Jump to content
Planeta.Ge

როგორ გაჩნდა ბაიანთხევის ტყეში მინდვრის ადგილას ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო


ტყეების გასხვისება-მითვისებაზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ არავის არსად უხსენებია ის ფაქტი, რომელზეც მე უნდა მოგიყვეთ.

საქმე ეხება დაბა სურამში მდებარე ბაიანთხევის ტყეს, რომლის გარკვეული ნაწილიც, წლების წინ ისე გასხვისდა, ადგილობრივ მცხოვრებლებს არაფერი გააგებინეს.

ცნობილია, რომ სურამის წიწვოვანი ტყეები საბჭოთა პერიოდში, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 30-ან წლებში გაშენდა. მთა, რომელზეც ამჟამად სოფლების, ზინდისისა და ბაიანთხევის ტყეები მდებარეობს, მეწყერსაშიში ზონა იყო და სწორედ ამიტომ, მცოცავი ნიადაგის შეკავების მიზნით, იქ ფიჭვები დარგეს, ვინაიდან ამ ხეების ფესვები ჰორიზონტალურად ვითარდება და მიწას კარგად ,,იჭერს.“

მაშინ სპეციალისტებმა ბაიანთხევის ფიჭვნარში, დაახლოებით 1300 კვ.მ ფართობის მინდორიც სპეციალურად ღიად დატოვეს, რადგან ეს სივრცე ტყის სავენტილაციოდ, ჰაერის სამოძრაოდ იყო საჭირო. ასევე დატოვეს ამ მინდვრამდე მისასვლელი სამანქანო გზა, რათა ცეხცლის გაჩენის შემთხვევაში ტყეში სახანძრო მანქანების შეღწევა არ გართულებულიყო.

ტყის ბუნებრივი ვენტილაციის გარდა, ამ მინდორმა წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

მოგეხსენებათ, სურამი ზაფხულის კურორტია და პანდემიამდელ პერიოდში, დასვენების მსურველებს ვერ აუდიოდა. მათი დიდი ნაწილი, ცენტრიდანაც ყოველდღე ადიოდა ბაიანთხევის ტყეში და საღამომდე იქ რჩებოდა. ბაიანთხევის უბანს არც თავისი დამსვენებლები აკლდა. დასახლებაში მრავალი საოჯახო სასტუმროა, რომლებიც ყოველ ზაფხულს ბევრ სტუმარს იღებდა. ვისაც ჩვილი ბავშვები ჰყავდა, ხსენებულ მინდორში, მწვანე მდელოზე გაშლილ პლედებზე აწვენდნენ და პატარებიც, მუდმივად მზის აბაზანებს იღებდნენ.

 

273483449-722652018714265-5573665929767433279-n.jpg

მინდორი, არა მარტო პატარებისთვის, მოზრდილებისთვისაც მიმზიდველი ადგილი იყო. შვილებთან ერთად მშობლებიც აქტიურად ერთობოდნენ, თამაშობდნენ ფეხბურთს, ფრენბურთს, ბანდმინტონს, აწყობდნენ პიკნიკებს და დაბადების დღეებსაც იხდიდნენ.

ბაიანთხევის ტყეში მდებარე მინდორს, კიდევ ერთი დანიშნულება ჰქონდა. სურამის საოჯახო სასტუმროებში სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები ხშირად ატარებდნენ საზაფხულო შეკრებებს. მწვრთნელებს კი აღსაზრდელები, სწორედ, იმ მინდორზე მიჰყავდათ და ყოველ დილა-საღამოს ავარჯიშებდნენ.

ამდენად, იქაურ დამსვენებლებს, რომელთა შორის მეც ვარ, ბაიანთხევის ტყე ამ მინდვრის გარეშე ვერც წარმოგვედგინა და აზრად არ მოგვივიდოდა, რომ ოდესმე იმ ტყის ნაწილი აღარ იქნებოდა, სადაც ყოველ ზაფხულს დავდიოდით.

თუმცა, სულ ტყუილად.

ერთ მშვენიერ დღეს, ამ ადგილს ტყის სტატუსი მოუხსნეს და ტყის ფონდის ნუსხიდან ისე ამოიღეს, არავისთვის არაფერი უკითხავთ...

