Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    86
  • comments
    5
  • views
    172.406

თაროზე შემოწყობილი კანონები


piroteqnika.jpg

 

ძალიან მაწუხებს ერთი კითხვა და თქვენც უნდა გაგიზიაროთ. მაინტერესებს, თუ არსებობს სადმე, სხვაგან, განვითარების გზაზე მდგომი ქვეყანა, სადაც ამათუ იმ საკითხზე, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის აღსრულებაზე არც მისი მიმღები ზრუნავს და მით უარესი, არ არსეობს უწყება, რომელსაც ამ კანონის დარღვევაზე რეაგირება ევალება?

ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ჩვენ რომ ვართ, ამის დამადასტურებელი ფაქტები, სამწუხაროდ ბლომად გვაქვს. შორს რომ არ წავიდეთ და ბევრი არ ვილაპარაკოთ, 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის პიროტექნიკის მიყიდვის აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის დასახელებაც კმარა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი 1 წლის წინ ამოქმედდა, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დამწვრობის ცენტრსა და სხვადასხვა კლინიკაში პიროტექნიკით დაზარალებული მოზარდების რიცხვმაც იმატა. ამის შესახებ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემაც დაწერა და ეგრეთწოდებული, საახალწლო ასაფეთქებლით დაზიანებული ბავშვის ფოტოც გამოაქვეყნა.

თავადაც, უკვე მეორე კვირაა, ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებ, სკოლაში მიმავალი ან სკოლიდან მომავალი 9-12 წლის მოზარდები, გზადაგზა როგორ უკიდებენ ცეცხლს ამ ასაფეთქებლებს და ერთმანეთს ესვრიან, ხან, უფრო მეტი ეფექტისთვის, სადარბაზოებში ყრიან და ისმის გაუთავებელი ზათქი და გრუხუნი. იმასაც ვუყურებ, ამ ბავშვებს როგორ უვლის გვერდს მათი მშობლების თუ ბებია-ბაბუების ტოლი ხალხი, ზოგი სრულიად გულგრილად, ზოგი მხოლოდ უკმაყოფილო სახით, შენიშვნას კი მხოლოდ მე ვაძლევ... თუმცა არც შენიშვნაზე რეაგირებენ, ჩემს სადარაბაზოს გასცდებიან და სხვა სადარბაზოსთან დააქუხებენ, ვიდრე იქაც არ მობეზრდება ვინმეს და არ დაუცაცხანებს.

სავარაუდოდ, მშობლებს არც უმხელენ, რაში ხარჯავენ მათ მიერ გატანებულ ფულს, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთმა მშობელმა, რომც იცოდეს, მანამდე მაინც არ შეიფერთხავს ყურს, ვიდრე ბავშვი პიროტექნიკისგან სერიოზულ ზიანს არ მიიღებს.

ალბათ, ცოტა გადამეტებული მოგეჩვენებათ ჩემი ბრალდება, მაგრამ თავად მინახავს მზგავსი შემთხვევა და ამიტომაც ვამბობ. ორი წლის წინ, 6-7 წლის ბავშვები, მთელი დღის განმავლობაში, ეზოში პატარა რაკეტებს აფეთქებდნენ. როგორც მე მესმოდა ეს გამაყრუებელი ხმა, ისე ესმოდათ მათ მშობლებსაც, მაგრამ ერთხელ არ მიუციათ შენიშვნა. ბოლოს, მოთმინება რომ გამომელია და მეხუთე სართულიდან გადავძახე, გეყოფათ ახლა, საკმარისია-მეთქი, ერთ-ერთის მშობელმა ჯერ ბავშვებს გადახედა აივნიდან, მერე მე ამომხედა უკმაყოფილოდ და უხმოდ შებრუნდა სახლში. პატარებმაც ისევ განაგრძეს პიროტექნიკის აფეთქება და ცოტა ხანში გულისგამგმირავი ტირილიც გაისმა. რომ გადავიხედე, ერთს სახეზე სისხლი ჩამოსდიოდა და ცალი ხელი ყურზე აეფარებინა, საიდანაც, ასევე, სისხლი ჟონავდა, დანარჩენები კი დასეოდნენ და ჩუმად, ჩუმადო, ამუნათებდნენ.

