Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.307

შაბათის ყავა დეიდა პოლისა და ბიძია ჯორჯისთვის... ანუ, ვიდრე მამალი იყივლებდეს...


katya

3.099 views

blog-0773690001354374860.jpgროგორ გინდა აუხსნა პატარას, რომ შაბათ–კვირას დილის 8 საათი თითქმის შუაღამეა? ვერ აუხსნით, ნუ შეეცდებით, ვცადე და ამ წუთებში სახალხოდ ვიძლევი აღიარებით ჩვენებას კრახზე.

ბავშვი თავისუფალი და შეუზღუდავია თავის ქმედებებსა და სურვილებში. უფლებებში ხომ საერთოდ... და, ვისაც ასე არ მიაჩნია, მას ყავა ყოველთვის მწკლარტე მოეჩვენება, თუნდაც ორმაგი შაქრით და ნაღებით...

ბავშვის კი არა, რაც ქვეყანაში სინდისის თავისუფლება გამოცხადდა, იმ დღის შემდეგ, სინდისი თავისუფლებაზე დანავარდობს და დანავარდობს...

დილის 8 საათიდან, პულტით დავხტივარ არხიდან არხზე, იმ იმედით, რომ ვიღაცის უარეს ხასიათსა და მდგომარეობაზე „გული ვიჯერო“... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა, პირადად ვიცნობ მაგ კატეგორიასაც.

ვხედავ, რომ ბოროტად და ეგოისტურად ვსარგებლობ თქვენი მოთმინებით. რა ვქნა, არ მიყვარს მარტო ყოფნა, არც მარტო ყავის დალევა. სიგარეტიც კი სხვანაირად ბოლავს, მოწყენილად, როცა ოთახში სხვა არავინაა და მხოლოდ კოფეინის საჭირო დოზის მიღებას ცდილობს ორგანიზმი.

მთავარია, ერთად ვართ! შორს ცხოვრებისეული პროზა! გაუმარჯოს მარკ ტვენისეულს!

176 წლის წინ, 30 ნოემბერს ფლორიდაში მარკ ტვენი დაიბადა. ჩემთვის მისი დაბადების დღე გაცილებით უფრო დიდი მოვლენაა, ვიდრე სერ ჯორჯ სოროსის ვიზიტი თბილისში. მისი პერსონაჟებიდანაც ყველაზე მეტად დეიდა პოლი მიყვარს. ალბათ იმიტომ რომ თავს მხოლოდ მაშინ იტყუებდა, როცა იცოდა, ამით საქმე არ გაფუჭდებოდა...

ასეა თუ ისე, ჯორჯ სოროსი უკვე თბილისშია და ამას ყველა მედიასაშუალება განსაკუთრებულ რეჟიმში გვამცნობს.

მე თუ მკითხავთ, დროა, „ვიკიპედიაში“ შეიტანონ ნაციონალური „მოძრავი დღესასწაული სოროსობა“ ვრცელი განმარტებებითურთ. საინტერესოა, „სოროს ჯორჯობას“ სხვა მეგობარი პარტიები არ ზეიმობენ? „ოქროს სარაიას“ საკითხი ისევ ღიად რჩება. არაოფიციალურ ვიზიტზე „ღია საზოგადოება“ „უბრალო საზოგადოებას“ პირღიას არ დატოვებს და კოკლოზინა ზღაპრებით გამოკვებავს...

„სოროსობაც“ ჩაივლის, მაგრამ იმას მაინც თუ მივხვდებით, – სხვისი მინუსების დათვლამდე საკუთარი პლიუსებიც რომ კარგად უნდა დავითვალოთ.

ვერაფერს ვიზამთ, „გამარჯვების გემო“ , ხშირად, ზედმეტად დამარილებულია...

ახალმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ პროგნოზებსა და გათვლებში ხეიბრობს. ძველი ხელისუფლება კი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მეთოდები მოუძველდათ, თუნდაც დღევანდელი დემაგოგიურ–შემოქმედებითი ფოიერვერკის მაგალითზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „კანონშემომქმედი“ ირმა ნადირაშვილი ბოლომდე ერთგული დარჩა საკუთარი წვლილის და ვარდების.

