Jump to content
Planeta.Ge

გიორგი მელაშვილი: ამ კანონს ჩვენი ხელისუფლებისთვის თავის ტკივილის გარდა არაფერი სიკეთის მოტანა არ შეუძლია


საქართველოს პარლამენტის მიერ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მიღებულმა კანონმა და მის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მწვავე რეაქციები უკვე გამოიწვია. მანამდე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ევროკავშირიდან საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მიიღო გაფრთხილება, რომ მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ხელს შეუშლიდა, როგორც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ასევე მათთან პარტნიორულ ურთიერთობებსაც.

ამას დაერთო ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ არსებული ფორმით საქართველოს ხელისუფლებამ ეს კანონი უნდა გააუქმოს, რადგან მათივე შეფასებით, მისი ფუნდამენტური ხარვეზები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.

,,ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის წევრთაგან ყველამ ერთმანეთზე უარყოფითი პასუხი გასცა, როგორც ვენეციის კომისისას, ისე ევროგაერთიანების წარმომადგენლებს და აშშ-ს, რომლის კონგრესმენებმაც გამოიჩინეს ინიციატივა, რომ ,,ანტიდემოკრატიული კურსის შეცვლის“ და მათი რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოსთვის ამოქმედდეს აქტი ,,მეგობარი“,

რომელიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს; ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში - პირიქით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის, საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოიღოს, რომელიც ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდსა და მათი ოჯახის წევრებზეც გავრცელდება.

მიუხედავად ამისა, ,,გამჭვირვალობის კანონის“ მიმართ ხელისუფლების პოზიცია ჯერ- ჯერობით უვლელია. უფრო მეტიც, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ,,ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას არ აპირებენ.“

საზოგადოების ნაწილი დიდი ხანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთის კარნახით მოქმედებს და სწორედ ამიტომ იცავს ,,რუსულ კანონად“ მონათლულ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, რომლის მსგავსი რუსეთში 2012 წელს ამოქმედდა და რომლის ძალითაც ვლადიმერ პუტინმა განსხვავებული აზრის დევნა დააკანონა.

რეალურად, რამდენად არის შესაძლებელი, საქართველოს მმართველი ძალა რუსეთის მმართველი ძალის სურვილებს უწევდეს ანგარიშს ან რას ემსახურება დასავლელი პარტნიორების მიმართ ჩვენი ხელისუფლების მიერ გაჟღერებული პასუხები და რატომ არის მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი ,,გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, ამ კითხვებზე პასუხებს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი გაგვცემს. 

image.jpeg

- რას აძლევს აღნიშნული კანონი საქართველოს ხელისუფლებას ისეთს, რომ მის გამო ჩვენი დასავლელი პარტნიორების კეთილგანწყობასა და დახმარებაზე ხაზის გადასმა უღირთ?

- სიმართლე გითხრათ, ამ კანონს ჩვენი ხელისუფლებისთვის თავის ტკივილის გარდა არაფერი სიკეთის მოტანა არ შეუძლია. მათ ისედაც აქვთ წვდომა შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე, შემოსავლების სამსახურს კი თავისთავად, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების თითქმის ყველა ტრანზაქციის შესახებ აქვს ინფორმაცია. ამას ემატება, ასევე, მთელი რიგი ფინანსური რეგულაციები, რომელსაც ეს ორგანიზაციები იცავენ. ამდენად, ხელისუფლება ისედაც ფლობს ყველა იმ ინფორმაციას, რაც ნორმალურ სახელმწიფოში გამჭვირვალობის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.  

გარდა ამისა, იმავე მიზნით, ამ რეპრესიული კანონის მიღების გარეშეც, არსებობდა მოქმედი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების, დახვეწის ან დამუშავების არაერთი შესაძლებლობა, მაგრამ როგორც ჩანს, ,,ქართული ოცნების“ მთავრი მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა და მათთვის კონკრეტული იარლიყების მიწებებაა. მთავრობა მათ ვერ აკონტროლებს, რადგან ისინი არც სახელმწიფო ბიუჯეტზე არიან დამოკიდებულები და არც რომელიმე ფინანსურ რეგულაციას არღვევენ.

დარღვევა რომ ჰქონოდათ, ფინანსური სამსახური დიდი ხნის წინ მიიტანდა მათზე იერიშს, მაგრამ რადგან ფიზიკურად არავითარი დარღვევა არ არსებობს, ამიტომ გახდა ასეთი ტიპის კანონმდებლობის შემოღება საჭირო.

