Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ეხმაურება ხელისუფლების მიერ დაანონსებული მონაცემთა ბაზების საკითხს, ასევე რუსულ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლითაც კანონი მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც ეხება. განცხადებაში სამსახური მიანიშნებს შეტანილი ცვლილებების ხარვეზებზე, თუმცა თავს არიდებს შეაფასოს დაანონსებული ზომებისა და კანონში შეტანილი ცვლილებების კანონიერება. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ კანონპროექტში შევიდა ცვლილებები, რომლითაც ფიზიკური პირები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის გათვალისწინებული “უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების” რეესტრში მოხვდებიან, თუმცა სახელმწიფოს შეეძლება ფიზიკური პირებისთვის პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა და მათი დაჯარიმება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საჭიროა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის კანონქვემდებარე აქტებში გაიწეროს მიზანი, მოცულობა, მონაცემთა კატეგორია და სხვა. “კანონპროექტის ცალკეულ ნორმებში არსებული ზოგადი მითითებები პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის, მიღებისა და გამოყენების გზით დამუშავების თაობაზე, მისი კანონიერების უზრუნველსაყოფად, შესაბამისობაში უნდა იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. […] მიზანშეწონილია, რომ მომავალში შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში დეტალურად გაიწეროს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საჭიროება, აუცილებლობა და მოცულობა, აგრეთვე, ის კონკრეტული მიზანი, რაც მონაცემების ამ გზით და მოცულობით დამუშავების ლეგიტიმურობას განსაზღვრავს, კონკრეტულად რა სახის/კატეგორიის მონაცემები დამუშავდება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოებისას, სარეგისტრაციო განაცხადისა თუ საფინანსო დეკლარაციის ფორმის შემუშავების, რეგისტრაციის გაუქმების წესებისა და პროცედურის და მონიტორინგის განხორციელების დროს, ასევე, დაკონკრეტდეს, ვინ წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს, რა კონკრეტულ შემთხვევებში გააჩნია მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კანონპროექტის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული უფლებამოსილება და დაზუსტდეს იმ მონაცემთა სუბიექტების წრე, ვისთან მიმართებითაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იგი”, – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში. იურისტი საბა ბრაჭველი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ერთი მხრივ თქვა, რომ კანონი ხარვეზიანია, მაგრამ მეორე მხრივ, გამბედაობა არ ეყო ეთქვა, რომ მისი მიღება დაუშვებელია და ის ფაქტობრივად აუქმებს პერსონალური მონაცემების დაცულობას ქვეყანაში. იურისტი განმარტავს, რომ თუ აქამდე კანონი არაპირდაპირ ეხებოდა მოქალაქეებს, შეტანილი ცვლილებით, თუ ის ამოქმედდება, ყველა მოქალაქეს, ვისაც რაიმე სახის კავშირი ჰქონია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, ყველას ექმნება ვალდებულება, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის საიდუმლო ინფორმაცია, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პირს. “სამინისტროს ეძლევა უფლებამოსილება, დაამუშაოს ეს მონაცემები შეუზღუდავად. არ არის გაწერილი არც დრო, არც მიზეზი, საფუძველი და არაფერი. ეს კანონი აბსოლუტურად არღვევს საქართველოში არსებულ პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობას”, – განმარტავს საბა ბრაჭველი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში ასევე საუბარია მუქარისშემცველი სატელეფონო ზარების შესახებაც, რაც აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მიმართ უწყვეტი ანტირუსული პროტესტის პარალელურად ხორციელდება. “ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, ამ დროისათვის სამსახურმა მიიღო 70-მდე განცხადება/შეტყობინება, მათგან 10-მდე განცხადება/შეტყობინება, რომელიც თავისი შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისი რეაგირებისათვის გადაეგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს. […] სამსახურმა უკვე მიმართა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს, კონკრეტული სატელეფონო ნომრების კუთვნილებისა და მათი მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით”, – აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. არაერთი კვირაა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც რიგ შემთხვევებში ათი ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან. „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება უკვე შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. ამის შესახებ ჩანაწერი მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა. ნეტგაზეთი
