Jump to content
Planeta.Ge

ხმაურის გამო ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 4500 შეტყობინება, აქედან გამოიწერა მხოლოდ 234 საჯარიმო ქვითარი


,, კანონები ისეა რეგულირებული, რომ ყველაფერი კეთილსინდისიერი მოქალაქის წინააღმდეგ ეწყობა და ყველა შენი მჩაგვრელი გამოდის. სახელმწიფო კი არ თუ ვერ გიცავს."  

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, სოლოლაკში მდებარეობს. ამ ქუჩაზე განლაგებულ ისტორიულ სახლებში ძირითადად თბილისის ძირძველი მოსახლეობა ბინადრობს, რომელთაც უძრავი ქონება წინაპრებისგან ერგოთ; თავადაც იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, ამიტომ იქაურობა მათთვის ორმაგად ძვირფასია. თუმცა, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ამ ქუჩის მობინადრეთათვის ცხოვრება გაუსაძლისი გახდა და ყოველი დღის დაღამებას კოშმარივით ელიან.

ამის მიზეზი, თითქმის, ყველა სახლის პირველ სართულზე გახსნილი რესტორანი და ღამის კლუბია, რომელთაც ღამ-ღამობით როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოქალაქეები სტუმრობენ და ხშირად, გამთენიამდე რჩებიან.

გამთენიამდე გრძელდება გალაკტიონის ქუჩის მცხოვრებთა ჯოჯოხეთიც, რასაც ამ ობიექტებიდან გამოსული ხმაური და ხმამაღალი მუსიკა ან ხმის გამაძლიერებლის ბასები იწვევს.

პარლამენტის მიერ აკუსტიკური ხმაურის შესახებ კანონის მიღების საქმეში (რომელიც დროში საკმაოდ გაიწელა, თუმცა ბოლოს მაინც დამტკიცდა) ამ ქუჩის ბინადართა დიდი წვლილიც დევს. თბილისის ძველ ისტორიულ უბნებში მსგავსი პრობლემით გატანჯულ სხვა მოქალაქეებთან ერთად ისინი რამდენიმე წელი იბრძოდნენ კანონის მისაღებად, რომელიც პარლამენტმა საბოლოოდ 2017 წლის აგვისტოში დაამტკიცა.

ხსენებული კანონის აღსრულება ამოქმედებისთანავე, თავდაპირველად საპატრულო პოლიციას დაეკისრა, ხოლო 2018 წლიდან თბილისის მერიის ზედამხედველობის ინსპექციის პრეროგატივაში გადავიდა. თუმცა, ვერც პირველი და ვერც მეორე უწყების ჩარევამ პრობლემა ნაწილობრივაც ვერ აღმოფხვრა. 

ამიტომ, ვისაც ღამის კლუბებიდან და ბარ-რესტორნებიდან ამომავალი ხმაური აწუხებდა, მათთვის ამ კანონის მიღების შემდეგაც დიდად არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ როგორც თავად ამბობენ, ამდენი ჩივილისა და შესაბამისი სამსახურის მრავალჯერ გამოძახების გამო, რესტორნებისა და კლუბების მეპატრონეების ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურეს.

რა პროცედურების გავლა უწევს მოქალაქეს, რომელიც შემაწუხებელი აკუსტიკური ხმაურის გამო, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცხელ ხაზზე რეკავს; როგორ იზომება ხმაურის დონე; რა რეაგირება ან შედეგი მოჰყვება მის ჩივილს და რატომ დაანებეს თავი ამ სამსახურის გამოძახებას ან რატომ ჩაიქნიეს ხელი დარღვევასთან ბრძოლაზე, ამის შესახებ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის ბინადარი, მანანა იაშვილი მოგვითხრობს. 

- მიუხედავად იმისა, რომ 11 საათიდან შეგვიძლია შესაბამისი სამსახურის გამოძახება, რაც არ უნდა იხმაურონ, 12 საათამდე მაინც ვითმენთ და ვაცდით, იმედი გვაქვს, იქნებ გაგვიწიონ ანგარიში და ხმას დაუწიონ, მაგრამ ამაოდ. ლოდინის მერე ვრეკავთ მერიის ცხელ ხაზზე და ვატყობინებთ ჩვენს სატკივარს, იქიდან ინფორმაციას გადასცემენ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს, რომლებიც მალევე მოდიან. ოღონდ ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, სადარბაზოში უჩუმრად შემოპარულან და უთქვამთ, არიქა, თქვენი ჭირიმე, იმ კლუბების მეპატრონეებმა არ დაგვინახონო. რატომ ერიდებიან და რატომ უფრთხიან მათ, ვერ გეტყვით...

