Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    171.309

არათუ ღამისთევის საკითხი იყო გათვალისწინებული და ორგანიზებული, ექსკურსიის მარშრუტიც კი წინასწარ არავის დაუგეგმავს


როგორია, 45 დამშეული ადამიანი რომ მოგადგება კარზე, დაუპატიჟებლად?

 

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების შესახებ განათლების მინისტრის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში, როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. მინისტრის ინიციატივას ზოგი იწონებს, ზოგი კი - დასცინის და ორივე მხარე, პოზიციას საკუთარი არგუმენტებით ამყარებს.

მე შევეცდები, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, ამ თემასთან დაკავშირებული ერთი ისტორია მოგიყვეთ, რომლის თანამონაწილეც პირადად ვიყავი. დანარჩენი შეგიძლიათ, თავად განსაჯოთ.

ეს ამბავი 2003 წლის სექტემბრის ბოლოს მოხდა.

ჩემი ძმიშვილი მე-11 დამამთავრებელ კლასში იყო და მისმა სკოლამ (წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიის საშუალო სკოლა) სამეგრელოდან კახეთში სამდღიანი ექსკურსიის მოწყობა გადაწყვიტა.

ბუნებრივია, ამაში ცუდი არავის არაფერი დაუნახავს, დაიქირავეს კომფორტული ავტობუსი, გაამზადეს საგზალი, შეიკრიბნენ და დაადგნენ გზას. მე თბილისში დავხვდი და თან გავყევი. ჩემდა გასაკვირად, მშობელი არც ერთ მოსწავლეს არ ახლდა, სკოლის ადმინისტრაციიდან კი დირექტორი, მნე, კლასის დამრიგებელი და რამდენიმე მასწავლებელი მოდიოდა. ,,დელეგაციაში“ იყო, ასევე, დირექტორთან დაახლოებული ორი პიროვნება, რომელთა თანხლების მიზეზიც და მიზანიც ჩემთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.

ექსკურსანტები სამეგრელოდან დილის 5 საათზე იყვნენ გამოსულები და ბუნებრივია, ყველას შიოდა, ამიტომ თბილისს გავცდით თუ არა, საგარეჯომდე, სადღაც გზის პირას მდებარე დუქნის ეზოში გავშალეთ სუფრა და კარგადც გეახელით. დანაყრების შემდეგ დარჩენილი სანოვაგე წამოვკრიფეთ და გზა განვაგრძეთ.

ამდენი წლის შემდეგ, ზუსტი მარშრუტი არ მახსოვს, თავიდან სად შევიარეთ, რომელი ღირსშესანიშნაობები დავათვალიერეთ, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ყვარელში, ილიას სახლ-მუზეუმიდან გამოსულებს დირექტორი და მისი მეგობრები ადგილზე არ დაგვხვდნენ. ერთ-ერთმა მძღოლმა გვითხრა (დიდ მანძილზე მგზავრობისას ავტობუსს ყოველთვის ორი მძღოლი ემსახურებოდა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს შეჰნაცვლებოდნენ), დაგვიბარეს, რომ სასადილოდ გავიდოდნენო. მათი სადილი იმდენ ხანს გაგრძელდა, ცალკე ბავშვებმა დაკარგეს მოსვენება და ცალკე - მე, მასწავლებლებიც უკმაყოფილოდ აწყდებოდნენ აქეთ-იქით... ბევრი რეკვის და დამუნათების შემდეგ, კარგა შეზარხოშებულები რომ გამოჩნდნენ, სწორედ მაშინ მივხვდი, რისთვის იახლა სკოლის დირექტორმა ის ადამიანები ამხელა გზაზე. სამწუხაროდ ყვარლის მაგალითი მეორე და მესამე დღესაც განმეორდა და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

მანამდე კი, უნდა აღვნიშნო, რომ საგზალი თანდათან შემოგველია და მეორე დღისთვის საჭმელი ცოტაღა დაგვრჩა. ბუნებრივია, გარკვეული თანხა ყველას მოგვქონდა და არ გვიფიქრია, რომ კვების პრობლემა შეგვექმნებოდა. მით უმეტეს, სკოლის დირექტორი გვაიმედებდა, მთავარია, სიღნაღში ჩავიდეთ და საჭმელ-სასმელი თავზე საყრელად გვექნებაო. ვიღაც მეგობარი ჰყოლია იქ და ვიდრე ჩავიდოდით, რამდენჯერმე დაურეკა და გააფრთხილა, რომ ექსკურსიაზე მოჰყავდა ბავშვები. იმანაც, ჩამოდით, პატივისცემა ჩემზე იყოსო, დააიმედა. მე ცოტა კი მეფიქრებოდა, ვინ უნდა იყოს, ასე ნაუცბათევად, ამდენი ადამიანის გამასპინძლებას თავის თავზე რომ იღებს-მეთქი, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს. იმის წარმოდგენა, რომ საღამოს გემრიელ მწვადებს მივირთმევდით და ზედ ტკბილ ყურძენს დავაყოლებდით, კარგ ხასიათზე მაყენებდა. იქით, სკოლის დირექტორი წინასწარ იჭერდა თადარიგს, ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ერთ 200 კილო რქაწიეთელს გამოატანდნენ და იმაზე ბჭობდა, რამდენი ლიტრი ღვინო დაეყენებინა.

