ოკუპირებული აფხაზეთი საკუთარ მოქალაქეებს ჩაკეტილ ,,საზღვარს“ უხსნის
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ხელისუფლება მოქალაქეებს, ენგურის ხიდზე მოწყობილი გამშვები პუნქტის გავლით, საკუთარ სახლებში დაბრუნების ნებას რთავს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება სოხუმში გუშინ მიიღეს.
,,ის პირები, რომლებიც საქართველოში სამკურნალოდ იყვნენ წასულები, სამშობლოში დაბრუნებას 26 მაისიდან შეძლებენ.“ - განაცხადა სოხუმის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ლუდმილა სკორიკმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ,,საზღვარზე“ გადავლენ, აუცილებლად თან უნდა ჰქონდეთ ლაბორატორიის დასკვნა.
,,მათ უნდა წარმოადგინონ ცნობა ლაბორატორიიდან, რომ არ არიან კორონავირუსით დაინფიცირებულები. ასეთი საბუთის არქონის შემთხვევაში, გამოკვლევის მიზნით, მათგან ბიომასალას ავიღებთ და გამოვიკვლევთ." - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე თქმით, ენგურის ხიდზე გადასვლის მსურველებს ადგილზე აფხაზი მედიკოსებიც შეამოწმებენ, რათა დაადგინონ ხომ არ აღენიშნებათ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ კი, მათ სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო ვადა თვითიზოლაციის რეჟიმში უნდა გაიარონ, რასაც ადგილობრივი სამართალდამცავები და ეპიდემიოლოგიური სამსახური გააკონტროლებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში მარტსა და აპრილში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, გაგრისა და გალის რაიონებში კი კომენდანტის საათი მოქმედებდა.
შეზღუდვების ნაწილი მაისის დასაწყისიდან მოიხსნა, ნაწილი კი - ივნისის თვემდე ძალაში რჩება.
კარანტინის გამო, ჩაკეტილი იყო, როგორც საქართველო-რუსეთის ფსოუს მონაკვეთი, ისე, ეგრეთწოდებული საზღვარი ენგურის ხიდთან. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზებისა და რუსების მიერ მოწყობილ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეზღუდვები 14 მარტიდან დაწესდა.
შეჩერებული მიმოსვლა,გარკვეული წესების დაცვით, დღეიდან ისევ აღდგება.
შეგახსენეთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის გამოვლენილია კორონავირუსით დაინფიცირების 28 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 14 ადამიანი, გარდაცვლილი - 1.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.