ოღონდ, ზუსტად როდის მოხდა ეს ფაქტი ან რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივებმა ვერც ერთ ოფიციალურ წყაროში ვერ მიაკვლიეს.

ისევ მუნიციპალიტეტის ყოფილი ჩინოვნიკებისგან ყურმოკვრით გაიგეს, რომ ბაიანთხევის ტყის აღნიშნულ ტერიტორიას, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, ხელისუფლების შეცვლამდე დაადგა თვალი ვიღაცამ და ტყის ფონდიდანაც მაშინ ამოიღეს.

image.jpeg

,,როგორც ჩანს, ვიღაც კონკრეტულ პირს აინტერესებდა ეს ტერიტორია და ტყის სტატუსი იმიტომ მოუხსნეს, მაგრამ ვიდრე აუქციონზე გაიტანდნენ და მსურველი დაისაკუთრებდა, მანამდე ხელისუფლებაც შეიცვალა და გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ვერ მოასწრეს.

ამის შემდეგ, კარგა ხანს ეს საქმე არავის მოუკითხავს. მერე ვინც ნახა, რომ ტერიტორია გასაყიდად იყო გამზადებული, რაღაზე აიტკივებდა თავს იმის კვლევით, საიდან და როგორ მოხვდა ის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს სიაში ან რაღაზე დაუბრუნებდა ტყის ფონდს?

ოღონდ რამე გაეყიდათ...

ასე გავიდა ჩვენი მინდორი ელექტრონულ აუქციონზე და მფლობელიც მალე გამოუჩნდა. რამდენად გამჭვირვალე იყო ეს პროცესი, ეგ კიდევ ცალკე საკითხავია.

ამ დროს ჩვენ არც არაფერი გვსმენოდა ტყის ფონდიდან მინდვრის ამოღების შესახებ და მხოლოდ მას შემდეგ გავიგეთ, რაც ხმა დაირხა, გაიყიდაო.

რა თქმა უნდა, თავიდან ვერც დავიჯერეთ, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ სიმართლე იყო და მის დასაბრუნებლად ბრძოლა დავიწყეთ.

მისი გაყიდვა როგორ შეიძლებოდა, ის ხომ ტყის ნაწილი და ყველა ჩვენგანის საკუთრება იყო?

გადა იმისა, რომ ეს საკუთრება წაგვართვეს, იმანაც აღგვაშფოთა, რომ ამ ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიანი დიდი სასტუმრო კომპლექსის აშენება იგეგმებოდა.

თქვენც ხედავთ, აქ ქვიშიანი და მცოცავი ნიადაგია, ზედმეტად თუ შეეხები, იშლება. მეზობელი სოფელია ზინდისი, მთის ერთ მხარეს ბაიანთხევია, მეორე მხარეს - ზინდისი. რამდენიმე წლის წინ, საკანალიზაციო სისტემის მოწყობისას წარმოებული სამუშაოების გამო, ზინდისში მეწყერი ჩამოწვა. უარესი გველოდა ბაიანთხევში და სწორედ ამიტომ ვიყავით წინააღმდეგნი.

ჩვენ კონკრეტულ პირს კი არ ვებრძოდით, ვებრძოდით სახელმწიფოს და ვითხოვდით გადაწყვეტილების გაუქმებას. არ იქნებოდა ის ბიზნესმენი, იქნებოდა სხვა, ვინც ტყის ამ ნაწილს სახელმწიფოსგან იყიდიდა.“ - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომლის ვინაობასაც ობიექტური მიზეზების გამო, არ დავასახელებთ.

ბაიანთხეველებმა ტყის აღნიშნული ტერიტორიის დასაბრუნებლად, რაც შეეძლოთ, იბრძოლეს. საქმე სასამართლომდე მივიდა და გადაწყვეტილების მიღებაც კარგა ხანს გაჭიანურდა. ამ ბრძოლაში, ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, დამცირებაც იწვნიეს და უკუბრალდებებიც მიიღეს, სამართალს კი მაინც ვერ მიაღწიეს, მინდორი ვერ დაიბრუნეს. ამიტომ დავაზე ხელი ჩაიქნიეს და დღეს ამ თემაზე ლაპარაკსაც ერიდებიან.

