ყავა–მშვიდობისა ფორთოხლის არომატით , ანუ „გაქცეულთა“ დაბრუნების სევდა
ავდგები და გეტყვით პირდაპირ ყავამშვიდობისას! – მიკიბვ–მოკიბვების და ახსნა–განმარტებების გარეშე. ბოლო დროს ბევრ საუბარს თავს ვარიდებ, ან თავისმართლება გამომდის, ან ჩვენების მიცემა, რაკურსს გააჩნია...
მართალია, ყავა დამიგვიანდა, კიდევ კარგი მშვიდობას უფრო ძლიერი მესვეურები ჰყავს. წესით, დასასჯელიც ვარ ჩემი არასტაბილურობის გამო, მაგრამ სტაბილურობა იმდენად შედარებითია... შეფარდებითიც... როგორც ქვეყნის პირველი იურისტი იტყოდა – სხვა დროა, სხვა რეალობა...
ლიმონი გამთავებია... სამაგიეროდ მაქვს ფორთოხალი. ნეტავ როგორია ყავა ფორთოხლით? თავიდან ბევრმა ფორთოხალს და მე–9 სიმფონიას შორის კავშირიც ვერ დაინახა. ბოლო დღეებია ამ კავშირზე მექანიკურად ვფიქრობ... კიდევ ერთხელ ბრავო ბერჯეს!
რამდენიმე ხნით შაბიამნის დიდ პარტიას ქუთუთოების პაწაწუნა სარჭები შეცვლის... კეთილი ნებით არჩეულ ბოროტებას, ხშირად, ფორთოხლის სუნი აქვს. ნეტავ როგორი სუნი აქვს შიშს, სიხარულს, მოლოდინს, დასასრულს ან დასაწყისს?
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინათ კოლექტიური ანომალია გვჭირდა, ყავა ფორთოხლის არომატით სულაც არ უნდა იყოს გაუსაძლისი...
ვაღიარებ! ბოლო დროს, მომწონს იუსტიციის მინისტრის ციტირება. ადრე მსგავსი სურვილი არასოდეს გამჩენია, თუმცა, საიდან უნდა გამჩენოდა?!.
ერთი სიტყვით და 2 კოვზი ყავით(შაქარი გემოვნებით), დღეს, 21 ნოემბერს, ისევ გწერთ, თქვენ კითხულობთ... ან იქნებ არც კითხულობთ და საკუთარ თავს ვწერ...თუმცა, ვიცი, მეგობრები მაინც არ გამწირავენ მონოლოგისთვის...
რგორ მოვხვდი „აღიარებული მარსიანელი“ პლანეტა.გე–ზე, მაგას ჭორადაც გაიგებთ, ამ დღეებში კი უფრო მნიშვნელოვანი, ყურად –საღები და თვალად –სახედი ამბები მოხდა.
რაც დღეს შეიძლება პარადოქსად გვეჩვენებოდეს, ხვალ ნორმად მოგვეჩვენება და ასე იქნება სულ...
მთავარია, იმაზე დამეთანხმოთ, რომ ცხოვრება არა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის რაოდენობით, არამედ სუნთქვისშემკვრელი წამებით იზომება, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკოსებმა ყველაფერი იღონეს და დაგვარწმუნეს 2–ჯერ 2–ის ოთხობაში. თუმცა თანამედროვე მეცნიერება ჯერ კიდევ უძლურია სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვასთან მიმართებაში – „სად ვიშოვოთ ფული?“
ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დავასკვენი, რომ ყველაზე გრანდიოზული იდეები „ წამოკოტრიალებულების“ თავებში მწიფდება... ამ თემაზე იმდენი სათქმელი დამიგროვდა, უკეთესია, თუ დუმილის უფლებას გამოვიყენებ. ვისთვისაა უკეთესი, ეს მერე გაირკვევა.
