Jump to content
Planeta.Ge

სასკოლო ექსკურსიის დაგეგმვა და მწვადსა და გიდს შორის გაკეთებული არჩევანი


 

სასწავლო წლის დასრულების მოახლოებასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტუალური გახდა სასკოლო ექსკურსიების თემა.

საგულისხმოა, რომ ვისაც ექსკურსიისთვის ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ან ორი თვით ადრე არ დაუჯავშნავს, მის დასაქირავებლად დღეს შეიძლება ორმაგი ფასის გადახდაც მოუწიოს, ვინაიდან გამართული და ბავშვების გადასაყვანად მზადმყოფი ტრანსპორტის შოვნა არც ისე ადვილია.

სატრანსპორტო მომსახურება მოსწავლეთა მშობლებს ისედაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ, მას  ექსკურსიის სხვა ხარჯებიც ემატება და საბოლოოდ, უმეტესობის საოჯახო ბიუჯეტს ეს ღონისძიება მძიმე ტვირთად აწვება. თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა ცდილობს, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, კლასის დამრიგებლის მიერ მოწყობილ ექსკურსიას მათი შვილი არ გამოაკლდეს და რადგან, თავად აფინანსებენ, მის დაგეგმვაშიც აქტიურად მონაწილეობენ.

რა თქმა უნდა, მშობლების მიერ ექსკურსიის დაეგმვა და დამრიგებლისთვის საორგანიზაციო საკითხებში დახმარება დასაძრახი არ არის, უფრო - პირიქით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ხშირად ასეთი ექსკურსია თავის მთავარ მიზანს სცდება და შემეცნებითის ნაცვლად მარტო გასართობ ფუნქციას ინარჩუნებს. ბევრს ჰგონია, რომ ექსკურსია მხოლოდ ეკლესია-მონასტრების მონახეულებაა, რომლის შემდეგაც ლამაზ ბუნებაში დასხდებიან და გემრიელად მოილხენენ. რეალურად კი ეს ღონისძიება ჩვეულებრივი პიკნიკისგან განსხვავდება და თავისი გამოკვეთილი ფუნქცია და დანიშნულება აქვს, რის შესახებაც საქათველოს უნივერსიტეტის და შავი ზღვის უნივერსიტეტის ლექტორი, გეოგრაფი თინათინ მოსიაშვილი გვესაუბრება.

image.jpeg

- რა არის სასკოლო ექსკურსიის მიზანი, რისთვის ტარდება და რა დანიშნულება აქვს?

- იმით დავიწყებ, რომ ექსკურსია მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ბევრად მნიშვნელოვანიც ვიდრე ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი, რადგან რასაც ექსკურსიაზე ბავშვი ხედავს და რა გამოცდილებასაც იძენს, იმას ბუნებრივია, გაკვეთილზე ვერ ვთავაზობთ.

მართალია, დღეს სკოლების დიდ ნაწილს მეტი ტექნიკური საშუალება, ინტერნეტრესურსები და სხვადასხვა თვალსაჩინოება გააჩნია, მაგრამ ეს მაინც არ ცვლის იმ ცოცხალ ურთიერთობას, რომელსაც ქალაქგარეთ გასვლისას მოსწავლეს ვთავაზობთ.

ზოგადად, ექსკურსია ეს არის გამორჩეული ადგილის კოლექტიური მონახულება საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობითი, სამეცნიერო ან გასართობი მიზნით.

საექსკურსიო საქმის თეორეტიკოს გერდტის განმარტებით, ექსკურსია არის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობის ფორმა, რომლის დროსაც, ადამიანთა ჯგუფი გათვითცნობიერების მიზნით, გიდის (ექსკურსიამძღოლის) ხელმძღვანელობით მიდის ადგილის დასათვალიერებლად და სწავლობს საგანს ან მოვლენას, მისი ბუნებრივი მოცემულობის პირობებში.

