Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    80.798

მოჩვენებათა ქალაქი


atrava

1.447 views

გარიჟრაჟზე დავტოვე ბანაკი. ორი საათის სიარულის შემდეგ პეიზაჟში დიდი ცვლილებები შევამჩნიე: ტყე თანდათან გამეჩხერდა და მოულოდნელად ჩემს თვალწინ უსასრულო ტრამალი გადაიშალა. გამიკვირდა, რადგან ამ მიმართულებით კიდევ 30 კილომეტრის მანძილზე ტყე უნდა ყოფილიყო… არა უშავს, ეტყობა ვიღაცას რუქების ბეჭდვისას რაღაც აერია. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ პეიზაჟი ისევ მოულოდნელად შეიცვალა: მინდვრის ბალახი ქვებით მოფენილმა ხრიოკმა ჩაანაცვლა… ან თვალი მარყუებს ან რაღაც ანომალიასთან მაქვს საქმე… სხვა დროს გავარკვევ რაშია საქმე…

მალე ხრიოკი ქვიშიანმა უდაბნომ შეცვალა… დღის შუქიც უცნაური გახდა: მზეს, თითქოს ნაცრისფერი ლიბრი გადაეკრაო... ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა თითქოს საღამოსპირი დადგა. არადა, საათი შუადღეს უჩვენებდა. ქვიშის ბარქანები ამაზრზენად გამოიყურებოდნენ. უკან მოვიხედე… არც ტყე, არც ტრამალი და არც ხრიოკი… ჩემს გარშემო, სადამდეც თვალი მისწვდებოდა, ქვიშის უდაბნო იყო გადაჭიმული.

რაღაც ამაზრზენი გრძნობა დამეუფლა. უსიამოვნო გრილმა ნიავმა დაუბერა… ორიენტაცია საბოლოოდ დავკარგე. ბაქანის ფერდობზე ჩამოვჯექი. აზრების მოსაკრეფად და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად, ბარქანის მწვერვალზე ასვლა და მიდამოს დათვალიერება გადავწყვიტე...

ჩემს წინ, რამდენიმე ათეულ მეტრში, ახლად დაგებული (რატომღაც ასე მომეჩვენა) საავტომობილო გზა დავინახე. იგი არსაიდან იწყებოდა და სადღაც უსასრულობაში იკარგებოდა. შვებით ამოვისუნთქე: გზა მოძრაობას შემიმსუბუქებს. ამასთან, ადრე თუ გვიან დასახლებულ ადგილზეც მოვხდები და შემდგომ გავარკვევ თუ რა დამემართა…

სიარული არ გამჭირვებია, თუმცა გამუდმებით ჩამესმოდა ამაზრზენი ხმა: “უკან დაბრუნდი! უკანთქო!”. მაგრამ მე ეს დაღლილობასა და ქარის ზუზუნს დავაბრალე. მზე აჭერდა, მაგრამ სიცხის მაგივრად სიცივემ ამიტანა.

დღის ორი საათი იყო, როდესაც გრძელი, ქვის გალავანი დავინახე, რომელიც ძალიან ჰგავდა გვიანდელი შუა საუკუნეების ევროპული ქალაქების გალავანს. “როგორც იქნა” – გავიფიქრე და ნაბიჯს ავუჩქარე. რატომღაც არ გამკვირვებია ასეთ უდაბნოში ამგვარი დასახლებული პუნქტის გამოჩენა…

ქალაქი მართლაც ძველევროპულს ევროპული ჰგავდა, ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით, რატომღაც რამდენიმესართულიანი სახლებით და სრულიად ცარიელი.

დაღლილობა მომეძალა… მაგრამ ცნობისმოყვარეობაც მტანჯავდა. ეს იყო გრძნობა და არა კითხვები. ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მომეძებნა, მაგრამ რა, ეს არ ვიცოდი.

სახლები ერთმანეთს ტყუპიცალებივით ჰგავდნენ: უსახური, ნაცრისფერი ფასადები, მარსელის კრამითით გადახურული სახურავები და ნაგვის კონტეინერები… სულიერი არსად ჭაჭანებდა.

მოულოდნელად მოედანზე აღმოვჩნდი. ჩემს წინ სამსართულიანი შენობა აღიმართა, უცნაური გუმბათით, რომელსაც ვაცის გამოსახულებიანი ფლუგერი ამშვენებდა, და დიდი უისრო საათით.

