ალექსანდრე სვანიშვილი: ამ შემთხვევაში ერთ კონკრეტულ საკრებულოს აშინებენ
,,დამოუკიდებლობა პასუხიმგებლობასაც ნიშნავს. თავად იღებ გადაწყვეტილებას, მაშინ პასუხისმგებელიც შენ ხარ."
მმართველი გუნდის მიერ საქართველოს თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, სხვადსხვა პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ბოლო ერთი კვირაა ქტიურად მსჯელობენ. ყველა მათგანი თანხმდება იმ აზრზე, რომ აღნიშნული ცვლილებების პაკეტი სხვა არაფერია, თუ არა ოპონენტების იძულების მექანიზმი და მათი დაშანტაჟების მცდელობა.
საქმე ეხება კანონის ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საკრებულოსა და მერისთვის თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრების ნაცვლად, მხოლოდ საკრებულოს დათხოვნას ითვალისწინებს.
დღეს არსებული კოდექსის მიხედვით, თუ მერის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს საკრებულო ხმათა უმრაველობით არ დაამტკიცებს, მუნიციპალიტეტის მერს უფლებამოსილება უწყდება. ცვლილებების შეტანის შემდეგ კი, მოხდება პირიქით და მერს შეეძლება საკრებულო უპირობოდ დაითხოვოს.
რატომ დადგა დღის წერიგში ეს საკითხი და რამ გამოიწვია ხელისუფლების მხრიდან თვითმმართველობის კოდექსში მსგავსი ცვლილების შეტანის აუცილებლობა, ამ კითხვაზე პარლამენტის დეპუტატს, პარტია ,,საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, ბექა ლილუაშვილს კონკრეტული პასუხი აქვს.
,,ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ,,ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა რამდენიმე საკრებულოში არ ჰყავს. შესაბამისად, ეშინია, რომ ისეთ ბიუჯეტს ვერ გაიტანს, რომელიც მას იმ პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად სჭირდება, რაც ჩაფიქრებული აქვს და როგორიც არის, მისი პარტიული აქტივის დასაქმება და გაძლიერება.
მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო რუსთავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, რომლის საკრებულოს თავმჯდომარეც ჩვენი პარტიის წევრია. რუსთავის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს გარკვეული შენიშვნები ჰქონდა და მის კორექტირებას ითხოვდა, რაც მერმა საერთოდ არ გაითვალისწინა.
ეს იმას ნიშნავს, რომ საკრებულოში ხალხის მიერ არჩეულ წევრებს უარს ეუბნები, დაიცვან და გაატარონ ამ ხალხის ინტერესები.
როგორც ჩანს, კანონში ცვლილებების შეტანა, სწორედ, ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტეს.
არ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსი მაგალითი, ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული კანონპროექტის მომზადების პროცესში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია არ იქნა გათვალისწინებული."- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ბექა ლილუაშვილმა.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის აზრს იზიარებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში ალექსანდრე სვანიშვილი.
- ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებთ ხელისუფლების ჩანაფიქრს, ამ ეტაპზე თვითმმართველობის კოდექსში მსგავსი ცვლილების განხორციელება რამდენად მიზანშეწონილია?
- მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ცალმხრივი გადაწყვეტილებაა. როგორც ვიცით, კანონში აქამდე არსებული რეგლამენტის მიხედვით, ბიუჯეტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა დამტკიცდეს. თუ გარკვეული მოსაზრებით საკრებულო ბიუჯეტს არ ამტკიცებს, მერს უფლებამოსილება უწყდება. ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მოხდება პირიქით, მერს ექნება საკრებულოს დათხოვნის უფლება. არადა, ბიუჯეტის სწორად შედგენის და დაგეგმვის საკითხში მერს აშკარად მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე საკრებულოს.