ექსკურსიის მოსაწყობად საჭიროა, არსებობდეს ადამიანთა ჯგუფი, შეირჩეს სასურველი დასათვალიერებელი ადგილები და შედგეს მარშრუტი. ასევე აუცილებელია გიდი.

- გიდზე, იგივე ექსკურსიამძღოლებზე თუ არის მოთხოვნა სკოლებიდან, როცა ესა თუ ის მასწავლებელი ექსკურსიას გეგმავს?

- სამწუხაროდ, სასკოლო ექსკურსიების დროს ძალიან იშვიათია მოთხოვნა ექსკურსიამძოლებზე.

მართალია, ზოგიერთი ჩვენი მასწავლებელი ძალიან კარგად ცვლის მათ და ძალიან კარგ ექსკურსიას ატარებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველა სკოლას ჰყავს ასეთი მასწავლებელი და ყველას კარგად შეუძლია გიდის როლის შეთავსება.

ხშირ შემთხვევაში, ექსკურსია განიხილება, როგორც მხოლოდ გასართობი ღონისძიება. არადა, ექსკურსიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი გამოკვეთილი მიზანი. საექსკურსიო თეორიაში მითითებულია, რომ ექსკურსია არის ტურიზმის საფუძველი და მოგზაურობის არსი. ამიტომაც ექსკურსიას აქვს თავისი ფუნქციები და ნიშნები, რაც ჩვენს ექსკურსიებზე ნაკლებად ჩანს. ასევე, ჩანს გიდის უგულვებელყოფაც.

კიდევ გავიმეორებ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება მასწავლებლები კარგად ცვლიდნენ გიდებს, მაგრამ მაინც გაცილებით მნიშვნელოვანია ექსკურსიამძღოლის როლი, რომელსაც სპეციალური განათლება და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება აქვს. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში აუცილებლად უნდა დაინერგოს გიდთან ერთად სიარულის პრაქტიკა.

ღონისძიებების უმეტესობა, რაც ჩვენთან ვითომ ექსკურსიის სახით ტარდება, არ არის ექსკურსია.

კი, ბატონო, პიკნიკიც კარგია, ბუნებაში გასართობად და კლასელების დაახლოებისთვის დაგეგმილი გასვლებიც კარგია, გარკვეულწილად ესეც შედის ექსკურსიის მიზნებში, მაგრამ მისი ფუნქცია მაინც უფრო მეტია, ვიდრე გართობა. ეს არის: სამეცნიერო პროპაგანდისტული ფუნქცია; საინფორმაციო ფუნქცია; კულტურული თვალსაწიერის გაფართოების, თავისუფალი დროის დაგეგმვის, ადამიანთა ინტერესების ფორმირების ფუნქცია და ასე შემდეგ.

ექსკურსია ძალიან ჰგავს სასწავლო პროცესს, ოღონდ ის ტარდება ბუნებრივ მოცემულობაში. ეს არის სამყაროს შემეცნების ფორმა, რომელიც აზიარებს ადამიანს კულტურისა და ხელოვნების საგანძურს, ხელს უწყობს კომუნიკატიური კავშირების გაფართოვებას და ნათელი შთაბეჭდილებებით ამდიდრებს ექსკურსანტების მსოფლმხედველობას.

- შინაარსის მიხედვით რა და რა თემებს შეიძლება მოიცავდეს სასკოლო ექსკურსია?

- არა მარტო სასკოლო, ზოგადად, არსებობს თემატური ექსკურსიები, რომლებიც ეძღვნება ერთი თემის გახსნას. ეს იქნება: ისტორიული, სამრეწველო, საბუნებისმეტყველო (ეკოლოგიური), სახელოვნებათმცოდნეო, ლიტერატურული, არქიტექტურულ-სამშენებლო და ასე შემდეგ.

წინასწარ არის გასააზრებელი, თუ რატომ მიგვყავს ბავშვები ექსკურსიაზე და ალბათ იშვიათად არის სკოლა, რომელიც კულტურული ძეგლების მონახულების გარდა, მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის ექსკურსიას სთავაზობს. მაგალითად, მახსოვს, ჩემი მოსწავლეობის დროს მეტალურგიულ ქარხანაში და სხვა საწარმოებშიც დავყავდით.

