Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    172.418

რას გვპირდება კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ და რა მნიშვნელოვანი პუნქტი ამოქმედდება ნოემბრიდან?


blog-0497791001655542599.jpg

ბევრი რამე მაინც ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. ამ აქტიურობისთვის კი ახლა გაცილებით მეტად გვაქვს ხელ-ფეხი გახსნილი, ვიდრე ოდესმე.

 

საქართველოში, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ,“ რომლის დამუშავება და განხილვა, 10 წელია მიმდინარეობს და საბოლოო წერტილი ორი თვის წინ დაესვა.

ეს კანონი მომხმარებლების პოზიციებს მეწარმეებთან შედარებით, ვისთანაც დავის მოგება ყოველთვის ჭირდა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. იმის გამო, რომ მანამდე მოქმედი კანონი, ჯერ კიდევ 2012 წელს გაუქმდა და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული კანონის მიღება აქამდე ვერ მოხერხდა, ამ წლების განმავლობაში მეწარმე უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ახალ კანონზე მუშაობა, ჯერ კიდევ, 2013 წელს დაიწყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ბიზნესასოციაციებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებულნი. მათ შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.“

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ სრულყოფილი კანონის მიღება, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით, 2019 წელს იყო გათვალისწინებული და კანონპროექტიც ინიციატივის სახით, სხავადსხვა დროს, საქართველოს პარლამენტში ორჯერ გაიტანეს, თუმცა მისი დამტკიცება გაჭიანურდა.

 

როგორც ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში“ აღნიშნავენ, კანონის მიღებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ძირითად ნორმატიულ აქტებს დაუახლოვდა, გაუმჯობესდა მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობაც და მისი დაცვის მექანიზმებიც.

 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ კანონის მიხედვით, მომხმარებელი მოტყუებისგან და ფინანსური ზიანისგან უკეთ იქნება დაცული, ხოლო ზარალის შემთხვევაში, უფრო ადვილად დაიცავს თავის უფლებებს.

,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ მიღებული ახალი კანონის უკეთ გასაცნობად, განმარტებები არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორს ვახტანგ კობალაძეს ვთხოვეთ.

 

rdzis-natsarmi.jpg

- რა ძირითადი ასპექტებია ამ კანონში გათვალისწინებული, რა შეიძლება ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის იყოს საინტერესო და რით შეიძლება მომხმარებელი გავახაროთ?

- მოგეხსენებათ, მომხმარებელთა უფლებები აქამდე სხვადასხვა კოდექსით იყო გათვალისწინებული. ზოგიერთ სფეროში, მაგალითად ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროში ცალკე იყო დარეგულირებული მომხმარებლის უფლებები, ასევე, სამოქალაქო კოდექსშიც იყო გარკვეული საკითხები გათვლილი, მაგრამ მომხმარებლის უფლებების შესახებ ცალკე კანონი არ გვქონდა. მომხმარებელი, როგორც ფიზიკური პირი კანონმდებლობით ისე არ იყო დაცული, როგორც ეს მიღებულია მთელ მსოფლიოში. გამოდიოდა, რომ მომხმარებელს და მწარმოებელს დავებში თანაბარი უფლებები ჰქონდათ მაშინ, როდესაც დავების წარმოშობისას მწარმოებელი ყოველთვის სუსტი რგოლია და მეწარმე კი უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულია, რომ მომხმარებელს ცოტათი მეტი გარანტიები ჰქონდეს იმისთვის, რათა თავისი უფლებების დაცვა შეძლოს.

ამ კანონის მიღებით, უპირველესად, ერთად მოიყარა თავი მომხმარებლის ძირითადმა უფლებებმა და მის მიმართ მეწარმის ვალდებულებებმა.

აქამდე თუ მოვინდომებდით, გაგვერკვია, რა უფლებები გქვონდა, როგორც მომხმარებელს, ვერ შევძლებდით, რადგან სამოქალაქო კოდექსში ამის შესახებ ჩანაწერები ისე იყო გაფანტული, რომ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე ვერც მიაკვლევდა და მერე, ვერც გაიგებდა, თუ რა თქმა უნდა, სპეციალური განათლება არ შეუწყობდა ხელს.

- დავის მექანიზმებიც ისეთი იყო, რომ მოქალაქეს რომც ნდომოდა, ბოლომდე მიჰყოლოდა საქმეს, ენთუზიაზმი შუა გზაზე მაინც შემოელეოდა...

