დევნა თავისუფალი აზრის და გვარის გამო
,,დღემდე მკვდარი სულებით ჰყავთ სამსახურები სავსე და განყოფილებებში ისეთი ადამიანები ერიცხებათ, რომლებსაც სახეზეც არ იცნობენ"
2012 წელს, მაშინ, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და მმართველობა ,,ქართული ოცნების“ ხელში გადავიდა, ვინმეს რომ ეთქვა, გაივლის რამდენიმე წელი და მმართველი გუნდი სამსახურებიდან თანამშრომლებს საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმის ან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გაჟღერების გამო დაითხოვსო, ძალიან ბევრ ადამიანს ამის დაჯერება გაუჭირდებოდა. რაღა მაშინ, ბევრს დღესაც არ სჯერა, რომ ჩვენს გარშემო ასეთი ფაქტები ხშირად ხდება და დღითიდღე უფრო და უფრო მატულობს.
მათ, ვინც სიმართლეს თვალს არიდებს და ჰგონიათ, რომ ხელისუფლებას ხმებს ოპოზიციურად განწყობილი პირები უვრცელებენ და ასეთი ინფორმაციები გამოგონილია, სამსახურიდან უსამართლოდ დათხოვნილი ადამიანის რეალურ ამბავს მოვუყვებით.
ელენე გახარია რუსთავის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი სამსახურის დირექტორის მრჩევლის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. ახლახან მას ამ პოსტის გაუქმების და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობეს, თუმცა რა მიზეზით და ოფიციალურად რა საფუძველი დაედო ამ ფაქტს, ვერავინ აუხსნა.
ელენეს მიმართ განწყობები მას შემდეგ შეიცვალა, რაც მისი გვარის ფაქტორმა იჩინა თავი და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ მხარდაჭერის სურვილი მასაც არ დაუფარავს. თუმცა არც მის პარტიაში გაწევრიანებულა და არც რამე აქტივობაში ჩაბმულა. როგორც თავად ამბობს, ხსენებულ სამსახურში კიდევ დიდხანს აიტანეს.
ელენე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მისი შემთხვევა გამონაკლისი არ არის და სწორედ საკუთარი და სამსახურიდან გაშვებული სხვა თანამშრომლების ინტერესისთვის და უფლებებისთვის აპირებს ბრძოლას.
- როდის და რა თანამდებობის დატოვებამ მოგიწიათ?
- მიმდინარე თვის ბოლომდე ვრჩები რუსთავის მერიის ერთ-ერთ აიპი-ში, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორის მრჩევლის პოსტზე. თვის ბოლოდან კი სამსახური უნდა დავტოვო.
ზოგადად, ამ ცენტრში 4 წელია ვმუშაობ. თავიდან ლოჯისტიკის განყოფილების უფროსის პოსტი მეკავა, საიდანაც მრჩევლის პოზიციაზე იმ მოტივით გადამიყვანეს, რომ თითქოს, ეს თანამდებობა ქალისთვის შეუსაბამო იყო. არადა, განყოფილება თავიდან ბოლომდე მე ავაწყვე. როცა მივედი, მთლიანად პარტ.აქტივით და მკვდარი სულებით იყო დაკომპლექტებული და საერთოდ არ მუშაობდა. არ არსებობდა საწყობი, მიღება-ჩაბარების ფორმები, არ არსებობდა არანაირი წერილები და საბუთები. ყველაფერი ისე გავმართე, რომ განყოფილება ნორმალურად ამუშავდა, მაგრამ 2021 წლიდან ვიღაცეებს ჩემი გვარი თვალში უშნოდ მოხვდათ. ამის მერე იყო მინიშნებები და გაფრთხილებაც, რომ საკუთარი, მათგან განსხვავებული აზრის ხმამაღლა გამოთქმას მოვრიდებოდი და განსაკუთრებით, მიმდინარე მოვლენების პოლიტიკური შეფასებები არსად გამეკეთებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ სამსახურში ვერ დავრჩებოდი.
- ვისგან მოდიოდა ეს გაფრთხილებები?
- გაფრთხილება მოდიოდა ალექსანდრე დალაქიშვილისგან, რომელიც საარჩევნო სიით მმართველი გუნდის დეპუტატია და განაგებს და აკონტროლებს რუსთავს; არის ადგილობრივი ფეოდალი, ,,ჯორჯიან მანგანეზისა“ და ,,რუსთავ-აზოტის“ ინტერესებისა და წილების მფლობელი.
