Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    407.926

გიორგობის მადლი, ანუ „ ვარდები არ არიან...“


katya

2.821 views

blog-0209953001353705940.jpgგუშინდელი დილიდან იყო აზრი დღევანდელი ყავის ჩაით ჩანაცვლების. სიმბოლურად და გამონაკლისის სახით...

აზრი კოვზივით მოსახერხებელია ტვინის ამოსაზელად. ჰოდა, ჩემმა ამოზელილმა ტვინმა, კატეგორიული უარი განაცხადა არა თუ მწვანე, ცაცხვის უწყინარი ჩაის მიღებაზეც კი. ოღონდ არ მითხრათ, რომ მაწყენარი ჩაი არ არსებობს...

ეგ „მაწყენარობა“ 9 წელს ძლებს ორგანიზმში, თუ დააცადე, იქნებ უფრო მეტიც გაძლოს. მაგალითი? – , 80 წლის ბებო ერთმა ქალბატონმა მოსამართლემ გაასამართლა და 3 წელი პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენმა „ჩაიდალეულმა“ პრეზიდენტმა ეს ბებო გიორგობას შეიწყალა სხვა 43 ქალ პატიმართან ერთად. „ვაი“ კი ჭირდა ჩვენს სამართალს, მაგრამ არც საზოგადოებას მოუკლავს თავი სხვისი ღობის ჩხირებზე ფიქრით.

იოლია სიძულვილის დაფარვა, რთულია სიყვარულის დაფარვა და ყველაზე ძნელი დასამალი მაინც გულგრილობაა.

გუშინ ამერიკაში მადლიერების დღეს ზეიმობდნენ. ინდაური და გოგრის ნამცხვარი არაფერ შუაშია, თუ ჩვენში მადლიერება სარკაზმად აღიქმება. ხოლო თუ ადამიანურად ცხოვრება გინდა, ღორობას უნდა შეეშვა – სულ ესაა...

ხელისუფლების ვერტიკალი ყოველთვის ჰორიზონტალურ კავშირებზეა დამოკიდებული. ყველა ერი ვერ უძლებს ორ ხელისუფალს. გამოდის, ჩვენ ყველაფერს უნდა გავუძლოთ. რაც მთავარია, იმედგაცრუებებსაც, თუმცა, ფუჭი დაპირებების გამო ბოდიშის მოხდაც დიდი პლუსია, ოღონდ არა შეღავათი. შეღავათზე ჯერ კიდევ საფიქრალი აქვთ მათ, ვინც ხალხის სახელით დღეს ქვეყანას მართავს. რაღაცაზე პასუხისმგებლობა იმათმაც ხომ უნდა აიღონ?

ბოლო 2 დღის მთავარი სიტყვა ამერიკაში „მადლობა“ იყო. ბოლო ორი დღის მთავარი მოვლენა საქართველოში – ბიძინა ივანიშვილის პრეს–კონფერენცია, რომლის შედეგადაც ვნახეთ გაფითრებული ნაციონალიზმი, ღრმადშეშფოთებული ვანო და შეურაცხყოფილი გიგა ბოკერია

ვანომ თქვა, სად იყო მანდ კონფერენცია, ცარიელი პრესი იყო, ისიც წინა ხელისუფლების და სრულიად ნაციონალური მოძრაობის მიმართულებითო.

არ ეძინა წუხელ მიხეილსაც... რა დააძინებდა, მთელი 9 წლიანი ციკლი სერპანტინად დაუტრიალდა ცხადში, თუმცა, სიზმარი ეგონა. წყალსაც ვერ გაატანა და აუხდა გიორგობის დილას რეზიდენციასთან მოპროტესტე ტყიბულელ მეშახტეებზე. საშველად ქუთაისს მიაშურა და ლურჯპიჯაკიანმა კალისტრატეს „ლოცვა–კურთხევას“ შეაფარა თავი. ლურჯი პიჯაკი კი იყო გულისამაჩუყებლად ვიწრო...

ასეც არ შეიძლება, ! პრეზიდენტია ბოლოს და ბოლოს! გამოუყავით საკუთარი ფონდიდან ერთი ხელი შარვალ–კოსტუმის თანხა, თორემ აწყდება შუა ღილი და გამოთხრის ვინმეს თვალს. ახლა მაგაზე მოუწევს ივანიშვილს მობოდიშება, თითქოს საკუთარი თეორეტიკოსი მრჩევლების გამო უხერხულობა არ ყოფნიდეს.