- დავის მექანიზმები ცალკე საკითხია, მაგრამ უზარმაზარი სამოქალაქო კოდექსიდან იმ მუხლების მოძებნა და გაშიფვრა, რომელიც მომხმარებლის უფლებებს ეხება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

ამიტომაც ვამბობ, ახალი კოდექსის ყველაზე დადებითი მხარე ისაა, რომ აქ თავმოყრილია ძირითადი უფლებები და გაწერილია ბევრი კონკრეტული შემთხვევა, რა დროს რომელი ზომების მიღება შეიძლება და როგორ. ასევე, გაწერილია, რა არის აკრძალული, რა - დაშვებული.

შემდეგ არის მეწარმის მიერ ინფორმაციის გაცემის ვალდებულებები, ანუ ჩამოყალიბებულია ის ძირითადი მონაცემები, რომელიც გამყიდველმა უნდა მიაწოდოს მომხმარებელს, როდესაც ამა თუ იმ პროდუქციას სთავაზობს.

ეს უნდა იყოს ქართულ ენაზე და უნდა იყოს ყველა ძირითადი ინფორმაცია, წერილობით იქნება თუ სხვა სახით, იმისათვის, რომ მომხმარებელმა მისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღოს.

სურსათის სფეროში ეს ვალდებულებები ცალკე ნორმატიული აქტით არის გაწერილი, მაგრამ სფეროების უმრავლესობაში მსგავსი ვალდებულებები აქამდე არ არსებობდა.

გარდა ამისა, ნივთის ონლაინ ან დისტანციურად შეძენის შემთხვევაში, პირველი 14 დღის განმავლობაში, მომხმარებელს ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლია დააბრუნოს ის. ესეც საერთაშორისო პრაქტიკით არის გათვალისწინებული, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ადამიანი ონლაინ ყიდულობს პროდუქტს, მას არა აქვს შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ნახოს, შეამოწმოს ხარისხი და გაიგოს, ზუსტად როგორს ჰყიდულობს.

- ხშირია შემთხვევები, როდესაც ონლაინ-მომსახურებისას, სარეკლამო ვიდეოში სულ სხვა ხარისხის პროდუქციას გვიჩვენებენ, შევიძენთ და ადგილზე სულ სხვა ხარისხი მოდის. ამ კანონის გათვალისწინებით, შეგვიძლია, არათუ მოტანისთანავე, გარკვეული პერიოდის გავლის მერეც მივაბრუნოთ ნივთი?

- დიახ და სწორედ ამ პრობლემის მომხმარებლის სასარგებლოდ გადასაწყვეტად არის ეს რეგულაცია შემოტანილი. გარდა ამისა, კანონში არის ძალიან მნიშვნელოვანი მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუკი ნივთის შეძენიდან 6 თვის განმავლობაში მომხმარებელი ნაკლს შეამჩნევს, მას არ მოუწევს იმის მტკიცება, რომ ეს ნაკლი თუ წუნი მის მიერ ნაყიდ პროდუქტს შეძენამდე ჰქონდა ან ქარხნული წუნი იყო და მისი ბრალეულობით არ გაუჩნდა.

ეს შესაძლებლობა მდგომარეობას მნიშვნელოვნად ცვლის, ვინაიდან მომხმარებელსა და მეწარმეს შორის სასამართლო დავებში, შეჯიბრებითობის პრინციპია და აქამდე, თუ სასამართლომდე მივიდოდა საქმე, მომხმარებელს უნდა ემტკიცებინა, რომ შეძენილი ნივთი მას არ გაუფუჭებია და წუნდებული მიჰყიდეს. თუ ამას ვერ შეძლებდა, მაშინ წაგებული გამოდიოდა. ამ კანონის ამოქმედების დღიდან, უკვე მეწარმემ უნდა ამტკიცოს, რომ მომხმარებლისთვის მიყიდული ნივთი ხარვეზიანი არ იყო. თუ ამას ვერ დაამტკიცებს, მომხმარებელი გამოვა გამარჯვებული.

- როგორც ვიცით, ხსენებული კოდექსი 1 ივნისიდან მხოლოდ ნაწილობრივ ამოქმედდა და სრულად ძალაში 1 ნოემბრიდან შევა. რა კონკრეტული მუხლები ამოქმედდება ნოემბრიდან?

- 1 ნოემბრიდან ამოქმედდება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, ეს იქნება სახელმწიფო სტუქტურა, კონკურენციის სააგენტო, რომელიც გახდება ზედამხედველი ორგანო გააკონტროლებს, ზოგადად რამდენად იქნება ქვეყანაში მომხმარებლის უფლებები დაცული. ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება, მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, თუკი სადმე შეამჩნევს ან მას პირადად შეექმნება რაიმე პრობლემა და დაირღვევა მისი, როგორც მომხმარებლის უფლებები. შემდეგ უკვე ამ სააგენტოს აქვს იმის უფლებამოსილება, შეისწავლოს შემთხვევები, მიუთითოს მეწარმეს ამ დარღვევებზე, დაავალდებულოს მას ხარვეზის გამოსწორება და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმის გადახდა დააკისროს.