მან პირდაპირ მითხრა: ხომ იცი, რუსთავს მე ვუყურებ და არ გამოვა, რომ ვიღაცამ აქ პრობლემები შექმნას და კრიტიკული აზრები გამოთქვასო.
- საკუთარი აზრი არაფერზე გამოხატოო?
- რა საკუთარი აზრი, გამაფრთხილა, რომ თუ ,,ჭკვიანად“ არ ვიქნებოდი, თანამდებობაზე არ დამტოვებდნენ. ან რატომ უნდა დაეტოვებინათ ის, ვინც მათთვის დროშას არ აფრიალებდა, როცა ვინც დროშა უფრიალა და არჩევნების მოგებაში დაეხმარა, თუნდაც შავი გაგების ხალხი, დასაკმაყოფილებელი და დასასაქმებელი ჰყავდათ?
- ლოჯისტიკის განყოფილების უფროსის პოსტიდან ცენტრის დირექტორის მრჩევლად გადასვლას ამის შემდეგ დათანხმდით?
- დიახ, რადგან მივხვდი, იმ პოსტზე ბევრ პრობლემას შემიქმნიდნენ, მრჩევლის თანამდებობას დავთანხმდი, მაგრამ როგორც წესი, სხვადსხვა სამსახურში მრჩევლის სტატუსი ნიშნავს, იყო პენსიაზე. ამიტომ ჩემს დირექტორს ვუთხარი, რომ ამ მდგომარეობაში, უფუნქციოდ იქ მე ვერ დავრჩებოდი. დირექტორი კარგად მიცნობდა, იცოდა ჩემი დამოკიდებულება ბევრი რამის მიმართ, ასევე, ჩემი შესაძლებლობები და ამიტომ მთხოვა, დავრჩენილიყავი და კვლევების მიმართულება მემუშავა.
ამ სფეროში საკმაო გამოცდილება მაქვს, ვარ ხანგრძლივი სტაჟის მქონე მკვლევარი. დავამზადე კიდეც ახალგაზრდული საჭიროებების კვლევისთვის საჭირო დიზაინი და მეთოდოლოგია, თუმცა არავინ განავრცო და განახორციელა. მაშინ, როცა ბიუჯეტი სწორედ ასეთ კვლევებს უნდა ეყრდნობოდეს, არც კი უფიქრიათ, ამ კუთხით ჩემი შესაძლებლობები და რესურსი რამეში გამოეყენებინათ.
თავად ჩავერთე, ასევე, საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო ჯგუფში, რომელთან ერთადაც ბევრი კარგი საქმე გავაკეთე, შევქმენით სამოქმედო გეგმა და დავსახეთ გარკვეული აქტივობები.
ამ საბჭოში ჩემმა საქმიანობამ ადგილობრივ ხელისუფლებაში დიდი უკმაყოფილება გამოწივია და საბჭოს თავმჯდომარესთან სამი წერილი გაიგზავნა ახსნა-განმარტების მოთხოვნით, თუ რატომ ვარ მე საბჭოს წევრი. ჩემს მიმართ ჰქონდათ ის პრეტენზია, რომ 8 საათიანი სამუშაო დრო სხვაგან ყოფნაში ,,არ გამეცდინა,“ ამიტომ საათობრივად უნდა გამეწერა განრიგი და წარმედგინა მათთვის, თუ როდის ვიქნებოდი საბჭოში და როდის - ჩემს სამსახურში. ეს იმ ფონზე, როცა დღემდე მკვდარი სულებით ჰყავთ სამსახურები სავსე და განყოფილებებში ისეთი ადამიანები ერიცხებათ, რომლებსაც სახეზეც არ იცნობენ.
მაგალითად, ლოჯისტიკის განყოფილებაში მე მყავდა ისეთი თანამშრომელი, რომელსაც ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად თვეობით დავსდევდი და ძლივს გამოვიჭირე.
ასეთი ხალხი იქ სულ არის, იმიტომ, რომ ზოგი სუსი-ს მაღალჩინოსნის ნათესავია, ზოგი - ვიღაცის პირადი პროტეჟე, ან მეგობარი, ან რაღაცით არიან ვალდებულნი მის წინაშე, ან იციან, რომ მომავალში დასჭირდებათ და ასე შემდეგ.
- სამსახურიდან დათხოვნის შესახებ როდის შეგატყობინეს და რა მოტივი დაგისახელეს?