საქმე „გართულდა,“ – ხაშურის მაჟორიტარი პირდაპირ მერაბიშვილ–სააკაშვილ– კოდუას დაკითხვას ითხოვს. ეგვიპტის ახალმა პრეზიდენტმა კი ისე გაიძლიერა უფლებები, რომ პრეზიდენტის ბრძანების, კანონისა თუ გადაწყვეტილების გასაჩივრება ან შეცვლა არავის შეეძლება, მათ შორის არც სასამართლოს. როგორც აღნიშნავენ, ამ გადაწყვეტილების მიღება ეგვიპტის რევოლუციის მიღწევების დასაცავად მოხდა.

აი ეგაა მიხეილ შენი არჩევანის შედეგი – ამოიჩემე ეს დასავლური კურსი და დემოკრატიული ევროპა. იძახე აწი: –„ მე ჩემს ქვეყანასთან ვიყავი მშვიდობის დროს, ომის დროს, გაჭირვების დროს, აღმშენებლობის დროს და მე, რა თქმა უნდა, ჩემს ხალხს არც განსაცდელში არ მივატოვებ. ჩვენ ბოლომდე გადავლახავთ ამ პრობლემებს. ჩვენ გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე" -ო... ვინ დაგიჯერებს, თორემ კი... ბორანმა მოგჭამა ჭირი... გაზაფხულზე ადიდებული ენგური ვერ გადარეცხავს შენზე მოგონებებს.

აღარ ღირს იქ ცხრაჯერ გაზომვა, სადაც უკვე წაჭრილია. ჭეშმარიტებასთან კამათი რთულია , ტყუილთან – უსარგებლო.

სხვისი შეცდომები შავ საყელოზე მოდებული ქერტლივით შესამჩნევია. ზურგი კი, როგორც მახსოვს, მხოლოდ კარლსონს არ უოფლიანდება ...

როგორც იტყვიან, – რა გულდასაწყვეტია, რომ, ბოლოს და ბოლოს მიბრძანდებით!

ვარდების რევოლუციის მე–9 წლისთავზე ძლევამოსილი ნაცმო შველას ითხოვს. სოციალურ ქსელში შობილი მოძრაობა SOS ძალიან გავს თუთბერიძისეულ „კმარულ“ კალიგრაფიას, ხოლო ახალი მოძრაობის დამფუძნებელი მაია ბასარია „თუთბერიძე2“–ად მოინათლა გამოჩენისთანავე.

ჟურნალისტებმა დაიჟინეს, – სერგიენკო გადადგაო! მაგრამ, ნურას უკაცრავად...თუმცა, ჯერ კიდევ ძალაში რჩება დანარჩენი საქართველოს მოქალაქეთა საფუძვლიანი შური საჩხერელი მოქალაქეების მიმართ უფასო ჯანდაცვაზე. პენსიაც გაიზრდებაო, მაგრამ პენსიამდე მიღწევასაც ხომ ბედი უნდა?!

„ქსენოფობი“ რობერტ სტურუა დაბრუნდა! ოღონდ სტანდარტულ სამხატვრო ხელმძღვანელზე უფრო დიდი უფლებები მოითხოვა. იქიდან გმომდინარე, რომ ანეკდოტიც კულტურის ნაწილია, იური მეჩითოვი ანეკდოტების წიგნზე მუშაობს და არც საკუთარ სამზარეულოში შიშველი ტორსის გამოფენას მოვეშვებიო.

პანამის არხთან მყოფი ქართველი მეზღვაურებიც არ აპირებენ სამშობლოში მანამდე დაბრუნებას, სანამ გემთმფლობელი კომპანია ან ტანკერის ნიგერიელი მეპატრონე 4-თვიან სახელფასო დავალიანებას არ აუნაზღაურებს. აი რას ნიშნავს, რომ ახალ ხელისუფლებას არ ყავს საკუთარ რიგებში „ჯეკ–ბეღურა კრბელაშვილი“ – მეკობრეთა და მალარიის რისხვა. ხომ უცებ გაანულებდა პრობლემას?!

პრობლემის გადაჭრის ერთ–ერთი მეთოდი მის „ხვალ“ გადაჭრაზე დაპირების მიცემაა.

ცხოვრება მაშინ დგება კალაპოტში, როცა ჩაის პაკეტს ნამდვილად ერთჯერადად მოიხმარ...

ჩაის ტოქსინებს ვადა გაუვიდა...ვარდები არ არიან...

მაინც რა უცნაურები არიან ეს ფრანგები! 23 ნოემბერს დაბადებულ კაცს ვენსანი როგორ დაარქვეს? ამაზე ოდესღაც დაფიქრდება მშვენიერი მონიკა...

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

3 Comments


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...