დიმიტრი შაშკინი მთავრობისგან ახალ ბრალდებებს ელისო. რას ელის მერე? სადაა დასაკარგი დრო? თვითონ უკეთესად არ იცის, სად რა გააფუჭა? ადგეს და მიეხმაროს ახალგაზრდა ხელისუფლებას, ეგებ დაუფასდეს და კამერა–ლუქსი მიართვან. ოდესმე ხომ უნდა წაიკითხოს ყოფილმა განათლების მინისტრმა წიგნებიც? აქვე იმასაც გეტყვით, რომ რუსთავის ქალთა კოლონიაში ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკა გაუწევს მეგობრობას. პერსონალის პერეკვალიფიკაციასაც ვუზრუნველყოფთო, – ასე თქვა გიორგი კეკელიძემ. რაც ეს ამბავი გავიგე, ხანმოკლე პატიმრობაზეც კი დავიწყე ფიქრი. ასეა, ზოგჯერ ქალებს ციხეშიც უმართლებთ...

როგორც წესი, ადამიანები საყვარელ, ძვირფას ხალხს, ნაცნობებსა და მეგობრებს ატყუებენ. თუ თქვენ უცნობებსაც ატყუებთ, ესე იგი პოლიტიკოსი ბრძანდებით და ამას უნდა შეეგუოთ!

აი მაგალითად, მიშა დიდი ხანია შეგუებულია, თანაც იმდენად, რომ უკრაინაში გამოაცხადა, – არ ვიღლები და არც ხელისუფლების შეცოდება ივარგებსო. ბატონ მიხეილს, როგორც ჩანს, ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ საუკეთესო დასვენება პოზის შეცვლაა. ბებოც ამიტომ დაყვება თან, რომ ეს სიბრძნე დრო და დრო შეახსენოს. აბეზარმა ჟურნალისტებმა კი შეაღონეს კითხვებით – რა საჭმელი უყვარს თქვენს შვილიშვილსო? პასუხი ერთობ ბუნდოვანი და მრავლისმთქმელი იყო – ძნელია რაიმეს გამოყოფაო! ვითომ ჩვენი პრეზიდენტი მხოლოდ ბებოს ნახელავს ენდობა? შიშებიც როგორი რომანტიული აქვს მიშიკოს... ალბათ მალე იტყვის, წინაპრები უინძორები მყავდნენ ნათლიის მხრიდანო...

ეჰ, „მიშიზმის“ თავლას თავისი ჰერაკლე სჭირდება და ჯერ რომ არ ჩანს?!.

არაა ეს საქართველო იმხელა, რომ ორმა თავმა მართოს სხვა დანარჩენი თავები. ორი თავი და ორი ყური კი კარგია, მაგრამ ორჯერ უფრო მალე ლპება და ორჯერ უფრო საშინლად ყარს.

ყარს ისე, როგორც, მაგალითად ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსის „ფენომენი“...

თავისი ფენომენალური უნარ–ჩვევებიდან გამომდინარე, გოგა ხაჩიძეს ივანიშვილის კრეატიულ გუნდში მოხვედრა უნდა. არადა, დღევანდელი ანეკდოტი მამისეული სახლის ჩხრეკასა და შეწუხებულ დედაზე მართლა ვერ გამოუვიდა. არც იუმორი აქვს საკმარისი არც სამსახიობო ტალანდი და სინდისიც უვადო თავისუფლებაში ყავს გაშვებული. ისე, ხაჩიძე თუ სურამელი იყო, ადრე ვერ მითხარით, თქვე კაი ხალხო?! აღარ გამიკვირდებოდა რაღაც–რაღაცეები...და, საერთოდ, ვისაც ხაჩიძის არეული (თუნდაც სახლი) არ მოსწონს...