ქრონიკული უძილობით გაწამებულებს, შუაღამისას ეს უცხო ადამიანები შემოგყავს სახლში, რათა ხმაურის დონე გაზომონ ბინაში. საქმე ის არის, რომ ხმაურის დეციბალების გასაზომად გარეთ სრული სიჩუმე უნდა იყოს და მხოლოდ იმ ობიექტიდან შემოსული ხმა ისმოდეს, რომელიც გვაწუხებს. ღამით კი ჩვენს ქუჩაზე მუდმივად არის ღრიანცელი, კივილი, წივილი, ჩხუბი, შესაბამისად აპარატი უშუალოდ ღამის კლუბიდან ამომავალ ხმაურს ვერ აფიქსირებს.

ვერ ვხვდები, რა საჭირო ჩემთან შემოსვლა და შიგნით ხმის გაზომვა, როცა ადგილზე ისედაც ყველაფერი ნათელია და იქვე შეიძლება განისაზღვროს, რამდენად დაშვებულია საცხოვრებელ უბანში ღამის საათებში ამ ზომაზე ხმაური?

განცდა მაქვს, რომ იძულებულს გვხდიან, არსადაც არ დავრეკოთ, რადგან არაფერს აზრი არა აქვს...

ისედაც მთელი ღამეები ხომ ვერ ვიძინებ და ყოველ მეორე ღამეს რად მინდა, ჩემს ოთახში უცხო ადამიანები შემოდიოდნენ და მიზომავდნენ, ხმაურის რა დონეა ჩემთან, როცა ჩემს ქვემოთ რესტორნები გუგუნებს და ეს ყველას კარგად ესმის?

- ზედამხედველობის სამსახურის მოსვლის შემდეგ რა ხდება, რამდენ ხანს ჩერდებიან, თუ ხერხდება დეციბალების გაზომვა და რა ზომებს იღებენ?

- რომ მოვლენ, 15 წუთის განმავლობაში უნდა მოახერხონ ხმაურის დონის გაზომვა, მეტხანს გაჩერების უფლება არ აქვთ და რომც ჰქონდეთ, რამდენ ხანს უნდა მესხდნენ სახლში? თუ იმ 15 წუთში დასაშვებ დეციბალებზე ზედმეტი ხმა ვერ დაფიქსირდა, ვერაფერსაც ვერ შვრებიან, დაიხურავენ ქუდს და მიდიან; თუ დაფიქსირდა, გვეუბნებიან, ჩავალთ და დავაჯარიმებთო, მაგრამ ჩვენ მერე არავინ გვატყობინებს, მართლა დააჯარიმეს ისინი თუ არა.

იმდენჯერ გამეორდა ეს ერთი და იგივე, რომ უკვე უბრალოდ აღარ ვრეკავთ. როდემდე უნდა დავრეკო ან რამდენჯერ უნდა დავრეკო, როცა შედეგი მაინც არ ჩანს?
აბსოლუტურად უცვლელი მდგომარეობა გვაქვს, ყოველი ღამე ერთნაირად გაუსაძლისია.
მხოლოდ პანდემიის დროს, მაშინ, როცა კარანტინი დააწესეს, გვეღირსა მოსვენება და ცხოვრების ნორმალური რეჟიმი. მას მერე ისევ თავდაპირველ მდგომარეობას დავბურუნდით.

ალბათ, კლუბების და რესტორნების მეპატრონეებს არ უჭირთ იმ ჯარიმების გადახდა, რასაც აკისრებენ, რადგან ეს მათთვის დიდი თანხა არ არის, მაგრამ მერე შენზე, მოქალაქეზე ბრაზდებიან, რადგან შენ დააჯარიმებინე. ამიტომ შეუძლიათ ქუჩის ძაღლები მოგიქსიონ, ან ვინმე ლოთი და ავარდნილი ტიპი დაგეშონ შენზე, სხვადასხვა გზით სცადონ შენი დაშინება. მათ ყველგან გარკვეული გავლენები აქვთ და თანამედროვე მაფიოზებად არიან ქცეულები.   

ახალგაზრდები მყავს, მოზარდი ბიჭები მყავს ოჯახში და უკვე მეშინია, რამე პროვოკაცია არ მოუწყონ, შარში არ გაჰხვიონ. თავიდან მართლა ვერ ვხვდებოდი ამდენს და ჯიუტად ვუპირისპირდებოდი, მერე მეც დავუფიქრდი და სხვებმაც მითხრეს, რომ ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთის ჯობდა შევშვებოდი და თავი დამენებებინა.

