Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    172.402

როგორ ,,უფრთხილდებიან" ზოგიერთ საჯარო სკოლაში ბავშვების ჯანმრთელობას?


5b1cfc3f1d516.jpg

 

 

 

ბოლო 30 წლის განმავლობაში,საქართველოს განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნამდე მრავალი მინისტრი გვყავდა და მის მერეც, უმოკლეს დროში, კიდევ ორი გამოვიცვალეთ (ამასწინ, იმ ორიდან ერთი პოსტზე ხელახლა დავაბრუნეთ კიდეც), მაგრამ ცოდვას გაგიმხელთ და ამჟამინდელ თუ ყოფილ განათლების მინისტრებს შორის, ყველაზე საუკეთესოდ მაინც ჯეჯელავა მიმაჩნია.

ამის მიზეზი, ნამდვილად, მაქვს. სკოლებში არსებულ მარადიულ პრობლემათაგან ყველაზე მთავარზე, სწორედ, ჯეჯელავამ გაამახვილა ყურადღება.

მისი სახელის გაგონებაზე, ალბათ, ყველას კომბლე და ვაშლი გაგონდებათ, მაგრამ მე საკმაოდ სერიოზულ და მეტად საჭირბოროტო საკითხზე მოგახსენებთ.

ალექსანდრე ჯეჯელავამ, მინისტრის პოსტზე ყოფნისას იმ სკოლის დირექტორებს, რომელთაც სკოლაში საპირფარეშოების საკითხი მოგვარებული არ ჰქონდათ ომი გამოუცხადა. მათგან, ჰიგიენის ნორმების დაცვას, სკოლის ტუალეტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მკაცრად ითხოვდა და ვინც ამ გამოწვევას თავს ვერ გაართმევდა, დაკავებული თნამდებობიდან ათავისუფლებდა.

ამ პრობლემის გამო, საჯარო სკოლების რამდენიმე დირექტორის გათავისუფლების შემდეგ, ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს ასეთი პასუხი გასცა: ხუთსაც გავათავისუფლებთ და ოცდახუთსაც, თუ საქმეს დასჭირდა. ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვის ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება. დირექტორებმა სისუფთავესთან დაკავშირებით ყურადღება არ უნდა მოადუნონ, ხოლო თუ სახსრები არ აქვთ სამინისტრო დაეხმარება.

სიმართლე გითხრათ, მაშინ ამ საკითხთან შეხება არ მქონია, მაგრამ გადმოცემით და მედიის საშუალებით ვიცოდი, რა მდგომარეობაში იყო უმეტესი სკოლების საპირფარეშოები. მოსწავლეებიც და პედაგოგებიც მოუწყობელ ინფრასქტრუქტურას, ანტისანიტარიას და საშინელ სუნს უჩიოდნენ. ამიტომაც, ამ მიმართულებით ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძოლას თავიდანვე მივესალმე. ვიფიქრე, თუ ამ გზას პრინციპულად ბოლომდე მიჰყვება, იქნება, ეს პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრას-მეთქი.

თუმცა, როგორც ვიცით, ვიდრე ყოფილი მინისტრი სკოლების საპირფარეშოების პრობლემებთან ბრძოლას ბოლომდე მიიყვანდა, მანამდე სავარაუდოდ, კომბლესთან ,,ბრძოლას“ გადააყოლეს და ჯეჯელავას ნაცვლად პოსტზე სხვა დანიშნეს.

ეს იყო 2 წლის წინ და ჯეჯელავას წასვლის შემდეგ, არ მსმენია, მოუწესრიგებელი საპირფარეშოს გამო, რომელიმე სკოლის დირექტორისთვის რამე სანქცია დაეწესებინათ ან სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ, თუ ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გახმაურებულ ინციდენტს (სკოლის დირექტორის გარდაცვალებას)არ მივიღებთ მხედველობაში.

ჰოდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ბედნიერად ვფიქრობდი, რომ ჯეჯელავას მუქარამ გაჭრა, სკოლებში ტუალეტების ინფრასტრუქტურის და ჰიგიენის პრობლემა აღარ დგას და ბავშვებს ამყრალებულ საპირფარეშოებში არ უწევთ შესვლა, ვიდრე შარშან ერთ-ერთ სკოლასთან განგებამ მჭიდროდ არ დამაკავშირა.

შარშანდელი სასწავლო წლიდან მოყოლებული სულ მესმოდა ჩემი ბავშვის (ძმის შვილიშვილის) წუწუნი, რომ ტუალეტში ვერ შედის, რადგან იქ საშინელი სუნია, რომ იქაურობა ყარს, მაგრამ ვეუბნებოდი, საერთო ტუალეტებში ეგეთი სუნია ყველგან-მეთქი და ამ საკითხის უფრო ღრმად გასარკვევად, თავი დიდად არ შემიწუხებია. თუმცა, ერთხელ, შემთხვევით იმ ფლიგელში რომ მოვხვდი, სადაც ბიჭების ტუალეტი იყო განთავსებული და სუნმა ჯერ ნესტოები, მერე კი თვალები ამწვა, საგონებელში ჩავვარდი, აქ, დერეფანში რომ ასე ყარს ყველაფერი, შიგნით რაღა იქნება-მეთქი. მიუხედავად ამისა, პრობლემას მაინც წავუყრუეს, შიგნით არ შევსულვარ და არ შემიმოწმებია.

წელს ისე მოხდა, რომ ჩვენი კლასი იმ ფლიგელში გადაიყვანეს, სადაც გოგოების ტუალეტი მდებარეობს. ბავშვმა პირველ დღესვე გვითხრა, ისეთი სუნია, ოთახის კარს ვერ ვაღებთ, მასწავლებელი ცდილობს, მაგრად ჩაკეტოს, რომ სუნი არ შემოვიდეს, გარეთ, დერეფანში ვერ გავდივართ, იქ გაჩერება შეუძლებელიაო.

დამაინტერესა და მეორე დღეს სკოლაში მივედი. პირველ სართულზე, ცენტრალურ შესასვლელს როგორც კი გავცდი და მარცხნივ, ჩვენი ფლიგელისკენ ჩავუხვიე, რამდენიმე ნაბიჯში საზიზღარი სუნი ჯერ სუსტად მეცა, მერე, რაც უფრო მივუახლოვდი კლასს და საპირფარეშოს მიმდებარე ტერიტორიას, ეს სუნი იმდენად აუტანელი გახდა, რომ ცხვირ-პირზე ხელები ავიფარე. სხვანაირად იქ ვერ გავჩერდებოდი.

ასე, ცხვირზე ხელაფარებული შევედი საპირფარეშოში. იმ სუნის ფონზე, მეგონა, საშინელი ანტისანიტარია დამხვდებოდა, მაგრამ ტყუილს ვერ ვიტყვი, ტუალეტის შესასვლელი და ფეხსალაგებიც სუფთა იყო. წყლის ჭავლებიც შევამოწმე, ყველა მუშაობდა. ერთადერთი, რასაც სისუფთავე არ ეტყობოდა, ხელსაბანები იყო, ადამისჟამისდროინდელი მტვრითა და ჭუჭყით.

იქიდან გაოგნებული გამოვედი და თუ დამლაგებელი პერიოდულად ასე ასუფთავებს აქაურობას, ეს საძაგელი სუნი საიდან უნდა იყოს-მეთქი, კითხვით მნივადექი ჩვენი კლასის ხელმძღვანელს, რომელიც ჩემზე არანაკლებ წუხდა.

არ ვიცი, ასე როდემდე გავძლებთო, აქეთ შემომჩივლა, თან, ჯერ კიდევ ცხელა გარეთ და დერეფნებში ფანჯრები ღიაა, რომ მივხურავთ, მერე რა გვეშველებაო.

