Jump to content
Planeta.Ge

რომან თეთვაძე: ჩვენი ხელისუფლება დღეს მომავალ თაობას ინტელექტუალური გენოციდის ტოლფას დანაშაულს უწყობს


 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი მოამზადა, რომლის პირველი საჯარო განხილვა, ერთი თვის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

როგორც უწყების ოფიციალური გვერდი გვამცნობს, პროექტის განხილვა სხვადასხვა დაწესებულებებში კვლავაც გაგრძელდება და უკუკავშირების შემდეგ, საბოლოო ვერსიას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ.

განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი შემდეგი პუნქტებისგან შედგება: ეროვნული იდენტობის შენარჩუნება; ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება; სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა; სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი; ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა; მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა; თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება.

შეგახსენებთ, რომ განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც დღემდე მოქმედებს, 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

რა შედეგს მოგვცემს ეს ახალი პროექტი, შეუწყობს თუ არა მისი მიღება ხელს იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რაც განათლების სისტემაში არსებობს; რა შეიცვლება სასიკეთოდ საჯარო სკოლებში და რამდენად დაეხმარება მოსწავლეებს ჯეროვანი ცოდნის მიღებაში; ზოგადად, რა ხდება დღეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და რა პრობლემებს აწყდებიან მოსწავლეები და მასწავლებლები, ამ კითხვებზე პასუხს მათემატიკის პედაგოგი რომან თეთვაძე გაგვცემს.

ცნობისთვის აქვე მოგახსენებთ, მართალია, ის საჯარო სკოლაში არ მუშაობს, მაგრამ დიდი ხანია მოსწავლეებს და აბიტურიენტებს მათემატიკას ასწავლის, ამიტომ საკმაოდ კარგად იცნობს ყველა იმ ნიუანსს, რაც დღეს ჩვენი განათლების სისტემის სისუსტედ თუ მიღწევად მიიჩნევა.

image.jpeg

- როგორ შეაფასებთ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ახალ დოკუმენტს და რა პრობლემებს გამოარჩევთ უკვე არსებულში; განათლების მხრივ თქვენ როგორ ხედავთ ზოგად ვითარებას საჯარო სკოლებში?

- ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც იმართება ხმამაღალი ლოზუნგებით. მაგალითად, ხშირად გაგვიგია ასეთი გამოთქმა - ქართველობას გვართმევენ. განათლების სისტემაში ეს ლოზუნგი ასე გადმოითარგმნება: ჩვენ უნდა აღვზარდოთ მომავალი თაობა, რომელიც ეროვნული ღირებულებებით იქნება გამსჭვალული.

კი, ბატონო, აღვზარდოთ, მაგრამ იმაზე არავინ საუბრობს, ეს როგორ, რა საშუალებებით  უნდა მოხდეს.

იმ დოკუმენტზეც ხომ ასეთი არაფრისმთქმელი და არაფრისმომცემი ლოზუნგებია დახვავებული, მაგრამ თუნდაც ძალზე იდეალური გეგმები იყოს დასახული და ძალიანაც მოგვწონდეს, საქმე ისაა, რეალურად რა ხდება ჩვენს თავს?

ხდება ის, რომ საჯარო სკოლების აბსოლუტურ უმრავლესობაში მე-12 კლასელები, ფაქტობრივად, გაკვეთილებს არ ესწრებიან. მე-10 და მე-11 კლასელებიც სკოლებში, ძირითადად, მეგობრების სანახავად და გასართობად დადიან და არა - განათლების მისაღებად. ახლა ისიც ვიკითხოთ, განათლების რა დონე აქვთ ამ ბავშვებს ამა თუ იმ საგანში?!

პირადად რომ არ მქონდეს შეხება მოსწავლეებთან, სხვისი ნათქვამი და მოყოლილი შეიძლება არც დამეჯერებინა.

მაგალითად, ჩემთან სამეცადინოდ მოდის მოსწავლე, რომელსაც გამართულად კითხვა უჭირს და ამოცანის პირობას ძლივს კითხულობს, მაგრამ ერთ წელიწადში იმდენს ვმუშაობთ, რომ ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში ის 22-23 ქულას იღებს (მინიმალური ბარიერი მათემატიკაში 11 ქულაა).