  3. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა რომ, სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ, 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან, რის შედეგადაც ბრალდებულმა თ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მომხდარი ინციდენტის შედეგად ასევე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო რამდენიმე პირმა”, – აცხადებს შსს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, დანაშაულში ბრალდებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით. პუბლიკა
  4. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო. პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 78-ე მუხლებს. "ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - მაშესადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ხალხის ნებას. ყოველივე ზემოთააღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში - ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე", - წერს პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში. იპნ
  5. ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით, - ამის შესახებ საფრნგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „ჩვენი ქვეყნები საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი არიან და აქტიურად დაუჭირეს მხარი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის დეკემბერში. ღრმა მწუხარებით ვაკვირდებით საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის მიღებით“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები აცხადებენ, რომ „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია - მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“. იპნ
  6. „ქართული ოცნების” დეპუტატმა, რუსული კანონის მხარდამჭერმა მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტს, The News Agents-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ინტერვიუს დროს მას ასევე ჰკითხეს ე.წ. „გლობალური ომის პარტიაზე”, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ხშირად ახსენებს. ლაშხმა „გლობალური ომის პარტია” მასონებს შეადარა. გთავაზობთ პოდკასტიდან ინტერვიუს ნაწყვეტს, რომლის თარგმანსაც გამოცემა „ტაბულა” ავრცელებს: publika
  7. „რიგით ქართველს მოუწევს ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების საფასურის გადახდა" | ინტერვიუ პოლიტიკა პუბლიკა11:40, 19 მაისი, 2024 მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ; საქართველოში უკვე ერთ თვეზე მეტია ხალხმრავალი პროტესტი მიმდინარეობს, ხელისუფლების მიერ გასული წლის შემდეგ ხელახლა ინიცირებული, ე.წ “უცხოური აგენტების” კანონმდებლობის გამო, რომელსაც მოქალაქეთა ნაწილი რუსული კანონის ანალოგად მიიჩნევს. ქუჩის აქციების პარალელურად, ხელისუფლების მიმართ მკაცრ შეფასებებს ვხედავთ დასავლელი მოკავშირეების მხრიდან, რომელთა კრიტიკული ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიერ მსგავსი კანონის ამოქმედება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებას. ე.წ. აგენტების კანონის გამო შექმნილი კრიზისისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსების შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის „ამერიკის ხმის” ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა. დიდი მადლობა დრო რომ დაგვითმეთ, ბატონო ელჩო. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ამ ეტაპზე საქმე საქართველოში რუსულ კანონში თუ პრორუსულ ხელისუფლებაშია? საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ სად დგას ის. ევროკავშირის მხრიდან, შემიძლია დაგარწმუნოთ, ვთანხმდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოს დაინტერესების შემთხვევაში, შემდეგი დიდი გაფართოებისას, მივიღოთ საქართველო. ამ დროისთვის ათი ქვეყანაა, რომლებიც ამ პროცესს გადის. საქართველო მრავალი წელი ლიდერობდა ამ ჯგუფს. სამწუხაროდ, ბოლო ორ კვირაში განვითარებული მოვლენების გამო, ვითარება გაურკვეველია. ასე რომ, არის გაურკვევლობის მომენტი. იმედი მაქვს, მიიღება გადაწყვეტილებები, რათა დარწმუნდეთ, რომ საქართველო დაბრუნდება ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველო კიდევ ერთხელ გახდება მოწინავე [ქვეყანა] ამ მარათონში, ევროკავშირის გაფართოების მომდევნო ტალღაში მოსახვედრად. თქვენ ახსენეთ შემდეგი გაფართოება. ეს დისკუსია ბრიუსელში მიდის. როგორია ამის ალბათობა? ვსაუბრობთ მომავალ წლებზე თუ ათწლეულებზე? არა, მე ვხედავ, რომ ეს მოხდება, ნათლად ჩანს რომ მოხდება. მე თვითონ იმ ქვეყნიდან ვარ, რომელიც ევროკავშირის წევრი გახდა ზუსტად 20 წლის წინ, 2004 წლის მაისში. ჩვენ აღვნიშნავთ ბოლო დიდი გაფართოების 20 წლისთავს. რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ მართლაც დააჩქარა მოვლენები. და შემდეგი დიდი გაფართოება მოხდება. თუ ჩემს პირად აზრს მკითხავთ, ვფიქრობ, ეს ძალიან სწრაფად მოხდება, რამდენიმე წლის საქმეა. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ საქართველო იქნება ამ მომდევნო დიდი გაფართოების ნაწილი და რომ საქართველოს არ მოუწევს დიდი გაფართოების კიდევ ერთი ტალღის ლოდინი, რომელსაც შესაძლოა მინიმუმ 20 წელი დასჭირდეს. ჩვენ ვსაუბრობთ თაობაზე ან თუნდაც თაობებზე. ევროკავშირის მისიის მიმართ საქართველოში კითხვები გააჩინა იმან, რომ ერთი მხრივ აკეთებთ მკაცრ განცხადებებს, თუმცა მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ლიდერების გვერდით გხედავთ და აგრძელებთ მუშაობას მათთან ისე, ვითომც არაფერი მომხდარა. იცით, რომ უკმაყოფილება მოჰყვა ევროპის დღის ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრთან ერთად ლენტის გაჭრას. და ამას გარდა, სხვა მიმართულებებითაც, საქმიანობა ჩვეულებრივ გრძელდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს წარმოდგენას უქმნის „ქართულ ოცნებას”, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ურთიერთობა გაგრძელდება? ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ვმუშაობთ ამ მოქმედ ხელისუფლებასთან და ასევე ვიმუშავებთ მომავალ მთავრობასთან, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში. მთავრობა არის ჩვენი მთავარი თანამოსაუბრე. საქართველოს ხელისუფლებასთან ვაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა სფეროში და, ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ვინ მოვა ხელისუფლებაში. მაგრამ, როცა ერთ დღეს გეძახიან გლობალური ომის პარტიას, მეორე დღეს კი მათ გვერდით გხედავთ, არ ფიქრობთ, რომ ამ სიტუაციაში მეტი სიცხადის შეტანაა საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თქვენი შეშფოთება გაითვალისწინოს? მე ვფიქრობ, რომ როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი მოლოდინები – რა უნდა მოხდეს და რა არა საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სურს წინსვლა ევროკავშირის წევრობისკენ. მაგრამ ქართველმა ხალხმა, საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნიათ. ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის საქმე არ არის იმის თქმა, თუ რომელი კანონია სწორი ან რომელი არა, მაგრამ ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვუთხრა საზოგადოებას, რა შედეგები მოჰყვება ამას, ევროკავშირის გაფართოების პროცესის კუთხით, გარკვეული კანონების მიღების შემთხვევაში. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვაკეთებთ აქ, ევროკავშირის დელეგაციაში თბილისში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ლიდერების მეშვეობით, რომლებმაც გაავრცელეს განცხადება კანონის ხელახლა ინიცირებიდან მეორე დღეს და საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენის შემდეგ. ბოდიში, მაგრამ განცხადებაშიყველაფერი ნათლადაა ნათქვამი: გაიწვიეთ ეს კანონი. თუმცა არის ბუნდოვანება, მაგალითად, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებაში, რომელშიც საუბარია ორივე მხარის ლეგიტიმურ წუხილებზე. ამან ზოგს შეახსენა 2008 წლის ომის დროს ევროკავშირის განცხადებები, როცა ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ. ჩვენ ვხედავთ ერთი მხრივ შარლ მიშელის განცხადებას, შემდეგ თქვენ განცხადებებს და მათ შორის სხვაობაა. რატომაა ეს განსხვავება? თქვენ ამბობთ, რომ გზავნილი ერთიანია. ერთიანია კი? დიახ. ჩვენ სრულიად ნათელი ვართ გზავნილში. თუმცა, ევროკავშირი არის ევროკავშირის ინსტიტუტების ჯგუფი და ასევე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ჯგუფი. ასე რომ, შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა [სიმუქის] ჩრდილები. თუმცა, საერთო მიმართულება სრულებით ნათელია და არ ვეთანხმები არგუმენტს, რომ არსებობს გაურკვევლობა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას. ჩვენ ისევ და ისევ ვიმეორებთ, რომ ჩვენი პრობლემა არ არის გამჭვირვალობისკენ სწრაფვა. პირიქით, ჩვენ გვესმის, რომ გამჭვირვალობა აბსოლუტურად აუცილებელია. თუმცა, საქართველოს აქვს საკმარისი კანონები და საკმარისი ადმინისტრაციული პროცედურები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაძლოა, გარკვეული გაუმჯობესებაა საჭირო. და ჩვენ ასევე მზად ვართ მოგაწოდოთ ჩვენი ექსპერტიზა, რათა ეს მოხდეს. მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად განსხვავებული რამ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან, არამედ იწვევს მარგინალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას. ეს [კანონი] გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა. ჩვენ გვესმის საუბრები და ეს, ალბათ, იმაზე მიუთითებს, რომ უფრო მეტი დისკუსია მიდის კულისებში კანონში ცვლილებების შესახებ. ეს გავიგეთ ჯიმ ო’ბრაიენისგან, როდესაც ის აქ სტუმრად იმყოფებოდა. თქვენ არ გილაპარაკიათ ამაზე. რას ნიშნავს ეს? ეს ძალიან დამაბნეველია მოსახლეობისთვის. რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ამ კანონში, რამაც შეიძლება ეს კანონი თქვენთვის და ქართული საზოგადოებისთვის მისაღები გახადოს? მე არ ვარ იურიდიული ექსპერტი, მაგრამ არსებითად ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს და ევროკავშირის ძირითად ნორმებს. მე ვიცი, რომ ეს არ არის ბოლო ეტაპი, რადგან ახლა კანონი პრეზიდენტის ხელშია. მან უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. მე მესმის, რომ მან შესაძლოა ალტერნატიული წინადადებაც შემოიტანოს. კიდევ 11 დღე უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა, რა გამოვა. ვიცით, რომ ვენეციის კომისიას სთხოვეს, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება იურიდიულ საკითხებს, თავისი მოსაზრების გაზიარება. ეს მოსაზრება უახლოეს დღეებში იქნება გამოქვეყნებული. ვნახავთ, რა მოხდება. მე ასევე მესმის, რომ მმართველ უმრავლესობას აქვს შესაძლებლობა, არ მისცეს ხმა, ამ კანონს და არ აამოქმედოს ის. ასე რომ, არსებობს [მოვლენათა განვითარების] რამდენიმე ვარიანტი. და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, არა მხოლოდ იმიტომ, რასაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი და სხვა დასავლური ქვეყნები ვფიქრობთ ამ კანონზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის გამო და, მოგეხსენებათ, ათასობით, ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურად აპროტესტებს კანონს. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ნაბიჯი გადადგა აქამდე, რაც მიუთითებს, რომ ისინი ამ კანონს აამოქმედებენ თქვენ კვლავ იმედი გაქვთ, რომ გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს? და თუ არა, მაშინ რა ხდება? აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენი კითხვის პირველ ნაწილს. ჩვენ ვართ საქართველოს კეთილის მსურველები და საქართველო ათწლეულების მანძილზე აკაკუნებს ევროკავშირის კარზე. ეს კარები დაკეტილი იყო. ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ, როცა საქმე გაფართოების საკითხს ეხებოდა და განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებას. საქართველო ამ გზაზე ყოველთვის ლიდერობდა. მაშინ კარები დაკეტილი იყო. ახლა კარები საბოლოოდ გაიღო და ეს არის სასწაული. რატომ მოხდა ეს? უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის გამო. უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და ტანჯვის გამო. საბოლოოდ, 27 წევრი ქვეყანა დათანხმდა, რომ დიახ, ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას. დიახ, ჩვენ ვუხსნით კარებს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. და რა ხდება [საქართველოში]? – ვხედავთ ყოყმანს, ეჭვებს, ფეხის ათრევას. კიდევ ერთხელ, ეს საქართველოს და ქართველების გადასაწყვეტია. დიახ, მაგრამ, რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ გავხსენით ჩვენი კარები და გადავდივარ თქვენი კითხვის მეორე ნაწილზე: ვიმედოვნებთ, რომ არ გადავალთ ფორმულიდან – მეტი შედეგი მეტი ძალისხმევისთვის, ნაკლები შედეგი ნაკლებისთვის – ფორმულაზე, რადგან ეს საშინელ გავლენას მოახდენს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე. და ვინ იქნება პირველი მსხვერპლი? უბრალო ხალხი, უბრალო ქართველს მოუწევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესების საფასურის გადახდა. ჩემი პასუხისმგებლობაა, არ დავუშვა, რომ ეს მოხდეს. ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყენო ყოველი შესაძლებლობა, რაც ჯერ კიდევ არსებობს, რათა არ გადავიდეთ მოვლენების ამ უარყოფით სპირალში, რომელიც რიგით ქართველს ძვირი დაუჯდება. და თუ ეს არ მოხდა? მე ვიმეორებ კითხვას. მესმის, რომ თქვენ ამბობთ, რომ საფასური იქნება ინტეგრაციის პროცესის გაყინვა, მაგრამ სანქციებს განიხილავთ? არის თუ არა განხილვები რაიმე კონკრეტულ ღონისძიებაზე, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს? შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ზოგიერთ პირს სანქცია დაუწესა, თუმცა თქვენგან ეს არ გვინახავს. მუშაობთ ამ საკითხზე ამერიკელ პარტნიორებთან და მსჯელობთ სანქციებზე? ჩვენი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, ჩვენს უახლოეს მოკავშირესთან და ერთნაირად მოაზროვნე პარტნიორთან, ძალიან მჭიდროა. თუმცა, თქვენ არ უნდა შეადაროთ ევროკავშირი შეერთებულ შტატებს. ევროკავშირი არის 27 წევრი სახელმწიფოს მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. შეერთებული შტატები ერთი სახელმწიფოა. ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესები და ამერიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესები სრულიად განსხვავებულია. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ერთ პოზიციაზე, მაგრამ ჩვენ შორის ბევრი განსხვავებაა. სანქციებზე გკითხეთ. როგორც ვიცი, ამ დროისთვის არ არის საუბარი საქართველოს, ან რომელიმე პირის მიმართ სანქციებზე. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს დადგეს დღის წესრიგში, თუმცა არ არის ამ მომენტში. ყველაზე დიდი განსხვავება ჩვენსა და ამერიკას შორის არის ის, რომ ჩვენი სანქციები მიიღება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ერთხმად. ასე რომ, იმისთვის, რომ ჩვენ დავთანხმდეთ ვინმეზე სანქციების დაწესება და ჩვენს შემთხვევაში, საუბარია აქტივების გაყინვაზე, საჭიროა 27-ივე წევრი სახელმწიფოს შეთანხმება. ვიხილეთ ძალადობა ამ კვირების განმავლობაში სხვადასხვა პირების მიმართ და ასევე დაკავების შემთხვევები, ჯგუფებისა და პირების მიერ, რომლებიც სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობასთან არიან კავშირში. კანონის გაწვევის შემთხვევაშიც კი, რას ამბობს ეს დემოკრატიის კუთხით ვითარებაზე საქართველოში? ძალადობა, მუქარა, დაშინება – ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ეს მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატიულს უწოდებს. და მითუმეტეს აბსოლუტურად მიუღებელია იმ ქვეყნისთვის, რომელიც არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ქვეყნისთვის, რომელსაც სურს წინსვლა ევროკავშირის წევრობისკენ. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს არ დაუშვას. და რა თქმა უნდა, გამოიძიოს ძალადობის კარგად დოკუმენტირებული შემთხვევები. თუმცა არანაირი გამოძიება არ გვინახავს. იმედია ვიხილავთ. კარგით, რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვედით აქამდე საქართველოში. ბევრი რამ რაზეც ახლა ვსაუბრობთ, იქნება ეს ძალადობასთან დაკავშირებით, თუ დეზინფორმაციული კამპანიის კუთხით, ჩვენ წლების განმავლობაში აქამდეც გვინახავს. გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, არამარტო ეს კანონი ვიხილეთ, არამედ, მოგეხსენებათ, ხელისუფლების ზოგიერთი წევრისა და სხვა ჯგუფის განცხადებები გვესმოდა თქვენს წინააღმდეგ, რომ გსურთ საქართველოს ჩათრევა ომში, რომ თქვენ ხართ გლობალური ომის პარტია და ვხედავდით, რომ ხელისუფლება ერთი მხრივ ამბობდა, რომ მუშაობენ ევროპელ პარტნიორებთან, მაგრამ მეორე მხრივ ხელს უწყობდა ანტიდასავლური განწყობების გავრცელებას საქართველოში. და ამაზე ბევრი ადგილობრივი ორგანიზაცია საუბრობს. ყველა ამ ქმედების და რიტორიკის გათვალისწინებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ გარკვეულწილად ხომ არ გაუჩინა საქართველოს ხელისუფლებას დაუსჯელობის განცდა, რადგან თქვენ დააჯილდოვეთ ცუდი საქციელი. კანდიდატის სტატუსი საქართველოს ხელისუფლებისთვის არ მიგვინიჭებია. კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ საქართველოს. ხელისუფლებები იცვლება – ეს არის ყველა დემოკრატიისთვის თავისთავადი [პროცესი], კანდიდატის სტატუსი კი რჩება. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ხელისუფლებასთან, რათა გადაგვედგა ნაბიჯი წინ კანდიდატის სტატუსის მოპოვებისკენ. ევროპის საბჭომ გააკეთა შეფასება და გასცა დადებითი რეკომენდაცია. შესაბამისად, ევროკომისიის გასული წლის შეფასებით, საკმარისი პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ უფრო მეტს ვისურვებდით, მაგრამ გადაწვყეტილება იქნა მიღებული, რომ გასულ წელს მიღწეული პროგრესი იყო საკმარისი, რათა ევროკომისიას და 27 წევრ ქვეყანას გაეცა დადებითი რეკომენდაცია. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება. თქვენ მეკითხებით ანტიდასავლურ სენტიმენტსა და რიტორიკაზე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად. საქართველოს მიეცა გზამკვლევი, კომპასი: რა არის საჭირო იმისთვის, რომ დამატებითი ნაბიჯები გადაიდგას ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ამ გზამკვლევს ცხრა რეკომენდაციად მოვიაზრებთ. ცხრა რეკომენდაცია მხოლოდ ერთი ფურცელია. პირველი რეკომენდაცია დასავლეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასა და საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლას შეეხება. გაქვთ მოლოდინი, რომ თავად ამ რიტორიკის ავტორები, გაიღებენ ძალისხმევას მის შესაჩერებლად? რამდენად რეალისტურია, რომ ხელისუფლება, რომელიც თავად არის მსგავსი რიტორიკის ავტორი მთელი ამ წლების განმავლობაში, შეწყვეტს მას? ხედავთ ამის რესურსს ამ ხელისუფლების პირობებში? დიახ, რასაკვირველია. ამასთან, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია კონტექსტი. ბოლო ორი წელია ჩვენ ევროპაში მასშტაბური ომის მომსწრენი ვართ. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დიდი ქვეყანა თავს დაესხა ბევრად პატარა ქვეყანას თავისივე სამეზობლოში. რუსული იმპერიალიზმი არა მხოლოდ უკრაინას უქმნის საფრთხეს, რუსეთის აგრესია მხოლოდ უკრაინაში არ მიმდინარეობს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში ომზეა ფოკუსირებული, მათ აქვთ საკმარისი დრო და რესურსი, რომ ჩაერიონ სხვა ქვეყნებშიც. მომდევნო თვეში ევროკავშირში არჩევნებია და ჩვენ უკვე ვხედავთ შემთხვევებს, თუ როგორ ცდილობს, რუსეთი ჰიბრიდული ომის ფარგლებში, მასზე გავლენის მოხდენას. ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი იმავეს ცდილობს საქართველოშიც. ჩვენ საქართველოს არაერთ ხელისუფლებასთან გვიმუშავია, რათა გაგვეძლიერებინა ქვეყნის რეზისტენტულობა. ჩვენ უამრავი ფული დავხარჯეთ ამაში. თუმცა ისინი მაინც ახერხებენ გავლენის მოხდენას და დარწმუნებული ვარ, ეს შეეხება ანტიდასავლური სენტიმენტებისა და ნარატივების, უცნაურ შეთქმულებათა თეორიების დიდ ნაწილს. თქვენ შეეხეთ ყველაზე აღმაშფოთებელ მაგალითებს, როგორიცაა საქართველოს იძულება, გახსნას მეორე ფრონტი. ეს იმდენად აბსურდია, რომ კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. თუმცა, დიახ, ჩვენ ვხედავთ ამას. აქედან რა ნაწილია ენდემური და რა ნაწილია გარედან ინსპირირებული, რთული სათქმელია, თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება, თუკი ის სერიოზულად განიზრახავს ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლას, შეეცდება მათ შეკავებასა და შეზღუდვას, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუმცა, კითხვაც სწორედ ამას შეეხება. ქართულ გამოთქმას რომ დავესესხო, მგლის თავზე სახარების კითხვა ხომ არ გამოგდით? არის თუ არა თქვენი მოლოდინი რეალისტური იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა თავად დგას ამ რიტორიკის უკან? უკრაინის ომის დაწყებიდან მოყოლებული, ამ რიტორიკას იყენებენ. ხედავთ ამის გამოსწორების შანსებს? თქვენ ისევ თავდაპირველ შეკითხვას უბრუნდებით. გავიმეორებ, ჩვენ საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ყველა ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობდით, ამ ხელისუფლების ჩათვლით და გავაგრძელებთ თანამშრომლობას იმ ხელისუფლებასთან, რომელიც დემოკრატიული გზით მოიპოვებს მანდატს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ისინი ჩვენი თანამოსაუბრეები არიან. ჩვენ მოგვწონს რაღაცები, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს. არის რაღაცები, რაც არ მოგვწონს ამ ხელისუფლებაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ განვაგრძობთ გახსნილობას და მცდელობას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, რაც, კვლავ იმედს ვიტოვებ, რომ მოხდება. რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო დახმარებას, ამ კანონით, ექმნება თუ არა მას საფრთხე? უკვე გიპასუხეთ, რომ ჩვენ არ გვსურს ნაკლები ძალისხმევისთვის ნაკლები თანამშრომლობის სცენარი. დიახ, რადგან ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ორივე მხარეს, ამ ეტაპისთვის რომ მიგვეღწია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობიდან ნაკლები თანამშრომლობისკენ სვლა იქნება კატასტროფის ტოლფასი. პირველ რიგში, საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. თუმცა, თუ ამას მეკითხებით, ცხადია, ამ კანონის არსებული ფორმით მიღებას მოჰყვება შედეგები. ცხადია, შედეგები მოჰყვება. ამას დრო დასჭირდება, გარკვეულ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად ევროკომისია მიიღებს. დანარჩენ ზომებს წევრი სახელმწიფოების თანხმობა დასჭირდება. მათგან ნაწილს კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება, ნაწილს კი ერთხმად უნდა დაუჭირონ მხარი. ჩვენ ჯერ არ ვართ ამ ეტაპზე და იმედს ვიტოვებ, რომ არც მივალთ აქამდე. მე კვლავ პირველ შეკითხვას მსურს დავუბრუნდე, საქმე გვაქვს რუსულ კანონთან თუ რუსულ რეჟიმთან, რადგან ჩვენ მიმოვიხილეთ რიტორიკა, ძალადობა, ხელისუფლების სხვა ნაბიჯები ანტიდასავლური სენტიმენტის კულტივირების მიმართულებით, სხვადასხვა ჯგუფებისა და სატელიტების გამოყენებით. ამ კანონის არარსებობის პირობებში, არის თუ არა ეს ხელისუფლება პროევროპული და არის თუ არა მისი ქმედებები ევროპის იდეის შესაბამისი? ჩვენ ვსაუბრობთ ამ სამწუხარო კანონზე, თუმცა ის მხოლოდ აისბერგის წვერს წარმოადგენს. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლა მოითხოვს სერიოზულ მუშაობას, მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც ცხრა რეკომენდაციის სახით არის წარმოდგენილი. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ახლა ამ გზის შუაში ვიმყოფებით, გასული წლის დეკემბრიდან ამ წლის დეკემბრამდე შუალედში. ახლა მაისია, შესაბამისად, დროის ნახევარი გასულია. ჩვენი შეფასებით, გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ ამ დროის განმავლობაში, თუმცა ეს არ არის საკმარისი ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაციის გასაცემად. მაგრამ, დრო კიდევ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი გზა გავლილია, დრო მაინც რჩება. თუკი იარსებებს ნება, იარსებებს შანსიც. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, ჩვენ შეგვიძლია დავეწიოთ პროცესს და მივაღწიოთ იმგვარ პროგრესს, რომ ოქტომბერში ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცეს. ევროკომისიის ერთერთი მოთხოვნა საქართველოს დეოლიგარქიზაციაა. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქვეყანა ივანიშვილის მიერ კულისებიდან მართულად ფართოდ მიიჩნევა, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა 90-იან წლებში, რამდენად შესაძლებელია, რომ ოლიგარქის მიერ მართულმა ხელისუფლებამ საკუთარი თავის დეოლიგარქიზაცია შეძლოს? ამის შესაძლებლობას ხედავთ? ამ შეკითხვას ვუბრუნდები, თუმცა მნიშვნელოვანი შეკითხვაა. თავისუფლად შეგიძლიათ, ნებისმიერი შეკითხვა დამისვათ. ჩვენი ხედვით, დეოლიგარქიზაცია რომელიმე კონკრეტულ ადამიანს არ შეეხება. დეოლიგარქიზაცია გულისხმობს იმგვარი სისტემის შექმნას, რომელიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, იყოს სრულად დემოკრატიული ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა გარანტირებულია, მდიდარი ოლიგარქების გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე კი მნიშვნელოვნად შეზღუდული. ეს ნიშნავს გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც გამორიცხავს კორუფციას მაღალ დონეზე. ეს არის სისტემა შეკავებისა და გაწონასწორების ეფექტური მექანიზმებით, რომელიც, არსებითად, წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც თქვენ აღწერდით. გამოდის, რომ თქვენ ოლიგარქის მიერ მართულ ხელისუფლებას თხოვთ ამის გაკეთებას. არსებობს კი ამის შანსი? დეოლიგარქიზაცია იყო გასული წლის 12 რეკომენდაციიდან ერთერთი და ხელისუფლებამ შეიმუშავა საკმაოდ ამბიციური სამოქმედო გეგმა, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, რათა იარსებობს საკანონმდებლო ჩარჩომ და შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმებმა. თუმცა, კანონმდებლობა შესაძლოა ფურცელზე დარჩეს, რეალურად კი არაფერი შეიცვალოს. ეს ყველა ქვეყნის შემთხვევაში სიმართლეა, დიახ. ხშირად ჩვენ გვესმის კრიტიკა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები მხოლოდ პროცესში მონაწილეობენ, რეალური შედეგების მიღწევის ნაცვლად. მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას, ადეკვატური პროცესის წარმოებაში, თუმცა, მსურს ხმამაღლა და გარკვევით აღვნიშნო, რომ ევროკავშირის გაფართოება დამსახურებათა შეფასებას ეფუძნება. ჩვენ უკვე დავიწყეთ გაფართოების ანგარიშის შედგენა საქართველოსთვის, იგივენაირი ანგარიში შედგება სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის. ევროკომისია დაასრულებს ანგარიშის შედგენას ოქტომბერში და ის დაეფუძნება რეალურ შედეგებს. ჩვენ შევეხეთ ივანიშვილს, გაქვთ თუ არა მასთან კომუნიკაცია? მას თუ შეხვედრიხართ? არა, ივანიშვილს ცხოვრებაში არასდროს შევხვედრივარ. რამეს ხომ არ დაამატებდით? ბევრი რთული კითხვა დამისვით. ვფიქრობ, ქართველები გზაჯვარედინზე იმყოფებიან, სადაც უნდა გადაწყვიტონ, როგორ, განვითარების რომელ კურსს აირჩევენ და როგორი მომავალი სურთ მათთვის და მათი შვილებისთვის. მე მოხარული ვარ, რადგან საბოლოოდ, მრავალწლიანი, საკმაოდ რთული დისკუსიის შემდეგ, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ევროკავშირის შემდეგი დიდი გაფართოება მყისიერი უნდა იყოს. მიხარია, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ჩვენი მხრიდან, მზად ვართ ხელი შეგიწყოთ ამ გზაზე, თქვენი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით. ჩვენ თქვენ გვჭირდებით, რადგან ჩვენ ღრმად გვწამს მრავალფეროვნების. ეს ჩვენი მთავარი უპირატესობაა, თუმცა საქართველოს გადასაწყვეტია, შევა თუ არა ის ღია კარში. კარი ღიაა, თუმცა თქვენ მასში უნდა შეხვიდეთ. ამ მიზნისთვის, თქვენ გჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც გაითვალისწინებს ჩვენს ნორმებსა და წესებს. კიდევ ერთხელ, თავად საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა განაცხადი, რომ კლუბის წევრობა სურს. ამ კლუბს გარკვეული წესები აქვს და მათი გათვალისწინება სჭირდება. როდესაც ხალხის სახეებს ვხედავ, იმედს ვიტოვებ, რომ ქართველები, მათგან უამრავი ახალგაზრდაა, მომდევნო წლების განმავლობაში გახდებიან ევროკავშირის მოქალაქეები და ამ ოცნების ასახდენად კიდევ მრავალი თაობის განმავლობაში არ მოუწევთ მოცდა. იქიდან გამომდინარე, რომ თავად პოლონელი ვარ, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ევროკავშირის წევრობა იყო უდიდესი ოცნების ახდენა. ქვეყანა მნიშნველოვნად წინ წავიდა. მე ამაყი ვარ, რომ ვარ ევროპელი და ვარ პოლონელი და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ იგივე ელოდებათ ქართველებსაც. ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუმცა ჩვენ აჩქარება გვმართებს. უნდა დავაჩქაროთ მუშაობა საჭირო რეფორმებზე და ცხადია, უნდა გადავჭრათ ამ კანონპროექტის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.
