Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    82.177

ამერიკა კარგავს პოზიციებს ინოვაციების სფეროში


atrava

1.140 views

უკანასაკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ასზე მეტი ქვეყანა მოვინახულე. ამ ვიზიტების დროს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს შევხვედრივარ - ღატაკი ბავშვებით დაწყებული, სახელმწიფოს მეთაურებით დამთავრებული. თითქმის ყველა ზრდასრული ადამიანი, ვისთანაც ამ ქვეყნებში მისაუბრია, იზიარებს მოსაზრებას, რომ წარმატებისაკენ მიმავალი გზა მეცნიერებასა და ინჟინერიაზე გადის.

მართლაც,თითქმის ყველა ქვეყანაში მეცნიერები და ინჟინრები მეტად ცნობილი და პატივცემული პიროვნებები არიან. საზოგადოება მათ აღიქვამს არა უცნაურ ან უიღბლო ადამიანებად, როგორც ეს ხშირად ხდება აშშ-ში, არამედ ლიდერებად და ინოვატორებად. ჩინეთის პოლიტიკურ ელიტაში ცხრიდან რვა პოსტი პროფესიით ინჟინერს უჭირავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე თითქმის არ არიან წარმოდგენილნი ინჟინრები და მეცნიერები,მათი აქტიურობა არც საჯარო პოლიტიკურ დებატებში შეიმჩნევა.

რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ თუ ამერიკელ სტუდენტებს ნეგატიური შთაბეჭდილება უყალიბდებათ (ან საერთოდ გულგრილი არიან) მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართ, მაშინ ნაკლებსავარაუდოა, რომ ისინი მომავალ პროფესიას ამ სფეროდან აირჩევენ. უკვე დღევანდელი მონაცემებით, 70% ინჟინრებისა, რომლებიც დოქტორის ხარისხს ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში მოიპოვებენ, უცხოელები არიან. თანდათან მცირდება რიცხვი იმ ნიჭიერი ადამიანებისა, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ აშშ-ში დარჩენას ამჯობინებენ - ისინი ბრუნდებიან სამშობლოში, სადაც ბევრად მეტი შესაძლებლობა ელით.

აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი ასპექტი ამერიკელი მშობლების მიერ საბაზო განათლების პრიორიტეტებია; მაგრამ ასევე არსებობს პრობლემები, რომლებიც აშშ-ის საჯარო საგანმანათლებლო სისტემისათვისაა დამახასიათებელი. ჩვენთან, უბრალოდ, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მაღალკვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობაა. ბევრ მათგანს, ვინც დღეს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო დისციპლინებს ასწავლის, არასოდეს მიუღია ამ საგნებში უნივერსიტეტის დონის განათლება.

მე ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი მასწავლებელი; და მართლაც, ნაადრევად მივატოვე ჩემი სამუშაო აეროკოსმოსური ინდუსტრიის სფეროში, რათა დამეწყო კარიერა განათლების სისტემაში. მაგრამ ჩემი ქვეყნის ყველა სკოლაში არასაკმარისად კვალიფიციურად ჩამთვალეს იმისათვის,რომ მერვეკლასელებისათვის მათემატიკა მესწავლებინა. სასაცილოა, მაგრამ გულითადად მიმიღეს პრინსტონის უნივერსიტეტში, შესაბამის ფაკულტეტზე, სადაც სტუდენტურმა გაზეთმა ჩემი კურსი დაასახელა იმ ათ კურსს შორის, რომლებიც აუცილებლად უნდა გაიაროს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტმა.

გლობალურ, ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკაში საინჟინრო განათლებასა და ინოვაციას შორის პირდაპირი კორელაცია არსებობს. ჩვენი, როგორც ერის წარმატება ან წარუმატებლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად გავართმევთ თავს ინოვაციურ მისიას, რამდენად კარგად განვავითარებთ სამედიცინო გამოკვლევებს, რამდენად შევძლებთ მოძველებული მიდგომებისა და მსოფლმხედველობის შეცვლას და საერთოდ, რამდენად გავაუმჯობესებთ სამყაროს.