ამ ეტაპზე ერთი რამ ნამდვილად შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, – ვიდრე ლალი მოროშკინა სოზარ სუბარის მრჩეველი იქნება, პატიმრებში ციხიდან გაქცევაზე ფიქრიც კი გამორიცხულია. გაქცევა კი არა და, ყველამ გამოითხოვა შეწყალების თხოვნაო და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პატიმრობის ვადა გაიხანგრძლივონო. აბა თავისუფალ სივრცეში სად ნახავენ ეგენი ასე ახლოს ლალის, თანაც მათზე მზრუნველს?
- „ხოხ! რა მართლა დიდი გულის ქალი ყოფილა, ეს ლალი მაროშკინა! მაგის გულს ვენაცვალეო! – ჩემმა მეზობელმა წურწუმიამ ბრძანა გუშინ...
"ნაციონალურიმოძრაობის" წევრებმა, წალენჯიხაში, ბაჩოახალაიასგათავისუფლებისმოთხოვნითხელმოწერებისშეგროვებადაიწყესო. სოფელსაჩინოში, სადაც 3000-მდეკომლიცხოვრობს, ხალხი ისე გათავხედებულა, 60-მდეხელმოწერაძლივს შეუგროვებია გელანტიას. ამბობენ, დაშინებასადაზეწოლასადგილიარჰქონიაო.
ჰოდა, ესაა ცხოვრება? ხალხს რომ ვერ დააშინებ?!
გუშინ ვისი ოცნება ასრულდა არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია – ამჟამინდელი ოპოზიციისგან დევნილობაში გასამართლებული ირაკლი ოქრუაშვილი უკვე გლდანის საპატიმროშია. შეშურდება ახალაიას აბა არ შეშურდება? „ოქრო“ საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს და ბაჩომ მაგაზე რამდენიმე დღე იჩალიჩა... ერთი სიტყვით, ფაქტია, ოქრუაშვილმა ბაჩანას ელვისებური გამოჩენა მოჯოკრა და, ჯილდოდ, მის სიახლოვეს მოითხოვა სასჯელის მოხდა. ავი ენები ამბობენ, მინაშვილი–წიკლაურის ტანდემს უკვე ყველა დეტექტორი ცნობს ნებისმიერ სამასკარადო სამოსშიც კიო და ოქრუაშვილი გამოიძახეს, ბაჩოს ხელი, ხმა და ერთი–ორი ტკბილი სიტყვა რომ მიაწვდინოსო. მაგრამ ახალაიას ქცევაზე მოროშკინას გავლენა უკვე თვალშისაცემია. ამას თვით თუთბერიძეც გრძნობს, მაგრამ, ეს ის შემთხვევაა, როცა გრძნობები უძლურია...
გადაეხლართება მალე სამართალს ნაწლავები ამდენი პურის ჭამით და მაგაზე ნერვიულობს „დარჩო“ აბა სხვა რა აქვს სანერვიულო? ნეტა მაცოდინა, მართლა ასე ეშინია მაგას რუსეთის თუ, საქმეს ჭირდება, რომ ასე ეშინოდეს?
დარჩიაშვილი იმ ფაქტსაც შეუშფოთებია, „ აბსოლუტურად უმწიკვლო“ თენგიზ გუნავა, ძველმოდური იარაღის ტარების ბრალდებით რომ დააკავეს. აბა ჰკითხეთ ბატონ დარჩიაშვილს, რა უფრო დიდი დანაშაულია – უკანონო მოსმენები თუ საარჩევნოდ მოქალაქეებში დიდი ფულის დარიგება? დიდი ფულის დარიგებას სტიქიითდაზარალებულ კახეთში იხვეწებოდა ივანიშვილი, მაგრამ ერთი კედლის კალენდრის და „მეტი სარგებელის“ გარდა ვერაფერი გაიმეტეთ. თქვენს ტრადიციებზე „გამოზრდილი“ მხარდამჭერები კი, ვისაც სიხარბემ სძლია და წინასაარჩევნოდ დიდ ფულზე „ოცნება“ დაიწყო, ახლაც ჩივიან ტელე–ეთერით თუ ქუჩა–ქუჩა – ბიძინამ გვამუშავა და ფული არ გადაგვიხადა, ან პარტიულმა ელიტამ შტაბებში არასწორად გაფლანგაო.
