Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი არაბული: როცა სურსათი არასათანადო პირობებში იყიდება, მისი ფიზიკური და ქიმიური დაბინძურების ყველანაირი რისკი არსებობს


საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ბევრი ბიზნესოპერატორი არსებობს, რომელთა მიერ მომზადებული პროდუქციის ნაირსახეობა ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში გვხვდება. ყველა მათგანის ეტიკეტზე შეგვიძლია გავეცნოთ ინფორმაციას, რომელშიც მოცემულია მწარმოებლის ვინაობა, პროდუქტის შემადგენლობა და მისი ვარგისიანობის ვადები. მიუხედავად ამისა, მომხმარებელთაგან ძალიან ბევრმა არ იცის, როგორ გაარჩიოს ერთმანეთისგან, მაგალითად, ნამდვილი რძისგან დამზადებული არაჟანი და მისი მსგავსი რძის შემცველი პროდუქტი; ნამდვილი შესქელებული რძე და მცენარეული ცხიმებისგან დამზადებული.

ისეც ხდება, რომ ერთ მაღაზიაში შეიძლება შესქელებული რძის სახელით სხვადასხვა წარმოების რამდენიმე სახეობა იყიდებოდეს, მაგრამ მათგან არც ერთი არ იყოს მოუხდელი რძის პროდუქტი.

ამიტომ, თუ ნამდვილი შესქელებული რძის შეძენა გვინდა, რომელიც გემოვნური თვისებებით ბევრად აღემატება რძის შემცველს, მაშინ მათი ერთმანეთისგან გარჩევაც უნდა შეგვეძლოს.

image.jpeg

ამ მიზნით მომხმარებლები რჩევისთვის ხშირად მაღაზიების კონსულტანტებს მიმართავენ, თუმცა მათმა უმეტესობამ თავადვე არ იცის, რომელი პროდუქტია უკეთესი, ამიტომ იმ სახეობას სთავაზობენ, რომელზეც მეტი მოთხოვნაა და მეტად იყიდება.

ასე ხდება არაჟნის ან ხაჭოს შემთხვევაშიც.  

როგორ გავარჩიოთ რძის პროდუქტები რძის შემცველი პროდუქტებისგან, რა სტანდარტები არსებობს მათი მწარმოებლებისთვის, როდის შეიქმნა რძის რეგლამენტი და რას ითვალისწინებს, რა არის HACCP-ის სისტემა, რომლის დანერგვა სურსათის საწარმოებში დღესაც მიმდინარეობს, რა უნდა ვიცოდეთ რძის პროდუქტების შერჩევისას და რა გარემოებებს მივაქციოთ ყურადღება, ამის შესახებ გვესაუბრება სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, კომპანია ,, ფუდკონსალტინგის“ ხელმძღვანელი ირაკლი არაბული.        

- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით სხვა ვალდებულებებთან ერთად რძისა და რძის პროდუქტების სტანდარტების დაცვის ვალდებულებებიც დაგვეკისრა. რა მოთხოვნები შესრულდა და რომელი დაგვრჩა შესასარულებელი?

- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, რამდენიმე ვალდებულება უშუალოდ სურსათის უვნებლობის სფეროს ეხებოდა. მათ შორის, უპირველესი მოთხოვნა იყო სურსათის ეტიკეტირების შესახებ დადგენილება, რომელიც სახელმწიფომ 2015 წელს მიიღო კიდეც. ამ დადგენილების მიხედვით, მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქციის ეტიკეტზე მისი შემადგენლობის შესახებ სრული ინფორმაცია დაიტანოს.