უკვე ბინდდებოდა, სიღნაღს რომ მივადექით. მასპინძელს, რომელიც ზარზეიმით და გაშლილი სუფრით უნდა დაგვხვედროდა, 45 ადამიანის დანახვაზე ფერი წაუვიდა და საყვედურებით აგვავსო, სადა ხართ აქამდე, რა ხანია, გელოდებითო. გამგეობაში ხალხი გაფრთხილებული მყავდა, ოჯახებში თქვენი დაბინავების საკითხიც მოგვარებული იყო, მაგრამ რომ აღარ გამოჩნდით, სუყველა სახლში წავიდ-წამოვიდა. ახლა მე რა გავაკეთო, რით გიშველოთო?

სხვების არ ვიცი, მაგრამ მე კი გაოცებული დავრჩი და ვიკითხე, რაიონის ადმინისტრაცია კი წავიდა სახლში, მაგრამ ის ოჯახები, სადაც ღამე უნდა გაგვეთია, სად წავიდა-მეთქი, მაგრამ ჩემს უხერხულ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელი აღმოჩნდა.

- ჰე, მიდით, თქვენ დაათვალიერეთ ქალაქი, მე კი ამათ წავიყვან და პურს ვაჭმევო. - იმ მასპინძელმა დირექტორს და მის მხლებლებს მოავლო ხელი, ჩვენ კი ქალაქისკენ მიგვითითა.

რა გზა გვქონდა, მოვედეთ სიღნაღის ცენტრს. ვიდრე მთლად დაღამდებოდა, ცნობილი ციხე-გალავანიც დავათვალიერეთ და იქიდან ულამაზეს ალაზნის ველსაც გადავხედეთ.

თუ სადმე რამე ჯიხური შეგვხვდა, ბავშვებმა ზოგან კოკა-კოლა იყიდეს, ზოგან შოკოლადები და იმით შეიქციეს თავი. მოგეხსენებათ, იმ პერიოდისთვის სიღნაღის რეკონსტრუქცია ჯერ არავის დასიზმრებოდა და შემოდგომის გვიან საღამოს არც რამე ტავერნა იყო ღია სადმე და არც რესტორანი, ამიტომ ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ სკვერში გადმოვალაგეთ ჩვენი საგზლის მორჩენილი ნაწილი და შეძლებისდაგვარად ვივახშმეთ.

ამასობაში, კარგად შებნელდა და აქტუალური გახდა ღამისთევის საკითხი, რაც მანამდეც ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ დირექტორი და დამრიგებელი მეუბნებოდნენ, მოვაგვარებთ, არ არის პრობლემაო. ვფიქრობდი, რომელიმე საოჯახო სასტუმროსთან წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, მაგრამ სიღნაღში ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ იქ იმ კაცის იმედად მივყავდით, რომელმაც დაგვიანების გამო ისე გვისაყვედურა, თითქოს მოსასვენებელი ადგილი შუადღის ძილისთვის გვდომოდა. მივხვდი, რომ ამდენი ადამიანის ღამის გათევის საკითხი ჰაერში ეკიდა... იქნება რამე საშველი, გარეთ არ დავრჩებთო, მამხნევებდა კლასის დამრიგებელი, თუმცა რაც მეტად იგვიანებდა სკოლის დირექტორი და მისი ამალა, მით უფრო მატულობდა ჩემი შფოთი. საქეიფოდ წასულები კი ტელეფონის ზარებზე ხან გვპასუხობდნენ, 5 წუთში მოვალთო, ხან - საერთოდ გვითიშავდნენ. ბავშვები კარგა ხანი იყო, ვტობუსში გამოვამწყვდიეთ, ჩვენი მძღოლებიც ბრაზისგან სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდნენ. საჭესთან, თითქმის, 20 საათი ჯდომის შემდეგ, მათაც სჭირდებოდათ დასვენება. მით უმეტეს, მეორე დღესაც იგივე დატვირთვით უნდა მოგვმსახურებოდნენ. მოთმინების ყველა ძაფი რომ გაწყდა და აღშფოთებისგან კონტროლის დაკარგვამდე ცოტაღა მაკლდა, დირექტორი და მისი საძმოც მაშინ გამოჩნდა...