თუკი პირველ ნოემბრამდე მეწარმესა და მომხმარებელს შორის გარკვეული დავა წარმოიშობა, უწყება, რომელიც ამ დავას წარმართავს, არის სასამართლო, რომელსაც მომხმარებელმა უნდა მიმართოს, რასაც ძალიან იშვიათად აკეთებენ მომხმარებლები. მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციას რამდენიმე წელია აქვს უფასო საადვოკატო მომსახურება, რომელიც მსგავსი დავების წარმოებაში ეხმარება მოქალაქეებს და მხოლოდ გასულ წელს აღმოჩნდა რამდენიმე მომხმარებელი, რომლებმაც სასამარათლოს ჩვენი დახმარებით მიმართა.

პირველი ნოემბრიდან სასამართლოს ჩარევა საჭირო აღარ იქნება, მომხმარებელს შეეძლება, განცხადებით მიმართოს პირდაპირ კონკურენციის სააგენტოს, რომელსაც ექნება სათანადო ბერკეტები და სათანადო რეაგირებას მოახდენს.

- როგორც აღნიშნეთ, ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონში“ ყველა სფერო იქნება გათვალისწინებული, მათ შორის სურსათიც?

- დიახ, ეს კანონი შეეხება ყველაფერს, ყველა სახის მომსახურების სფეროს. თუმცა, არის გარკვეული გამონაკლისები, მაგალითად სურსათის სფეროში, რაც შეეხება მალფუჭებად პროდუქტებს. რა თქმა უნდა, მალფუჭებადი პროდუქტები ვერ დაბრუნდება, ასევე, შეფუთული პროდუქცია თუ გაიხსნა, ვერც იმას დააბრუნებს მომხმარებელი. ამდენად, გარკვეული დათქმები არის, თუმცა სურსათთან დაკავშირებულ ინფორმაციის საკითხს ცალკე ნორმატიული აქტი არეგულირებს, რომელიც კარგა ხანია, ძალაშია და საკმაოდ წვრილად არის გაწერილი.

- მაგალითად, ახლახან მეგობარს გადახდა ასეთი შემთხვევა: მაღაზიაში იყიდა რძე, რომელსაც ვადა მომდევნო 5 დღის განმავლობაში ჰქონდა, მაგრამ რძე ადუღებისას აიჭრა. მიუხედავად ამისა, რადგან პროდუქტი ვადიანი იყო, მიიჩნია, რომ საფრთხეს არ წარმოადგენდა და მიღებული შრატი და ხაჭო საჭმელად გამოიყენა, რის შედეგდაც მოიწამლა. სამეზობლოში გაკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგივე რძისგან სხვადასხვა დროს სხვა ადამიანებიც მოწამლულან. ჩემმა მეგობარმა პრეტენზიით მიმართა მაღაზიას, სადაც განუცხადეს, რომ რძის საფასურს აუნაზღაურებდნენ. თუმცა საყვედური უთხრეს იმის გამო, რომ მან კონკრეტულად იმ ნაწარმს, რომელმაც მოწამლა, ფოტო გადაუღო და ინფორმაციაც გაავრცელა. მსგავსი ინცინდენტისას რა უნდა მოიმოქმედოს მომხმარებელმა, რისი უფლება აქვს მას?

- მსგავსი შემთხვევების დროს, მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ეს ამ ახალი კანონის მიღებამდეც შესაძლებელი იყო. ნებისმიერი ასეთი ინციდენტის დროს ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე, 1501, შეატყობინოს მომხდარის შესახებ, დაასახელოს მაღაზია, პროდუქტი და სააგენტო ვალდებულია, ოპერატიულად მიიღოს ზომები. რეაგირება ასეთია: სურსათის ეროვნული სააგენტო გადის ადგილზე, ამოწმებს მითითებულ პროდუქტს, ამოწმებს მის ვარგისიანობის ვადებს, შენახვის პირობებს; თუ საჭიროება მოითხოვს, ლაბორატორიულად ამომწმებს პროდუქტს და ყველანაირად ეცდება, გამოავლინოს მიზეზი, რატომ იყო ის გაფუჭებული. შემდეგ, დადგენილი დარღვევების მიხედვით, შესაბამის ზომებს მიმართავს. შესაძლოა, აღნიშნული პროდუქტი საერთოდ ამოაღებინოს ქსელიდან ან დააჯარიმოს მეწარმე, თუ დამტკიცდა, რომ წარმოების ან შენახვის პირობები დარღვეული იყო.

