Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.314

ეს არის უბედურება და ამით ქულების ჩაწერა არაეთიკურია


PLANETA_INFO

930 views

ფსიქიატრთა და ფსიქოლოგთა აზრით, ყოველი სიტყვა, რომელსაც ჩვენ ემოციურ ნიადაგზე, უარყოფით კონტექსტში დავწერთ, შეიძლება ჩვენგან სრულიად დისტანცირებულ ადამიანში კრიზისის მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს.

 

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობასა და სუიციდის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე, ასევე, მომხდარი შემთხვევის შემდეგ საზოგადოების მიერ გამოხატულ ემოციურ რეაქციასა და საპროტეტსო პერფომანსებზე დღეს ქართველ ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა მცირე ნაწილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ისინი ჟურნალისტებს სისტემურ პრობლემებსა და მზგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების გზებზეც ესაუბრნენ.

გთავაზობთ ამონარიდებს სპეციალისტთა გამოსვლებიდან.

თამარ გაგოშიძე, ნეიროფსიქოლოგი: ჩვენ ემოციური ადამიანები ვართ და ემოციებს ძალიან რეაქტიულად გამოვხატავთ, რაც გასაგებია, რადგან ყველა შეგვძრა ამ ამბავმა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რას შედეგს მოგვიტანს ეს რეაქცია.

დღეს მიდის სასოწარკვეთილი ბავშვის ფრაზების ტირაჟირება, რომელიც არის შველის სასოწარკვეთილი ძახილი, პერფომანსებს ვაწყობთ და არ ვფიქრობთ იმაზე, გარდატეხის ასაკის მოზარდებს რა რეაგირება ექნებათ.

გარდატეხის და მოზარდობის ასაკის თავისებურებები ისაა, რომ ბავშვები ემოციურად ძალიან რეაქტიულები არიან, ამიტომ ზედმეტი ფრაზების წარმოთქმისას ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან მათი ტირაჟირებით კიდევ უფრო უარესი შედეგები შეიძლება გამოვიწვიოთ.

მოზარდობის ხანაში ჩვენ ყველას გვქონია სუიციდური აზრები და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა აღიარება, ყველას გვაქვს აღიარების მოთხოვნილება. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილება აქვს მოზარდს და თუ აღიარება სიკვდილის მერე იქნება, მაგაზეც თანახმაა.

მესმის, რომ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ემოციები, მაგრამ დიდი თხოვნა მექნება საზოგადოებასთან, უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ ბავშვებზე, რომლებიც სკოლებში დადიან, რომელთაც ზუსტად ანალოგიური პრობლემები აქვთ, ასეთი ცხოვრების გამო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

ჩვენ აღარ გვინდა ასეთი ცხოვრება, უნდა შევცვალოთ, მაგრამ პერფომანსებით არაფერი შეიცვლება.

მინდა სწორედ იმაზე ვისაუბროთ, როგორ შეიძლება შევცვალოთ ეს მანკიერი წრე, სადაც ახალგაზრდები კლავენ ერთმანეთს, იკლავენ თავს და ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. ეს ლოზუნგებიც ჩვენი საზოგადოების პრობლემაა, ამიტომ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს.

ორი წლის წინ მოხდა ხორავას ქუჩის მძიმე შემთხვევეა, რა გაკეთდა მას მერე? რა გააკეთა განათლების სამინისტრომ, რა გააკეთა შშს-მ? მანდატურის სამსახური და ნულოვანი ტოლერანტობა ამ ამბავს არ შველის, ამ ამბავს შველის ადამიანების გაზრდა, მაგრამ ჩვენ რომ ადამიანები გავზარდოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ადამიანები. ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ სხვა ადამიენბის პატივისცემა.

ბავშვებს რა ადარდებთ? მათ პატივს არ სცემენ, მათ ღირსებას ლახავენ და პასუხისმგებლიან ადამიანებად არ ზდრიან.

ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ვისურვებდი, რომ ამოქმედდეს პროგრამები, რომელიც მსგავსი შემთხვევბის პრევენციას მოახდენს.

ყველა დამნაშავე ვართ, სამართალდამცველები, სკოლა, განათლების სისტემა, ოჯახი...

ოჯახს, მშობელს დღეს ძალიან უჭირს, ვინ ანათლებს მშობელს? ვინ ეხმარება მასწავლებელს? მარტო ხელებს ვიშვერთ... ცალ-ცაკლე დახმარება არ გამოდის, მთლიანი, სისტემური მიდგომებია საჭირო, ფსიქოლოგიური სამსახურები, სოციალური მუშაკია საჭირო.

ჩვენ ყველა ერთმანეთზე ვძალადობთ და მერე გვიკვირს, ბავშვები რატომ ძალადობენ. მედიასაც მიუძღვის ამაში წვლილი. დილა იწყება ძალადობით და ბავშვი ამის მოდელირებას აკეთებს. ამიტომ საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ხდება, ასეთი სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირება და უბედურების პერფომანსირება.

ეს არის უბედურება და ამით ქულების ჩაწერა, რბილად რომ ვთქვა, არაეთიკურია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დანარჩენი მოზარდების სიცოცხლეზე.