მაგალითისთვის ავიღოთ რძე და რძის ნაწარმი, განსაკუთრებით ყველი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი სასურსათო პროდუქტია. თუ მწარმოებელმა ყველის დასამზადებლად ნედლი რძე არ გამოიყენა, მას კანონით ეკრძალება სიტყვა ყველის გამოყენება და ეტიკეტს ვერ დააწერს, რომ ეს არის იმერული ყველი ან ქარხნული ყველი და ასე შემდეგ. ეს სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ნედლი რძისგან დამზადებულ პროდუქტს. ხოლო თუ მწარმოებელმა გამოიყენა აღდგენილი რძე, იგივე რძის ფხვნილი ან მცენარეული ცხიმები, პალმის ზეთი, სოიოს ზეთი, ქოქოსის ზეთი და სხვა მსგავსი, ამ შემთხვევაში მას აკრძალული აქვს ყველის სახელის გამოყენება. ამ აკრძალვას საფუძვლად სწორედ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება უდევს.

ამიტომაცაა, რომ ბაზარზე ხშირად ვნახავთ პროდუქტს, რომელსაც ჰქვია ,,ყველის მსგავსი“, ,,ყველის შემცვლელი“, ასევე, აწერენ ხოლმე: ,,სახაჭაპურეს,“ ,, საგაზაფხულოს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი ფორმით კი ჰგავს ყველს, მაგრამ არა ნედლი რძისგან, არამედ რძის ფხვნილისა და მცენარეული ცხიმებისგან არის წარმოებული.

სწორედ ეს მოგვიტანა ევროკავშირთან ასოცირებამ, მწარმოებელს უკვე არ შეუძლია მომხმარებლის მოტყუება და ვალდებულია, პროდუქტის ზუსტი შემადგენლობა დაწეროს ეტიკეტზე. თავად მომხმარებელს კი საშუალება აქვს, ეტიკეტის და სახელწოდების მიხედვით განასხვავოს პროდუქტები ერთმანეთისგან.

- მიუხედავად იმისა, რომ ეტიკეტზე საჭირო ინფორმაციაა დატანილი, მომხმარებელს მაინც ხშირად ეშლება ერთმანეთში მაგალითად არაჟანი და არაჟნის მსგავსი პროდუქტი. როგორ უნდა გაარჩიონ, რომელია ნამდვილი არაჟანი?

- ეტიკეტის მიხედვით ძალიან მარტივია მათი ერთმანეთისგან გარჩევა. ორივეს აწერია შემადგენლობა, რაც ბუნებრივია, განსხვავებულია. ქარხნული არაჟნის წარმოებისას შეიძლება გამოყენებული იყოს აღდგენილი რძე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - მცენარეული ცხიმები.

- აქვე განვმარტოთ, რა არის აღდგენილი რძე, რადგან ბევრს ჰგონია, რომ ნამდვილი რძის პროდუქტებში აღდგენილი რძის გამოყენება აკრძალულია.

- აღდგენილი რძე ეს არის იგივე რძის ფხვნილი. რძის ფხვნილი იწარმოება ნედლი რძისგან, რომელსაც ეცლება ნაღები, შემდეგ სპეციალური აპარატის საშუალებით გამოაშრობენ და მიიღება ფხვნილი. მისგან არაჟნის დასამზადებლად საჭიროა ცხოველური ცხიმის დამატება. როდესაც მწარმოებელი აღდგენილი რძის მეშვეობით დაამზადებს პროდუქტს, მაგრამ გამოიყენებს ასევე მცენარეულ ცხიმებს, მაშინ მას უფლება არა აქვს, ეტიკეტზე დააწეროს არაჟანი. ამიტომაც გვხვდება ხოლმე სახელწოდება: არაჟნის მსგავსი ან რძის შემცველი პროდუქტი. ხოლო თუ პროდუქტი წარმოებულია აღდგენილი რძისა და ნაღების გამოყენებით, მის ეტიკეტზე წერია: არაჟანი, მაწონი ან რძე.

image.jpeg

რძისა და რძის ნაწარმის რეგლამენტის შესახებ 2015 წელს მიღებული დადგენილება არეგულირებს აგრეთვე კარაქისა და სპრედის შემთხვევაში არსებულ მოთხოვნებსაც.

როგორც ვიცით, კარაქი იწარმოება მხოლოდ ცხოველური ცხიმისგან, ამიტომ ცხოველური და მცენარეული ცხიმების შერევით ან მხოლოდ მცენარეული ცხიმებით დამზადებულ პროდუქტის ეტიკეტზე კარაქის სახელის დაწერა კანონით აკრძალულია. ასეთ პროდუქტს უნდა ეწეროს სპრედი.

