Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    313.073

ჰომო პერესტროიკუსის აღსარება


lasha_alo

2.022 views

July 28, 2010

http://2.bp.blogspot.com/_SAstcVNBrU0/TE_TW8ONg5I/AAAAAAAAABw/DQpisTCdwXw/s320/bb5a5d1bc1fd.jpg

ბანალური დასაწყისია.....

 

სკოლა , პიონერის ფიცი,რომელიც არავის არ გვწამდა. ჯვრის ტარებით გაღიზიანებული პედაგოგები და ამით განცვიფრებული ბავშვური გულუბყვილობა.

 

ამერიკის ხმა ვაშინგტონიდან სხვა ცხოვრებაზე გვიყვებოდა ,ხოლო აქ კი სკოლაში ლობიოს ტალონებს გვირიგებდნენ.

 

გვასმენინებდნენ ლევ ლეშჩენკოს ,ჩვენ კი ქუინის მელოდიები უფრო მოგვწონდა.....

 

გვთხოვდნენ წითელი ჰალსტუხის გაკეთებას ,არადა რემბო გვერჩივნა კოშევოის მთელ გვარდიას....

 

"მონანიებას" ჩუმად ვუცქერდით და კარებთან ერთი უფროსთაგანი აკვრდებოდა საეჭვო ნაბიჯებს.....

საშიშროება იყო, კედლებსაც კი ყურები ჰქონდა,თან დიიიდი.

 

ია ნინიძეს შიშველი სხეული გვიზიდავდა თუ აკრძალული ხილის ეფექტი ვერ გეტყვით,მაგრამ მთავარია საბჭოთა სტიგმები აშკარად გვაფრთხობდა და სტაკანჩიკის ფონზე აკრძალული ჰოთდოგის დაგემოვნებას ვლამობდით.

 

ცხონებული ბაბუა კი ყურში ჩაგვჩურჩულებდა -ნუ გეშინიათ შვილებო!!! "ამათ" მალე ბოლო მოეღებათო...თქვენი თაობა მოესწრება....მე ....

 

უნდოდა სხვა საქართველო ....ლელთ ღუნიას გორისა იყო მაინც.

 

ერთხელაც რუსთაველზე ბიძიები და დეიდები სამიტინგოდ გამოვიდნენ . ვიღაც ულვაშიანი კაცის სურათი ეჭირათ და საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრობდნენ.

საშუალო ასაკს გადაცილებული,რიხიანი ტემბრით მოსაუბრე,სიმპათიური ტიპი იდგა მიკროფონთან......ეს ზვიადია, კონსტანტინეს შვილი......მოგვესმა ჩურჩული.....

ვაჰ, ნახე ბაბუა არ ცდებოდა..... თურმე კომუნისტების წინააღმდეგ გამოსვლა შეიძლება,დაუმარცხებელნი არ ყოფილან ........გაიფიქრა ბავშურმა ჭკუამ და შინდისფერ შავთეთრდროშიანი პატარა, უხარისხო სამკერდე ნიშანი დემონსტრაციულად გავიკეთე.მეზიზღებოდა პიონერის ჰალტუხზე მიჯაჭვული უსახო სტერეოტიპები.გულწრფელი პროტესტი გამოვხატე ყმაწვილური გონებით....

 

ვიგრძენით თავისუფლების სული სადღაც ახლოს იყო, კომუნისტური უგემოვნების აგონიის დრო დამდგარიყო.

 

ვისაც სიმღერა შეეძლო, "შავლეგო" ისწავლა,რობაქიძე და ნიცშეს წიგნები ჩვენს მაგიდაზე დასახლდნენ ,ჩვენ ისეთი საქართველო გვინდოდა,როგორი ცხოვრებაც სხვაგან შორეულ ჰორიზონტზე გვეგულებოდა წითელი 1/6ს იქით...

 

სასიამუვნო იყო ახალი ჰაერის შეგრძნება,მაგრამ საშიში და გამოუცნობი....