ჩემს გარდა, სხვა ბავშვების მშობლებიც იგივეს ამბობდნენ და კითხულობდნენ, რა გზას დავადგეთ, რა ვიღონოთ, ალბათ, დირექტორს უნდა შევატყობინოთო.

დირექციაში ყოველ შესვლაზე ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ შედეგი არ გვაქვსო, პედაგოგმა გვითხრა.

ასე გავაგრძელეთ ბუზღუნი და წუწუნი იმ დღეს, მეორე დღეს, კიდევ სხვა დღეს. ვითარება, რა თქმა უნდა, არ შეცვლილა. სპეციალისტებთან კონსულტაციით ერთადერთი, ის გავარკვიეთ, რომ ეს პრობლემა, შესაძლოა კანალიზაციის ძველი მილების ბრალი ყოფილიყო.

კი ვაპირებდი დირექტორთან მისვლას და დახმარების იქით შეთავაზებას, იქნება და სამინისტრო არ უგდებს ყურს, არ აქცევს ყურადღებას მის განცხადებებს, რომელსაც ის ამ საკითხის მოსაგვარებლად აგზავნის-მეთქი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ შესაძლო იყო, არცთუ ისე კონსტრუქციული საუბარი გამოგვსვლოდა და ამიტომ თავს ვიკავებდი. ამასობაში სხვა მშობელმა დამასწრო. როგორც გავიგე, დირექტორისთვის დახმარება არ შეუთავაზებია, პირიქით, კარგად გაუჯორავს.

ბავშვებმა მითხრეს, მარიამის ბებია დირექტორს ხმამაღლა ელაპარაკებოდა, ის კი არ გაუჩერდა და წავიდა, მაგრამ საითაც წავიდა, იქით გაჰყვა და თქვენ თუ ვერ აგვარებთ ამ პრობლემას, ჩვენ მოვაგვარებთო, ეუბნებოდაო. დირექტორი კი პასუხს არ სცემდაო.

ამ ამბის მერე, ეტყობა, დირექტორმა მარტივ გამოსავალს ,,მიაგნო“ და დერეფანში სურნელის გამფრქვევი მოწყობილობები დააყენებინა, რამაც შარდის საშინელი სუნი მცირე ხნით გაანეიტრალა, თუმცა მერე ის სურნელი საპირფარეშოს საერთო სუნს შეერწყა, უარესად აყროლდა იქაურობა და გავლა-გამოვლაც კი გაუსაძლისი გახდა, იმ დროს, როდესაც, ბავშვებს ასეთ გარემოში საათობით უწევთ გაჩერება.

ჰოდა, ვითმინე, ვითმინე და ვეღარ მოვითმინე, განათლების სამინისტროს გუშინ არაოფიციალურად მივაწვდინე ხმა და ჩვენი გასაჭირი შევატყობინე.

როგორც ჩანს, სამინისტროდან სკოლის დირექტორს დაუკავშირდნენ და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, იმანაც, როგორც მოსალოდნელი იყო, აბსურდული არგუმენტებით სცადა თავის მართლება, თუმცა კი, სკოლის პასუხიდან ჩანს, რასთან გვაქვს საქმე და ვინ ტყუის.

მეტი დამაჯერებლობისთის ამ პასუხსაც აქვე გაგაცნობთ.

,,№ -- სკოლაში ნამდვილად არის ტუალეტებში სუნი, რასაც დირექტორი ებრძვის, თუმცა ვერაფერს შველის რადგან არასწორადაა შეერთება გაკეთებული. ამ ტუალეტების რემონტი ორი წელია რაც ესიდამ გააკეთა, მაგრამ სუნი თავიდანვე დგებოდა. თან ახლა სკოლის მე-2 ფლიგელი რემონტის გამო გადაკეტილია და ორ ტუალეტზე მეტი დატვირთვაა. არდადეგებზე ფიქრობს დირექტორი რამე ეგებ გააკეთოს რომ ეშველოს სუნს. ისე დასუფთავებულია ყოველთვის.“

