აფხაზები ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე უმაღლეს პირებს სოხუმში არ უშვებენ
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეთა დელეგაციის მიღებაზე უარი თქვა. მათი ვიზიტი სოხუმში მიმდინარე წლის 8-9 თებერვალს უნდა შემდგარიყო.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს.
მედიაცენტრი იუწყება, რომ მიზეზი თანათავმჯდომარეთა მიერ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გაუქმება გახდა, რომელიც 21-22 თებერვალს იყო დაგეგმილი.
აფხაზური მხარის აზრით, მოლაპარაკებების 57-ე რაუნდის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს თანათავმჯდომარეებმა დისკუსიის სხვა მონაწილე მხარეებთან შეუთანხმებლად და ობიექტური მიზეზების გარეშე მიიღეს.
,,თანათავმჯდომარეების მსგავსი ქმედებები ანგაჟირებულ ხასიათის ატარებს და აფერხებს ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მუშაობას, ასევე დამატებით საფრთხეებს უქმნის რეგიონის სტაბილურობას.“ - ნათქვამია აფხაზების ოფიციალურ განცხადებაში.
აფხაზური მხარის გადაწყვეტილებაზე კომენტარი ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამაც გააკეთა.
,,უკანასკნელ პერიოდში, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანათავმჯდომარეები რაუნდის გაუქმების ან გადადების შესახებ, გადაწყვეტილებას ობიექტური მიზეზების გარეშე, საერთაშორისო დისკუსიაში მონაწილე მხარეებთან შეუთანხმებლად, ცალმხრივად იღებენ. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა. მიმდინარე წლის დასაწყისშიც ჩვენ იგივე სურათს ვხედავთ, როდესაც თანათავმჯდომარეები ცალმხრივად წყვეტენ შეხვედრის გადადებას.“ - აღნიშნა არძინბამ.
მისი განცხადებით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეთა დელეგაციას 8-9 თებერვალს სოხუმში დაგეგმილ ვიზიტზე უარი ეთქვა.
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.