ასე, რომ ასეთ შემთხვევებში მოქალაქემ აუცილებლად უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და არ დატოვოს ფაქტი რეაგირების გარეშე.

რაც შეეხება გადახდილი ღირებულების ანაზრაურებას, თუკი დღის წესრიგში ამის საჭიროება დადგა და მეწარმესთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამ საკითხებზე უკვე, პირველი ნოემბრიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მიმართოს კონკურენციის სააგენტოს.

ზემოთაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პროდუქტის უვნებლობის მოთხოვნებსა და ეტიკეტირებაზე, სურსათის ეროვნული სააგენტოა პასუხისმგებელი, მაგრამ ზიანის ანაზრაურება მის კომპეტენციაში არ შედის. კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციაში კი ეს საკითხი ცალსახად იქნება გათვალისწინებული.

- გამოდის, ყველაფერი მაინც მოქალაქეზე, თავად მომხმარებელზეა დამოკიდებული, რამდენად იაქტიურებს და არ დაიზარებს, დარღვევების შესახებ სათანადო უწყებებს აცნობოს. ამისთვის, ალბათ, საჭიროა, მეტად ინფორმირებულები ვიყოთ და კარგად ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ.

- გარკვეულწილად მომხმარებელზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუმცა თავისთავად, რადგან ბაზარზე კონკურენცია დიდია, მეწარმეებზეც არანაკლები პასუხისმგებლობა მოდის. მათ უკვე აქვთ უფრო მეტი საშუალება, იმისათვის, რომ ამ კანონის შესაბამისად იმოქმედონ და ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიონ, ვინ უფრო კარგად დაიცავს კანონს და ვინ უფრო მოიგებს მომხმარებლის გულს.

გარდა ამისა, ზედამხედველი ორგანო, კონკურენციის სააგენტო თავისი ინიციატივითაც გარკვეულ კონტროლს განახორციელებს, თუმცა მარტო ამის იმედად არ უნდა ვიყოთ. დიდწილად მომხმარებელზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად იმუშავებს მათი უფლებების დაცვის შესახებ კანონი.

- დახლზე სხვა ფასი რომ აწერია პროდუქტს და სალაროსთან სხვა ფასს ვიხდით; ბევრი შემთხვევაა, როცა მოლარე გვეუბნება, უკვე გატარებული მაქვს ნივთი და ვერ დავაბრუნებო და იძულებულნი ვართ ვიყიდოთ. ზოგი მაღაზია იბრუნებს, ზოგი - არა. ამ დარღვევის კონტროლის მექანიზმი თუ არსებობს რამე, თუ მისი გამოსწორებაც მხოლოდ მომხმარებლის აქტიურობაზეა დამოკიდებული?

- სალაროსთან მსგავსი შემთხვევის გამოვლენისას მაღაზია ვალდებულია, დაიბრუნოს ნივთი ან მყიდველს დახლზე მითითებული ფასი გაუტაროს. თუ ეს არ მოხდა, დღეს მომხმარებელს შეუძლია ადგილზე გამოიძახოს პატრული, პირველი ნოემბრიდან კი - კონკურენციის სააგენტოს მიმართავს.

აქვე აღვნიშნავ, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის მიღება ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს, მომხმარებლის დასაცავად, ცალკე სააგენტო თავისით და სახელმწიფო თავისით, ყველაფერს გააკეთებს. ძალიანაც რომ მოინდომონ, ამას ფიზიკურად ვერ შეძლებენ. ჯერ ერთი, ყოველთვის იარსებებს ისეთი არაკეთილსინდისიერი ხალხი, ვინც ეცდება, რომ კანონს გვერდი აუქციოს, სახელმწიფო კი, რაც არ უნდა ძლიერი სტრუქტურები გააჩნდეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მაღაზიას ვერ გააკონტროლებს. ამიტომ თავად ჩვენ, მოქალაქეები ვართ ეფექტიანი მაკონტროლებლები და ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ.

- ხდება ასეთი შემთხვევებიც, როცა მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა დადებული. მაგალითად, ერთ-ერთი საამქროს ხელოსანს მომხმარებელი შეუთანხმდა გარდერობის გაკეთებაზე. ზეპირად მოილაპარაკეს, რომ პირი ათი დღის ვადაში დაამზადებდა აღნიშნულ ნივთს და დაამონტაჟებდა კიდეც. საჭირო მასალების შესაძენად მას წინასწარ დაურიცხეს გარკვეული თანხა, რაც თავად მოითხოვა და რისი დამამტკიცებელი საბუთიც არსებობს. ამის შემდეგ გავიდა სამი თვე და ათასგვარი საბაბის მომიზეზებით, შეკვეთა დღემდე არ არის დამზადებული. ასეთი სიტყვიერი შეტანხმების შემთხვევაში რა შეიძლება მომხმარებელმა მოიმოქმედოს, რა ბერკეტები გააჩნია მას?