ამდენ ხალხს ამაღამ აქ ვერ დაგვაბინავებენ, ჯობია, ისევ თელავში წავიდეთო, დირექტორმა. მე ცალკე გავაპროტესტე, მძღოლებმა - ცალკე, მაგრამ არავინ მოგვისმინა და ისევ გზას დავადექით. ცოტა ვიარეთ თუ ბევრი ვიარეთ, ჩავედით თელავში. ქალაქის ცენტრში სასტუმრო ვიკითხეთ და ბედად, იქვე აღმოჩნდა, მაგრამ დირექტორი და დამრიგებელი პირობების გასაგებად რომ ჩავიდნენ, ფასი ეძვირათ. მაშინდელი ფასებით, არც კი უთქვამთ, ეს ძვირი რამდენი იყო, მაგრამ ვენდეთ. ავტობუსში რომ ამობრუნდნენ, ვიღაც ქალის ტელეფონის ნომერი მოიტანეს, რომელიც კერძო სახლში ადგილებს იაფად აქირავებდა. დამრიგებელმა დაურეკა და იმ ქალმაც, კი, ბატონო, ყველას დაგაბინავებთო, პირობა მოგვცა. თან, თავიდან 2 ლარი მინდა კაცზეო, ბოლოს კი ლარნახევარზეც დათანხმდ და მისამართი გვიკარნახა.

მე ხმამაღლა დავიწყე ანგარიში: 45 ადამიანს რომ დაგვაწვენს, ხომ 45 ხელი თეთრეული დაგვჭირდება; ჩვენ რომ წამოვალთ, ეს თეთრეული ხომ უნდა გამოცვალოს, ვთქვათ და ხვალ ჩვენსავით სხვა სტუმრებიც მიადგნენ? შესაბამისად, თუ კერძო სახლი აქვს და არა - სასტუმრო, განა, რამდენი ხელი თეთრეული უნდა ჰქონდეს? ეს ერთი და მეორეც, ამდენი ხელი თეთრეული ყოველდღე რომ გარეცხოს და გააშროს, ფიზიკურად შეუძლებელია და თუ საჭირო სარეცხი ფხვნილის ოდენობას და ფასს გავითვალისწინებთ, თითო კაცზე ამ ლარნახევარით რა მოგება უნდა ნახოს?

ჩემი გათვლებით, საჭირო სერვისი და ფასი შესაბამისობაში ვერანაირად მოდიოდა, ამიტომ ლოგიკიდან გამომდინარე, გარკვეული ეჭვები გამოვთქვი, თუმცა, მასწავლებლებმა ჩემი ეჭვები უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და კიდევ ერთხელ მომიწოდეს, სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ვიდრე მე რთული ამოცანის ამოხსნას ვცდილობდი, თელავის რომელიღაც უბნის ჩაბნელებულ, ვიწრო ქუჩებში, კითხვა-კითხვით მივიწევდით წინ, ჩვენი დიდი ავტობუსის კორპუსი ხან რომელ ღობეს გაეხახუნებოდა და ხან რომელს. მოთმინებადაკარგული მძღოლი თავს ვერ იკავებდა და შიგადაშიგ მოგუდულად და უმისამართოდ იგინებოდა.

ბოლოს, როგორც იქნა, მივადექით გალავნიან ორსართულიან სახლს, რომლის ჭიშკართანაც შუახნის ქალი გველოდებოდა. დაღლილი და ძილმორეული ბავშვები სიხარულით წამოიშალნენ, დაავლეს თავიანთ ჩანთებს ხელი და ეზოში შეცვივდნენ. ჩემი ძმიშვილიც მათ გაჰყვა, მე კი ავტობუსის არეული სალონის მოწესრიგებას მივყავი ხელი. ის იყო, ჩასვლა დავაპირე, მხარზე ჩანთამოგდებული ჩემი ძმიშვილი ჩქარი ნაბიჯით ამოვარდა უკან და მართალი იყავი, მთელი გზა თეთრეულებსა და მის რეცხვაზე რომ ილაპარაკე, ძაღლი არ ჩაწვება იმ ქვეშაგებშიო, გამომიცხადა. პირკატა მეცა, მაგრამ ვარჩიე, საკუთარი თვალით მენახა, რაზე იყო საუბარი. ეზოში შევედი თუ არა, რამდენიმე მოსწავლე ასევე ჩანთააკიდებული შემომეფეთა, ფურთხება-ფურთხებით ისინიც ავტობუსისკენ მიდიოდნენ. რა ხდება-მეთქი და იქაურობა შარდის და შმორის სუნით ყარს; ყველა კუთხე-კუნჭული ობობების ქსელითაა მობლანდული, თეთრეულს კიდევ, ზოგს ფერი არ ეტყობა და ზოგში ჩაფსმულიაო... ეგრევე უკან გაბრუნება დავაპირე, მაგრამ კლასის დამრიგებელი შემომეგება და შემოდი, შემოდი, არაფერია დასაწუნი, აბა, ქუჩაში ხომ არ დავრჩებითო. მეც

ხათრი ვერ გავუტეხე და შევყევი.

