გაფრთხილება: სტალინიზაციაში გარდამავალი პუტინიზაცია
მაშინ, როცა ჩვენი პრეზიდენტი, ხალხის თითქმის ყველა თავყრილობებზე, დუჟმორეული, ხაფი ხმით, გაჰკივის საკუთარ წარმატებებზე და რეალურ ოპოზიციას ლამის კაცობრიობის მტრად აცხადებს, მისი დამქაშები რეპრესიული მანქანის ამუშავებით არიან დაკავებულნი. რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე, მით უფრო აგრესიული ხდება ხელისუფლის რიტორიკა. რაც მისი დამქაშების მხრიდან აღიქმება როგორც მოქმედების დაწყების კიდევ ერთ ეტაპად. ბოლო ხანებში ხშირად საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ ოპოზიციურად მოაზროვნეებს ან მათ ნათესავებს სამსახურიდან ითხოვენ ყოველგვარი მოტივაციისა და მიზეზის გარეშე. ხელისუფლებისაგან ასეთი ქმედება, ცოტა არ იყოს არარეალურად მეჩვენებოდა ერთი მარტივი მიზეზის გამო: ჩვენი სუზერენი, თავის დროზე, თავად ებრძოდა დიქტატორიზმის ასეთ გამოვლინებებს. გავიხსენოთ თუნდაც აჭარის 2004 წლის მოვლენები. როგორც ჩანს, განუზომელმა ძალაუფლებამ იმდენად გარყვნა და გონი დააკარგვინა მავანთა და მავანთ, რომ ისინი იგივე შეცდომებს უშვებენ, რასაც მათი წინამორბედები, ახლა უკვე გაცილებით ცინიკური ფორმით.
თამაზ სალუქვაძე ბათუმში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. იგი ეროვნულ მოძრაობაში ჯერ კიდევ მაშინ ჩაერთო, როდესაც ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი, უკრაინელ გოგონებს დასდევდა კიევში სწავლის პერიოდში. დღეს, თამაზ სალუქვაძე “ქართული ოცნების” აჭარის ორგანიზაციის აქტიური წევრია. ამის გამო ის და მისი ოჯახი, ხელისუფლების რეპრესიულ წნეხში მოხვდა. როგორც თავად ამბობს მის ქალიშვილს, ნინოს, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში ოფისმენეჯერად მუშაობდა, ვიღაც ვიღაცეები აშინებდნენ მამის პილიტიკური შეხედულებების გამო, ფარული ნომრებით ურეკევდნენ როგორც მამას ასევე შვილს და აშანტაჟებდნენ. ამან რომ არ გაჭრა, ნინო სალუქვაძე დაიბარა დირექტორმა და სამუშაოდან გაათავისუფლა ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე. ისე რომ გათავისუფლების ოფიციალური მოტივი აქამდე უცნობია. ეტყობა, სწორედ ასეთი ვითარებისათვის შექმნა ჩვენი “სასიქადულო” პრეზიდენტის გარემომ დღევანდელი შრომითი კოდექსი.
ასეთი მაგალითები მთელი საქართველოს მასშტაბით საკმაოდ გახშირდა. ჯერჯერობით ამ პროცესს ქვეყანაში “პუტინიზაციას” თუ დავარქმევთ. მსგავსება პუტინის რეჟიმთან სახეზეა. ისევე როგორც პუტინს ჰყავს ხოდორკოვსკი და ლებედევი, სააკაშვილისათვის მათ როლს ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე ასრულებენ, იმ განსხვავებით, რომ “ქართული ოცნების” ლიდერებზე ამ ეტპაზე ჯერჯერობით ფინანსური და მორალური ზეწოლა მიმდინარეობს.
იმის გამო, რომ ხელისუფლება ბოლო პერიოდში არადექვატურობით გამოირჩევა, სავსებით შესაძლებელია “პუტინიზაცია” “სტალინიზაციამ” შეცვალოს. არც ის არის გამორიცხული, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაიწყოს მედია საშუალებებზე ზეწოლაც, უფრო მძიმე ფორმით. არც ცენზურის შემოღებაზე იტყვის უარს ჩვენი ხელისუფლება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.