შორენა შავერდაშვილმა ოცნებაში დაკარგული მე–9 არხის სიმბოლურ ფასში შეძენა გარისკა. მე–9 არხის სლოგანი „ეცადე დაინახო მეტი!“ „გავიჩვენისეთ“, მაგრამ, იმაზე მეტი ვერ დავინახეთ, რაც იყო... როგორც შექსპირი იტყოდა, – მავრმა გააკეთა თავისი საქმე და... პრაქტიკამ უკვე მეორედ აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილი და ტელევიზია შეუთავსებელი ცნებებია.

მე ის ვიცი, რომ შეშფთებული ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კარგს ვერაფერს მოგვიტანს, თუნდაც საახლწლოდ. ამიტომ, ნაციონალებმა ბოკერიას მიმართ „ლოცვები გააძლიერეს“... შედეგად, ჯერ კიდევ პრეზიდენტი სააკაშვილი, მეზობელ სომხეთში, იმაშიც გამოტყდა, რომ მასაც უყვარს ნაცრის ქექვა და ოცნება: სწორედ ეს არის ჩემი და ჩემი პარტიის ოცნებაც - ევროპული ტრანსფორმაციაო. ტრანსფორმაციაზე გამახსენდა, – ახალ მინისტრებს ძველი მინისტრების ხელფასები შეუნარჩუნდათ თუ წინასაარჩევნო დაპირებების თანახმად, ასე არ გათავხედდებიან?

მომავალი კვირის დღის წესრიგში რჩება რობიკო სტურუას ულტიმატუმი, რომელსაც მისი ფანები მოფერებით „გენიოსის ახირებად“ მოიხსენიებენ...

რა დასანანია, რომ „საოცნებო ხელისუფლების“ ლექსიკიდან ამოვარდა სიტყვა „მყისიერი“ და ის ქრონიკულმა გადავადებამ ჩაანაცვლა...

ვერ გავიგე, მარტო სამართალს შიოდა ამ ქვეყანაში?

P.S.

მიშამ ვანო სომხეთში "გააპიარა". რა დამთხვევაა - უცნაურიც და საცნაურიც...

ვანო საქმის კურსშია ნეტავ, რას უპირებენ? ეგონა– ფინიშიაო და, თურმე, მხოლოდ ანტრაქტი ყოფილა.

გამოგიტყდებით და, მერაბიშვილის ყალბი პასპორტით საზღვრის გადაკვეთას ჩემი უკიდეგანო ფანტაზიაც არ ეყოფოდა. ამას ვერ დავუშვებდი, რომ ვანო თავის სახელს და გვარს, ანუ „მეობას“ უარყოფდა. თუმცა რაა, იქ, სადაც პეტრემ მაცხოვარი სამჯერ უარყო...

 

ნეტარ იყვნენ დიდებაზე მეოცნებენი. არასოდეს ვიოცნებებ იმაზე, როგორ მოისაქმებენ მტრედები ყოველ დილა–საღამოს ჩემს „გაძეგლებულ“ ხსოვნაზე.

 

ჰოდა, ვიდრე მამალი ისევ იყივლებს, სადღაც, მაიაკოვსკის ძეგლის მიდამოებში და, იოანე-პროგრესორს, საკუთარი მოციქულები მრავალჯერადად უარყოფენ,

ყავამშვიდობისა!

 

კატო ჩულაშვილი

3 Comments


Recommended Comments

ბატონ ბიძინა ივანიშვილს !

ბატონო ბიძინა, გამომდინარე ჩუთლაშვილის ქალის ფრიად ორიგინალური და ამასთანავე სავსებით მართალ-აქტუალური წერილიდან, გთავაზობთ: მეცხრე არხის, ჩვენზე, ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყავა და სამართალი", მოყიდვას. სავსებით არასიმბოლურ ფასად. ერთი სტაქანი ყავა და ჯანდაბას, ერთ ბულკსაც მოვაყოლებთ. შეგვიძლია წარმოგიდგინოთ, ჩვენი საბუთები, გაყალბებულ მდგომარეობაში, თუმცა ეს, ჩვენში, პრობლემა არ მგონია იყოს ! ა?

ლინკი
×
×
  • შექმენი...