მასპინძელ დიასახლისს დირექტორი და მისი ძმობილები ზედა სართულზე მოეთავსებინა, დანარჩენი მასწავლებლები და მოსწავლეები კი ქვედა სართულზე შეეყვანა და თავადაც იქვე, აივანზე ტრიალებდა. პირველ, პატარა ოთახში მხოლოდ ორი რკინის ლოგინი იდგა, გაურკვეველი ფერის თეთრეულით. მეორე, დაბალჭერიან, ფართო ოთახშიც რკინის რამდენიმე ლოგინი იდგა, იატაკზე კი ყველგან ლეიბები ელაგა, რომელსაც მუქი ფერის გადასაფარებლები ეფარა. დაბალვატიანი ნათურის შუქი ძლივს ანათებდა იქაურობას და ისეთი შმორის და შარდის სუნი იდგა, მექანიკურად წავიჭირე ცხვირზე ხელი და კარებიდანვე გამოვბრუნდი. როგორც მითხრეს, კიდევ ერთი ოთახიც იქვე იყო, რომელშიც ბიჭები უნდა დაწოლილიყვნენ და სადაც ანალოგიური ამბავი ხდებოდა.

- მე აქ გამჩერებელი არა ვარ და თქვენ რაც გინდათ, ქენით-მეთქი,- გამოვუცხადე მასწავლებლებს. - ხომ ვყოფილვარ მართალი, გზაში ამდენს რომ ვანგარიშობდი და თქვენ მაჩუმებდით-მეთქი. მერე მასპინძელს მივუბრუნდი: - ქალბატონო, ამას ეძახდით მოთავსებას, ამ საღორეში დაწოლას როგორ გვკადრებთ-მეთქი.

- ამ ფასად უკეთესი რა გინდოდათო? - იმანაც.

- უკეთესი ფასი დაადეთ და ერთხელ მაინც გარეცხეთ ეს თეთრეული, ასი კაცის ნაწოლში რომ ეპატიჟებით ადამიანებს-მეთქი. - გამოვიჯახუნე ოთახის კარიც, ჭიშკარიც და დავბრუნდი ავტობუსში.

რა ხდებაო, მძღოლებმა მკითხეს. ვუთხარი რაშიც იყო საქმე და ჩემი უკმაყოფილება არც მათთან დამიმალავს.

ისინი ჩემზე მეტად იყვნენ გაბრაზებულები, თან, მთელი გზა ესმოდათ, როგორ გამოვთქვამდი პრეტენზიას ბევრ რამეზე, ამიტომ თავისიანად მიმიჩნიეს და გულახდილად მითხრეს: ამდენი წელია, ავტობუსზე ვმუშაობთ, სად და სად არ წაგვიყვანია ბავშვები ექსკურსიაზე, მაგრამ ასეთი არაორგანიზებულობა, როგორსაც ამ სკოლასთან შევხვდით, ჯერ არ გვინახავსო. ეს თქვენი დირექტორი რა ჭკუას ემსახურება, ამდენი ბავშვი აბარია და დილიდან სამჯერ დალია, უკვეო. მოსკოვში დაგვყავს ხალხი და ასე მაგ გზაზე არ ვიღლებითო. ორ დღეში რეისი გვაქვს ისევ, ბილეთები გაყიდულია და ასეთი ტემპით თუ აპირებთ თქვენ სიარულს, რეისი ჩაგვივარდებაო.

ამასობაში, უკმაყოფილო ბავშვების რაოდენობაც გაიზარდა, რომელთაც იმ ქვეშაგებში წოლას ავტობუსში დარჩენა ერჩივნათ და ჩვენსკენ იწევდნენ, მაგრამ დამრიგებელი არ ანებებდა, მე მყავხართ ჩაბარებული და მე სადაც ვიქნები, თქვენც იქ უნდა იყოთო. წინა კარებიდან რომ ამოვიდოდნენ მოზარდები, ამოჰყვებოდა დამრიგებელი, ჩაიყვანდა უკანა კარებიდან, გავიხედავდი, ისევ წინა კარებიდან ამოვიდოდნენ. ბოლოს გაბრაზებული დამრიგებელი ჩემს გასაგონად აბუზღუნდა, ჩვენც ნანახი გვავქვს გარეცხილი და სუფთა თეთრეული, მაგრამ როცა სხვა გამოსავალი არ არის, რაც საჭიროა, იმას ვაკეთებთო...