თავის დროზე, როცა საქმე სასამართლოში იხილებოდა, რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გამართეს, უნდოდათ, ხმა ზემდგომებისთვის მიეწვდინათ. რამდენიმე მედიასაშუალებამ მათი აქტივობებიც გააშუქა და ვრცელი სიუჟეტებიც მიუძღვნა, თუმცა ბაიანთხევის ტყის ბედით ხელისუფლებიდან არავინ დაინტერესებულა. არც ის გარკვეულა, ვინ და როდის ამოიღო ტყის ფონდის ნუსხიდან ეს მინდორი, რატომ დადგა ამის საჭიროება, საერთოდ და თავდაპირველად ვინ იყო მისი გასხვისების ან მითვისების მსურველი.

საზოგადოების მხრიდან კი, ამ სატელევიზიო სიუჟეტებსა თუ პუბლიკაციებს, როგორც გვჩვევია, ხოლმე, მხოლოდ ზედაპირული შეფასებები მოჰყვა; იმის ნაცვლად, ვინმეს პრობლემის სიღრმე და არსი გაეანალიზებინა ან მოეკვლია, რისთვის იბრძოდნენ ბაიანთხეველები, სოციალურ ქსელებში ზოგიერთი წერდა: მარტო ნაზუქის ქნევით შორს ვერ წახვალთ, განვითარებას ნუ ეწინააღმდეგებით, სწორედ ასეთი პროექტები სჭირდება ქვეყანასო.

რაც შეეხება თავად ინვესტორს, რომლის მფლობელობაშიც ბაიანთხევის ტყეში მდებარე მინდორი ოფიციალურად გადავიდა, მისი წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდნენ, თითქოს, ადგილობრივები იმ მოტივით აპროტესტებდნენ ახალი სასტუმროს მშენებლობას, რომ ეგონათ, მფლობელი ტყის გაჩეხვას აპირებდა.

,,მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და იქ მშენებლობის დაწყება არ შეიძლება.

ინვესტორს ყველაფერი კანონის ფარგლებში აქვს გაკეთებული და ხეების გაჩეხვა არ იგეგმება, ადგილობრივების პროტესტი სრულიად უსაფუძვლოა.“ - აღნიშნავდნენ ისინი მედიასთან ამ საკითხის განხილვისას.

მათივე ინფორმაციით, სინამდვილეში, საჩივრების ავტორი მოსახლეობის ის ნაწილი იყო, ვისაც საოჯახო ტიპის სასტუმროები ჰქონდა და შიშობდნენ, რომ ახალი სასტუმრო მათ დამსვენებლების რიცხვს შეუმცირებდა, თუმცა, ტყუილად, რადგან მათი სეგმენტი განსხვავებული იყო.

ამაზე ,,საჩივრების ავტორ მოსახლეობას“ დღემდე თავიანთი ჩამოყალიბებული აზრი აქვს. მათ ზუსტად იციან, რისთვისაც იბრძოდნენ და რატომაც მიმართეს სასამართლოს.

,,კონკურენციის ეშინიათო, გვაბრალებდნენ. არადა, რომელ კონკურენციაზეა საუბარი, როცა ჩვენთან დღე-ღამის საფასური 15-20 ლარიდან 50-80 ლარამდე მერყეობს და მათი სერვისის ღირებულება 400-500 ლარია?

ეს საკითხი თავიდანვე ნათელი იყო და ვიცოდით, რომ ჩვენ მათი კონკურენტები ვერც ვიქნებოდით.

აქ ტყის დაცვასა და გარემოსთვის ზიანის მიყენებაზე იყო საუბარი, საერთო ტეროტორიის გასხვისებასა და რაც მთავარია, იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლებოდა დასახლებას და მთლიანად ტყეს შეჰქმნოდა.