გასაგებია ისიც, რომ საკრებულომ ბიუჯეტი ყოველგვარი მოტივაციის გარეშე შეიძლება დაბლოკოს და მისი მიღება გააჭიანუროს, მაგრამ საბოლოო ჯამში შეთანხმებისკენ გარკვეული ნაბიჯები მაინც უნდა გადადგან.
- შეიძლება ითქვას, რომ ეს ცვლილება მხარეებს შორის თანამშრომლობის და მუშაობის პროცესში შეთანხმებების ხელშეწყობისთვის ხორციელდება თუ ერთი მხარის მიერ მეორის იძულებისთვის?
- რა თქმა უნდა, ამ ცვლილების შემთხვევაში მერი უკვე აღარ იქნება დაინტერესებული საკრებულოსთან ითანამშრომლოს, რადგან მას უფლებამოსილება არ შეუწყდება და იმის მოტივაცია, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოსთან შეთანხმებულად იმუშავოს, აღარ ექნება, რაც თავისთავად არასწორია. ამიტომ, გარკვეულწილად, უფრო საკრებულოს დასაშანტაჟებლად გამოდის ეს ცვლილება, ვიდრე რაიმეს უკეთესობისკენ შესაცვლელად.
ინსტიტუციურად ისედაც ძალიან არასწორად არის აგებული თვითმმართველობის კოდექსი, ერთი ეს მექანიზმია, რომელიც ორივე მხარეს აბალანსებს და აიძულებს, თანამშრომლობისთვის დათმობებზე წავიდნენ. თუ ამ მექანიზმსაც მოვხსნით, მერი აღარ იქნება დაინტერესებული ბიუჯეტის საკითხზე საკრებულოსთან იმუშაოს, იმიტომ, რომ დაამტკიცებს თუ არ დაამტკიცებს, სულ ერთია. მისი პასუხიმგებლობის საკითხი არ დგება და მის უფლებამოსილებას არაფერი ეხება, პირიქით, საკრებულოს შეუჩერდება უფლებამოსილება. ამდენად, ამ ინსტიტუტის როლი კიდევ უფრო დაკნინდება.
- ეს ერთგვარად, მუნიციპალიტეტების მერების კომფორტისთვის მიღებული ცვლილება იქნება?
- კი, ბატონო, სწორედ მერების კომფორტისთვის მიღებული ცვლილება უფრო იქნება, ვიდრე მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის.
ის, რომ საკრებულოებში ოპოზიციური პარტიების დეპუატებიც არიან, ამან პრობლემა და კრიზისი კი არ უნდა გამოიწვიოს. პირიქით, ერთმანეთთან შეთანხმებების და დიალოგის მეტი მოტივაცია უნდა გააჩინოს და უკეთ უნდა ითანამშრომლონ.
- როგორც აღნიშნეთ, თვითმმართველობის შესახებ კანონში ბევრი ხარვეზია. რომელ მათგანს გამოყოფდით?
- დიახ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ხარვეზია, განსაკუთრებით ინსტიტუციურ მოწყობაში. პრაქტიკულად, მერია და საკრებულო ერთმანეთისგან გამიჯნულია, რაც არასწორია, რადგან თვითმმართველობა ერთი ინსტიტუტია და ეს ორივე უწყება ერთიანი ორგანიზმი უნდა იყოს. გასაგებია, ისინი შეიძლება სხვადასხვა პარტიას წარმოადგენდნენ, მაგრამ პარტია რა შუაშია, როცა საქმე ერთი კონკრეტული მუნიციპალიეტის პრობლემების მოგვარებას და მის განვითარებას ეხება?
თვითმმართველობა ზედმეტი პოლიტიკისგან დაცლილი უნდა იყოს და კონკრეტულ საკითხებზე მუშაობდეს. ეს იქნება სამეურნეო, კომუნალური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას ეხება. არც ერთი ეს საკითხი არ საჭიროებს პოლიტიზირებას და ამ შემთხვევაში, ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილების და დაპირისპირების გარეშე, ყველა ერთმანეთთან უნდა თანამშრომლობდეს.
