონიკას?!“ თუ ბრძანების შინაარსს ვერ იგებთ, ვერც მოვლენებზე ოპერატიულ რეაგირებას ახდენთ, გადადექით! ყოველთვის მოინახება შემცვლელი უფრო განვითარებული ჟურნალისტური ეთიკით...

კიდევ რა მაინტერესებს იცით, რა უნდა გოგა ხაჩიძეს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში? ხომ ხედავთ, დაიბნა და გაიტანჯა ბიჭი?! უნდა დემოკრატიაზე, კანონიერებაზე, ქვეყნის სიყვარულზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე ლაპარაკი, მაგრამ რაც არ იცის, როგორ ილაპარაკოს?! ამიტომ „ოხრებს“ მიეკედლა და ოხრობაზეც ილაპარაკებს. ხაჩიძის ყოველ გამოჩენაზე სულ ვოვოჩკას ანეკდოტი მახსენდება – ვიოლინოს დაკვრისას ხელები მიოფლიანდებაო, რომ ჩიოდა. – ეგ ოფლი კი არაა, ვიოლინოს ცრემლებიაო, – რომ დააკვალიანეს... ხაჩიძის მორიგი ოცნება ბიძინა ივანიშვილთან 1 მილიონ დოლარზე დანიძლავებაა, რომ სამყაროს დასასრული არ იქნება 21 დეკემბერს. მონახა გამდიდრების შესაფერისი ფორმა. აბა შავერდაშვილივით ხომ არ გათავხედდება და ტელევიზიას არ მოითხოვს ლარში?

"თავისუფლების ინსტიტუტის კურსდამთავრებული თეა თუთბერიძე არჩილ კბილაშვილს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. რაც მთავარია, ეს ამბავი კბილაშვილს არ წყინს... და, ამ შემთხვევაში, ვეთანხმები ბატონ კბილაშვილს...

თაკო სალაყაია საზღვარს გასცდა თუ არა უცოლოდ დარჩენილ ივანე–ლევან მერაბიშვილ–მაისურაძეს უკვე მესამე პასპორტი შეუკვეთავს აბეზარი მდედრი თაყვანისმცემლებისგან თავდასაცავად.

ალბათ ვანოობა არაა საკმარისი. სულ მცირე, ქალბატონი მაყვალა მაინც უნდა იყო, რომ აზერბაიჯანის პერსონა ნონ –გრატობა მაინც „ გაიჩალიჩო“. ნიჭი, ძამიკო! ნიჭი!..

საზოგადოებას აინტერესებს – როდის დამთავრდება „სატესტო რეჟიმში“ ცხოვრება? ხომ არ დაემთხვევა პროცესის დასაწყისი პროცესის დასასრულს? დაგვტესტეთ ბატონო, „დაგვთაგეთ“ და „მიგვაშეარეთ“ დროზე, რომ საუბრის და თვითგამორკვევის რეგლამენტი საქმიანი რეგლამენტით შეიცვალოს, თორემ „ოცნების“ მომხრეებს უკვე ეზოში გავლა გვეზარება. ისევ ნაციონალი აქტივისტების სალაპარაკო გავხდით გიგის 100 ლარიანი ვაუჩერის გადამკიდე.

დაგასწარით!

ისიც ვიცით, რომ „საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი მტრის წისქვილია.“

სულელს ყველა კითხვაზე ერთი პასუხი აქვს, ჭკვიანს – ყველა კითხვაზე თავისი პასუხი, ბრძენს –ყველა კითხვაზე თავისი კითხვა, ხოლო გენიოსს –ყველა კითხვაზე ერთი პასუხი...

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

3 Comments


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...