 

სასწრაფოდ სოფელში წამიყვანეს.შარიანი ვიყავი და მომაშორეს მოვლენათა ეპიცენტრს.....

 

უკანდაბრუნებულს კი შავი დროშები დაგვხდა ქალაქში.

 

საოცარი შეგრძნება ჰქონდა ნაციონალურ პროტესტს.უხმო,რაღაც იდუმალი.ასეთი, მხოლოდ საპირისპირო 13 მაისს ვიგრძენი,როცა დინამომ თასები აიღო....... მათ აერთიანებდათ საერთო ენერგია ამაღლებული მტკიცე ,ქედმოუხრელი.....

 

ქვეყანა ერთ დღეში შეიცვალა. კომუნისტების გაგონება აღარავის სურდა. ყველა ელოდებოდა ქვეყნის განთავისუფლებას, თუმცა მოვლენებმა სხვა სახე მიიღო.სადღაც გაქრა აპრილის მცხუნვარება და ძალიან ბანალური ინტრიგების სახით გამოგვეცხადა . ხელისუფლება არ იბრძოდა, ოპოზიცია ერთმანეთს ჭამდა და ვერ გარკვეულიყო რა უნდოდა. მიტინგთუხუცესები 100 კაცის წინაშე მორიგ სისულელეს როშავდნენ , ხოლო სკოლაში უკვე აღარ ვმღეროდით შავლეგოს.უბრალოდ ვატყობდით ბავშვობა გვშორდებოდა.დანების ტრიალი უფრო მოდური გახდა...

 

დაპირისპირებები, ომი , დაძაბული სახეები და ვისღა ახსოვდა რა იყო 2-3 წლის წინ?!

 

განვიცადეთ მეტამორფოზა, გავბოროტდით.

 

"გაიგე ის ბიჭი მოკლეს ერთი კვირის წინ ავტობუსში რომ ვნახეთ"...აუ მართლა? საწყალი...უი მაგას არ აბრალებდნენ "იმის" მოკვლას? ჰო , ეტყობა "სასტავი დაადგა" და....

დღემდე მტკივა ჩემი ბავშვობა . ისიც მოკლეს ნაადრევად, დაუნდობლად. დენთის სუნით ააყროლეს და ვინც მთელი გულით მიყვარდა ჩემთვის უცხო ადამიანებად აქცია დროებამ. მტკივა , მტკივა, რადგანაც ბევრ მათგანს ცივად გამოვემშვიდობე . უკანდასახევი გზა მოჭრილი იყო .მე ჩვეულობრივი,პატიოსანი სტუდენტის ცხოვრება ავირჩიე, მათ კი საძმოები საზარბაზნე ხორცით შეავსეს. წყალგამყოფი თავისით შეიქმნა,არც გვიჩხუბია, პატარა გაუგებრობაც კი არ მომხდარა. არ მსიამუვნებდა "რაღაც" და გავშორდი,მაგრამ ტკივილი მთელი ცხოვრება გამყვა .

დრო გავიდა და მნიშვნელოვანწილად ჩარეცხა ტკივილი,თუმცა ნალექები დარჩა და ეს თითოეული ჩვენთაგანის ხვედრია.

 

ჩვენ იმ დროების მსხვერპლნი ვართ,რომელიც პუტჩის ინიციატორებმა დაგეგმეს და შედეგიც მიიღეს.

 

გავიზარდეთ, წარმოდგენები გადაგვისხვაფერდა , პიროვნული იმუნიტეტი გაძლიერდა გარე ბოროტებებისადმი ,მაგრამ არ იცვლებოდა არაფერი გარშემო...მხოლოდ დრო გადიოდა ....