რადგან ერთ წელში ამ შედეგს აღწევს, გამოდის ის არც უნიჭოა, არც ზარმაცი და თუ სათანადო პირობას შევუქმნით, სწავლა უკეთაც შეუძლია.

ამდენად, მე ვითარებას ვაფასებ არა ფურცელზე ჩამოწერილი გეგმის, არამედ არსებული რეალობის და ფაქტების მიხედვით. ამ რეალობას ყოველდღიურად ვაკვირდები, ამ რეალობის მონაწილე ვარ და რაც ზუსტად ვიცი, იმას ვლაპარაკობ.

- თქვენ ამბობთ, რომ ბავშვებს სკოლა ცოდნის მისაღებად სათანადო პირობას არ უქმნის და  არ აძლევს ისეთ განათლებას, როგორიც მისთვის აუცილებელი და საჭიროა??

- მე ვამბობ, რომ ერთიანი სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგალითად მათემატიკაში პროგრამის განაწილება არის კატასტროფული. შეიძლება ითქვას, მე-9 კლასამდე მათემატიკას მეტ-ნაკლებად ყველა მოსწავლე სწავლობს, მე-9 კლასიდან კი აბსოლუტური უმრავლესობა ანებებს მას თავს. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა სირთულე ამ კლასის პროგრამაშია ჩაყრილი და მე-12 კლასში არაფერი ახალი არ ისწავლება. ვითომ გამეორებას ეთმობა საათები, სინამდვილეში კი გაკვეთილები საერთოდ არ ტარდება; ეს ხდება იმიტომ, რომ პროგრამა 12 წლიან საგანმანათლებლო სისტემაზე ვერ გადაეწყო, ეროვნული სასწავლო გეგმა მას ვერ მოერგო და ამით დაზარალდნენ ბავშვები. მათემატიკის ცოდნის კატასტროფული მაჩვენებელია ამის დასტური.

მთაწმინდაზე, უზენაეს სასამართლოსთან ვცხოვრობ, სამუშაო კაბინეტიც ახლოს, ლეონიძეზე მაქვს ნაქირავები და ვიდრე იქამდე მივალ, გზად 47-ე და 50-ე სკოლასთან უნდა გავიარო, აქვეა პირველი სკოლაც. დილის 10 საათიდან ვიწყებ მუშაობას, ამ დროისთვის, 30-40 მოსწავლე მაინც მხვდება ჯგუფ-ჯგუფად სკოლის გარეთ,  ქუჩაში, სკვერში. ფაქტია, ისინი სკოლაში არ შედიან, გაკვეთილებს არ ესწრებიან. ხშირად ერთი და იგივე სახე მხვდება, რაც იმას ადასტურებს, რომ ეს ბავშვები სისტემატიურად აცდენენ გაკვეთილებს. დავიჯერო, ამით არავინ ინტერესდება, ჩემს გარდა მათ ვერავინ ხედავს? იციან მათმა მშობლემა ამ ფაქტის შესახებ, აწვდის მათ ვინმე ამ ინფორმაციას?

დავანებოთ თავი, ვინც გაკვეთილებზე არ დადის, ვინც დადის, ის რას აკეთებს? თავად გაკვეთილზე რა ხდება? განათლების ხარისხის კონტროლი ვის ევალება ან საერთოდ თუ კონტროლდება?

იცით როგორი დაბალია მათემატიკის ცოდნის დონე სკოლებში? მოუსმინეთ სხვა საგნების პედაგოგებს, გეტყვიან, რომ იგივე ხდება ქართულში, ისტორიაში, ბიოლოგიაში. მე მაინც იმაზე ვილაპარაკებ, რასაც საკუთრივ ვეხები, რაც ზუსტად ვიცი და მტკიცებით ფორმაში გეტყვით, მათემატიკის ცოდნაში გვაქვს კატასტროფა.

მე-12 კლასელები ხშირად მიყვებიან, რომ მასწავლებელი ეუბნება, შეღავათს გიკეთებ, რათა რეპეტიტორთან მოემზადოო და სკოლაში სიარულს არ თხოვს. მე ვარწმუნებ ამ ბავშვებს: არა, ბავშვებო, ის მასწავლებელი თქვენ შეღავათს კი არ გიკეთებთ, ცუდ საქმეს გიკეთებთ, გმტრობთ და თავად ხელფასს ტყუილად იღებს-მეთქი.

იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ვთქვი, ყველაზე საუკეთესო სკოლაც კი, დღეს იმ ცოდნის ნახევარსაც ვერ აძლევს მოსწავლეს, რაც მას სჭირდება. ვითარება რეალურად რომ შევაფასოთ, ბავშვებს დღეს სკოლიდან მოაქვთ იმ ცოდნის მხოლოდ 20-25 პროცენტი, რაც საჯარო სკოლამ პროგრამის მიხედვით უნდა მისცეს მათ.

- ნაცნობმა ისტორიის მასწავლებელმა მითხრა, ჩემთან მოსამზადებლად მე-10 კლასელი ბავშვი მოვიდა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ სკოლაში ისტორიას კარგად სწავლობდა, მაგრამ რომ შევამოწმე, არაფერი იცოდაო. თქვენთან როცა მოდის მოსამზადებლად ისეთი მოსწავლე, ვინც სკოლაში წარჩინებულია და ამბობს, რომ მათემატიკა კარგად იცის, რეალურად მართლა იცის საგანი თუ იგივე ხდება?  

- შარშან მქონდა ასეთი შემთხვევა. მშობელთან ერთად მოვიდა მოსწავლე და მომახსენა, რომ სკოლაში კარგად სწავლობდა, მათემატიკაშიც ძლიერი იყო და ეროვნულ გამოცდებზე გრანტის მოპოვება სურდა. ორივე ისეთი ამბიციით მელაპარაკა, რომ მართლა დამაინტერესა, რა ცოდნა ჰქონდა ბავშვს და შესამოწმებლად, საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის რამდენიმე შეკითხვა დავუსვი. ვერც ერთზე ვერ მიპასუხა, მაგრამ მე არაფერი მითქვამს, თავად მშობელი დარჩა სახტად და ხმამაღლა უთხრა შვილს, შენს მასწავლებელს შუაზე გავგლეჯ, ამდენი წელი ასე რომ მატყუაო.

საკმაოდ ხშირია ასეთი შემთხვევები. როცა მოდიან, მოსწავლეების დიდმა უმეტესობამ გამრავლების ტაბულაც არ იცის, ამიტომ იშვიათად ვეკითხები, რა იცინ. ვეკითხები, რისი მიღწევა უნდათ, რა მიზანი აქვთ და ვპირდები, თუ მოინდომებენ, ჩემს საგანში აუცილებლად არა მარტო ბარიერს გადალახავენ, კარგ ქულებს დაიმსახურებენ და ასეც ხდება.

- რა უშლის ხელს დღეს მასწავლებელს საჯარო სკოლაში, რომ თავისი საგანი საფუძვლიანად და სრულყოფილად ასწავლოს მოსწავლეს?

-  უშლის არასათანადო სასწავლო გეგმა და პროგრამა. საათობრივი ბადე სკოლებში საშინლად არათანაბრად არის განაწილებული. არ შეიძლება მე-5 და მე-6 კლასში და მე-9-დან მე-12 კლასამდე ერთიდაიგივე რაოდენობის საათები იყოს მათემატიკაში.

Quote

ასევე, მასწავლებელს მოსწავლისთვის სათანადო ცოდნის გადაცემაში ხელს უშლის სასკოლო სახელმძღვანელო, რომლის დონე არის ფსკერს მიღმა. ამ ასპექტშიც ჩემი საგნის სახელმძღვანელოებიდან გამომდინარე გელაპარაკებით, თუმცა ვიცით, რომ ყველა საგნის სახელმძღვანელო უვარგისია და მათი დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სასკოლო სახელმძღვანელოების მხრივ საქართველოში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა.

ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის უმაღლესი შეფასება არის 51 ქულა. რაც არ უნდა კარგი მასწავლებელი და კარგი მოსწავლე იყოს, სასკოლო სახელმძღვანელოებით შეუძლებელია აბიტურიენტმა ეს შეფასება მიიღოს. დიდი მონდომებით, მაქსიმუმ 30 ქულა დაიმსახუროს.

