ოკუპირებულ აფხაზეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზატორები დააკავეს
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების დიდი პარტიის რამდენიმე რეალიზატორი დააკავეს, რომელთაგან ყველა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.
კრიმინალებს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ინფორმაციას აფხაზური მედიასაშუალებები ადგილობრივი ძალოვანი უწყების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკორეალიზაციის კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონის რეალიზების ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის ქალაქ ლიპეცკის ოლქის მკვიდრი სერგეი კისილევი და მოსკოვის ოლქის ქალაქ ლუბერცში მცხოვრები როზა დუბროვინა მაშინ დააკავეს, როცა ისინი მოსკოვში რეგისტრირებული სანომრე ნიშნიანი მანქანით გუდაუთის რაიონში არსებულ პოლიციის საგუშაგოზე გააჩერეს.
კისილევს პირადი ჩხრეკისას, ცალ-ცალკე დაფასოებული 91 გრამი, ხოლო დუბროვინას - 78 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი აღმოაჩნდა, კიდევ 159 გრამი ნარკოტიკი აფხაზმა პოლიციელებმა მანქანის შიდა საბარგულის სპეციალურ სამალავში იპოვეს.
გაირკვა, რომ რეალიზატორები სოხუმის ერთ-ერთ სასტუმროში იყვნენ დაბინავებულები და გასასაღებელ ნარკოტიკულ ნივთიერებას აფხაზეთის სხვადსხვა ტერიტორიაზე ათავსებდნენ.
გულირფშის რაიონის სოფლების მიმდებარე გზებზე, რამდენიმე ადგილიდან სამართალდამცავებმა მათ მიერ დამალული 34, 5 გრამი მეტადონი უკვე ამოიღეს. ⠀
კისელევსა და დუბროვინას ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, ტრანსპორტირებასა და გავრცელების მიზნით მის შენახვაში, რაც უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების ფაქტზე ოკუპირებულ აფხაზეთში, რამდენიმე დღის წინ, დააკავეს რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე: ქალაქ სოჭის მკვიდრი ვლადიმერ პოკანდიუკი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას თან, ასევე, 91 გრამი ძლიერმოქმედი ნივთიერება მეტადონი აღმოაჩნდა.
გამოძიების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ პოკანდიუკს ქალაქ გაგრის სანაპიროსა და გუდაუთაში მდებარე ლენინის პარკის ტერიტორიაზე, სპეციალურ სამალავებში უკვე განთავსებული ჰქონდა ეგრეთწოდებულ ,,ჩეკებად“ დაფასოებული 2,5 გრამი მეტადონი. დაკავებულის თქმით, თითოეული ,,ჩეკის“ სანაცვლოდ მას 1000 რუბლი უნდა აეღო.
დადგინდა ასევე, რომ რუსეთის მოქალაქე პოკანდიუკს აფხაზეთში ჰყავდა თანამზრახველი, აზერბაიჯანის მოქალაქე როზა მამადოვა, რომელიც დროებით ცხოვრობსქ ალაქ გაგრაში.
პირადი ჩხრეკისას აფხაზმა სამართალდამცავებმა მამადოვასგან 105 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ამოიღეს.
დაკავებულმა გაგრის სანაპიროზე მდებარე პარკის ტერიტორიაზე ის ადგილებიც მიუთითა, სადაც დაფასოებული ნარკოტიკი ჰქონდა გადამალული. პოლიცილებმა მითითებულ სამალავებში რამდენიმე ,,ჩეკი“ მეტადონი აღმოაჩინეს, რომელთა საერთო რაოდენობამ 1,7 გრამი შეადგინა.
ამდენად, ამ ორი ნარკორეალიზატორიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონის მთლიანი ოდენობა 200 გრამს აღემატება.
შესაბამისად ორივე დამნაშავე პირს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მძიმე ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, გადატანასა და გასაღებაზე წაეყენა.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათ მიერ დაკავებული ოთხივე პიროვნების ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკების უკანონო გავრცელებასთან, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება.
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.