მეორე მიზეზი შეიძლება დავუკავშიროთ გეოპოლიტიკურ ვითარებას და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის მიერ სასანქციო რეჟიმის შესაძლო შემოღების საპასუხოდ მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები ფაქტობრივად იმის პირდაპირი აღიარებაა, რომ ,,ქართული ოცნება“ კრემლიდან წამოსული ინიციატივებით სააზრდოობს.

როგორც ვენეციის კომისიამ განმარტა, ეს არის რუსული ტიპის კანონი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ამერიკულთან, არც კანადურთან და არც რომელიმე სხვა დასავლეთ ევროპულ კანონთან. ის პირდაპირ რუსული, უნგრული და ყირგიზული ვარიანტიდან არის გადმოტანილი.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია გარკვეულ წნეხთან, რომელიც სწორედ რუსეთიდან მოდის და რომელიც ითხოვს, რომ მათთან დაახლოებულმა რეჟიმებმა ასეთი რეპრესიული კანონები მიიღონ. გარკვეულწილად შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ლოიალურობის ტესტი ანუ, თუ მოსკოვისადმი ერთგული ხარ, მიიღე ეს კანონი და შესაბამისად, შეზღუდე სამოქალაქო საზოგადოების მოქმედება.

რაც შეეხება მესამე მიზეზს, რის გამოც ეს კანონი ერთი წლის მერე ისევ დააბრუნეს, უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

უკვე აქედანვე შეიძლება კარგად მივხვდეთ, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ალბათ,  იმაზე უარესი ქმედებები იქნება, ვიდრე 2012 წლის საარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ვნახეთ.

აქედან გამომდინარე, მმართველ გუნდს არ უნდა, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც შეძლებენ, ძალადობის, დაშინების, ადამიანებზე გავლენის მოხდენის სხვადასხვა მცდელობის, მათ შორის მოსყიდვის ყველა შემთხვევა აღრიცხონ და შექმნან იმ ვითარების ზუსტი, ობიექტური სურათი, რომელსაც არჩევნებზე მივიღებთ.

აი, ეს სამი სავარაუდო ძირითადი მიზეზი უდევს საფუძვლად აღნიშნულ კანონს.

ამას ემატება პარანოია, რომელმაც უკვე მიიღო უკიდურესი ფორმები და რაც ძალიან კარგად ჩანს დეპუტატ ლაშხის სრულიად აბსურდულ განცხადებაში.

Quote

ქართული მულტფილმის არ იყოს, ,,ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ყველგან ,,სულ მაჯლაჯუნები და მაჯლაჯუნები“ ელანდებათ.  

ასე თანდათან მივედით დღევანდელ მდგომარეობდამდე, როდესაც საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა ჩვენი ქვეყნის 30 წლიან მიღწევებს და მოახერხა პუტინისაგან შექების დამსახურება. ამავე დროს, მიიღო სასანქციო რეჟიმი საქართველოს მთავარი მოკავშირისგან, რომელმაც ჩვენ  90-ანი წლებიდან გამოგვიყვანა.

დღევანდელი მოცემულობით, ქართული ოცნება აქტიურად გვექაჩება ისევ 90-ან წლებში, როცა საქართველო რუსეთის პირისპირ სრულიად მარტო იყო დარჩენილი.

- რატომ, რისთვის, დღეს რაში უნდა სჭირდებოდეს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ლოიალურობა და რამდენად ლოგიკურია ეს აზრი?

- ერთადერთი ლოგიკური პასუხი ამ კითხვაზე ის არის, რომ მმართველ გუნდს ძალიან უნდა ძალაუფლების შენარჩუნება. 29 აპრილს, როცა რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ხალხი და თბილისში თავყრილობა ჩაატარეს, ივანიშვილი პირდაპირ ესაუბრა მოსკოვს და მოახსენა, რომ ის არ არის იანუკოვიჩი. შესაბამისად, საჭირო არ არის, რუსეთმა აქ მისი შემცვლელი მოძებნოს, რომელიც თითქოსდა გააკონტროლებს სახელმწიფოს. ანუ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება ელაპარაკება არა ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს დასავლეთში, როგორც ეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ უნდა აკეთოს, არამედ ერთადერთ მოსაუბრედ ჰყავს რუსეთი, ასევე, როგორც ვნახეთ, ირანი, ჰესბოლა და ჰამასი.

შესაბამისად, პასუხი კითხვაზე: რატომ არიან მზად, გაწირონ მთელი ქვეყანა და ჩვენი 30 წლიანი მიღწევები იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, ეს უკვე მათი სინდისის საქმეა.

- რა გზებს და პერსპექტივებს ხსნის საქართველოსთვის აქტი ,,მეგობარი“, რომელსაც  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განიხილავს?

- საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკელი კანონმდებლები ამჟამად მუშაობენ ორ აქტზე, ეს არის ,,მეგობრობის“ აქტი, რომელიც ინიცირებულია კონგრესის ქვედა პალატაში და - ,,ქართველი ხალხის კანონი“, რომელიც ინიცირებულია ზედა პალატაში.

უპირველესად, ორივე მათგანის მიზანია, ,,ქართულ ოცნებას“ აუხსნან, რომ აშშ-ში ძალიან კარგად იციან ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ; რომ ისინი აკვირდებიან, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში და ძალიან კარგად ხედავენ იმ ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომელსაც მმართველი პარტია  ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ ეწევა. ამიტომაც მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ნებას და მზად არიან, შემოიღონ მთელი რიგი ინიციატივები, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას მკვეთრად და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ეს ეხება, როგორც შტატებთან უვიზო მიმოსვლას, ასევე ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტს და რა თქმა უნდა, უპირველესად ეს ეხება სამხედრო თანამშრომლობის ზრდას.

არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დიდწილად დამოკიდებულია იმ დახმარებაზე, რასაც ჩვენ აშშ-დან და ევროკავშირიდან ვიღებთ.

,,ქართული ოცნება“ მზად არის, ამ ყველაფერზე უარი თქვას მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება.  

- აქვე რომ განვმარტოთ, ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის დასავლეთის მხარდაჭერას და აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორობას?

- საქართველოს ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დავრჩით. ეს იყო გასული საუკუნის 90-ანი წლები, კრიმინალის თარეში, სიბნელე ჩვენს სახლებსა და მთლიანად ქვეყანაში, რაც ძალიან კარგად გვახსოვს.

დღევანდელი ქმედებებით ,,ქართული ოცნება“ ფაქტობრივად ისევ 90-იან წლებში აბრუნებს საქართველოს, მაგრამ თუ მაშინ დასავლეთის მხრიდან ჩვენს მიმართ არ იყო ინტერესი და აქტიურობა, უფრო პირიქით, საქართველოს ხელისუფლებას უწევდა, თავად მოეფიქრებინა და შეექმნა ინტერესის სფეროები მათი ყურადღების მისაქცევად, დღეს ვითარება სრულიად შეცვლილია. როგორც იქნა, საქართველოს გაეხსნა უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა და გაჩნდა რეალური შანსი, რომ როგორც იქნა გავიდეთ სამშვიდობოს, დასრულდეს საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში და იმ დაპირისპირებაში, რომელიც ავტოკრატიულ და დემოკრატიულ სამყაროს შორის, როგორც ჩანს, მოახლოებულია, საქართველო იყოს არა რკინის ფარდის დახურულ მხარეს, არამედ პირიქით, დემოკრატიული სახელმწიფოების მხარეს.

,,ქართული ოცნება“ ამ ყველაფერზე ამბობს უარს და თავისი საგარეო, სრულიად დაუსაბუთებელი, გაუმართლებელი პოლიტიკით ისევ რკინის ფარდის რუსულ მხარეს მიგვაქანებს, სადაც ჩვენ რუსეთის, ირანის, ჰესბოლასა და თალიბანის გვერდით დავრჩებით.

- რამდენად ელოდა საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს მხრიდან სერიოზულ სანქციებზე საუბარს და ზოგადად, დასავლეთის ასეთ მწვავე რეაქციას?

- დღევანდელი თვალსაზრისით, ხელისუფლება, როგორც ჩანს, დასავლეთის მხრიდან  ურთიერთობის გამწვავებას ელოდა, მაგრამ არ ეგონა, რომ საპასუხო ნაბიჯი  ასეთი სწრაფი იქნებოდა.

აშკარაა, რომ ბლინკენის მიერ გამოცხადებული სანქციების რეჟიმი მათთვის მოულოდნელი იყო და ხელისუფლებას ჰქონდა იმედი, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციები უნგრეთისა და სლოვაკეთის დახმარებით დაიბლოკებოდა. თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უნგრეთის ევროკომისარ ვარჰეის ბოლო საუბრის შემდეგ, სავარაუდოა, რომ უნგრეთიც კი დაუჭერს მხარს სხვადასხვა ტიპის სასანქციო მექანიზმებს, რომელიც შეიძლება ,,ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ამოქმედდეს.