მერე, იცოცხლეთ, გამოლაგდნენ დედები, ბებიები, დაიწყეს ქოთქოთი, ვიშვიში, ერთმანეთის მიმართ საყვედურები. ვერ მოვითმინე და გადავძახე, ცოტა ადრე უნდა მიგექციათ ყურადღება-მეთქი. იმდენს კი მიხვდნენ, პასუხი არ გაეცათ ან არ ჰქონდათ ჩემი თავი, თორემ ზოგადად, ჩვენი საზოგადოება ასეთ საყვედურს არ ღებულობს.

სიმართლე გითხრათ, არც მე მხიბლავს გამუდმებით ,,დეიდა ვასასის“ როლში ყოფნა და ვიღაცისთვის იმის მტკიცება, რომ ლიფტში სიგარეტი არ უნდა მოწიოს, რომ სადარბაზოსთან მანქანა არ უნდა გარეცხოს, ღამე კორპუსების ფანჯრებთან არ უნდა იგინოს ან გამთენიისას მანქანაში ხმამაღლა ჩართული მუსიკით არ უნდა იაროს.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილის უვიცობის, უკულტურობის, უზნეობის და წესებისა და კანონების უპატივცემულობის ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, რომლის ვერც წარმომავლობის მიზეზებს ვწვდები და ვერც გამოსავალს ვხედავ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

ეს ცოტა ვრცელი საუბრის თემაა და ამიტომ, ახლა ისევ პიროტექნიკას დავუბრუნდეთ. როგორც ვიცით, ხელმისაწვდომი, იაფფასიანი საახალწლო რაკეტები თუ მაშხალები იყიდება ყველგან, უბნის მაღაზიებსა თუ ჯიხურებში. არავინ დაგიდევთ, რომ 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის მისი მიყიდვა კანონით არის აკრძალული და ამ აკრძალვის დამრღვევი ფიზიკური პირი 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი კი - 200 ლარით უნდა დაჯარიმდეს. თუ, ერთი წლის განმავლობაში, შემთხვევა განმეორდება, მაშინ პირს გაორმაგებული ჯარიმის გადახდა მოუწევს.

თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი მორიგი ფიქციაა და არც გამყიდველებს და არც მშობლებს, ამ კანონის არსებობაზე წარმოდგენა არა აქვთ.

რაც შეეხება კონტროლს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში წერია, რომ მისი დარღვევის შემთხვევას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი განიხილავს, თუმცა, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტში მოვისმინე, არც ერთი მუნიციპალიტეტის ინსპექციას მზგავსი ფუნქცია აქამდე არ დაჰკისრებია. ამდენად, კანონი კი მივიღეთ, მაგრამ მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო არ არსებობს.

ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ როგორც აღნიშნული სიუჟეტიდან ჩანს, რა შედეგები გამოიღო ხსენებულმა კანონპროექტმა ან რამდენად სრულდება, სრულიად უცნობია მისი ერთ-ერთი ავტორის, პარლამენტარ მარიამ ჯაშისთვის.

შემიძლია ვივარაუდო, რომ ამ კანონის აღსრულებაზე ფიქრით, აქამდე არც სხვა თანაავტორებს შეუწუხებიათ თავი და აწიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაახსენდებათ, თუ ამ საკითხზე, დამდეგ ახალ წლამდე, მედია და საზოგადოება ცოტაზე მეტს იხმაურებს ან უკიდურეს შემთხვევაში, კანონის უმოქმედობის გამო, სავალალო შედეგებს მივიღებთ.

ამ სავალალო შედეგებს კი, თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელობა ყოველ ნაახალწლევს აქვეყნებს და საზოგადოებასაც გამუდმებით აფრთხილებს, მოარიდონ ბავშვები პიროტექნიკას. თუმცა, სულ ამაოდ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...