ზუსტად ვიცი, საჯარო სკოლის მასწავლებელი რომ ვიყო, რაც არ უნდა ვცადო, როგორი მონდომებული მოსწავლეც არ უნდა მყავდეს, სკოლის მათემატიკის წიგნებით 30 ქულაზე მეტს ჩემი მოსწავლე ვერ მიიღებს, მაშინ როცა დღეს ჩემი მომზადებული აბიტურიენტებიდან უმაღლეს შედეგს ბევრი აღწევს.

ზოგიერთ მასწავლებელს ხელს უშლის, აგრეთვე, მათივე არაჯანსაღი მიდგომები, პრობლემებისადმი ინერტულობა და ბავშვების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება.

- ამ საკითხებზე პედაგოგებთან მეც ხშირად ვსაუბრობ. მათი ნაწილი აღიარებს ჩვენს მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს, მაგრამ ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი არ სურს, ზოგი კი პირიქით, მიიჩნევს, რომ სკოლაში ყველაფერი კარგად არის, არც სასწავლო გეგმას დაეწუნება რამე და არც სახელმძღვანელოებს. ამ ფაქტს როგორ ახსნით?

- ასეთი მასწავლებლებისთვის სკოლა არის საკუთარი თავის წარმოჩენის ადგილი, სადაც მან შეიძლება ბავშვი მიიზიდოს და თავისთან მოსამზადებლად წაიყვანოს. სკოლაში ხელფასიც ხომ აქვთ და მაპატიეთ ამას რომ ვამბობ, მაგრამ მათ ამ შემოსავლის დაკარგვის ეშინიათ, ამიტომაც იწონებენ და ეთანხმებიან ყველაფერს.

მარტივად ვიტყვი, მათემატიკა თუ არ იცის ადამიანმა, ის ამის გამო, რა თქმა უნდა, არ დაიღუპება, ეს არ არის მთავარი. მთავრია, სკოლაში კარგი პედაგოგი ჰყავდეს, კარგი სახელმძღვანელო ჰქონდეს, კარგი პროგრამით ასწავლიდნენ და ბავშვიც მოინდომებს სწავლას, მას ბრძოლისუნარიანობა, შრომისმოყვარეობა, პასუხიმგებლობის გრძნობა უყალიბდება. პასუხიმგებლობაა ის, როცა შენს მასწავლებელთან დავალების გარეშე კლასში გამოცხადება ,,გიტყდება.“ შრომისმოყვარეობაა, როცა შენი საქმის შედეგს მიიღებ და გსიამოვნებს.

შეიძლება მოსწავლემ საერთოდ არ იცოდეს მათემატიკა, ან ისტორია, მაგრამ ის ამ თვისებებით წარმატებული ადამიანი გახდეს.

Quote

რაც მეტს ვფიქრობ დღევანდელი მოსწავლეების ცოდნის დონეზე, მეტად ვხვდები, რომ ჩვენი ხელისუფლება მომავალ თაობას დღეს, არც მეტი და არც ნაკლები, ინტელექტუალური გენოციდის ტოლფას დანაშაულს უწყობს.

- ვიცით, რომ მუდმივად მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება, ტრენინგები და სხვადასხვა ხარისხის მოსაპოვებლად მათ გამოცდების ჩაბარებაც უწევთ. ეს ფაქტი რას ცვლის სასიკეთოდ და რამდენად ეხმარება სწავლის პროცესს სკოლებში?

- ვერანაირი ტრენინგი და სწავლება ვერ აუმაღლებს მასწავლებელს დონეს, თუ თავად არ მუშაობს საკუთარ თავზე. არც ერთი ტრენინგი არ გამივლია, მაგრამ ყოველდღიურად ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვცდილობ, მეტი გავაკეთო, მეტი შევძლო, უფრო გავიზარდო, ყოველ დღე თავადც თითო ნაბიჯით წავიწიო წინ და სხვასაც დავეხმარო. ამ მიზნით ერთი სახელმძღვანელო უკვე გამოვეცი, რომელშიც თეორიული საკითხებია თავმოყრილი, ახლა ვმუშაობ მეორე ნაწილზე, რომელიც პრაქტიკულ სამუშაოებს გააერთიანებს.

image.jpeg

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვერც ერთი ტრენინგი ვერ უშველის მასწავლებელს, თუ თავად მან არ მოისურვა ზრდა და პროგრესი.