- თქვენ ამბობთ, რომ კლუბებისა და რესტორნების მფლობელები როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად ძალადობენ და შეურაცხყოფას აყენებენ იმ ადამიანებს, ვინც ბედავს და მათ უჩივის?

- პირდაპირ თავად არ მოდიან და არ გეხებიან, მაგრამ შეუძლიათ სხვა მოგიქსიონ, რომელიც სულ სხვა რამეზე აგიშარდება და პრობლემას შეგიქმნის; შეუძლიათ ყველაფერი გაკადრონ; შეუძლიათ გაგრძნობინონ, რომ მათ თვალში არაფერს წარმოადგენ, არავინ ხარ და უფლება აქვთ გაგთელონ ან ათასი ჭორი გაგივრცელონ, რამაც შეიძლება რეპუტაცია შეგილახოს. ამიტომ ყველა დაშინებულია და უკვე მეც მომერია ეს შიში.

საკუთარ ქვეყანაში სრული უმწეობის და დაუცველობის განცდა მაქვს.

- ვიცი, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვადასხვა ინსტანციაში დიდი ხანია იბრძვით. დღეს მოქმედი კანონიც თქვენი და თქვენისთანა ადამიანების ძალისხმევით მიიღეს, თუმცა როგორც ვხედავთ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სხვა ქვეყნებში როგორ ახერხებენ მსგავსი საკითხის მოგვარებას, ხომ არ გაქვთ კონკრეტული მაგალითი?

- მოძიებული მაქვს და ლამის ყველა ქვეყნის კანონმდებლობა მივიტანე პარლამენტში, თუ სად როგორ უმკლავდებიან ხმაურს. მარტო საფრანგეთის მაგალითზე რომ ვილაპარაკოთ, ღამის 11 საათიდან ქუჩაში ცხენზე ამხედრებული ჟანდარმები იწყებენ მოძრაობას და აკონტროლებენ ღია რესტორნების და ტერასების საქმიანობას, რომ გარეთ ვინმე არ იჯდეს  და არ ხმაურობდეს. თუ დაინახავენ, რომ ღია სახის კაფე-რესტორანი გვიან ღამე აგრძელებს მუშაობას ან მის ტერასაზე სტუმარი ზის, ხმაური არ არის აუცილებელი, პირდაპირ აჯარიმებენ და თან ეს ჯარიმის ოდენობა იმდენად მაღალია, რომ მეორედ არავინ გაბედავს. რაც შეეხება ხმაურს და ხმამაღალ მუსიკას, ყველა რესტორანს თუ კლუბს დაყენებული აქვს ხმის მარეგულირებელი, რომლის ზევითაც, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ხმას ვერ აუწევენ. ესეც კანონით არის გათვალისწინებული. თუ მაინც ვინმეს შეაწუხებს ხმაური და დარეკავს ჟანდარმერიაში, ჟანდარმები მიდიან ადგილზე და ამოწმებენ ობიექტს. მათ მოქალაქესთან არაფერი ესაქმებათ, არც სახლში შედიან. მიდიან ობიექტზე, რომელზეც პრეტენზია გამოითქვა, იქვე ნახულობენ, რომ ირღვევა რეგულაციის წესი, აჯარიმებენ კერძო პირს თუ რესტორნის მეპატრონეს და ავალდებულებენ, დაემორჩილოს კანონს. მორჩა, ასე ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, ასე აქვთ კანონში გაწერილი და ზედმეტად არავის აწუხებენ. ასე იცავენ ფრანგები საკუთარი მოქალაქეების უფლებებს. ჩვენთან ყველას უფლებებს იცავენ, საკუთარი მოქალაქეების გარდა.

- ბოლო რამდენიმე წელია, რაც ხმაურის კონტროლი საპატრულო პოლიციიდან მერიის ზედამხედველობის სამსახურს გადაეცა. ამ გადაწყვეტილებით რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალა თუ პირიქით, გაუარესდა?