ეს რატუშა უნდა იყოს…

რატუშის გვერდით მდგარი შენობა ძალიან წააგავდა ყაზარმას, განსხვავდებოდა მხოლოდ ციხის გისოსებით და მის წინ ახლად აღმართული ფიცარნაგით. ეს კი სასამართლოა…

მესამე შენობა სხვებისგან შედარებით ლამაზი ექსტერიერით გამორჩეოდა და მას აბრაც ეკიდა, რომელზეც ყალყზე დამდგარი ბრაზიანი ვაცი იყო გამოსახული… ლოგიკურად მივიჩნიე, რომ იქ სასტუმრო ან მის მაგვარი რამ იყო განთავსებული და იქ გავემართე.

ლოგიკას არც ამჯერად უღალატია ჩემთვის… უღიმღამო გარემოდან საკმაოდ კომფორტულ და თანამედროვე გარემოში ამოვყავი თავი. თუმცა აქაც ვერ აღმოვაჩინე ვერც ერთი სულიერი.

დაღლილობამ, სახსრებში ძლიერი ტკივილით, კვლავ შემახსენა თავი. მეორე სართულზე პირველივე ნომერში შევედი და ლოგინზე მოწყვეტით დავეცი. ჩამეძინა…

საღამოსპირს გამომეღვიძა. მაგიდაზე ყავის ფინჯანი ხილითა და ნამცხვრით სავსე ლარნაკები დამხვდა. შიმშილმა არ იცის დაფიქრება… მეც დავრნაყრდი, შხაპი გადავივლე… ოთახში რომ დავბრუნდი მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ცვლილებები მოხდა: სუფრა ალაგებული, ხოლო კედელთან ჩართული ტელევიზორი დამხვდა.

გაკვირვება ვერ შევძელი, რადგან ეკრანზე გამოჩნდა ხაკისფერ ფრენჩში გამოწყობილი ადამიანი, რომელსაც შეკრებილი ბრბო დემონური ღრიალით შეხვდა.

მიტინგი დაიწყო…

– საუკუნეების განმავლობაში არ ჰქონდა ჩვენს ქალაქს გალავანი – ხაფი ხმით დაიწყო გამომსვლელმა – დღეს კი ისეთი კედელი შემოვარტყით ქალაქს, რომ ხვლიკიც ვერ შემოძვრება… ავაშენე ახალი სასამართლო. ახლა კი ახალი ფიცარნაგიც დავაგე, მრავალფუნქციური… მასზე შეიძლება არა მარტო კონცერტებისა და სანახაობების მოწყობა შეიძლება, არამედ… ბოლო სიტყვები ბრბოს ღრიალში დაიკარგა…

ამის შემდეგ, კამერა გადავიდა გამომსვლელის უკან მდგარ მანქანაზე, რომელშიც გილიოტინა ამოვიცანი…

ამის შემგედ გამოსახულება გაქრა. ფანჯარასთან მივედი. ლამპიონებით განათებულ მოედანზე ძეხორციელი არ ჭაჭანებდა. მხოლოდ ჩრდილები მოძრაობდნენ. აშკარად ისმოდა ბრბოს აღტაცებული ღრიალი.

სასტუმროდან გავედი და ფიცარნაგს მივუახლოვდი. არავინ არ შემხვედრია… რამდენიმე საათი ვიარე ქალაქის ქუჩებში ვინმე სულიერის აღმოსაჩენად, მაგრამ უშედეგოდ… დღისით უღიმღამო სახლები, ახლა უკვე ამაზრზენად გამოიყურებოდნენ. ავი წინათგრძნობა დამეუფლა, რომელსაც ქარის ზუზუნი კიდევ უფრო ამძაფრებდა.

სასწრაფოდ სასტუმროში დავბრუნდი. ფოიეში დივანზე დავჯექი… არ მახსოვს როდის ჩამეძინა…

საშინელი სიზმრები მესიზმრებოდა, მაგრამ გამოღვიძებას ვერ ვახერხებდი…

უკვე კარგად განათებული იყო, როდესაც გამომეღვიძა… ქალაქი კვლავ ცარიელი იყო, სახლებს დაუბრუნდათ საკუთარი უღიმღამობა. პირველი რაც თავში მომივიდა იყო ქალაქიდან წასვლა, სულერთია საით, ოღონდ აქედან გავაღწიო…

მოედანზე გასულმა, ფიცარნაგთან რამდენიმე ახლადაღმართული ფლაგშტოტი დავინახე. ერთ–ერთ მათგანზე რაღაც მომრგვალო სხეული იყო ჩამოცმული. ახლოს მივედი… საშინელებამ რამდენიმე წუთით ადგილზე გამაქვავა: ფლაგშტოტის წვერზე შუა ხნის ადამიანის თავი იყო წამოცმული… რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე, რაღაცას ფეხი წამოვკარი და წავიქეცი… ჩემს ქვევის უთავო სხეული იყო გართხმული.