- წინასწარ არაფერი ვიცოდი. ახლახან მივიღე წერილი, სადაც წერია, რომ ჩემი შტატი უქმდება და შესაბამისად, სამსახურის გარეშე ვრჩები.
აქვე აღვნიშნავ იმ ფაქტსაც, რომ შარშან ჩვენი ცენტრის საუკეთესო თანამშრომლად მაღიარეს და დამაჯილდოვეს, წელს კი შტატს მიუქმებენ.
თუ რატომ, რა მიზეზით ხდება ეს, წერილში არაფერია ნათქვამი.
ცალკე მერისგან და ცალკე ჩემი დირექტორისგან გამოვითხოვე საშტატო ნუსხა და შინაგანაწესი, რათა გავარკვიო, რის საფუძველზე დადგა შტატის გაუქმების აუცილებლობა. გამოთხოვილი მასალა დირექტორისგან ჯერ არ მიმიღია, მერიისგან კი მომივიდა პასუხი, რომ ამ ყველაფერზე პასუხიმგებელია უშუალოდ აიპი-ს დირექტორი, რადგან ახალი საშტატო ნუსხა სწორედ მან წარადგინა.
არადა, საინტერესოა, თუ მართლა ასე იყო, მერმა დასაბუთების გარეშე წარდგენილი საშტატო ნუსხა როგორ დაამტკიცა?
- ანუ პროცედურული შეუსაბამობა გამოდის?
- დიახ, ბევრი შეუსაბამობაა და ჩემს შემთხვევაში, ეს არის პირდაპირი დევნა თავისუფალი აზრის, დამოუკიდებელი ქმედებების და გვარის გამო.
- გვართან დაკავშირებით გკითხავთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას უბრალო მოგვარე ხართ თუ მის პარტიასთანაც გაქვთ კავშირი?
- პარტიასთან არავითარი შეხება არ მაქვს, უბრალოდ მოგვარე ვარ და მას და მის პარტიას ღიად ვუჭერ მხარს. თუმცა, არავითარ საჯარო გამოსვლებსა თუ თავშეყრებს არ დავსწრებივარ და არც რამე განცხადება გამიკეთებია ოდესმე.
- როდის უნდა დატოვოთ პოსტი?
- როგორც თავიდანვე გითხარით, სამსახურში თვის ბოლომდე ვრჩები და შემდეგ ჩემი პოსტი უქმდება. გადამიხდიან ერთი თვის კომპენსაციას და დავემშვიდობები სამსახურს, სადაც ყველა შეშინებულია, ყველა გაურკვევლობაშია, რადგან არ იციან, სამომავლოდ მათ რა ბედი ელით.
ყველაზე მთავარი და უცნაური ის არის, რომ მე თვის ბოლოს მივდივარ აქედან, ჩემს დირექტორს კი რამდენიმე დღის წინ დააწერინეს განცხადება და პირდაპირ დაატოვებინეს თანამდებობა.
- რა გახდა ამის მიზეზი?
- მე რომ მრჩევლად გადმოვედი, ცენტრის დირექტორმა ჩემს ნაცვლად, ლოჯისტიკის განყოფილების უფროსად, თავისი მეგობარი დანიშნა, რომელმაც ამ საახალწლოდ სამსახურში შექმნილ ვითარებას ვერ გაუძლო, უკმაყოფილება ვერ დაფარა და მისთვის საბედისწერო შეცდომაც დაუშვა.
საქმე ეხება ქალაქში საახალწლო გირლიანდების და განათებების დამონტაჟებას, რომელშიც სხვადასხვა აიპ-ი სრულიად არაპროფესიონალთა გუნდითაა ჩართული. არავინ ზრუნავს იმაზე, რომ საქმის სექციალისტები მოიწვიონ და მათ შეასრულებინონ ესა თუ ის სამუშაო. არავინ იცის, ვინ რას აკეთებს და სად რას ახვევს. არც უსაფრთხოების ნორმებია დაცული და არც - რამე წესი. ვის სად და როგორც გაუხარდება ან მოუხერხდება, აბსოლუტურად ქაოტურად მიმდინარეობს ამ განათებების დამონტაჟება.
მერიაში ყველაფრისთვის იძებნება ბიუჯეტი, გარდა იმისა, რაც აუცილბელად საჭიროა და მიზანშეწონილი.