- კარგია, რომ რძის რეგლამენტის საშუალებით შეგვიძლია, ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი პროდუქტებიდან მარტივად განვასხვავოთ, რომელია ცხოველური ცხიმებისგან წარმოებული და რომელი - მცენარეული ცხიმების შერევით, არჩევანის საშუალებაც გვაქვს და მწარმოებლებიც მეტ-ნაკლებად იცავენ რეგულაციებს. შემდეგი ნაბიჯი რა არის, რა რეკომენდაცია გვაქვს კიდევ შესასრულებელი ამ მიმართულებით?

- შეიძლება ითქვას, ყველა რეკომენდაცია, რაც აქამდე მიღებული გვქონდა, სრულდება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2015 წელს სახელმწიფომ მიიღო ასევე HACCP-ის (ჰასპი) დანერგვის ვალდებულება. ეს არის სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემა, რომელიც ემსახურება კვების პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების პროცესში ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის პრევენციას და მის აღმოფხვრას. ის ადგენს და აკონტროლებს იმ საფრთხეებს, რომლებიც შეიძლება სურსათის წარმოების და რეალიზაციის დროს წარმოიქმნას.

2015 წელს პირველი ვალდებულება ჰქონდა ცხოველთა სასაკლაოებს, სადაც ეს სისტემა დაინერგა და ასე თუ ისე ამ დავალებას ყველამ წარმატებით გაართვა თავი. შემდეგ, 2018 წელს ეს ვალდებულება ნედლი რძის გადამამუშავებელ კომპანიებს და ასევე, თხილის გულის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ, ხოლო 2021 წლის პირველი იანვრდან ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებლებს; იმავე წლის 1 ივნისიდან - საზოგადოებრივი კვების ობიექტებს. 2023 წლის 1 ივნისიდან კი, ყველა ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათთან, მის წარმოებასთან ან რეალიზაციასთან და ექსპორტთან, ყველა ვალდებულია, ეს სისტემა აამოქმედოს.

ამდენად, ვისაც აქამდე არა აქვს HACCP-ი დანერგილი, დღეს ასრულებენ ამ ვალდებულებას, რომელიც საუკეთესო პრაქტიკაა სურსათის უვნებლობის მისაღწევად.

- მაგრამ ჩვენ გვაქვს ეგრეთწოდებული გლეხური წარმოებაც, რომელიც არავისგან არ კონტროლდება. შესაბამისად, ხშირია ფალსიფიცირების ფაქტებიც. ამის საწინააღმდეგოდ რა შეუძლია გააკეთოს სახელმწიფომ, როგორ უნდა აიძულოს გლეხი, რომ მან მომხმარებელი არ მოატყუოს?

- სამწუხაროდ, არათუ ჩვენს სახელმწიფოს, მსოფლიოში არც ერთ სხვა სახელმწიფოს არა აქვს იმდენი რესურსი, რომ ყველა ბიზნესოპერატორი თუ ცალკეული მეწარმე ხშირად შეამოწმოს და გააკონტროლოს, რამდენად კეთილსინდისიერად ამზადებს ის თავის პროდუქციას.

ამის ბერკეტი აქვს ისევ და ისევ მომხმარებელს, მათი მონაწილეობა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია კონტროლის ნაწილში.

ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენისას აუცილებელია ფაქტის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს არსებულ ცხელ ხაზზე - 1501 შევატყობინოთ.

მომხმარებელს აქვს სრული უფლება, რომ ყველა შემთხვევაში, როცა მას სურსათის ვარგისიანობასა ან ფალსიფიკაციაზე გაუჩნდება ეჭვი, თუ დაინახავს რამე დარღვევას, მიმართოს სააგენტოს და მიაწოდოს ინფორმაცია. უფრო მეტიც, სურსათის უვნებლობის მისაღწევად, მომხმარებელთა აქტიური ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- გასაგებია, რომ ეტიკეტირებული პროდუქტის შემთხვევაში უფრო ნაკლები რისკია, მოვტყუვდეთ, მაგრამ არაეტიკეტირებული რძის და რძის პროდუქტების ყიდვისას რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ?

