მორალი
„მორალი ადვილად იქადაგება, მაგრამ, როგორც წესი, ეს ოდნავადაც არ უწყობს ხელს მორალის დამკვიდრებას, ადამიანის მორალურ არსებად ქცევას. მორალის ქადაგებას რომ რაიმე აზრი ჰქონოდა, დედამიწაზე უკვე დიდი ხნის წინათ აღარ იარსებებდა ამორალური საქციელი. პრიმიტიული აზროვნება ყოველთვის გაურბის თავის ატკივებას და ამბობს: რა საჭიროა ამდენი ფილოსოფოსობა მაშინ, როცა ღმერთი, წმინდანები (სხვადასხვა ტიპის ავტორიტეტები) მარტივად გვთავაზობენ მორალური ცხოვრების გასაღებს, სიტყვებში: „გიყვარდეს მოყვასი შენი“. დედამიწის ყოველ კუთხეში მრავალი ათასწლეულია, რაც იქადაგება ამგვარი ფრთიანი ფრაზები, თუმცა ვერავინ ვერ იტყვის, რომ დღეს კაცობრიობა სულ ცოტათი უფრო მორალურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.“ ამ შინაარსის სიტყვებით იწყება რუდოლფ შტაინერის „თეოსოფიური მორალი“. შეუძლებელია არ დაეთანხმო, თუმცა მავანი შეიძლება შემომედავოს და მითხრას, რომ დიახაც, მისი რელიგიური მცნებების დამსახურებაა ის, რომ დღეს თვითონ მეტად არის მოტივირებული სიკეთის კეთებისკენ, რომ ასე ხელაღებით უარყოფა მორალური შეგონებების პოზიტიური მნიშვნელობისა არ შეიძლება. მართლაც, ვერ უარყოფ, რომ მეგობრისადმი გაწვდილი ხელი ( მაგალითად, შეშის ჭრაში მიხმარება) არაა სიკეთე, თუნდაც, ის ამას მასზე ავტორიტეტის ზეგავლენის ძალით ახორციელებდეს (არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება რელიგიური ავტორიტეტი თუ კულტურა, როგორც ავტორიტეტი). ავტორიტეტის გავლენით გაკეთებული სიკეთე, მხოლოდ მექანიკური ქცევაა, რომელსაც არ ახლავს თანაგრძნობა, რომელიც არ არის თავისი თავიდან გამოსული ანუ არ არის თავისუფალი. და მაინც როგორ შეიძლება არათავისუფალი ქმედებიდან გამოვიდეს სიკეთე? ბევრი იტყვის, რომ როგორც ჩანს ასეც შეიძლება, მაგრამ საქმე არა თავის დამშვიდება, არამედ იმის დანახვაა, რასაც სინამდვილე სიკეთის თვალსაზრისით ჩვენგან მოითხოვს.
იმისთვის რომ გავიგოთ სიკეთის ცნება, საჭიროა ვიწრო პირადული არეალიდან ფართო საზოგადოებრივ არეალზე გადავიდეთ და მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. ადამიანი შეიძლება ყოველდღიურად ჩუქნის ხურდას მათხოვარს, მაგრამ მისი ეს ქმედება, როგორც წესი, არავითარ ზეგავლენას არ ახდენს საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობის ოდნავ მატებაზეც კი. ვინც მხოლოდ ასეთი ქმედებებით შემოიფარგლება, მისი მიზანია არა ბოროტების (ამ შემთხვევაში ბოროტება, როგორც სიღატაკე) აღმოფხვრა, ბოროტის კეთილად გარდაქმნა, არამედ მხოლოდ თავისი თავის დროებითი დამშვიდება. ასეთი ადამიანი ჰგავს ექიმს, რომელიც პაციენტის ტკივილებს მუდმივად ტკივილგამაყუჩებლებით ახშობს და არ ცდილობს მისი გამომწვევი ავადმყოფობისგან განკურნებას. ავადმყოფი ავადმყოფად რჩება, მათხოვარი კი მათხოვრად. რეალობიდან უნდა ითქვას, სიკეთე პირველ რიგში ისეთი ქმედებაა, რომელსაც ახასიათებს განვრცობა, განკურნება.
კაცობრიობისთვის ბევრი კეთილის მსურველი ადამიანისგან ხშირად გვესმის საუბარი საყოველთაო სიყვარულზე, სიკეთეზე, მშვიდობაზე, თუმცა, როგორც წესი, ეს ადამიანები თავიანთი მორალური იდეალების პრაქტიკაში რეალიზებისთვის მეტს არც არაფერს აკეთებენ, ვიდრე ზემოთ ნახსენები ექიმი პაციენტის განკურნებისთვის. აქ უნდა დავიხმარო ერთი ცნება, რომლის გარეშეც მორალური იდეალების განხორციელება მეტნაკლებად სრულყოფილი სახით შეუძლებელია. ჯერ კიდევ პლატონი თავისი სათნოებებიდან ერთ-ერთ უმთავრესად სიბრძნეს აღიარებდა. სიბრძნე, როგორც გაცნობიერებულობა უნდა მივიღოთ სიკეთის წინაპირობად, რამდენადაც ისევე როგორც არაკვალიფიცირებული ექიმი, რომელსაც არ შეუძლია პაციენტის განკურნება, რადგან ვერ ერკვევა ავადმყოფობის რაობაში, ასევე ნებისმიერ სხვა სფეროში გაუცნობიერებელი ადამიანი ვერ შეძლებს პრობლემის სასიკეთოდ გადაწყვეტას. მორალური შეგონებებით მორალური იდეალების რეალიზება ისევე შეუძლებელია, როგორც მხოლოდ პარტიული ლოზუნგების ცოდნით რეალური პოლიტიკის წარმოება. გაცნობიერება, საქმის ცოდნა, არის ის, რაზეც მუდმივად უნდა ზრუნავდეს მშვიდობის, სიყვარულის, სიკეთის, თავისუფლების მსურველი ადამიანი.