ვთქვათ, ტრენინგს მართლა რაღაც ხეირი მოაქვს მათთვის და ცოდნასაც ჰმატებთ, გამოცდილებასაც და შესაძლებლობებსაც, მაგრამ მთავარია, რამდენად ბოლომდე იხარჯებიან სკოლაში ან თავად გარემო რამდენად აძლევთ მათ იმის საშუალებას, რომ რაც თავად ისწავლეს მოსწავლემდე მიიტანონ და მას გადასცენ.

ისიც სიმართლეა, რომ დღეს მასწავლებლების მიმართ ბევრს საკმაოდ აგდებული და უპატივცემულო დამოკიდებულება აქვს. მშობლებს ჰგონიათ, რომ მასწავლებლის პატივისცემა ისაა, თუ საჩუქარს მიართმევენ ან ფულს აუგროვებენ.

სამწუხაროდ, მასწავლებელს უყურებენ არა როგორც სპეციალისტს, რომელმაც მოსწავლეს ცოდნა უნდა გადასცეს და ცალკეული უნარები განუვითაროს, არამედ, როგორც საშუალებას, რომელმაც მათ შვილს ნიშანი უნდა დაწეროს.

კი, მოსწავლეებს უყვართ ის მასწავლებლები, რომლებიც კარგ ნიშანს უწერენ მაშინაც, როცა გაკვეთილი სათანადოდ არ იციან ან არას არ უწერენ, როცა სკოლაში არ დადიან. მეუბნებიან კიდეც, ჯიგარია ჩვენი მასწავლებელი, ნიშანი ისე დამიწერაო, მე კი საპირისპიროს ვუმტკიცებ, ვუხსნი, რომ ჯიგარი კი არ არის, მტერია, რადგან დათვური სამსახური გაუწია.

ყოველივე აქედან გამომდინარე, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც მენტალურად უნდა გარდავიქმნათ. ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ ამ მოსწავლეებისთვის განათლების მიცემით ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ბედნიერ სიბერეს და ჩვენი შვილების ჯანსაღ ქვეყანაში ცხოვრების გარანტიას ვქმნით.

მოსწავლეებმაც უნდა გაითავისონ, რომ ჩვენ მათ მხოლოდ ნიშანს კი არ ვუწერთ, არამედ ვეხმარებით, ერთად შევქმნათ წარმატებული ქვეყანა.

- როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამ შეგნებას, როგორ აღმოვფხვრათ განათლების სისტემაში არსებული პრობლემები, რა გამოსავალი უნდა მოიძებნოს?

- გამოსავალი მარტივია. უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას და ჩამოაყალიბებს პროგრამას კლასებისა და საათების მიხედვით; რომელიც შექმნის მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით და გააკონტროლებს, რომ შედგენილმა სახემძღვანელოებმა მათ მიერ დადგენილი სტანდარტი დააკმაყოფილოს.

განა რა თანხა უნდა დასჭირდეს ასეთი კომისიის შექმნას, სადაც 20-30 ან რამდენიც საჭიროა იმდენი სპეციალისტი იქნება თავმოყრილი და მათთვის ხელფასის გადახდას, ან ამ საკითხების ორგანიზებას?

ამას სჭირდება მხოლოდ ნება, სურვილი, რომ არსებული რეალობა უკეთესობისკენ შეცვალო და ყველაფერი მარტივად განხორციელდება.

ვხედავთ ვინმეს, ვინც ამას გააკეთებს ან არის ვინმე პასუხისმგებელი პირი, ვინც ამ პრობლემებზე  ხმამამღლა ლაპარაკობს? არ არის და ამიტომაც ვამბობ, ეს ხელისუფლება უწიგნურობის მთესველია და მათ მიერ აშენებული წარმატებული მომავლის მე არ მჯერა.

21-ე საუკუნეში ჯანსაღი და გამართული განათლების სისტემის გარეშე წარმატებული ქვეყანა ვერ აშენდება.

 

ირმა ბერიშვილი

 (ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში რესპონდენტების პოზიცია არ გამოხატავს რედაქციის პოზიციას)

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...