-  დიდად არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ეგაა, რომ ადრე პატრულის მეტი რიდი და შიში ჰქონდათ. საპატრულო ეკიპაჟი ისე, უბრალოდ, მაინც რომ გამოვლიდა ქუჩაზე, გარკვეულ სიფრთხილეს იჩენდნენ; ამოივლიდა ორი პოლიციელი და ყველანი მიჩუმდებოდნენ. ახლა პატრული აღარც შემოდის ქუჩაზე, არ ვიცი, ასეთი დავალება აქვთ თუ თავად არ ანაღვლებთ არაფერი, პირდაპირ თავისუფლების მოედანზე დადგებიან და სხედან მანქანაში. არც კი გადმოვლენ, რომ იქვე, მათგან 50 ნაბიჯში ნახონ, რა ხდება. ამიტომაც არის, რომ პოლიციის ავტორიტეტი ყოველდღე ფეხქვეშ ითელება, ვის როგორც უნდა ისე იწევს მათზე და ძალადობს.

არც ისე დიდი ხნის წინ, ერთი პოლიციელი ღამით სწორედ, ჩვენს ქუჩაზე, ამ რესტორნების და კლუბების სტუმრებმა დაჭრეს.

რესტორნიდან ამოსულ ხმაურს თავი დავანებოთ, ეგ ზედამხედველობის სამსახური ამ პრობლემასთან ვერაფერს აწყობს, მაგრამ გარეთ როცა ჩხუბი და დავიდარაბა ატყდება, პატრულს რომ ვიძახებთ, თუ ვინმეს არ კლავენ და უკიდურესი საშიშროება არ არსებობს, არც მოდიან.

ასეთი შემთხვევაც გვქონდა. კარებგაღებულ მანქანაში ვიღაცა ღამის 2 საათზე ბოლო ხმაზე უსმენდა მუსიკას; არ დაემორჩილა არანაირ თხოვნას თუ მოთხოვნას, რომ ხმისთვის ჩაეწია ან საერთოდ გამოერთო და სხვა რომ ვერაფერი გავაწყვეთ, ზემოდან წყალი გადავასხით.

ისეთი ამბავი აგვიტეხეს, აქეთ გვეჩხუბნენ და გვაგინეს იმდენად, რომ სხვა გამოსავალი არ იყო და პატრული გამოვიძახეთ. თუმცა, საპატრულო ეკიპაჟის მოსვლამდე ისინი გაიძურწნენ, ამათ კი ჩვენ გაგვამტყუნეს, რადგან წყლის გადასხმა წესის დარღვევაა, თურმე.

სამწუხაროდ, კანონები ისეა რეგულირებული, რომ ყველაფერი კეთილსინდისიერი მოქალაქის წინააღმდეგ ეწყობა და ყველა შენი მჩაგვრელი გამოდის. სახელმწიფო კი არ თუ ვერ გიცავს.  

ევროპას რომ ედრები, ჯერ ნახე იქ კანონები როგორ არის მოქალაქეებზე მორგებული, მერე ნახე მისი აღსრულების რა მექანიზმები არსებობს და როგორ სრულდება. რომ მიიღებენ ამ კანონებს და დადებენ უმოქმედოდ, რა ხეირი უნდა გამოვიდეს აქედან?

კანონი მარტო სათქმელად და საჩვენებლად უნდათ, მათი აღსრულების მექანიზმები ან სულაც არ არსებობს, ან არის მახინჯი.

- რაში ხედავთ გამოსავალს, რა შეიძლება გაკეთდეს ამ ვითარების გამოსასწორებლად?

- ჩვენ რომ წესიერი საზოგადოება ან ოპოზიცია გვყავდეს, სწორედ ამგვარ საკითხებზე უნდა ვმართავდეთ აქციებს და ხელისუფლებას სათანადო კანონების მიღებას ან აღსრულებას ვაიძულებდეთ, ამის ნაცვლად კი ხედავთ, რაც ხდება.

ჩვენ, უბრალო მოქალაქეებმა რომც ვცადოთ, გავიდეთ გარეთ, შემოვიკრიბოთ ხალხი და ამ პრობლემის რეალურად მოგვარებისკენ მოვუწოდოთ მთავრობას, გვერდით უმალ მედროვე პოლიტიკოსები ამოგვიდგებიან და შეეცდებიან, ჩვენი თავშეყრა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, ამიტომ ასეთ აქტივობაზეც, დიდი ხანია, ხელი ჩავიქნიეთ.
აქედან გადასვლასა და საცხოვრებლის შეცვლაზე რამდენი ხანია ვფიქრობთ და ბინის გაყიდვაც ვცადეთ, მაგრამ ჩვენი ქუჩის პრობლემა საქვეყნოდ არის ცნობილი, ამიტომ რომელი ჭკუათმყოფელი იყიდიდა და ვართ ასე, ამ არანორმალურ გარემოში გამომწყვდეულები.