- რა თქმა უნდა, ეტიკეტირებულის ყიდვის შემთხვევაში წავიკითხავთ და გავიგებთ, რას ვყიდულობთ, ნამდვილ ყველს, არაჟანს, ხაჭოს თუ მხოლოდ რძისშემცველ პროდუქტს. არაეტიკეტირეული პროდუქტის შეძენისას მოტყუების რისკი მაღალია, რადგან ამ დროს მხოლოდ სიტყვაზე უნდა ვენდოთ მწარმოებელსაც და რეალიზატორსაც. ვიზუალურად რამე დასკვნის გამოტანას ვერ შევძლებთ და ბუნებრივია, შემადგენლობას ყიდვისას ვერ შევამოწმებთ. უკვე შეძენილის შემოწმება კი სახლში შეგვიძლია. მაგალითად, ძალიან ხშირია ხაჭოს და ყველის ფალსიფიკაციის ფაქტები, რაც იოდის გამოყენებით შეიძლება შემოწმდეს. ხაჭოზე ან ყველის ნაჭერზე დავაწვეთოთ იოდი და თუ რამდენიმე წუთში იმ ადგილმა გალურჯება დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ მის შემადგენლობაში სახამებელია გარეული.

- სურსათის ეროვნული სააგენტოს  ანგარიშებში ხშირია შემთხვევები, როცა შემოწმებული რძის პროდუქტების მწარმოებელი 10 ბიზნესოპერატორიდან 3-4 მაინც არღვევს კანონს და მათ მიერ წარმოებულ ყველში, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, მცენარეული ცხიმების არსებობა დასტურდება. ეს რით აიხსნება?

- დიახ, სამწუხაროდ ასეთი ფაქტები ხდება და რძის პროდუქტების მწარმოებელთა მხრიდან საკმაოდ ხშირია დარღვევები, რაც მათი არაკეთილსინდისიერებით აიხსნება. ამიტომაც გვჭირდება სურსათის უვნებლობის მიმართულებით ცნობიერების მეტად ამაღლება და უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება, რათა მომხმარებლებმა შეძლონ გარჩევა, რომელია უვნებელი სურსათი, რომელია ნამდვილი ყველი თუ არაჟანი; არა მარტო გარჩევა შეძლონ, არამედ იცოდნენ კიდეც, რა მოითხოვონ მწარმოებლისგან ან რეალიზატორისგან იმისთვის, რომ სურსათი იყოს უვნებელი.

ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარე ვაჭრობის შემთხვევაში. მომხმარებელს უნდა ესმოდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოს მალფუჭებადი პროდუქცია გარევაჭრობის ადგილებში. ეს არის ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, რომელთა შესანახადაც სპეციალური პირობებია საჭირო. როცა ეს პროდუქტები ღია ცის ქვეშ, ქუჩაში იყიდება, თუნდაც ხარისხიანი იყოს, მათი დაბინძურების რისკი მაღალია.

- შენახვის პირობები გასათვალისწინებელია, მაგრამ რძის პროდუქტების შემთხვევაში ისიც ხომ საინტერესოა, როგორ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში მომზადდა, რამდენად იყო ნორმები დაცული?

- სამწუხაროდ, ეს ის საკითხია, რომელსაც იმ შემთხვევაშიც ვერ დავადგენთ, როცა არაეტიკეტირებული პროდუქტი მაღაზიებში იყიდება. ჩვენ არ ვიცით, ვინ დაამზადა, როგორ პირობებში ან მისი მწარმოებელი საერთოდ თუ არის რეგისტრირებული.