დღესაც შეიძლება, ისტორიულ-კულტურული ძეგლების გარდა, საექსკურსიოდ გამოვიყენოთ საწარმოები, პარკები, დაცული ტერიტორიები, ადგილები, რომლებიც ამ მიზნით ნაკლებად არის ათვისებული. ბავშვს არ უნდა ეგონოს, რომ მარტო ტაძრის სანახავად მიდის. რა თქმა უნდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დაწყებითი კლასების მოსწავლეები როცა მიჰყავთ ექსკურსიაზე და ერთ დღეში ხუთ ტაძარს მოატარებენ, ეს მათთვის ბევრია და მოსაბეზრებელიც. ექსკურსიის თემატიკა კლასების მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს.

თბილისის შემოგარენში შეიძლება მოვძებნოთ ადგილი, სადაც ბავშვებს ტაძარსაც აჩვენებ და არქეოლოგიურ ობიექტსაც, ბაღს, სასახლეს, ასევე დაათვალიერებინებ რომელიმე საწარმოს, საკუთარი თვალით ანახებ, როგორ მზადდება თუნდაც მათი საყვარელი ტკბილეული. დედაქალაქის ახლო-მახლო არსებობს ძალიან ბევრი ლიმონათის ქარხანა, შოკოლადის ფაბრიკა, ნაყინის და საკონდიტრო ქარხნები. ბავშვებისთვის ამ საწარმოებში სტუმრობა ძალიან საინტერესო იქნება და ასევე ხელს შეუწყობს მათ მომავალ პროფორიენტაციასაც.

ასევე, თბილისში გვაქვს სამოცამდე მუზეუმი, სადაც ხშირად დავდივართ, მაგრამ ვფიქრობ, მუზეუმების რესურსი უფრო მეტად არის გამოსაყენებელი. მით უმეტეს, ბევრ მათგანს ძალიან კარგი სასწავლო პროგრამებიც აქვს.

Quote

18 მაისი არის მუზეუმების დღე, როცა თითქმის ყველა მუზეუმში შესვლა უფასოა. ვისარგებლებ ამ შემთხვევით და მოვუწოდებ მასწავლებლებს და მშობლებს, რომ წაიყვანონ ბავშვები მუზეუმებში, რადგან ეს არის საუკეთესო საგანმანათლებლო სივრცე.

მაგალითად, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, ჯანაშიას მუზეუმი, ეს ის ადგილებია, რომლებიც ცალ-ცალკე შეიძლება გამოვიყენოთ და მოსწავლეები საექსკურსიოდ კონკრეტული თემისთვის მივიყვანოთ.

მუზეუმების სახით ნამდვილად საინტერესო რესურსები გაგვაჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა ავითვისოთ, ოღონდ საჭიროა, იქ ბავშვებს ისეთი თანამშრომლები დაგვხვდნენ, რომლებიც საინტერესოდ მიაწვდიან ინფორმაციას.  

- როგორ უნდა დაიგეგმოს ექსკურსია და მშობელი რამდენად უნდა ჩაერიოს ამ პროცესში?

- დღეს ექსკურსია საკმაოდ ძვირი ჯდება და მას მშობელი ფინანსებს, ამიტომ მასწავლებელი ხშირად იძულებულია, ანგარიში გაუწიოს მის სურვილს. თან, ჩვენს პირობებში, რთულიცაა მარტო მასწავლებელმა აიღოს პასუხისმგებლობა მთელ კლასზე ისე, რომ მშობელი არ დაიხმაროს, თორემ ნამდვილად არ არის მშობლის ჩარევა საჭირო არც ექსკურსიის დაგეგმვაში და არც მის მიმდინარეობაში.