მეტი სიზუსტისთვის უნდა ვთქვა - არ ვამბობ, რომ არ უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულს თუნდაც ერთჯერადად, პირიქით, უნდა ვეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმდენად გავაკეთოთ. ავადმყოფობის განკურნებამდე პაციენტის ტკივილებისთვის ნამდვილად დიდი სიკეთე და შვებაა გაყუჩება, მაგრამ გაცნობიერებულმა ადამიანმა, რომელიც არა მიკერძოებულად, არა თავის დასამშვიდებლად (ან იქნებ მოსატყუებლად) ან ავტორიტეტისთვის ვალის მოსახდელად აკეთებს ამას, არამედ ნამდვილად თავისი თანაგრძნობის გრძნობიდან მოქმედებს, ყოველთვის იცის, რომ ეს საერთოდ არაა საკმარისი, რომ ეს რაღაცის სიმპტომთან ბრძოლაა, რომ ავადმყოფობა გაყუჩებით არ იკურნება, რომ მიზეზები სხვაგან ძევს. და რამდენადაც ჩვენ ვცხობრობთ სოციუმში და ინდივიდი გვევლინება, როგორც სოციუმის ორგანული ნაწილი, რომლის ყოფას განაპირობებს მთლიანში მოქმედი წესები, ის იძულებული გახდება ღრმად შეიჭრას არსებულ სოციალურ სისტემაში და იქ მოიძიოს სოციალური ავადმყოფობის - ამ შემთხვევში მაგ. სიღატაკის - მიზეზები. ისევე, როგორც კანზე არსებული გამონაყარი სიმპტომია ორგანიზმის შიგნით მიმდინარე პროცესებისა, ასევეა სოციალური ორგანიზმში გამოვლენილი ყველანაირი სიკეთე თუ ბოროტება.
აქ მივუახლოვდით იმ საკითხს, რომლის აღიარებაც ჯერ კიდევ ძალიან უჭირს თანამედროვე ადამიანს. რეალობა სიკეთის თვალსაზრისით ადამიანისგან ბევრად მეტს მოითხოვს, ვიდრე ის ამას ისურვებდა. ფაქტი ჯიუტია, თუ ადამიანი თვალს არ დახუჭავს სინამდვილეზე და ექნება სურვილი და გამბედაობა რეალურად გადაწყვიტოს პრობლემები, მას მოუწევს მთლიან, სოციალურ ორგანიზმთან პირისპირ დადგომა და მასში იმ მიზეზეის გამორჩევა, რომლებიც ბადებენ სოციალურ ავადმყოფობებს. აქ ის დაინახავს სფეროებს, რომლისგანაც შედგება თავად ეს ორგანიზმი, ესენია ეკონომიკური, პოლიტიკურ-სამართლებრივი და სულიერი სფეროები( სულიერში აქ ვგულსიხმობ აღზრდა-განათლების, ხელოვნების, რელიგიის, კულტურის და ა.შ სფეროებს). რა არის ეკონომიკური თვალსაზრისით სიკეთე, რა არის პოლიტიკურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სიკეთე და რა არის სულიერი თვალსაზრისით სიკეთე, აი საკითხები, რომლებზეც საუკეთესო გაგებით მორალური ადამიანი უნდა მუშაობდეს. სხვა შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს მეოცნებეებად დარჩენა, რომლებიც მაგალითად ეკონომიკურ ნიადაზე წარმოქნილ უბედურებას არა ეკონომიკური სისტემის შეცვლით ან კორექტირებით შეეცდებიან, არამედ დაიწყებენ შედეგების ალაგმვას, „დანგრეულის რეკონსტრუქციას“ და ეგონებათ რაღაც გააკეთეს, მაგრამ უბედურება კვლავაც განმოერდება. თუკი სიყვარული, სიკეთე, თავისუფლება ცხოვრების პრაქტიკულ სფეროებზე არ გადაიღვრება, თუ ის არ გამოიხატება საზოგადოებრივ ფორმებში, მაშინ ჩვენ მუდმივად აბსტრაქტულში დავრჩებით და გაუთაველად მოგვიწევს ცალკეულ სიმპტომებთან „ბრძოლა“.
მესმის, რომ სტატიაში არსებული საკითხები შეიძლება ბევრად უფრო ვრცლად განხილვას საჭიროებდნენ. მორალის საკითხი ფართო თემაა და ჩემი მიზანი რა თქმა უნდა არ იყო მისი სრული ანალიზი.
2 Comments
Recommended Comments