4 წელია ვიხვეწები იმას, რომ ბიუჯეტიდან თანხა ისეთი სპეციალისტებისა და ელექტრიკოსების დასაქირავებლად გამოიყოს, რომლებიც თავიანთ საქმეს ორგანიზებულად და ნორმების დაცვით გააკეთებენ და შესრულებულ სამუშაოზეც თავადვე იქნებიან პასუხისმგებელნი, მაგრამ ყურად არავინ იღო.
- ნუთუ მას შემდეგ, რაც ვაკის პარკში ტრაგედია დატრიალდა, კიდევ ვინმეს ჰყოფნის გამბედაობა ასეთ საკითხში დაუდევრობა გამოიჩინოს?
- დიახ, ის უბედური შემთხვევა ჩვენი ქალაქის მესვეურთათვის გაკვეთილი არ აღმოჩნდა და იგივე შეცდომას იმეორებენ.
როგორც გითხარით, სრულიად ქაოტურად სრულდება სამუშაოები, ამით უკმაყოფილო ლოჯისტიკის განყოფილების უფროსს, როგორც ჩანს, თავისი გულისწყრომის გაზიარება საკუთარი მეგობრისთვის, ჩვენი ცენტრის დირექტორისთვის უნდოდა და პირადი მიმოწერის ნაცვლად, წერილი შეცდომით იმ ჯგუფის შეტყობინებებში გაგზავნა, სადაც ,,უკვდავი პერსონები“ არიან გაერთიანებულნი.
ამ შეცდომამ გამოიწვია ის, რომ ორივე მეორე დღესვე გაუშვეს სამსახურიდან. მე კიდევ დიდხანს ამიტანეს.
- ისინი რის საფუძველზე გაუშვეს, რაიმე ოფიციალური მიზეზი ხომ იყო საჭირო?
- მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ისე დააწერინეს, რომ ხმაც ვერ ამოიღეს. ვერც ამოიღებენ, რადგან იმავე კლანის წევრები არიან და ფინანსური დარღვევებიც მრავლად აქვთ. ამიტომ სამსახურის დაკარგვის გამო ვერც იჩივლებენ და ვერც თავიანთ მდგომარეობას გააპროტესტებენ.
- თქვენ თუ აპირებთ სარჩელის შეტანას?
- დიახ, მე ვაპირებ სამართლებრივ დავას და არა მარტო ჩემთვის, ჩემი სხვა თანამშრომლებისთვისაც, ვინც ხმის ამოღებას ვერ ბედავს ან თუ ხმას ამოიღებს და აზრს გამოთქვამს, უმალ თითს დაუქნევენ.
ამის კიდევ ერთ მაგალითად მოგიყვანთ შემთხვევას, რომელიც ასევე ჩემს თანამშრომელს გადახდა თავს. კონკრეტული ფაქტის გამო სოციალურ ქსელში მან უბრალოდ ირონიული კომენტარი დაწერა...საქმე ეხებოდა მოსაწვევების საკითხს.
ჩვენსავე მოწყობილ ღონისძიებებზე, რომლის მოსამზადებლადაც, ხშირად, დღე და ღამეს ვასწორებთ, ბუნებრივია მოსაწვევები ჩვენც გვეკუთვნის, მაგრამ არ გვაძლევენ, სამაგიეროდ აძლევენ თავიანთ რჩეულებს. სწორედ მსგავსმა ქმედებამ გამოიწვია ამ თანამშრომლის უკმაყოფილება და მან საჯაროდ, სოციალურ ქსელში ორაზროვნად გამოხატა საკუთარი აზრი. არავინ გაულანძღავს, არც ვინმე დაუსახელებია, მხოლოდ ირონიული შინაარსის რამდენიმე წინადადება დაწერა.
ამის გამო მას ტელეფონზე ქალაქის მერმა დაურეკა, ჯერ ხომ კატეგორიული ტონით ელაპარაკა და ძველბიჭურად გაურჩია საქმე. ესეც არ აკმარა, სამსახურში თათბირი მოიწვია, თანამშრომლის საქციელი განიხილა და საჯაროდ გაკიცხა ის.
ასეთი რეაქციების გამო ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს და რაიმე ფაქტის მიმართ ობიექტური კრიტიკის ან აზრის გამოთქმის ყველას ეშინია. ზუსტად იმიტომ ვაპირებ ბრძოლას ბოლომდე, რომ არ შეიძლება ეს რეალობა და მოცემულობა ასე გაგრძელდეს და არაფერი შეიცვალოს.
სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ნელ-ნელა ყველანაირად ემსგავსებიან თავიანთ წინამორბედებს და მათგან შორს არ მიდიან.
ირმა ბერიშვილი
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.