Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.314

ესტონეთის სკოლები ევროპაში საუკეთესოდ მიიჩნიეს. რაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო?


PLANETA_INFO

1.267 views

ესტონელ მოსწავლეებს ასწავლიან დამოუკიდებლად აზროვნებას, ფიქრს, ასევე, თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

სასკოლო განათლების ხარისხის მიხედვით ახლახანს გამოქვეყნებულ რეიტინგში ესტონეთმა, ევროპის ქვეყნებს შორის პირველი, ხოლო მსოფლიო რეიტინგში - მეხუთე ადგილი დაიკავა და ლატვია, რუსეთი და ყოფილი საბჭოთა სისტემის სხვა წარმომადგენლები შორს ჩამოიტოვა.

როგორ შეძლეს ეს ესტონეთმა და ესტონელმა მოსწავლეებმა?

 

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევით, აღნიშნულ ახალ რეიტინგში ესტონელმა მოსწავლეებმა ევროპაში პირველი ადგილი ყველა კატეგორიაში დაიმსახურეს (კითხვა, მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები).

მოსწავლეთა განსწავლულობის ხარისხის შეფასების საერთაშორისო პროგრამა, 21-ე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, ყოველ სამ წელიწადში ატარებს კვლევებს, რომლის მიხედვითაც ესტონეთმა 2015 წელსაც პირველი ადგილი დაიკავა.

ამ კვლევების ფარგლებში, სწავლების დონისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესამოწმებლად, დეტალურ ტესტირებას ათეულობით ქვეყნის 15 წლის ასაკის ასობით ათასი მოსწავლე გადის.

ცნობილია, რომ საბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის სერიოზული გარდაქმნა ესტონეთში საბჭოეთის დაშლიდან პირველივე წელს დაიწყეს.

მაგალითად, ერთიანი გამოსაშვები გამოცდები და მიღებული ქულების მიხედვით სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების სისტემა, ესტონეთში გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან შემოიღეს.

დღეს, საბჭოთა წყობილების დანგრევიდან 28 წლის შემდეგ, ესტონეთის სკოლა საბჭოთა მოდელისგან საკმაოდ შორს დგას.

 

,,თუ როგორ უნდა ასწავლონ ბავშვებს, ამ საკითხში ჩვენი მასწავლებლები ფართო პროფესიული დამოუკიდებლობით სარგებლობენ.“ - წარმატებისთვის საჭირო პირობების ჩამოთვლას ამ ფაქტორიდან იწყებს ესტონეთის პარლამენტის დეპუტატი ლიინა კერსნა, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში განათლების საკითხებით არის დაკავებული.

,,ესტონეთში გავრცელებულია სწავლების თანამედროვე მეთოდები- განაგრძობს ის - მათ შორის, პრობლემური სწავლება, ციფრული სწავლება, პროექტების სწავლება, ცხოვრებისეული უნარები. ამ მეთოდების მიზანი სხვადასხვა საგნის ერთმანეთთან დაკავშირებაა, რათა სწავლა უფრო პრაქტიკული და რეალურ ცხოვრებასთან მორგებული გახდეს, ბავშვს საგნის არსი და კანონზომიერება კარგად ესმოდეს.

პრობლემური სწავლება ნიშნავს იმას, როცა მზა ცოდნის ნაცვლად მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ერთად წამოჭრან პრობლემა, ერთადვე აღმოფხვრან ის და ასე მივიდნენ ცოდნამდე.

პროექტის სწავლება გულისხმობს მეთოდს, როცა მოსწავლეები სხვადასხვა დისციპლინაში სხვადასხვა პროექტს მარტო ან ჯგუფურად ახორციელებენ.

ციფრულ განათლებაში შედის როგორც კომპიუტერული ცოდნა, ისე ინტერნეტში მუშაობა და ჩვეულებრივი სწავლება.

რაც შეეხება ცხოვრებისეული უნარების სწავლას, ამ მეთოდის გამოყენება დაწყებით კლასებშივე ხდება.

ესტონეთის პარლამენტის დეპუტატის აზრით, ესტონეთის სკოლის მნიშვნელოვანი წარმატების საწინდარი პედაგოგთა მაღალი მომზადების დონეა.

სხვა საკითხებთან ერთად, სკოლებში ახალგაზრდა ენთუზიაზისტების მიზიდვას და გაჩერებას, ხელს უწყობს კარგი ანაზღაურებაც. ესტონეთში პედაგოგის საშუალო ხელფასი 1513 ევროა, რაც ქვეყანაში არსებულ ზოგადად საშუალო ხელფასზე მაღალია (საშუალო ხელფასი ესტონეთში - 1145 ევრო).

ლიინა კერსნა ვარაუდობს, რომ ესტონეთის სკოლების სწავლების ხარისხის ამაღლებას ის გარემოებაც ეხმარება, რომ ესტონელი მოსწავლეები თავიანთი ინტერესების მიხედვით, სხვადასხვა წრეებში აქტიურად მონაწილეობენ.

,,ეს ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ თავიანთი ძლიერი მხარეები, გაიფართოვონ თვალსაწიერი და ინტერესი სპეციფიური საგნების მიმართ. ინტერესთა სფეროების მიხედვით არსებული წრეების სია პატარა სოფლის სკოლებშიც კი შთამბეჭდავია.“ - აცხადებს კერსნა.

 

ამას გარდა, დეპუტატი აღნიშნავს სიტყვიერი შეფასების სისტემის მნიშვნელობასაც. მისი თქმით, ეს სისტემა ხელს უწყობს ბავშვებში ცნობისმოყვარეობისა და თვიშეფასების ამაღლებას, რაც სწავლის ხარისხისთვის ძალიან საჭირო ფაქტორია.

ესტონეთის სკოლების უმცროს და საშუალო კლასებში, აქტიურად გამოიყენება სიტყვიერი შეფასების მეთოდი, როცა მასწავლებელი მაღალი ან დაბალი ქულით კი არ აფასებს მოსწავლეს, არამედ უწერს ან ეუბნება: ,,ძალიან კარგია“ ან ,,აი, აქ კიდევ არის სამუშაო.“ უფროს კლასებში კი ქულებს წერენ.

ესტონეთში მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ორგანიზატორის, გუნდა ტირეს თქმით, წარმატებისკენ ყველაზე მეტად მიზანსწრაფულნიც, ასევე,ესტონელი მოსწავლეები აღმოჩნდნენ.

,,ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი ინტელექტი თავადვე განავითარონ და ეს განვითარება საკუთარი უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ.“ - აცხადებს გუნდა ტირე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...