მე ვაგრძელებ აქტიურობას ისეთ ორგანიზაციაში, როგორიცაა IEEE, რათა ხელი შევუწყო საინჟინრო საზოგადოების ავტორიტეტის ამაღლებას და მივაღწიო, რომ ჩვენი ხმა გათვალისწინებული იყოს სახელმწიფო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. სწორედ ამიტომ ვცდილობ ასე თავდადებით იმის დასაბუთებას, რომ ინჟინერია უნდა ისწავლებოდეს როგორც პროფესია - არა როგორც ტექნიკურ კომპეტენციათა კრებული, არამედ როგორც მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილება. ასეთი მიდგომა გაზრდის ფართო თვალთახედვის მოაზროვნეებს, რომლებიც ნათლად ხედავენ ტექნოლოგიასა და საზოგადოებას შორის არსებულ მტკიცე კავშირს.

ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ერთფეროვან სამყაროში, სადაც წარმატების გასაღები ინოვაციებშია და ვერ უზრუნველვყოფთ ახალგაზრდობას კონკურენციისათვის აუცილებელი ინსტრუმენტებით. მრავალი სახელმწიფო ბევრად უკეთ ართმევს თავს ამ ამოცანას. ირლანდიამ, თითქმის განადგურებული ეკონომიკის მიუხედავად, განაცხადა, რომ ზრდის ფუნდამენტური კვლევების დაფინანსებას. რუსეთი მოსკოვის ფარგლებს გარეთ „ინოვაციათა ქალაქს" აშენებს. საუდის არაბეთში მეცნიერებისა და ინჟინერიის ახალმა უნივერსიტეტმა არნახული ოდენობის - $10-მილიარდიანი შეწირულობა მიიღო.(მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერისტეტს ამ დონის მისაღწევად 142 წელი დასჭირდა).

ჩინეთში ათობით ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქმნება. კიდევ ბევრმა სხვა ქვეყანამ გააცნობიერა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად საჭიროა განათლების სისტემის გაუმჯობესება და ინოვაციების დანერგვა. ხოლო ამერიკა? ამ ორთაბრძოლაში ჯერჯერობით ვმარცხდებით. ინოვაცია ის სფეროა, რომელშიც ყოველთვის მოწინავე ადგილები გვეკავა. დღემდე უპირობო ლიდერები ვიყავით ფუნდამენტური კვლევების გზით ახალი იდეების აღმოჩენაში, მსოფლიო დონის ინჟინერთა მიერ ამ ახალი იდეების კონკრეტულ პროდუქციად გადაქცევასა და ენერგიული მეწარმეების ძალისხმევით ამ პროდუქციის ბაზარზე გატანაში.

სწორედ ამ გზით მივაღწიეთ მწვერვალს და სწორედ ამ მწვერვალიდან ვეშვებით ახლა. ამ ყოველივეზე სტატისტიკა უფრო ნათლად მეტყველებს:

• ამერიკელი მომხმარებლები უფრო მეტს ხარჯავენ კარტოფილის ჩიპსებზე, ვიდრე ამერიკის მთავრობა ენერგეტიკის სფეროს კვლევა-განვითარებაზე;

• 2009 წელს პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში პატენტების ნახევარზე მეტი მიიღო არაამერიკულმა კომპანიებმა;

• ჩინეთმა ჩაანაცვლა აშშ, როგორც მაღალი ტექნოლოგიების პირველი ექსპორტიორი;

• 1996-1999 წლებში აშშ-ში 157 ახალი პრეპარატი დამტკიცდა, ათი წლის შემდეგ ეს რიცხვი 74-მდე შემცირდა;

• მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი აშშ-ს 48-ე ადგილს ანიჭებს მათემატიკური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხის თვალსაზრისით.