- არავის ვაძალებ, პატივცემულო, მე არჩევანი გავაკეთე, ამაღამ ჩემს ძმიშვილთან ერთად ავტობუსში ვრჩები და თქვენ ვინ გიშლით, სადაც გინდათ, იქ დაწექით-მეთქი.

დანარჩენ დეტალებს არ მოვყვები, ბევრია სათქმელი და შორს წაგვიყვანს, მთავრი ისაა, რომ ის ღამე გადავაგორეთ და დილით, იმ სახლის აივანზე ისევ ჩვენი საგზლებიდან მორჩენილი ბოლო ნამცეცებით ვისაუზმეთ. შემდეგ თელავის შემოგარენში მდებარე ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად გავემართეთ.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არათუ ღამისთევის საკითხი იყო დაგეგმილი და ორგანიზებული, ექსკურსიის მარშრუტიც კი წინასწარ არავის დაუგეგმავს, გიდზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო მაშინ და სრულიად ქაოტურად დავბორიალებდით.

რაც მთავარია, ჩვენი სკოლის დირექტორი და მისი თანამეინახენი, ყოველთვის ახერხებდნენ სადღაც-სადღაც გაძრომას და დალევას, რასაც წყობილებიდან გამოვყავდი და ბუნებრივია, უკმაყოფილებასაც გამოვხატავდი. ჩემდა გასაკვირად, ამ ფაქტს მასწავლებლები ისე უყურებდნენ, როგორც ჩვეულებრივ ამბავს და პროტესტიც არ უჩნდებოდათ.

ამ ყველაფერთან ერთად, მახსოვდა რა, ავტობუსში გატარებული ღამის სიმწარე, ნაშუადღევსვე ვუთხარი დამრიგებელს, თუ დაბინავების საკითხი ამ ღამითაც მოუგვარებელი იქნება, დროზე მაინც მითხარით, რომ მოვკიდო ჩემს ძმიშვილს ხელი და გამვლელი ავტობუსით ჩავიდე თბილისში, რათა ლოგინში დაძინება მოვახერხო-მეთქი. მას კი გაუჭირდა პირობის მოცემა, მაგრამ დირექტორმა გამოიდო თავი, ეგ პრობლემა მოხსნილია, სოფელ მანავში მივდივართ ამაღამ და იქ დავბინავდებითო. სკოლის მნეს მანავში გოგო ჰყოლია გათხოვილი და მას და დირექტორს, საღამოსთვის სწორედ თავის მოყვრებში ქეიფი დაუგემავთ. ეს რომ გავიგე, კიდევ ერთხელ აღვშფოთდი, თქვენ კარგი, მაგრამ უცხო ოჯახს ამდენი ადამიანი რომ მივადგებით, ძალიან უხერხულია და თან, არც არავინ არის ვალდებული, ჩვენზე დაიხარჯოს-მეთქი. ამიტომ მანავში გაჩერებას, ჯობია თბილისში ჩავიდეთ, ათიოდე ბავშვს მე წავიყვან ბინაში, მათ კვებას და მოვლას, ამაღამ, საკუთარ თავზე ვიღებ, დანარჩენები თქვენ გაანაწილეთ სადმე, თბილისში ბევრია ჩვენი თანასოფლელი და დაგვეხმარებიან, დილით კი დედაქალაქი დავათვალიერებინოთ ბავშვებს და დროულად წახვალთ სახლში-მეთქი. მოზარდები წინააღმდეგნი არ იყვნენ, პირიქით, გაუხარდათ კიდეც, მძღოლებმაც მხარი ამიბეს, ჩემი წინადადება აწყობდათ, მაგრამ ჩემი შეთავაზება დირექტორმა არც კი განიხილა. ამდენად, სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგის მოყვრებს, მანავში, იმ საღამოს ერთი ავტობუსი ხალხი მართლა მივადექით. ისინიც რას იზამდნენ, გაგვიღეს ჭიშკარი და შეგვიპატიჟეს, მაგრამ შეცბუნებას ვერ მალავდნენ. როგორია, 45 დამშეული ადამიანი რომ მოგადგება კარზე, დაუპატიჟებლად? გამოიტანეს რაც რამე მზა საჭმელი ჰქონდათ, მოაყოლეს ზამთრისთვის გამზადებული სხვადასხვა დაკონსერვებული საკვებიც, ერთი მეზობელი პურის მოსატანად გაუშვეს, რომელსაც მე რამდენიმე ჩვენი მოსწავლეც გავაყოლე და დავაბარე, პური მათ ეყიდათ. ვინაიდან გვიანი იყო, ძლივს მიუსწრიათ თონისთვის, სადაც ძალიან ცოტა პური ჰქონიათ დარჩენილი, მაგრამ რაც იყო, სუყველა წამოუღიათ. მაინც არ გვეყო. მახსოვს, როგორ გამალებით ვჭრიდი პურებს და ვულაგებდით ბავშვებს, რომლებიც აბრეშუმის ჭიებივით წამში ამთავრებდნენ, რადგან მისაყოლებელი ბევრი არა იყო რა. მახსოვს, გულის გასამაგრებლად ნახევარი ნაჭერი ყველი და პური შევჭამე მარტო, ბავშვებს რომ ლუკმა არ დაჰკლებოდათ.