ჩვენ ხომ დაგვაავადეს და გადაგვიყვანეს ჭკუიდან, მაგრამ მეორე უბედურება ისაა, რასაც აქაური მაცხოვრებლები მუდმივად ვუყურებთ. არ ვიცი ამ კლუბებსა და ბარებში რას სვამენ და ყლაპავენ ახალგაზრდები, მაგრამ იქიდან გამოსულები ცუდად ხდებიან და ეზოში ვარდებიან. რამდენჯერ გადაგვიხედავს და გვინახავს, უგონო მდგომარეობაში უპატრონოდ როგორ წვანან ეზოში, მიწაზე, ჩავსულვართ და სასწრაფოს ბრიგადის მოსვლამდე ჩვენ მოგვისულიერებია.

მანანა იაშვილთან საუბრის შემდეგ Planeta.ge თბილისის მერიის პრეს-სამსახურს დაუკავშირდა და ბოლო წლების განმავლობაში აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებული დარღვევებისა და რეაგირების შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა.

მიღებული პასუხის შედეგად ირკვევა, რომ აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებით მუნიციპალურ ინსპექციაში 2020 წელს ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 3200 შეტყობინება, შედგა 233 საჯარიმო ქვითარი. აქედან დაჯარიმდა 24 ფიზიკური პირი (საჯარიმო თანხის ოდენობა - 1800 ლარი) და 209 - იურიდიული პირი (საჯარიმო თანხის ოდენობა - 134 000 ლარი).

2021 წელს ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 2216 შეტყობინება, შედგა 148 საჯარიმო ქვითარი. აქედან დაჯარიმდა 19 ფიზიკური პირი (საჯარიმო თანხის ოდენობა - 300 ლარი) და 129 იურიდიული პირი (საჯარიმო თანხის ოდენობა - 46 000 ლარი).

2022 წელს ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 4500 შეტყობინება, შედგა 234 საჯარიმო ქვითარი. აქედან დაჯარიმდა 48 ფიზიკური პირი (საჯარიმო თანხის ოდენობა - 3300 ლარი) და 186 იურიდიული პირი (საჯარიმო თანხის ოდენობა - 70 500 ლარი).

ამ მონაცემებში ნათლად ჩანს, რამხელა სხვაობაა ცხელ ხაზზე შესული გამოძახებების და გამოწერილი საჯარიმო ქვითრების ანუ დაჯარიმებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების რაოდენობას შორის. შესაბამისად, მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რამდენად ხელეწიფება აკუსტიკური ხმაურის და ზოგადად სხვადასხვა ხმაურის შესახებ დღეს მოქმედ კანონს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა.

იმისათვის, რომ დაგვეზუსტებინა, რატომ არის ასეთი სხვაობა ცხელ ხაზზე შესულ ზარებსა და საჯარიმო ქვითრებს შორის, მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს ნინი ქავთარაძეს დავუკავშირდით.

- ნინი ქავთარაძე: ჩვენი სამსახური ყოველთვის დროულად გადის გამოძახებაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თავად გამომძახებელი პირი უარს განაცხადებს, რომ ხმაურის დონე მისი სახლიდან გაიზომოს, რაც საკმაოდ ხშირად ხდება, ვერც ხმის განსაზღვრას ვახერხებთ და ვერც სათანადო რეაგირებას.

ასეთ დროს კანონის დამრღვევი იურიდიული თუ ფიზიკური პირის მიმართ მხოლოდ ზეპირი გაფრთხილების გაცემა შეგვიძლია. იმისათვის, რომ ის კანონის შესაბამისად დაჯარიმდეს, აუცილებელია ხმაური გაიზომოს იმ სახლიდან, საიდანაც საჩივარი შემოვიდა.

იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქე ზედამხედველობის ინსპექციის თანამშრომლებს ბინაში შესვლის და ხმაურის დონის განსაზღვრის ნებას მისცემს და აღმოჩნდება, რომ დეციბალები დაშვებულ ზღვარს აღემატება, ფიზიკური პირი 150, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარის ოდენობით ჯარიმდება. განმეორებით შემთხვევებზე ჯარიმის ოდენობაც ორმაგდება.

- რატომ არის აუცილებელი, მაინც და მაინც სახლის შიგნით გაიზომოს ხმაური, როცა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი აშკარაა?