- რამდენად ავტონომიურია დღეს არსებული თვითმმართველობები და ბიუჯეტი რამდენად აძლევს მათ არჩევანის თავისუფლებას, რათა თავად განსაზღვრონ, თანხა რომელი საჭიროებისკენ მიმართონ?
- თუ თავად მოინდომებენ, მათ კანონი იმის საშუალებას აძლევს, რომ დამოუკიდებლები და ავტონომიურები იყვნენ. სამწუხაროდ, არც საკრებულოები და არც მერები არ ინდომებენ ამას, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა პასუხიმგებლობასაც ნიშნავს. თავად იღებ გადაწყვეტილებას, მაშინ პასუხისმგებელიც შენ ხარ. ამიტომაც ურჩევნიათ ზემოდან მიიღონ ესა თუ ის დავალება და თუ ცუდად გამოვიდა, იტყვიან, რა ვქნა, რა ჩემი ბრალია, ზემოდან ასე დამავალეს. თავად პასუხისმგებლობის აღება არაფერზე არ უნდათ.
- ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული ცვლილების განხორციელება გადაწყვიტა, მიგვანიშნებს თუ არა იმაზე, რომ თვითმმართველობებში კრიზისის წინაშე დადგა?
- დიახ, ზუსტად კრიზისზე მიანიშნებს ხელისუფლების ეს ქმედება. ვიცით, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციას მეტი წევრი ჰყავს. მათგან ზოგ მუნიციპალიტეტში დიალოგი შედგა და ურთიერთთანამშრომლობა შეძლეს, მაგრამ არის ერთი-ორი მუნიციპალიტეტი, სადაც საკრებულო და მერი არათუ თანამშრომლობენ, ერთამენთს არც კი ელაპარაკებიან.
ასეთ გაბუტულ პოზიციაში დგომა სიკეთეს არავისთვის მოიტანს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ჯობია, ორივეს შეუწყდეს უფლებამოსილება და ორივე გამოიცვალოს, ვიდრე რომელიმე ერთს დარჩეს უპირატესობა. ასეთ დროს არც ერთი მხარე არ არის მართალი.
- თუ ხელისუფლება თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტს დაამტკიცებს, იმ თვითმმართველ ორგანოებში, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მერიასა და საკრებულოს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება თუ პირიქით, კონფლიქტი უფრო გარღმავდება?
- არა მგონია, საბოლოო ჯამში საქმე იქამდე მივიდეს, რომ საკრებულოს დათხოვნა აუცილებელი გახდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, კანონში შესატანად გამზადებული ეს ცვლილება უფრო გააღრმავებს კონფლიქტს, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან მისი მიღება არასწორი ნაბიჯი იქნება.
ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ერთ კონკრეტულ საკრებულოს აშინებენ და ეუბნებიან, აი, თუ თქვენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ბიუჯეტს არ მიიღებთ და არ დაამტკიცებთ, მაშინ წახვალთ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის მართებული მიდგომა.
თუ ასე ჯიუტად ჩაუდგებიან ერთმანეთს ჯიბრში და ვერც ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ჯობს, ორივე მხარეს შეუწყდეს უფლებამოსილება და აირჩეს ახალი, რომელთაც ურთიერთთანამშრომლობის მოტივაცია ექნებათ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვითმმართველობა არ არის პოლიტიკური ინსტიტუცია, ეს არის ორგანო, რომელმაც ქალაქისა და მუნიციპალიტეტის პრობლემების განხილვასა და მოგვარებზე უნდა იმუშაოს, ამიტომ მას არ სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ან რომელიმე პარტიის გარედან ჩარევა.
კოდექსში ცვლილების შეტანის აუცილებლობას ვერ ხედავს „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ თუ თვითმმართველობის შტოებს შორის ურთიერთშეთანხმებას ვერ აღწევენ, არა ერთი რომელიმე მხარე, არამედ ორივე უნდა დაითხოვონ.