 

2003 წლის რევოლუციას სოფელში შევხდი. არ მესიმპათიურებოდა ტრიუმვირატი,მაგრამ სასაიხარული გახლდათ რომ ხალხში იმედი გაჩნდა, გაიღიმა ქალაქმაც ,მაგრამ მალე ყველაფერი ძველებურ დროს დაუბრუნდა... მღვრიე სახეები ჩვეულობრივ პოზად იქცა და შევამჩნიეთ არც არაფერი შეუცვლიათ "დიდ რევოლუციონერებს "

 

დღეს სარკეში შუა ხნის მამაკაცი მიყურებს ,რომელსაც წაართვეს ბავშვობაც და ახალგაზრდობაც, რომელიც დღემდე ერთგულია იმ იდეალებისა ,რისიც "ულვაშიანი კაცის " დანახვისას ინსტინქტურად იწამა ,მაგრამ ილუზიების მსხრევა ყველაზე მეტად მასაც ესაჭიროება.

 

არერთხელ აგვიწონესთავისუფლება , ჩამოგვისხეს ის "ეროვნულობის" ყალიბში, შემდეგ სულ დაამსხვრიეს და სუნთქვაც დაგვამადლეს(ბევრი მეგობარი და ახლო ნათესავი ხომ აღარც სუნთქავს ) , ჩადეს ვარდებიან ქოთანში ....

 

არადა ყველაფერი რა ბანალურია?! ადამიანს თავი თვითონ უნდა ეკუთვნოდეს და თავისუფლება შინაგანი განწყობილებაა, რომელიც უფლებაცაა და მოვალეობაც .

 

მენატრება ბავშვური შავლეგო .ყველაზე ძლიერი, ქმედითი და გულწრფელი ემოცია მტრის წინააღმდეგ , ის სამფეროვანი დროშის "ზნაჩოკიც" მინდა ისევე გავიკეთოთ ,თუნდაც ახალი დროშის ფერებში, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ კვლავ ცურვას განვაგრძობთ უსახო წარსულიდან ცივილურ ქვეყნამდე. დღეს ჩვენი გემი დამუხრუჭებულია. უმსგავსო რეჟიმი რიტორიკით გვაბოლებს თითქოს მართლა სადღაც მივდივართ , სინამდვილეში კი უკან წარსულისაკენ ვიწევთ.ახალი თაობა ჩვენებურ კომსომოლებს ქმნის , ვრემია რეინკარნიზირებულია "ეროვნული " სახით ,მაგრამ

 

მჯერა იმ ნაპირზე უნდა გადავიდეთ თუნდაც იმ დაღუპული შავლეგოს მომღერალი ბიჭების სახელით. უკან არავის უნდა მიუეცეს ჩვენი მოტრიალების შესაძლებლობა არც ხელისუფლებას და არც კრემლში მტერთან კუდის მოქიცინე უზნეო პოლიტიკანებს.

 

არავის უნდა მიეცეს ჩვენი თავის მართვის უფლება. ეს ძირითადში ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ უნარზე არ დავუშვათ ახალი კატაკლიზმები და ჩავრეცხოთ ჩასარეცხი.

მხოლოდ ამაყ, პესიმიზმისგან განთავისუფლებულ სოციალურ ერთობას ანუ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია ეს.

 

ეს შესაძლებელია და ზუსტად ამირტომაც არ უნდა ჩავიკეტოთ პარტიული, ხელოვნური ტრადიციების თუ უბრალოდ შიშის სტერეოტიპების მორევში.

დავფიქრდეთ და დროა შეწყვეტილი შავლეგოს ნოტები გავაცოცოცხლოთ....

საუბარი არაა მის ტექსტზე ,არამედ თავისუფლების სწრაფვის მუხტზე ,რომელიც ჩვენივე სიბრიყვით 89 წლის აპრილში დავკარგეთ .ჩვენ დავთმეთ და არა წაგვართვეს.

* * *

PS ავტორი უცნობია,რადგანაც შეიძლება ერთის აზრს არ გამოხატავდეს

ისე ჩემი დაწერილია...

განხილვა ქართულ ფორუმებში:

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...