- რა თქმა უნდა, როცა დოკუმენტის სახით არსებობს შეთანხმება, ბევრად უფრო ადვილია მომხმარებლის უფლების დაცვა და სიმართლის დადგენა. სიტყვიერი შეთანხმებაც ერთგავრი ხელშეკრულებაა, თუმცა ამ შემთხვევაში გაცილებით ძნელია იმის მტკიცება, თუ რა პირობებზე იყვნენ მხარეები შეთანხმებულები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა თანხის გადარიცხვის დოკუმენეტის წარდგენა შესაძლებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული მტკიცებულებები მოიპოვება. ისეც არ უნდა გავიგოთ, რომ მაინცდამაინც ყველაფერზე წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებაა აუცილებელი, თუმცა, როგორც ვხედავთ, სასურველია, რათა ორივე მხარე უკეთ იყოს დაცული.

მომავალში ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება მომხმარებელმა კონკურენციის სააგენტოს მიმართოს, ოღონდ აქ კიდევ არის კანონში ერთი დათქმა. როდესაც მოქალაქე განცხადებით მიმართავს კონკურენციის სააგენტოს, უწყება საქმის შესწავლას იწყებს იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ ზიანი ადგება მომხმარებელთა ჯგუფის ანუ ერთზე მეტი მომხმარებლის ინტერესებს. როცა ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული, ინდივიდუალური შემთხვევა და დასადგენია, რამდენად შეიძლება მსგავსი ზიანი სხვა მომხმარებლებსაც მიადგეთ. ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა.

უფრო კარგად რომ განვმარტოთ, შეიძლება იყოს შემთხვევები, როცა მოქალაქე მიმართავს სააგენტოს და იქ ეტყვიან, ეს ინდივიდუალური შემთხვევაა და ვერ შევისწავლით, მაგრამ თუ სხვა მომხარებელიც აღმოჩნდება იგივე მდგომარეობაში, მაშინ უკვე სააგენტოს ექნება ვალდებულება, შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და სათანადო რეაგირება მოახდინოს.

ამდენად, შეიძლება რიგ პრობლემებს აქაც წავაწყდეთ, მაგრამ გული არ უნდა ავიცრუოთ და კანონის მოთხოვნებს ბოლომდე მივყვეთ.

ბევრი რამე მაინც ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული და ისე, თავისთავად არაფერი მოგვარდება. ამ აქტიურობისთვის კი ახლა გაცილებით მეტად გვაქვს ხელ-ფეხი გახსნილი, ვიდრე ოდესმე.

- შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კონკურენციის სააგენტოს ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, დავიცვათ ჩვენი უფლებები. იმედია, სახელმწიფოც მეტად ჩაერევა ბაზრის რეგულირებაში და ველურ კანონებზე დამოკიდებული არ ვიქნებით?

- ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ ზუსტად მაგისთის მიღეს ეს კანონი, რომ სახელმწიფომ მაკონტროლებლის როლი თავის თავზე აიღოს და ბაზარს რეგულირება გაუწიოს. ამ კანონზე მუშაობა პარლამენტმა 2013 წელს დაიწყო და 2022 წლის მარტის ბოლოს წერტილი დაესვა.

ეს მოხდა ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. იმედი ვიქონიოთ, რომ ხსენებული კანონი რეალურად იმოქმედებს.

 

დასკვნის სახით მოგახსენებთ, რომ ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი ნაწილობრივ ძალაში 1 ივნისიდან შევიდა, ხოლო Სრულად, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ამოქმედდება, როცა კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულებას დაიწყებს.

სახელმწიფო უწყება, კონკურენციის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას გაუწევს კანონის აღსრულებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში Სააგენტო მითითებებს მისცემს მეწარმეებს, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სააგენტოს შეეძლება დააჯარიმოს მეწარმე ან სასამართლოს მიმართოს.

საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლებსაც ექნებათ შესაძლებლობა სააგენტოს მიმართონ. ამგვარად, იქმნება მომხმარებლის უფლებების დაცვის მარტივი, სასამართლოს ალტერნატიული მექანიზმი, რაც მნიშვნელოვნად გაუადვილებს მომხმარებლებს საკუთარი უფლებების დაცვას.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...