მოკლედ, ამხანაგო დარჩიაშვილო! სჯობს ჩამოყალიბდეთ და ნუ აშინებთ ბავშვებს კრიმინალებით. მარიამ საჯაიას შეშფოთებულ გამოსვლას რომ ვუყურეთ, იმის მერე დედებს საქართველოში აღარ გვძინებია. ისიც სრულიად საკმარისია, თქვენ რომ რუსეთის გეშინიათ.. ჰოდა, გეშინოდეთ მერე, ვინ გიშლით? სამაგიეროდ, კუკავას არ ეშინია. მოსკოვში ჩადის და ჩამოდის, რუს პოლიტიკოსებსაც ხვდება და, ერთ მშვენიერ დღეს, ფსოუს წყალზე თუ ჩაგიყვანათ და მწყურველი დაგტოვათ, სულაც არ გამიკვირდება.
ისე, როგორც არ გამკვირვებია მიხეილ სააკაშვილის ხალათით და დაუვარცხნელი თავით გამოჩენა "ესპას ანრი შენოში". ეგ ახლა იმ სტადიაშია, როცა მთავარია იყო ბედნიერი და რა დასკვნას ჩაგიწერს ანკეტაში ფსიქიატრი, უკვე ნაკლებმნიშვნელოვანია.
მთავარი ისაა, რომ სააკაშვილების გადადგომის პროცესი დაიწყო – საქართველოს პრეზიდენტის ძმა - დავით სააკაშვილი, 12 წლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირითადი მიზანი მოსამართლედ გასამწესებელ პირთა – იუსტიციის მსმენელთა საწყისი მომზადება, მოქმედ მოსამართლეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა. მოკლედ, ნაციონალური სასამართლოს ინკუბატორი კლანური წნეხისგან თავისუფალიაო და ვნახოთ!
გუშინ გახმოვანდა, რომ არაერთი კითხვა გასჩენია, თბილისის მერის მიმართ, დიდი იუსტიციის პატარა დიასახლისს. ბევრმა მაგის კითხვები უკვე არც ისე სასიამოვნოდ დასცადა. პირადად ვიცი, რა საოცნებო რესპონდენტია, ქალბატონი წულუკიანი, მაგრამ, კითხვებით შეიარაღებულს, მტერსაც არ ვუსურვებ სიზმარშიც კი. ასე რომ, მე მესმის შენი გიგი! აშკარად გაქვს ნერვიულობის და რელაქსაციის მიზეზი...
„არაფერი პირადული!“ –ეს პოლიტიკაა, ხოლო „არაფერი, პირადულის გარდა!“– უკვე გულწრფელობა...
ჩვენ ის დროც გვახსოვს, შიშველი სიმართლე, პორნოგრაფიის ბრალდებით, კანონით რომ იდევნებოდა.
რას იზავთ, ასეც ხდება! შეცდომას არ უშვებს ის, ვისაც ყოველთვის თავის სასარგებლოდ ეშლება... თუმცა, ყველაფერი წარმავალია...
მე–7 ცაზე გამგზავრებისას, ყოველ შემთხვევაში, პარაშუტის წაღება არ დაგავიწყდეთ, რა იცით, რა ხდება?!
თუ მგლები მაძღრები არიან, ცხვრები საღ–სამალათი, ახლო–მახლო აუცილებლად იკუნტრუშებს განტევების ვაცი.
ჰოდა, ყავამშვიდობისა!
კატო ჩულაშვილი
2 Comments
Recommended Comments