- სახლიდან გაზომვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ სხვადასხვა ზონას ხმაურის დაშვების სხვადასხვა დონე აქვს. აკუსტიკური ხმაურის ყველაზე მეტი შეზღუდვა საცხოვრებელ ზონაზე მოდის, ამიტომ უნდა გაიზომოს ხმა საცხოვრებლის შიგნით. კანონში ასეა გაწერილი და ჩვენც მის შესაბამისად ვმოქმედებთ.

- ხმაურისგან შეწუხებული მოქალაქეები, რომელთაც საცხოვრებლის ქვედა სართულებზე განთავსებული ღამის კლუბებიდან ხმაური სისტემატურად აწუხებთ და ზედამხედველობის სამსახურის გამოძახებითაც, უკვე, დაიღალნენ, მიიჩნევენ, რომ თქვენი თანამშრომლები კლუბის მფლობელებთან შესაძლოა, გარიგებაში იყვნენ შესულნი, რადგან მათ რეაგირებას შედეგი არასდროს მოჰყოლია.

-  მსგავსი რამ შეუძლებელია. უბრალოდ, თუ ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც მათ უნდათ, ზოგიერთ უკმაყოფილო მოქალაქეს სჩვევია სხვა დაადანაშაულოს რამეში.

საქმე ის არის, რომ მიუხედავად დაჯარიმებისა, ცალკეულმა დაწესებულებებმა თუ პირებმა, ადვილად შეიძლება, განმეორებით კიდევ დაარღვიონ კანონი და განმეორებითაც გადაიხადონ ჯარიმა.

- თუ არის აღრიცხული, განმეორებით რამდენი დარღვევა დაფიქსირდა და რამდენჯერ დაჯარიმდა ესა თუ ის ორგანიზაცია ან პიროვნება?   

- ასეთი სახის სტატისტიკა არ გვიწარმოებია და ვერაფერს გეტყვით.

- რაც შეეხება ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენებას და მისგან გამოწვეულ ხმაურს, ამაზე რეაგირების რა მექანიზმები არსებობს და რამდენად ქმედითია?

- პიროტექნიკის შემთხვევაშიც აუცილებელია კონკრეტული ფაქტის დაფიქსირება და დამრღვევის იდენტიფიცირება, სხვანაირად ვერაფერს გავხდებით. ეს ისეთი საკითხია, რომ  ჯგუფი გამოძახებაზე რაც არ უნდა სწრაფად მივიდეს, ფაქტზე ვინმეს გამოჭერა მაინც შეუძლებელია.

ვთქვათ, ვიღაცამ განაცხადა: აი, იმ სახლიდან, მგონი მეხუთე სართულიდან ისროდნენ, ამის საფუძველზე ვერავის დავაჯარიმებთ. თუ კანონდამრღვევის იდენტიფიცირება და ფაქტის დამტკიცება ხერხდება, ამას ჩვენი მხრიდან აუცილებლად მოჰყვება სათანადო რეაგირება. სხვა შემთხვევაში არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
კანონში, რა თქმა უნდა, არის ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც საჭიროა, მაგრამ პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე უფრო ქმედითი მექანიზმის და საშუალების გამონახვა ცოტა რთულია. ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს, თუ ყველა კორპუსთან, ყველა ფანჯარასთან კამერა დამონტაჟდება ან ფოიერვერკების გამოყენება საერთოდ აიკრძალება.

- აქვე, პატრონიანი ძაღლების მიერ გარემოს დაბინძურების შესახებაც უნდა გკითხოთ. ვიცით, რომ კანონის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში, პარკებსა თუ სკვერებში თავიანთი ძაღლების ექსკრემენტებს დატოვებენ, უნდა დაჯარიმდნენ, მაგრამ იმავე კანონის ფარგლებში რამდენად შესაძლებელია ამ ზომის გატარება?

- ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ფაქტის დამტკიცება და დამრღვევის იდენტიფიცირება.

მოგეხსენებათ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გამოძახების გარეშეც, მანქანით თუ ფეხით მუდმივად დადიან ქუჩებში და ინსპექტირებას ატარებენ. შესაბამისად, თუ ისინი ნახავენ მსგავს ფაქტს, ადგილზევე აჯარიმებენ დამრღვევს, მაგრამ ბუნებრივია, რამდენიც არ უნდა იარონ, ყველა ფაქტს ვერ დააფიქსირებენ.

მოქალაქის გამოძახებაზე კი რეაგირება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტის ფოტო ან ვიდეომტკიცებულება არსებობს და დამრღვევის იდენტიფიცირება ხერხდება, სხვა შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლების გამოძახებას აზრი არა აქვს.

 

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...