ნინო ოკრიბელაშვილი ფსიქოლოგი: აღნიშნული ფრაზის გაზიარება, ხშირ შემთხვევაში, სპონტანურად, ემოციურად ხდება, მაგრამ როდესაც ამ ფრაზას, ბევრი აზიარებს, ძალიან ძნელია, დაიჭირო, რეალურად ვის უჭირს. ამიტომ ოჯახსაც და ჩვენს პროფესიულ თემსაც უძნელდება ამ ნიშნის, ძახილის ამოცნობა. შემთხვევა ისეთია, სკოლაში რომ გვასწავლიდნენ, მგელი, მგელიო და როდესაც მგელი რეალურად მოვიდა, სოფელმა ვერ დაინახა მგლის საშიშროება.

ამიტომ, რთული და მძიმე ფრაზებით საუბარი დავუტოვოთ იმ ადამიანებს, ვისაც მართლა უჭირთ და უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რას ამბობენ ისინი.

ითქვა, რომ პრობლემა სისტემურია და მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ის გამოცდილებები, რომელიც აქვს პროგრესულ და წარმატებულ საზოგადოებებს. არსებობს გარკვეული ინსტრუქციები და რეგულაციები, რომელსაც სკოლაში შევიტანთ და ამის შესახებ ეცოდინება არა მარტო სკოლის დირექციას ან განათლების სამინისტროს, არამედ საზოგადოებასაც. შემდეგ, ამათუ იმ რეგულაციის აღსრულებას, საზოგადოება მოსთხოვს როგორც კონკრეტულად სკოლას, ასევე პედაგოგსაც და ზემდგომ ორგანოებსაც.

ყოველთვის არის საშუალება, დავიწყოთ საუბარი ჩვენს პრობლემაზე. ახალგაზრდებს, რომლებიც სპონტანური გადაწყვეტილებების, ემოციური რეაქტიულობის კონტექსტში ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფია, უნდა მივცეთ საშუალება, რომ უფროსებთან, კოლეგებთან, გაწონასწორებულ ადამიანებთან სასაუბროდ დრო, ადგილი და გზები იპოვონ. მხოლოდ დიალოგში გამოჩნდება, ხოლმე, ის ჭეშმარიტება, რასაც ჩვენ პრევენციას ვუწოდებთ.

სახელმწიფოს შემუშავებული და დამტკიცებული აქვს სუიციდის პრევენციის გარკვეული სტრატეგიები, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მხოლოდ პენიტენციალურ სისტემას ეხება.

სწორედ ასეთი ტიპის გაიდლაინების დაგეგმვა იქნება შემდეგი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. სწორედ ამისთვის გვჭირდება ბავშვთა ფსიქოლოგების და ფსიქიატრების მხარდაჭერა, რათა ყველანი ერთად დავდგეთ და ეს პრობლემა დავძლიოთ.

გთხოვთ ყველას, რომ თავი შევიკავოთ ისეთი განცხადებებისაგან, რომელიც ხელს უწყობს ემოციური მდგომარეობის გამწვავებას და სოციალურ ქსელში ნუ გავუწევთ ტირაჟირებას.

ყოველი სიტყვა, რომელსაც ჩვენ დავწერთ, შეიძლება კრიზისის მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს ჩვენგან სრულიად დისტანცირებულ ადამიანში.

დავით ზურაბიშვილი, ბავშვთა ფსიქიატრი: ალბათ, მარტო ოჯახს არ უნდა მივუსამძიმროთ, უნდა მივუსამძიმროთ საკუთარ თავსაც, იმიტომ, რომ ეს ბავშვი ჩვენი ნაწილიცაა.

ბავშვი, მოზარდი სუიციდურ თვითდაზიანების, თვიდესტრუქციის ნაბიჯს დგამს მაშინ, როდესაც ის ხვდება ჩიხში. თუ ის არის მარტო, ამ ჩიხს უყურებს, როგორც კედელს, რომლის გასანგრევადაც დგამს არასწორ ნაბიჯს.

ერთადერთი საშუალება, რამაც შეიძლება მოზარდი შემოატრიალოს, არის ვინმესთან ურთიერთობა, საუბარი, გინდ თანატოლთან, გინდ უფროსთან, თუნდაც ცხოვლეთან, რომელსაც რაღაცას მოუყვება, დაელაპარაკება, თავის ემოციას გასცემს.

რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ თანამოსაუბრე ასაკით უფროსი იქნება, უფრო კომპეტენტურიც და იგრძნობს, რომ ბავშვი რაღაც საფრთხის წინაშეა.

ამ რისკისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ როგორც კი დავინახავთ კლასელს, მეგობარს, ახლობელს, თუ ის არის ზედმეტად ჩაფიქრებული ან ზედმეტად ჩუმად, ნუ მოგვერიდება, მოვეფეროთ, ვესაუბროთ. თუ არაფრის თქმა არ უნდა, ფიზიკურად მაინც ჩავეხუტოთ, რადგან ეს არის მისი გახსნის გზა და მისი ემოციის გადმოსაცემად საჭირო საშუალება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...