რძე და რძის პროდუქტები განეკუთვნება განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათის კატეგორიას, რომლის შენახვისა და რეალიზაციისთვის საჭიროა აუცილებელი სამაცივრე პირობების და ჰიგიენური ნორმების დაცვა. გარევაჭრობის შემთხვევაში ეს პირობები არ არსებობს. გარდა ამისა, გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი შეიძლება მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული იყოს. ქუჩაში, მაღალ ტემპერატურაზე ბაქტერიები კიდევ უფრო მრავლდება და ეს პროდუქტი შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველად იქცეს. ამასთან, მიკრობიოლოგიური დაბინძურების გარდა, ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი რძის პროდუქტები ბინძურდება ფიზიკური თუ ქიმიური მაჩვენებლებით, ეს იქნება მტვერი, მანქანების გამონაბოლქვი თუ სხვა. როცა სურსათი არასათანადო პირობებში იყიდება ამის ყველანაირი რისკი არსებობს.

როცა შესაბამის პირობებში იყიდება და მისი შენახვის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებიც დაცულია, ეს რისკები შესაძლოა იქაც არსებობდეს, მაგრამ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ამიტომ ყოველთვის ჯობია რძე და რძის პროდუქტები შევიძინოთ იქ, სადაც მათი რეალიზაციისთვის შესაფერისი პირობებია დაცული. ასევე, აუცილებლად უნდა გავეცნოთ ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას, ვნახოთ მისი შემადგენლობა, თუ რისგანაა დამზადებული და არჩევანიც ამის მიხედვით გავაკეთოთ.

ეტიკეტირებული პროდუქტი გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ და სად დაამზადა. დარღვევის აღმოჩენის შეთხვევაში კი შეგვიძლია, მივაკვლიოთ ბიზნესოპერატორს და პასუხიც მოვთხოვოთ. ამიტომაც ყოველთვის უმჯობესია, ეტიკეტირებული პროდუქტი შევიძინოთ.

- რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ უმჯობესია სუპერმარკეტებში ნაყიდი ეტიკეტირებული ყველი ვიყიდოთ, მაგრამ გაცილებით მეტის გადახდა გვიწევს.

- დიახ, სამწუხაროდ ასეა, მაგრამ პროდუქტის მაღალ ფასს მისი მაღალი ხარისხი და საწარმოში არსებული სტანდარტებთან მიახლოებული პირობები განსაზღვრავს.

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ჩემი საკონსულტაციო კომპანიის ფარგლებში, როცა სხვადასხვა ობიქტზე HACCP -ის სისტემის დანერგვას ვახორციელებ, ყველა ბიზნესოპერატორთან ერთ პრობლემას ვაწყდები. სისტემის დანერგვა მხოლოდ იმიტომ უნდათ, რომ კანონი ავალდებულებთ და არა იმიტომ, რომ ეს სისტემა მათი წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხისა და უვნებლობის გარანტი იქნება. სამწუხაროდ, ვერ ხვდებიან, რომ ეს მათთვისვეა სასურველი და ხელსაყრელი.  

კი, გასაგებია, საერთაშორისო მოთხოვნებით გათვალისწინებული სტანდარტიზაცია და სისტემატიზაცია გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამას მწარმოებლისთვის იმდენი მოგების და ბენეფიტის მოტანა შეუძლია, რომ თავადვე უნდა იყვნენ დაინტერესებული HACCP -ის დანერგვით. ამიტომაც მუდმივად ვცდილობ, ყველას დავანახო ამ სისტემის სარგებელი და დადებითი მხარე.

- რას ურჩევთ მომხმარებელს, რომელიც ფასის გამო არარეგისტრირებული მეწარმისგან ან მაღაზიაში ყიდულობს უეტიკეტო ყველს?

- მართალია, არალეგალური, არარეგისტრირებული მეწარმისგან ნაყიდი პროდუქცია უფრო იაფია, მაგრამ თუ გაითვალისწინებენ ჩემს რჩევას, ვეტყვი, უმჯობესია, მეტი გადაიხადონ და ნახევარი ყველი იყიდონ, მაგრამ იცოდნენ, რომ ეს არის ნამდვილი და ხარისხიანი  პროდუქტი, ვიდრე ბევრი იყიდონ და საერთოდ არ იცოდნენ, რისგან არის დამზადებული ან რა პირობებშია დამზადებული და არის თუ არა უვნებელი.