- ბატონო დავით, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თვითმმართველობის კოდექსში ხსენებული ცვლილების შეტანა და მიგვანიშნებს თუ არა ეს ფაქტი თვითმმართველობებში არსებულ კრიზისზე?
- აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად ზღუდავს საკრებულოს მუშაობას, რაც კარგი ნამდვილად არ არის. ხოლო, ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ერთად ვერ ახერხებს ბიუჯეტის დამტკიცებას, რადგანაც საკრებულოს სრულფასოვანი ალტერნატიული ბიუჯეტის დადგენის საშუალება არა აქვს, მერია კი საკრებულოს გარეშე ვერ დაამტკიცებს ბიუჯეტს, თავისთავად ნიშნავს პოლიტიკურ კრიზისში შესვლას.
აქედან ამოსავალი წერტილი არის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინება, ის, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს. შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის დროს ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ხალხმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
- ამ შემთხვევაში როგორი უნდა იყოს ხალხის გადაწყვეტილება?
- ასეთ შემთხვევაში ორივე შტოს არჩევნები უნდა დაინიშნოს, მერისაც და საკრებულოსიც. ეს არის კონსტიტუციური პრინციპის ინტერპრეტაცია და აქ ასიმეტრიული მიდგომის შემოტანა, ერთი შტოს უფლებების შეზღუდვის ხარჯზე, მეორის უფლებების გაზრდა, კარგი პრაქტიკა ვერ იქნება.
თავისთავად, არჩეული საკრებულოს ამ სახით დათხოვნა წინააღმდეგობაშია ქარტიასთან და მართლა ვერ ვხვდები, რატომ დადგა დღეს ასეთი ცვლილებების შეტანის აუცილებლობა.
განზრახვა, საკრებულო ჩააყენონ იმ მდგომარეობაში, რომ ის იძულებული იქნეს მერის მიერ შემოტანილი ბიუჯეტი ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს, არ მიმაჩნია სწორ ნაბიჯად.
- შეიძლება, ეს საკითხი საკრებულოს ერთგვარი დასჯის მექანიზმად განვიხილოთ?
- დასჯის თუ არა, იძულების მექანიზმს მე აშკარად ვხედავ, როცა იმის შიშით, რომ საკრებული მთლიანად არ დაითხოვონ, მათ არჩევანის საშუალებას არ უტოვებენ.
ამიტომ გავიმეორებ, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ორივე მხარე შევიდა კრიზისში, ორივე მხარე უნდა იქნეს დათხოვნილი, მანდატი უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ხალხმა, როგორც ძალაუფლების წყარომ, თავიდან მიიღოს გადაწყვეტილება.
სხვა მხრივ, მე ვერ ვხედავ ამ ცვლილების საჭიროებას. ვთქვათ, იმისთვის გვინდა, რომ ეს კრიზისი ხელოვნურად შევზღუდოთ და შევქმნათ გარკვეული ჩარჩო, რომელიც მას განვითარების საშუალებას არ მისცემს. ამ რეგლამენტით უკეთესობა მაინც ვერ დგება.
ახალ არჩეულ საკრებულოშიც ისევ იგივე მდგომარეობა რომ მივიღოთ, მერე რა იქნება? გამოდის, მუდმივად საკრებულოს არჩევნები უნდა ვატაროთ მუნიციპალიტეტებში.
რაც შეეხება თვითმმართველობის კოდექსში შესატანი კანონპროეტის ავტორთა პოზიციას, მათი არგუმენტები აღნიშნულ დოკუმენტს განმარტებითი ბარათის სახით ერთვის თან, სადაც ნათქვამია, რომ ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის მერისთვის დაკისრება საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს და ის გამოსასწორებელია.
„შესაბამისად, არათანაზომიერია მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირს (მერს) უწყდებოდეს ვადამდე უფლებამოსილება, როდესაც ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის გადაწყვეტილებას სწორედ მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს და არა - მერი. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს სამართლებრივი რეგულირების დახვეწას და უფლებამოსილების სწორად გადანაწილებას.“- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.