აქედან გამომდინარე, თვალნათლივ ვხედავთ რამდენიმე სერიოზულ დიპლომატიურ შეცდომას, თუ შეიძლება ამას შეცდომა ეწოდოს ან პირდაპირ კარგად გამიზნულ, რუსული სტილის საბოტაჟს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

Quote

ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებსით თუ უნებლიედ, ,,ქართული ოცნება“ ჩვენს ევროპულ მომავალს საბოტაჟს უწყობს იმით, რომ აფუჭებს ურთიერთობას ყველა დასავლურ სახელმწიფოსთან.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა გავწევრიანდეთ ევროკავშირსა და ნატო-ში, ამ ალიანსის წევრებთან ურთიერთობის გაფუჭება არანაირად არ გვაახლოებს ჩვენს მიზანთან.

- დასავლეთთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა რამდენად ახლოსაა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხთან და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს სოციალურად და ეკონომიკურად მზარდი, ევროპული განვითარების გზაზე მდგომი ქართული სახელმწიფო?

- ერთადერთი შანსი საქართველოსთვის, რომ მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ ტერიტორიული პრობლემები, ეს არის გაერთიანება დასავლურ სტრუქტურებთან, რადგან ეს ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას; ეს ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების მოძიებას და ცივილურ, ნორმალურ, დემოკრატიულ სივრცეში ინტეგრაციას.

Quote

რეალურად, ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ჩვენ გვაახლოვებს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციასთან, რადგან ასეთი ქართული სახელმწიფოს მიმზიდველობა მკვეთრად იზრდება.

ამის ყველაზე კარგი ილუსტრაციაა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მხრიდან სანქციები ამოქმედდა და მათ შეეზღუდათ წვდომა ისეთ მომსახურებაზე, რაც ჩვენთვის სრულიად ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი ზრდის ჩვენს მიმზიდველობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.

შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც საქართველოში რუსეთის გავლენას ზრდის, გვაშორებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და უფრო მეტიც, გვაახლოებს უარეს მდგომარეობასთან, ვიდრე იყო საბჭოთა პერიოდში. თუ ახლა საქართველოში რუსეთი გაიმარჯვებს, მივიღებთ ჩეჩნეთის მსგავს ქვეყანას, სადაც ეროვნული დროშაც კი, რუსეთის დროშის შემდეგ, იქნება მეორე.

- რა შანსები გვაქვს იმისთვის, რომ ამ საშიშროებას გადავურჩეთ; რა უნდა გაკეთდეს, რათა ხელისუფლებამ პოზიცია დათმოს?

- შანსები საკმაოდ მაღალია და არის რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც ახლო პერიოდში უნდა გადაიდგას. პირველი, ეს არის გააზრება, რომ ჩვენ ვართ ეგზისტენციალურ ბრძოლაში, რომელიც გადაწყვეტს, იქნება საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფო თუ გახდება რუსეთის ნაწილი.

Quote

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გაიაზროს, რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ დღეს და რამხელა საფრთხეს წარმოადგენს არა ქართული, არამედ უკვე ,,რუსული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

ამის შემდეგ აუცილებელია იმის გააზრებაც, რომ ეს ბრძოლა არ არის სპრინტი, ერთ დღეში ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, ეს არის მარათონი, რომლის ფინალიც იქნება არჩევნები. ამ არჩევნებზე კი ჩვენ ყველა უნდა მივიდეთ მომზადებულები. პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკურმა კლასმა კარგად უნდა გააცნობიეროს მის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა და სათანადოდ მოემზადოს არჩევნებისთის. არსებობს შესაძლებლობა, რომ ჯანსაღი ძალების აქტიურობის და სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით, შეიქმნას ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელიც საქართველოს მოსახლეობას უბიძგებს, მივიდეს არჩევნებზე და თავისუფლად დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

ასევე, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმ არნახული წნეხისთვის, რომელიც იქნება არჩევნების დროს და ყველამ გავუძლოთ ამ წნეხს. ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო რეპეტიცია იმისა, რაც  2024 წლის არჩევნებზე გველოდება და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა დემოკრატიის მიმართულებით კი არ განვითარდა, პირიქით, რეგრესი განიცადა.

თუ ზემოხსენებულ ნაბიჯებს კარგად გავიაზრებთ და მივხვდებით, რა დიდ ბრძოლაში ვართ დღეს, ამ შემთხვევაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება ნამდვილად არის ევროპული ინტეგრაცია. აქ, ამ ქვეყანაში არავის სურს, რომ მისი მეკავშირე იყოს რუსეთი და საქართველო არასდროს გახდება რუსეთი!  

 

 ირმა ბერიშვილი       

(ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში რესპონდენტების პოზიცია არ გამოხატავს რედაქციის პოზიციას)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...