არ მინდა, ცუდად გამიგონ, მაგრამ ხშირად მშობლები ხელს უშლიან კიდეც მასწავლებელს ექსკურსიის ძირითადი მიზნის შესრულებაში.

ექსკურსიის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომელი კლასი მიგვყავს, პროგრამის რას მონაკვეთს გადიან, რა ჩანაფიქრი აქვს მასწავლებელს, რა უნდა?

მაგალითად, გასულ სემესტრში მე და ისტორიის მასწავლებელმა მე-7 კლასელები ბოლნის-დმანისში წავიყვანეთ, რადგან ისტორიის მასწავლებელმა მითხრა, რომ როცა ქვის ხანას გადიოდნენ, იქაურ ისტორიულ ძეგლებზე ბევრი ელაპარაკა მათ და უნდოდა, დმანისის ნაქალაქარი საკუთარი თვალით ენახათ.

ასე რომ, ვიდრე ექსკურსიაზე წავიყვანთ, შეიძლება ბავშვებს უკვე წინასწარ ჰქონდეთ დამუშავებული ესა თუ ის თემა და ადგილზე უფრო განიმტკიცონ თავიანთი ცოდნა.

ასევე არის ინტეგრირებული ექსკურსია, როცა ორი ან სამი საგნის მასწავლებელი შეიძლება ახლდეს მოსწავლეებს, მაგალითად, ისტორიის, გეოგრაფიის და ხელოვნების, ან ქართულის და ადგილი, სადაც წავლენ, სამივე მიმართულებით განიხილონ.

ხანდახან შეიძლება ერთმა მასწავლებელმაც შეძლოს ყველა თემაზე საუბარი და მოსანახულებელი ობიექტის გაცნობა, როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული, ისე კულტურული და ლიტერატურული მახასიათებლებით, მაგრამ მაინც უმჯობესია აიყვანონ გიდი, რომელიც კონკრეტული მიმართულებით ყველა საჭირო ცნობას პროფესიონალურად მიაწვდის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ექსკურსიებზე გიდთან ერთად სიარულის კულტურა დავნერგოთ.

ბევრჯერ ყოფილა, დავხმარებივარ ჯგუფებს ექსკურსიის ორგანიზებასა და დაგეგმვაში და ბოლოს უთქვამთ, გიდი კარგია, მაგრამ მირჩევნია, ამ ეტაპზე თანხა სხვა რამისთვის გავითვალისწინოო. მაშინაც კი, როცა ეს რამე განსაკუთრებულ თანხასთან არ იყო დაკავშირებული.

Quote

მარტივად რომ ვთქვათ, თუ არის ხოლმე არჩევანი მწვადსა და გიდს შორის, ქართულ რეალობაში ვირჩევთ მწვადს. ამის პრაქტიკა მრავლად არსებობს.

რა საკვირველია, კვებაც ექსკურსიის თანმდევია, მაგრამ მარტო ეს არ უნდა იყოს მიზანი.

და აქვე ვიტყვი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან რამესაც. ჩვენ ვხედავთ, რომ როცა სახელმწიფოს უნდა, ძალიან კარგად ახერხებს რესურსის გამონახვას იმისთვის, რომ თავისი მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეკრიბოს, ტრანსპორტით დედაქალაქში ჩამოიყვანოს და უკან წაიყვანოს, როგორც ეს 29 აპრილს გააკეთა. ახლა ვთქვათ, რაც იმ აქციის ორგანიზებასა და ხალხის ჩამოყვანაზე ადმინისტრაციული რესურსი დაიხარჯა, რამდენ სასკოლო ექსკურსიას დააფინანსებდა? თუ ამდენი ხალხის ჩამოყვანა შეუძლია, გამოდის ხელისუფლებას იმის შესაძლებლობაც აქვს, იქით შესთავაზოს სკოლებს სახელმწიფოს ხარჯით ექსკურსიების მოწყობა.