გავიქეცი. არ მახსოვს რამდენი ხანი გავრბოდი. გონს რომ მოვეგე, კვლავ მოედანზე ვიდექი ფიცარნაგის გვერდით… ცოტა დამშვიდებულმა კვლავ გადავწყვიტე ქალაქიდან გასვლა, მაგრამ რამდენიმე საათში ისევ იქ აღმოვჩნდი სადაც ვიყავი.

მივხვდი, ყველა ჩემი მცდელობა წარუმატებლად დასრულდებოდა… ნომერში ავედი, დავწექი და დავიძინე.

გამოღვიძებულს ტელევიზორი ჩართული დამხვდა ოღონდ ახლა ხმა მოედნის მრიდან მოდიოდა. ფანჯრიდან გადავიხედე: მოედანზე შეკრებილ ბრბოს ჩირაღდნიანი მსვლელობა უერთდებოდა…

ძირს ჩავირბინე. შავ ბალახობებში გამოწყობილი არსებებს ჩემთვის არანაირი ყურადღება არ მოუქცევიათ. მსვლელობაში შევიჭერი დისონანსის შესატანად, მაგრამ არსებები ჩემში ისე შედიოდნენ და გამოდიოდნენ, თითქოს მე იქ არც კი ვიდექი… როგორც იქნა პროცესია დამთავრდა… სხეულში საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი. იძულებული გავხდი ერთადერთ უსაფრთხო ადგილას, ნომერში დავბრუნებულიყავი. სხვა არაფრის გაკეთება არ შემეძლო…

დილით მეორე ფლაგშტოტზე კიდევ ერთი თავი დავინახე ჩამოცმული, ხოლო გვერდით კი ისევ უთავო სხეული და ბევრი სისხლი.

გადავწყვიტე, რაც არ უნდა დამჯდომოდა გავსულიყავი ამ ქალაქიდან… აგერ გამოჩნდა ალაყაფის კარებიც, მაგრამ კვლავ მოედანზე აღმოვჩნდი… ჩემი ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

კარგა ხნის დაბნელებული იყო, როცა გადავწყვიტე სასტუმროში დაბრუნება. გზა კუ–კლუქს–კლანელთა ბალახონებში გამოწყობის არსებათა პროცესიამ გადამიღობა. ორი მათგანი მვლელობას გამოეყო და ჩემსკენ გამოემართა.

ოჰო! ეტყობა პირველი კონტაქტი შედგება. ბოლოსდაბოლოს გავიგებ თუ რა ხდება ამ წყეულ ქალაქში.

არსებები მომიახლოვდნენ. უსიტყვოდ ჩამავლეს ხელი და ფიცარნაგისაკენ წამათრიეს. ისე მოულოდნელად მოხდა ყველაფერი, რომ ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. დაბნეულობამ რომ გადამიარა თავის გათავისუფლება ვცადე, მაგრამ ძალიან მაგრად ვიყავი გაკოჭილი.

ხაკისფერფრენჩიანი მამაკაცი, კვლავ, დუჟმორეული ტუჩებითა და ხაფი ჩემზე რაღაცას ჰყვებოდა. მის სიტყვებს ვერ ვარჩევდი, მაგრამ მივხვდი რომ ეს კარგს არაფერს მოსაწავებდა. სიტყვის თქმა მინდოდა, მაგრამ ტუჩებს ვერ ვამოძრავებდი, ხმის ნაცვლად ხრიალი ამომდიოდა.

როგორც იქნა ფრენჩიანმა დაამთავრა მონოლოგი. ორმა ბალახონიანმა ხელში ამიტაცა და ფიცარნაგზე აღმართული გილიოტინის ლაფეტზე ზურგით დამაწვინა. ჯალათი მომიახლოვდა, საყელო შემომახია და ნიღაბი მოიცილა…

წამი საუკუნედ გადაიქცა… ბოლოს რაც დავინახე იყო კარგადა ალესილი გილიოტინის დანის პირი, რომელიც ღრჭიალის ესობოდა ჩემს ხორცს…

ოფლში გაწურულს გამომეღვიძა. თენდებოდა. ჩიტების ჟღუტული არემარეს აყრუებდა, ცხვირში ტყის სურნელი მეცა…

მივხვდი რომ ცოცხალი ვიყავი…

 

ზაზა პატარავა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...