ფული თავზესაყრელად რომც გქონოდა, ისეთი დრო იყო, თუ წინასწარ თადარიგს არ დაიჭერდი, ღამით, ასე, შენს გემოზე ვერაფერს იყიდიდი. თადარიგზე კი, არავინ ფიქრობდა, თორემ ვიდრე სოფელში ჩავიდოდით, შეიძლებოდა ფული აგვეკრიფა და გზად გვეყიდა რამე, მასპინძლებს მთლად ასე ხელცარიელები, ღვთის რისხვასავით თავს რომ არ დავტყდომოდით.

ბევრს აქაც არ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იმ ღამით ჩვენ, დიდები კი გაგვანაწილეს ოთახებში და გვერგო ლოგინები, თუ სათითაოდ არა, ორს ერთი მაინც, რათა წელი გაგვეშალა. მოზარდებს კი არ გაუმართლათ, ავტობუსში მოუწიათ ღამის გათევამ, რადგან სახლში არც ამდენი ადგილი და არც ქვეშაგები იყო. რა თქმა უნდა, უმეთვალყუროდ ვერ დავტოვებდით და ერთი მასწავლებელი მათთან ერთად ავტობუსში დარჩა.

გათენდა მესამე დღე. მასპინძელმა ჩვენს საპატივცემულოდ თხა დაკლა და უფროსებისთვის სუფრა სახლში, მისაღებ ოთახში გაიშალა, მოსწავლეებისთვის კი მაგიდები გარეთ გავიტანეთ. ბუნებრივია, ერთი თხა ამდენ ადამიანს ვერ ეყოფოდა, შესაბამისად, კონკრეტული დეტალების მოყოლისგან აქაც თავს შევიკავებ... მე არათუ არ დავმჯდარვარ სუფრასთან, სადაც სუფრა იყო გაშლილი, იმ ოთახშიც არ შევსულვარ, გარეთ, ბავშვებთან ვიჯექი. თან, იმათ, ვინც წინა ღამით პურზე იყვნენ წასულები და იცოდნენ, თონე სად იყო, ფული მივეცი. ვთხოვე, პური კიდევ მოეტანათ და თუ სადმე მაღაზიას ნახავდნენ, რამე საჭმელიც ეყიდათ. დანარჩენები მიყვებოდნენ, იმ ღამით როგორ არ დააძინეს თავიანთი დარაჯი მასწავლებელი, რამდენი იმაიმუნეს ავტობუსში, მერე მძღოლები როგორ გაუბრაზდნენ...

ამ ექსკურსიის მერე ოდესმე ექსკურსიაზე წასვლა თუ მოგინდებათ-მეთქი, ვკითხე და გაგონებაც არ გვინდაო, ერთხმად იყვირეს. რომ გვცოდნოდა, ასეთი სიმწარე გველოდა, ჩვენი სოფლიდან ფეხს არ გავადგამდითო. ჩვენს დირექტორს დალევა და ქეიფი იქაც არ აკლდა, ამ სიშორეზე რომ არ წამოვეყვანეთ იმის საყურებლად, თავად როგორ იქეიფებდაო.

მათ დირექტორს კი გარეთ არც გამოუხედავს, არც დაინტერესებულა, რას აკეთებდნენ მისი წამოყვანილი მოსწავლეები. იჯდა სუფრის თავში და სადღეგრძელოებს სულ ლექსებად ამბობდა.

ავტობუსის მძღოლებიც დიდხანს არ დარჩენილან სუფრასთან, დანაყრდნენ თუ არა, გარეთ გამოვიდნენ და ავტობუსის სიახლოვეს ბოლთას სცემდნენ. პერიოდულად, ხან ერთი მოვიდოდა და მეკითხებოდა, ჰა, რას ვშვრებით, აღარ მივდივართო, ხან - მეორე. მე კი, სახლისკენ ვამისამართებდი, იმათ ჰკითხეთ-მეთქი. ,,იმათ“ რომ ჰკითხავდნენ, აი, ერთი სადღეგრძელო კიდევ და მოვრჩებითო, პასუხობდნენ.