როცა ღონისძიების ძირითადი დამფინანსებელი არ იქნება მშობელი, ეს ფაქტორი ხელს შეუწყობს მასწავლებელს, თავადვე დაგეგმოს ექსკურსია და თავადვე გადაწყვიტოს, რას როგორ გააკეთებს. ასევე, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ყველა ბავშვი წავიდეს ექსკურსიაზე და უფულობის გამო არავინ დაიჩაგროს. თუმცა, ვიცი, რომ მასწავლებლის მოხერხებით, დღეს ექსკურსიას იშვიათად აკლდებიან ის ბავშვები, რომლებიც ხელმოკლე ან მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან და თანხის დადებას ვერ ახერხებენ.

- რამდენიმე წლის წინ, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით სამინისტროსგან რეკომენდებული იყო, რომ სასკოლო ექსკურსიები მხოლოდ 150 კმ-ის რადიუსში ჩატარებულიყო, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. როგორც ვიცით, ეს რეკომენდაცია მოიხსნა, რაც საექსკურსიო არეალს ზრდის, თუმცა ზრდის ხარჯებსაც, ხომ?

- რა თქმა უნდა, რაც უფრო შორ მანძილზე იგეგმება ექსკურსია, მით მეტი თანხა არის საჭირო. ტრანსპორტირების ფასები ძალიან გაძვირდა და სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია ამ თანხის გადახდა. ამიტომაც ვამბობ, რომ კარგი იქნება, ის ფინანსური რესურსები, რასაც ხელისუფლება უყაირათოდ ხარჯავს, სასკოლო ექსკურსიებს მოხმარდეს. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოყვანა.

მიმაჩნია, რომ სკოლასაც შეუძლია წელიწადში ერთხელ მონახოს ამის საშუალება.

რაც შეეხება თავად ექსკურსიებს, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, ისე დაიგეგმოს, რომ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსწავლეები აღმოსავლეთში ჩამოვიყვანოთ და აღმოსავლეთის ბავშვები - დასავლეთში. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც დასავლეთ ან ჩრდილოეთ საქართველოდანაა და კახეთში, რთველში ერთხელაც არ არის ნამყოფი, ასევე პირიქით, აღმოსავლეთში მცხოვრებ ადამიანს მანდარინის ხე ან ჩაის ბუჩქი არა აქვს ნანახი.

საქართველო არ არის ისეთი დიდი ქვეყანა, რომ ამის ორგანიზება ვერ შევძლოთ.

ბუნებრივია, გარკვეული რისკები ყოველთვის არსებობს, როცა ჯგუფები სადმე გაგყავს და უსაფრთხოების საკითხები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამის გამო თავი არც მასწავლებლებმა და არც მშობლებმა არ უნდა შეიკავონ. ამისთვის კი საჭიროა, კარგად გაიაზრონ, რომელი მნიშვნელოვანი ადგილების ნახვა სურთ, რატომ უღირთ იქ წასვლა, რა იქნება მათთვის საინტერესო და ასე შემდეგ.

მაგალითად, აპრილის დასაწყისში ორი კვირა ვიყავი ვაშლოვანისკენ. ვაშლოვანის ეროვნული პარკი არის საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე დაცული ტერიტორია, რომელიც ნაკრძალს და ბუნების ძეგლებს აერთიანებს.

მე რამდენიც არ უნდა ვესაუბრო მოსწავლეებს ტალახის ვულკანებზე, იმ შთაბეჭდილებას მაინც ვერ გამოვიწვევ, რასაც საკუთარი თვალით ადგილზე ყველაფრის ნახვისას იღებენ. მართლაც, როცა ტახტიტაფას ვულკანებზე მიმყავს, თითოეული მათგანი საოცარ ემოციას გამოხატავს.

image.jpeg

ძალიან ბევრი ადგილია საქართველოში, სადაც უამრავჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველი ჩასვლისას ისეთი აღფრთოვანება მიბყრობს, თითქოს პირველად ვხედავდე.