ვიცით, რომ ადამიანის ჯანმრთელობის 80 პროცენტი დამოკიდებულია იმ სურსათზე, რომელსაც საკვებად მოვიხმართ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს პროდუქტის ხარისხის და უვნებლობის გარჩევა. თუმცა ხშირად ხარისხიც არ არის იმის გარანტია, რომ ესა თუ ის პროდუქტი უვნებელი იქნება.

პროდუქტის ხარისხი სხვაა და მისი უვნებლობა - სხვა. შეიძლება ის ხარისხიანად იყოს წარმოებული, ვიზუალურადაც მოგვეწონოს, მაგრამ ამავე დროს არ იყოს უვნებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის; შეიძლება მასში ისეთი ბაქტერია ბუდობდეს, რომელიც ორგანიზმის მოწამვლას გამოიწვევს. 

- სამწუხაროდ, ამა თუ იმ საწარმოში მომზადებული პროდუქტების ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშებში ხშირად ხვდება, ასევე, ნაწლავური ჩხირების აღმოჩენის ფაქტები.

რა იწვევს ამ ჩხირების პროდუქციაში მოხვედრას და რატომ ვერ ახერხებენ ბიზნესოპერატორები თავიანთ ობიექტებზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სათანადო დაცვას?

- ნაწლავური ჩხირების იგივე ეშერიხია კოლის გამომწვევი მიზეზი ზედაპირული დაბინძურება და ელემენტარული ჰიგიენის წესის, ხელის სათანადოდ დაბანის უგულვებელყოფაა.

ნამდვილად არსებობს ეს პრობლემა და როცა HACCP-ის სისტემის დანერგვაზე ვმუშაობ, ძალიან ხშირად მხვდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის მაგალითები.

რა შედის სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებში? თუ სურსათის საწარმოში მუშაობ, ეს არის, ელემენტარულად თუნდაც ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ხელის დაბანა.

ზოგს ჰგონია, ერთჯერად ხელთათმანს თუ გაიკეთებს, მორჩა, ყველა წესი დაცულია, მაგრამ თუ მთელი დღე ამ ერთი ხელთათმანით იმუშავებს, ის შეიძლება ჯერ დაბინძურებულ ზედაპირს შეეხოს, მერე სხვა, სუფთა ზედაპირსაც და იმაზე გადაიტანოს ბაქტერია. ამ შემთხვევაში ხდება ჯვარედინი დაბინძურება.

ხელების ხშირი დეზინფექცია და თხევადი საპნითა და ცხელი წყლით ხელების ხშირი დაბანა ჰიგიენის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ეს ყველამ უნდა გაითავისოს, ვინც საზოგადეობრივი კვების ობიექტებსა თუ სურსათის საწარმოებში მუშაობს.

მათ მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ნებისმიერმა დარღვევამ და მათმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ასეთ შემთხვევაში კანონის წინაშე მოუწევს პასუხიგება.

კვების ობიექტის სამზარეულოში იქნება თუ სურსათის საწარმოში, უნდა იყოს დადგენილი წესები, რაც გამორიცხავს პროდუქტების ჯვარედინ დაბინძურებას. თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული ხელის დაბანის ინსტრუქცია, პერსონალის ჩაცმულობის და პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და ასე შემდეგ. მომუშავე პერსონალს უნდა ჰქონდეს მიწოდებული ყველანაირი ინფორმაცია, როგორ არ უნდა მოხდეს ადგილზე პროდუქტის დაბინძურება.

მსგავსი ობიექტების ხელმძღვანელები მოწადინებულები უნდა იყვნენ, რომ მათთან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები მაღალ დონეზე იყოს დაცული და ამისთვის, სტანდარტების დაწესების გარდა, თავიანთი თანამშრომლებისთვის ხშირად უნდა ატარებდნენ ტრენინგებს.

 

ირმა ბერიშვილი

Edited by ირმა ბერიშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...