ასე გავიდა დღის ორი საათი და დაიწყო - სამი. ბოლოს მძღოლებმა კატეგორიულად მოითხოვეს, ან მოდიხართ, ან ჩვენ იძულებულნი ვართ, დაგტოვოთ და წავიდეთ, ვინაიდან დათქმულ დროში ვეღარ ვეტევით და მოსკოვის რეისი გვივარდებაო. მათ გაღიზიანებას ის ფაქტიც იწვევდა, რომ თუ იმ საღამოს ზუგდიდში დროზე ვერ ჩავიდოდნენ, ავტობუსის მოწესრიგებას და დასვენებას ვეღარ მოასწრებდნენ და ასეთი დატვირთვის შემდეგ, მეორე დილას ისევ ხანგრძლივ რეისზე უნდა წასულიყვნენ. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ამ ექსკურსიიდან აღებული გასამრჯელოდან მინიმალური მოგება რჩებოდათ, რადგან საწვავის ის რაოდენობა, რაც ექსკურსიისთვის გათვლილი ჰქონდათ, ამდენი დაუგეგმავი სიარულის გამო, კარგა ხნის წინ ამოეწურათ და ავზის შესავსებად გვარიანი თანხა დახარჯეს.

მათი ძალისხმევით, მანავიდან სამი საათისთვის გამოვედით და თბილისამდე შეუჩერებლად ვიარეთ. თბილისში კი მორიგი თავგადასავალი გველოდა.

როგორც აღმოჩნდა, სკოლის დირექტორს აქაც ჰქონია რაღაც საქმე, ამიტომ გარკვეული დროით, თბილისშიც უნდა გაჩერებულიყვნენ. პარალელურად, დამრიგებელს და სხვა მასწავლებლებს დაგეგმილი ჰქონიათ, ზამთრის მარაგისთვის საჭირო სანოვაგეების საყიდლად მაშინდელი დეზერტირების ბაზრობაზე წასულიყვნენ. ამისთვის კი, მოსწავლეები ვინმეს სადმე უნდა შეეყოლიებინა და ეს ვინმე აღმოვჩნდი მე. რა გზა მქონდა, შევთავაზე, თუ მძღოლები დაგვთანხმდებიან, ზოოპარკში შევიყვან ბავშვებს და თქვენ მანამდე თქვენი საქმეები მოილიეთ-მეთქი. მძღოლებმა ამ გადაწყვეტილებაზე ხელები გაასავსავეს, არავითარი გაჩერება და დროის კარგვაო, მაგრამ ვინ მოუსმინა?!

ავტობუსი ტელევიზიის წინ გავაჩერეთ, მე ბავშვები დავამწკრივე და უკან მივყევი, დანარჩენები კი თავიანთ საქმეებზე წავიდ-წამოვიდნენ. თან, მძღოლის გასაგონად ხმამაღლა თქვეს, 6 საათზე დიდუბის სადგურთან მოდით, იქ შევიკრიბოთ და წავიდეთო. მე კი მანამდე, ცალკე გამაფრთხილეს, შეიძლება ცოტა დაგვაგვიანდეს და ეცადე, მეტ ხანს დარჩეთ ზოოპარკშიო.

მეც კუთხე-კუნჭული არ დამიტოვებია, ყველა ვოლიერთან მივიყვანე მოზარდები, რაც სანახავი იყო ვანახე, ეშმაკის ბორბალზეც დავსხედით. ვისაც თანხა ჰქონდა შემორჩენილი, სხვა ატრაქციონებითაც შეიქციეს თავი, ბატი-ბუტიც და ბურბუშელაც იყიდეს. ამასობაში 6 საათიც მოახლოვდა და მძღოლებმა აჩქარება დამიწყეს, დროზე წავიდეთ, არ დავაგვიანოთო. მე ვცადე, თავი დამეძვრინა და მოვიმიზეზე, ბავშვებს კიდევ უნდათ გართობა და ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ-მეთქი, მაგრამ ყველა ბავშვი ერთხმად აჟრიამლულდა, ოღონდ სახლში წავიდეთ, ზოოპარკში გართობა კი არა, დაბანა გვინდა, ძილი გვინდა, ჭამა გვინდაო. გულში კი გავიფიქრე, აქ ყოფნა ჯობია დიდუბის სადგურზე ავტობუსში ლოდინს-მეთქი, მაგრამ მძღოლებიანად ყველა ერთ აზრზე იყო და რას გავაწყობდი? მივედით დიდუბეში და ჩამოვდექით.

