Jump to content
Planeta.Ge

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება


 

პროკურატურამ ,,ახალციხის კლინიკა იმედის" ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, ამავე კლინიკის ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

გამოძიების ინფორმაციით, მეგი ბაქრაძეს ასტრაზენეკას ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 18 მარტს ჩაუტარდა.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, ვაქცინირებული პირი 30 წუთის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, რა დროსაც ექიმი ვალდებული იყო ვაქცინაციის შემდგომი შესაძლო გართულების შემთხვევაში, პაციენტისთვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

გამოძიებისვე ცნობით, ექიმმა ვაქცინაციიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, მეგი ბაქრაძე დაყოვნების ოთახში ნახა, რა დროსაც მას კისრის და გულმკერდის ზედაპირზე აღენიშნებოდა სიწითლე, რაც ვაქცინაციის შემდეგომ გართულებას და ანაფილაქსიად მიჩნეულ მდგომარეობას წარმოადგენდა. ანაფილაქსია შეფასებულია როგორც სწრაფად მანიფესტირებადი სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია.

,,მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ექიმმა მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა და ვალდებული იყო შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, არასაპატიო მიზეზით არ გაუწია სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება და კლინიკის ტერიტორია დატოვა.

ვინაიდან მეგი ბაქრაძეს, ექიმის მიერ დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება არ გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი თბილისში, თსსუ ,,პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში" გადაიყვანა, სადაც მეგი ბაქრაძე ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად, ანაფილაქსიური შოკით, 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა", - აცხადებს პროკურატურა.

ექიმის მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130- მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 370- მუხლის მეორე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება პირადი მოტივით) ბრალდება სამ პირს, მათ შორის ხსენებულ ექიმს აქვს წარდგენილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...