ამ პასუხში რამაც თავიდანვე გამაბრაზა, ისაა, რომ სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, ტუალეტში სუნი ნამდვილად არისო, თითქოს მარტო იმ ერთ ადგილზე იყოს საუბარი. ამ დროს, მთელი დერეფანი ყარს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დერეფანში არათუ გაჩერება, გავლაც შეუძლებელია და სასკოლო ოთახის კარს როგორც კი შეაღებ, მთელ ოთახში შარდის მძაფრი სუნი წამიერად დგება. ამიტომ, მარტო საპირფარეშოში მდგარი სუნის გამო კი არ ვწუხდებით, იმ გარემოში ბავშვების ხანგრძლივად გაჩერება დანაშაულია.

ეს ერთი და მეორე, ის, რომ სკოლის ერთ ფლიგელზე სახურავს არემონტებენ და ამიტომ ტუალეტზე დატვირთვა გაორმაგებულია, ეს კი მართალია, მაგრამ ეს არ არის ერთი და ორი კვირის წინ წარმოქმნილი პრობლემა, ადრეც ასე იყო, რასაც თავადვე აღნიშნავენ, როცა ამბობენ, რომ მილები არასწორადაა შეერთებული და სუნი თავიდანვე, ანუ გარემონტებისთანავე დგებოდა.

ხომ წარმოგიდგენიათ, ორი წელია დირექტორმა იცის, ეს პრობლემა ,,თავიდანვე“ რომ იყო, აქამდე არაფერი გაუკეთებია და ახლა, ამ არდადეგებზე ფიქრობს, ,,ეგებ რაღაც გააკეთოს“ და ღმერთმა იცის, ეს ,,ეგებ“ რა იქნება.

როგორც ჩანს, იმ 2 წლის წინაც, სწორედ ჯეჯელავას მუქარის შიშით გარემონტდა ამ სკოლის საპირფარეშო, თუმცა კი, უხარისხოდ და შედეგად, მთელი 2 ცვლის ბავშვები ნახევარ დღეს შარდის სუნში ატარებენ. რაც მეტად დამაფიქრებელია, ამ აქოთებულ შენობაში უფრო მეტ დროს მასწავლებლები ატარებენ...

დღევანდელ ეპოქაში, სკოლის ასეთ პრობლემებზე ხმაური რომ გვიწევს, ვფიქრობ, ძალიან სამარცხვინოა.

ჰოდა, ხომ ახი იქნებოდა ასეთი სკოლების დირექტორებზე, ალექსანდრე ჯეჯელავა ყოფილიყო ისევ განათლების მინისტრი?!

P. S. ზუსტად გუშინ საღამოს წავიკითხეთ, მეორე კლასის ბუნების წიგნში, რომ ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანსაღი ცხოვრებისთვის ჯანსაღი გარემო, სუფთა საცხოვრებელი პირობები და სუფთა ჰაერია საჭირო და ოჯახის უფროსმა წევრებმა ერთმანეთს გადავულაპარაკეთ, ამ გაკვეთილს რომ უხსნიდა მასწავლებელი, ნეტა, იმაზე თუ ფიქრობდა, ბავშვები საკლასო ოთახის კარს რომ გააღებენ, რა გარემო ხვდებათო.

P. S. S. მოვლენების შემდგომ განვითარებასაც აუცილებლად გაგაცნობთ. ვნახოთ, სკოლის ადმინისტრაცია საახალწლო არდადეგების განმავლობაში რა ზომებს მიიღებს.

იმის იმედიც მაქვს, რომ ,,ზომების მიღებას“ ჩვენი კლასის დამრიგებლის დამუნათებით არ დაიწყებენ, რადგან პრობლემაზე ხმა მისი კლასის მშობლებმა ამოვიღეთ.

ჰო, ასეთებიც ხდება ჩვენთან, სამწუხაროდ, არადა, გარეთ 21-ე საუკუნეა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...