სხვათაშორის, ექსკურსია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კონტაქტს ვამყარებთ ადგილობრივ მოქალაქეებთან. ამიტომ, ეს მიმართულებაც უნდა გახდეს ექსკურსიის ნაწილი და გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომ ბავშვები ადგილობრივ საინტერესო პიროვნებებს შევახვედროთ.

ჩვენი ქვეყანა არ არის მარტო ის, რასაც ტელევიზორში ვხედავთ. საბედნიეროდ, გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ადგილზე ჩუმად და უხმაუროდ ძალიან კარგ საქმეებს აკეთებენ. სწორედ ეს ადამიანები უნდა ვაქციოთ ჩვენი საექსკურსიო ტურების მნიშვნელოვან ნაწილად. მთავარი ისაა, თუ როგორ მივაწვდით მათზე ინფრომაციას მოსწავლეებს, სტუდენტებს.

სამწუხაროა, რომ ბევრი ქართველი არ იცნობს საკუთარ სამშობლოს, მათ შორის ჩვენი მთავრობის წევრებიც. ხელისუფლებაში სულ ისეთი ადამიანები მოდიან ხოლმე, რომლებიც აბსოლუტურად არ იცნობენ თავიანთ ქვეყანას.

- თანამედროვე სასკოლო ექსკურსიებზე ძალიან აქტუალურია ანიმატორების დაქირავების საკითხი, რაშიც გარკვეული თანხა იხარჯება. თქვენ რამდენად ხედავთ მათ აუცილებლობას?

- მიუხედავად იმისა, რომ ექსკურსიაზე ლამის ყველა ბავშვს მშობელი მიჰყვება, რატომღაც მაინც საჭიროდ მიაჩნიათ ანიმატორების მომსახურება. ამ დროს მშობლებს თავად შეუძლიათ მოიფიქრონ ისეთი გასართობი, სადაც თავიანთ შვილებთან ერთად იაქტიურებენ. ეს იქნება ფეხბურთის, ფრენბურთის, ბანდმიქტონის თამაში, გამოცნობანა, იგივე ,,ნამიოკობანა,“ შეჯიბრებები. ანიმატორი ხომ სხვას არაფერს აკეთებს?

სიმართლე ვთქვათ, აქაც არჩევანი გიდსა და ანიმატორს შორის რომ იდგეს, რა თქმა უნდა, ყველა ერთხმად ანიმატორს აირჩევს.

არადა, გიდებსაც შეგვიძლია მათ ისე დავუგეგმოთ ექსკურსია, რომ თან საინტერესო და შემეცნებითი იყოს, თან - გასართობი.

იმისათვის, რომ ექსკურსია გახდეს ისეთი, როგორიც წესით არის გათვალისწინებული, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო ყველას ერთად, სკოლასაც, მასწავლებელსაც, მშობელსაც და მოსწავლესაც.

- აქ მარტო ექსკურსიის შინაარსზეა საუბარი თუ ექსკურსიაზე ქცევის წესებიც გვაქვს ასათვისებელი?

- დიახ, ნამდვილად გვაკლია ეს ცოდნაც. შარშან დანიაში გახლდით და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ვხედავდი, მწკრივში ჩამდგარი ბავშვები ჩუმად და უხმაუროდ როგორ გადაადგილდებოდნენ ქუჩებში, რომელთაც თავსა და ბოლოში მხოლოდ თითო მასწავლებელი მიჰყვებოდათ. ეს ბავშვები, ბაღის ასაკიდან დაწყებული მოზრდილებით დამთავრებული, მხვდებოდნენ მუზეუმებშიც, სადაც ასევე ხმის ამოუღებლად იდგნენ ექსპონატების წინ და უსმენდნენ თავიანთ მასწავლებელს, რომელიც ამ ექსპონატის შესახებ თავიანთ ენაზე რაღაცას უხსნიდა. სამაგალითოდ მოწესრიგებული იყო მათი მსვლელობაც და მათი ქცევაც, რაც ჩვენთან იშვიათი სანახავია.    

 

 ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...