მზარდ გლობალურ ეკონომიკაში ინოვაცია გადარჩენის მთავარი ფაქტორია. დღეს ვცხოვრობთ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების ხარჯზე. ჩვენ ამოვწურეთ რეზერვი და ყოველდღიურად ვაკვირდებით ჩვენი კონკურენტული შესაძლებლობების ეროზიას. როგორც ჩარლზ დარვინმა აღმოაჩინა, გადარჩენისათვის ბრძოლაში იმარჯვებს არა ყველაზე ძლიერი სახეობა, არა ყველაზე გონიერი, არამედ ის, რომელსაც უკეთ შეუძლია ცვლილებებთან ადაპტირება.

დღეს აშშ ცვლილებებზე სათანადოდ არ რეაგირებს, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო. ხუთი წლის წინ იმ კომისიის წევრი ვიყავი, რომელმაც შეისწავლა და გააანალიზა ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენტუნარიანობა. ჩვენ მოვამზადეთ ანგარიში „Rising Above the Gathering Storm", რომელშიც ჩამოყალიბებული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და მათ განსახორციელებლად საჭირო კონკრეტული აქტივობები. ეს რეკომენდაციებია:

• საბაზო განათლების სიტემაში მათემატიკური და საბუნებისმეტყველო განათლების გაუმჯობესება;

• გრძელვადიან ფუნდამენტალურ კვლევებში ინვესტირება;

• როგორც აშშ-ის, ასევე დანარჩენი მსოფლიოს საუკეთესო და გამორჩეულად ნიჭიერი სტუდენტების, მეცნიერებისა და ინჟინრების მოზიდვა და შენარჩუნება;

• ინოვაციებისა და კვლევითი ინვესტიციებისათვის სტიმულის შექმნა და შენარჩუნება.

ჩვენმა ანგარიშმა დადებითი შეფასება მიიღო და არნახული პოლიტიკური მხარდაჭერაც მოიპოვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბოლოს და ბოლოს ისევ ვუბრუნდებოდით სწორ გზას.

2007 წელს კონგრესმა მიიღო America COMPETES Act, რომელმაც ოფიციალურად დაუჭირა მხარი ჩვენს ანგარიშში არსებულ რეკომენდაციებს. 2009 წლის დასაწყისში, როდესაც მასტიმულირებელი ზომების პაკეტი მიიღეს, COMPETES Act-ით რეკომენდებული ინიციატივების უმეტესობამ დაფინანსება მიიღო. გაიზარდა საბაზო განათლების ფედერალური დაფინანსების საერთო მოცულობა; დაწესდა გრანტები და სტიპენდიები მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო დისციპლინების მომავალი მასწავლებლებისათვის; გამოიყო ფინანსური მხარდაჭერა ახალი სააგენტოს, Advanced Research Projects Agency-Energy (ARPA-E)-ის შესაქმნელად, რომელიც ფოკუსირებული უნდა ყოფილიყო მაღალი რისკისა და დიდი უკუგების ენერგეტიკული პროექტების კვლევაზე.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხუთი წლის წინ დასრულებული ჩვენი კვლევის შემდეგ 6 მილიონმა ამერიკელმა ბავშვმა ვერ მიიღო საშუალო განათლება. როგორია მათი მომავალი? ალბათ არცთუ პერსპექტიული. სავსებით შესაძლებელია, რომ პირველად ამერიკის ისტორიაში ჩვენი ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობა საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს უტოვებს ცხოვრების უფრო დაბალ სტანდარტებს, ვიდრე თავად სარგებლობდნენ.

მსოფლიო ლიდერობა თანდაყოლილი თვისება არ არის. პირველობა თაობების თავდადებული შრომით და ბრძოლით უნდა იყოს მოპოვებული. დღეს ეს არ ხდება, მაგრამ დრო ჯერ კიდევ გვაქვს. თუ გვსურს მომავალი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ლიდერები გავხდეთ, მაშინ ყურადღება უნდა მივაპყროთ განათლებას, კვლევით საქმიანობასა და ინოვაციებს. პირველობის დაბრუნების ერთადერთი გარანტია კი მეცნიერებასა და ინჟინერიაში ინვესტირებაა.

ავტორის შესახებ: ნორმ ოგასტინი Lockheed Martin-ის ყოფილი თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...