მათი პროექტი ოთხსართულიანი, 30 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებდა, რომელსაც ასევე, მიწისქვეშა ავტოსადგომი უნდა ჰქონოდა. ტყის შუაგულში ჯერ ოთხასრთულიანი შენობის და ამას დამატებული, მიწისქვეშა ავტოსადგომის საძირკველი რომ გათხრილიყო, რამხელა სიღრმეზე უნდა ჩასულიყვნენ?

image.gif

როგორც ვთქვით, ქვიშიანი და მეწყერსაშიში ნიადაგი გვაქვს. ამ მშენებლობის დაწყება იმას ნიშნავდა, რომ თუ პროცესშივე არა, ცოტა ხანში ტერიტორია მთლიანად მოწყდებოდა და მთელ დასახლებას, ტყის მასივიანად, სურამის ცენტრში ჩაგვიტანდა.

უპირველსად, სწორედ ეს საფრთხე გვალაპარაკებდა და არა - კონკურენციის შიში.

ამას გარდა, დიახაც, ტყის გაჩეხვის საფრთხეც არსებობდა, რადგან ინვესტორს სურდა, თავისი სასტუმროს მიმდებარედ, ტყის 5 ჰექტარი ტერიტორია, სარეკრეაციო ზონისთვის, იჯარით აეღო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ფიჭვების გაჩეხვის გარდა, ბაიანთხევის ტყის დიდი ნაწილი კერძო მფლობელობაში გადავიდოდა და ის ადგილობრივებისთვისაც და დამსვენებლებისთვისაც მიუწვდომელი იქნებოდა.

ამ შემთხვევაში კი ჩვენი საოჯახო სასტუმროების ბიზნესს, მართლა, გაკოტრება ელოდა, რადგან მარტო ჩვენს სანახავად ან ოთახებში გამოსაკეტად აქ დამსვენებლები არ ამოვიდოდნენ.“ - გვიხსნის ჩვენი რესპონდენტი.

მისი თქმით, საბედნიეროდ, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ეყო კეთილგონიერება და ბიზნესმენს იჯარის მოთხოვნაზე უარი უთხრა, თუმცა კი კანონით უფლება ჰქონდა, ნებართვა გაეცა.

დიახ, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი მიწის და ტყის იჯარით გაცემის შესახებ კანონი სააგენტოს ამის უფლებას აძლევდა, მით უმეტეს, როცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან ინვესტორს მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს არნაირი ვალდებულება არა აქვს, მოსახლეობის აზრს ანგარიში გაუწიოს, თუმცა ბაიანთხეველების შემთხვევაში, მათმა პროტესტმა და მოთხოვნებმა გაჭრა და ხსენებულმა სააგენტომაც ინვესტორის განცხადება არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება სასამართლოს, 2 წლის წინ, მან დავა ბიზნესმენის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ბაიანთხევის ტყეში სასტუმროს აშენების უფლება მისცა. ერთადერთი მოთხოვნა ის იყო, რომ ახალი გეოლოგიური კვლევა ჩაეტარებინათ და დასკვნის საფუძველზე პროექტი განეახლებინათ.

ბაიანთხეველების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არავითარი გეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა და მას საქმის მასალებში ვერ იპოვით. თუმცა მათი საჩივრების შედეგად, მიწის მფლობელმა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაინც მიიღო; პროექტი შეცვალა და მაღალსართულიანი კომპლექსის ნაცვლად, ტყეში მსუბუქი კონსტრუქციის კოტეჯები ჩადგა.

ასე, რომ უკვე, მეორე წელია, სურამში, ბაიანთხევის ტყეში დასვენების მსურველებს, ტყის შუაგულში მდებარე ცნობილი მინდვრის ნაცვლად შემოღობილი კერძო ტერიტორია ხვდებათ, ხუთი ორსართულიანი კოტეჯით, ორი აუზითა და ეზოს გვერდზე, ტყეშივე გათხრილი საკანალიზაციო ჭით.

P. S. მასალაში შეგნებულად არ ვწერ არავის ვინაობას, მხოლოდ ფოტოებს დავურთავ, რომლებიც ასახავს იმ რეალობას, რაც იყო და რაც არის.

 

272986789-7707104446027576-2343220409425464405-n-1.jpg
 
 
 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...