ჰო, ერთი საგულისხმო მომენტი უნდა აღვნიშნო. იმ დროს მობილური ოჯახში თითო კაცს ჰქონდა მარტო, შესაბამისად, მშობლები ექსკურსიაზე წამოსულ შვილებს თავიანთ ნებაზე ვერ ეკონტაქტებოდნენ. დამრიგებელს ურეკავდნენ და ის აწვდიდა ინფორმაციას გადაადგილების და ადგილმდებარეობის შესახებ. რამდენჯერაც დარეკავდნენ, მასწავლებელი, რა თქმა უნდა, ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და არ ენერვიულათ. მაშინ რომ ყველა მოსწავლეს ტელეფონი ჰქონოდა, წარმომიდგენია, თავად რა ინფორმაციას მიაწვდიდნენ მშობლებს...

ახლა, კი, ბოლოს და ბოლოს, ამ ისტორიის დასასრულსაც მივუახლოვდით.

7 საათი კარგად შესრულებული იყო, ნავაჭრი სანოვაგით დატვირთული მასწავლებლები რომ გამოჩნდნენ. ჩანთები საბარგულში მოათავსეს და ვალმოხდილები ამოვიდნენ ავტობუსში. აწი მთავარი იყო, დირექტორი და მისი ამალა როდის ინებებდა მოსვლას.

როგორც იქნა, ერთ საათის შემდეგ, ისინიც მოვიდნენ.

ამ დროისთვის როგორი იყო მძღოლების ფსიქიკური მდგომარეობა, აღარ ვილაპარაკებ. გულწრფელად მესმოდა მათი და ვთხოვე, ვიცი, რასაც განიცდით, მაგრამ გეხვწებით, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ეს ბავშვები საღ-სალამათები ჩაუყვანეთ თავიანთ მშობლებს-მეთქი. თან ათასი მადლობა გადავუხადე და დიდი დიღმის შესასვლელთან დავემშვიდობე. მართლა მეშინოდა, განერვიულებულ მძღოლს გზაში რამე შეცდომა არ დაეშვა და უბედურება არ მომხდარიყო, ამიტომ ვიდრე დანიშნულების ადგილამდე არ ჩავიდნენ, თვალი არ მომიხუჭავს.

მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა და სამი დღისა და სამი ღამის შემდეგ, დაუბანელი, დაღლილი, მშიერ-მწყურვალი და უძინარი ბავშვები მშობლებმა მშვიდობიანად ჩაიბარეს.

19 წელი გავიდა და იმ ექსკურსიის ბევრი ნიუანსის გახსენებაზე დღესაც ისეთი ბრაზი მიბყრობს, მშვიდად საუბარი მიჭირს. ჩვენი სკოლის მაშინდელი დირექტორის მიმართ კი, რომელიც საკმაოდ ინტელექტუალურ პიროვნებად არის ცნობილი, წარმოდგენა სამუდამოდ დამეკარგა. ვერც იმ დამრიგებელზე დავრჩი კარგი აზრის, რომელიც ყველაფერ იმას, რასაც მე ვაპროტესტებდი, ნორმად მიიჩნევდა და კრიტიკული თვალით არ უყურებდა. დღემდე არც ის მესმის, რანაირად შეიძლებოდა, როცა მე არა მარტო ჩემი ძმიშვილის, ავტობუსში მყოფი ყველა ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და მათთვის შექმნილი დისკომფორტი უაღრესად მაწუხებდა, მასწავლებლები არხეინად ყოფილიყვნენ და ეფიქრათ, რომ ყველაფერი რიგზე იყო?! არც იმ მძღოლებისთვის შექმნილი დისკომფორტის გამო უგრძვნიათ უხერხულობა, რომელთაც ამდენი ბავშვის სიცოცხლე ებარათ; არც იმაზე უზრუნიათ, რომ სამდღიანი წოწიალის მერე, დაღამებამდე დასდგომოდნენ გზას, რათა თავადაც დროულად და მშვიდად დაბრუნებულიყვნენ სახლში და იმ ავტობუსის მძღოლებსაც საქმე არ გართულებოდათ.

ამიტომ მიმაჩნია, რომ სასკოლო ექსკურსიების შესახებ კანონი კიდევ უფრო დასამუშავებელი და დასახვეწია. ამასთან, მინდა, ყველა მშობელს მოვუწოდო, ვიდრე ექსკურსიებს დასთანხმდებიან, ათასჯერ აწონ-დაწონონ ყველა დეტალი; მასწავლებლებისგან მოითხოვონ ზუსტი გეგმა, მარშრუტი; გაიგონ პირობები: სად, რა, როგორ და აუცილებლად გაჰყვნენ თავიანთ შვილებს ექსკურსიაზე, ნუ დარჩებიან სხვების იმედად!

P. S. ჰო, დასაწყისში ხომ გახსოვთ, დირექტორი გეგმებს რომ აწყობდა, ნაჩუქარი 200 კილო ყურძნისგან რამდენი ლიტრი ღვინო დაეყენებინა? არათუ 200, 2 კილო ყურძენიც არავის მიუცია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...