  8. ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა. ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად“, - წერს როთი. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ipn
  9. მიხარია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს “უცხოელი აგენტების” კანონზე ვეტოს დადების გზით, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი, ედრიენ უოტსონი სოციალურ ქსელში წეეს. „მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო“, - აცხადებს ედრიენ უოტსონი. ipn
  10. Yesterday
  11. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს. ამჟამინდელ ფორმაში - კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას არ შეესაბამება. საქართველოში ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოვუწოდებ, რომ კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა და საქართველოს ევროპულ კურსზე დარჩენა უზრუნველყონ, რასაც მოსახლეობა უჭერს მხარს. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ახლოდან დაკვირვებას განვაგრძობ”, - წერს მიშელი. იპნ
  12. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. კანონი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტის პირველი მოსმენით წარდგენილ ვარიანტში ეწერა, რომ მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს". განხილვის პროცესში ტერმინი "სათანადო მინიშნება" შეიცვალა და მის ნაცვლად "სათანადო ინფორმაცია" ჩაიწერა. პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. იპნ
  13. 13 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული აშშ-ს მოქალაქე ამბობს, რომ პოლიციელებმა უმიზეზოდ სცემეს. ის აპირებს, მიმართოს აშშ-ს საელჩოს და ქვეყანა რაც შეიძლება მალე დატოვოს, რადგან საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. “ჩვენ უბრალოდ ვიდექით და ვიღებდით ყველაფერს. ვავრცელებდით მშვიდობას. ამისთვის ვარ სწორედ აქ, რომ მშვიდობა გავავრცელო. მათ [პოლიციელებმა] კი მოულოდნელად დამარტყეს. მერე რაღაც განათდა და გონება დავკარგე […] ხვალ ოპერაციას მიკეთებენ და შემდეგ აშშ-ში უნდა დავბრუნდე, რაც შეიძლება მალე. აქ თავს უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობ. საშინელებაა, წუხელ პირველი ღამე იყო, როცა დავიძინე. ორი დღე საერთოდ ვერ ვიძინებდი”, – უთხრა დერილ შვოლცმა “მთავარ არხს”. აშშ-ს მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოში მეგობართან იყო ჩამოსული და აქციაზეც მასთან ერთად იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ პარლამენტთან ტრანსპარანტებით იდგა, როცა მოულოდნელად დაესხნენ თავს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ, ამბობენ, რომ პოლიციელები მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობენ. მათი შეფასებით, სამართალდამცველები არაადამიანურად ეპყრობიან და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მასობრივად აკავებენ დემონსტრანტებს. ორგანიზაციების შეფასებით, “ქართული ოცნების” მიზანი აქციების მუხტის შესუსტება და აქტივისტების დასჯაა. აქციებზე დაკავებული მოქალაქეების შესახებ განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც. უწყების ინფორმაციით, 15 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 180 ადამიანი მოინახულეს. მათგან 93 საუბრობდა სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, 71-მა კი პოლიციელების მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისთვის მიმართა. ნეტგაზეთი
  14. კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ. ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი სოციალურ ქსელში გვიზიარებს. „დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება აირჩია. მოგეხსენებათ, MIT მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მასაჩუსეტსის ინსტიტუტი ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. MIT-ში სწავლის გადასახადი 300 000$-მდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან ყოველწლიურად MIT-ში კომაროვის სკოლის ერთი ან ორი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას. დავითი და თამარი MIT-ში ჩარიცხული მე-12 და მე-13 კომაროველები არიან. თამარსა და დავითს არაერთი აკადემიური წარმატება აქვთ. არიან სხვადასხვა სასკოლო, ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადებისა და ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულები. დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე: https://rb.gy/2q3vjt კომაროვის სკოლა ულოცავს თამარსა და დავითს და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!“ – აღნიშნულია სკოლის განცხადებაში. fortuna.ge
  15. მსახიობი და რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილე, ნატალია ყიფშიძე წერს, რომ დაურეკეს და უთხრეს, რომ 20 მაისს მისი პროცესია ჩანიშნული. როგორც ყიფშიძე სოციალურ ქსელში წერს, მის წინააღმდეგ შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში არცერთ წარმოდგენილ სცენარში სასამართლოში არ ვმჯდარვარ. არცერთ წარმოდგენილ სცენარში არ მითვალთვალებდა ადამიანი და მანქანით არ მომყვებოდა. თვეზე მეტია აქციაზე ვართ, ვიბრძვით სამშობლოსთვის. ვიბრძვით იმ გარემოს შესაქმნელად რომლისგანაც გაქცევის სურვილი არ გვექნება. ვიბრძვით სამართლიანობისთვის. ვიბრძვით იმისთვის რომ უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ. ვიბრძვით იმისთვის რომ ოკუპანტებისთვის ჩვენი მიწა “დაჩა” არ გახდეს. ამ სასამართლოში დაბარებით უნდათ რომ შემეშინდეს, ჩავიკეტო სახლში და გამოსვლა არ მომინდეს. თუ გავჩერდებით და პირის ამოკერვის უფლებას მივცემთ ისედაც გავიღვიძებთ ისეთ რეალობაში რომელშიც სახლში გამოკეტვას გვაიძულებენ. დღეს ცდილობენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას: თურმე ქვეყნის სიყვარული სამართლებრივ ჩარევას მოითხოვს. მე მაინც სწორ მხარეს ვდგავარ იქ სადაც რუსულ რეჟიმს არაფერი ესაქმება და შიშის ფაქტორი მხოლოდ დედაჩემის რისხვა დარჩება მასზე მაღლა ვერ ახვალთ”, – წერს ის. „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტის, საბა ბრაჭველის ცნობით, თუ პირს გამოკითხვაზე დაიბარებენ, მას შეუძლია უარი თქვას განყოფილებაში გამოკითხვაზე; დასთანხმდეს მხოლოდ მოსამართლის წინაშე ინფორმაციის მიცემას და დაელოდოს შესაბამის ორდერს; ამასთან: თუ ორდერი გამოგიგზავნეს, მიდიხართ სასამართლოში აუცილებლად ადვოკატთან ერთად. არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონ; არ აქვთ უფლება, სახლში მოგიკაკუნონ და შემოსვლა მოითხოვონ; არ აქვთ უფლება, დაგემუქრონ „შედეგებით”, თუ გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებთ. პუბლიკა
  16. 4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლანტიკური სტრატეგიული პროგრამის შემდეგ, ამ და კრემლის მიერ შთაგონებული სხვა კანონების მიღებით საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური არჩევანის მიმართ ნდობას აშკარად და უხეშად არღვევს. „ქართული ოცნების“ მთავრობის ამ სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს“, - ნათქვამია განცხადებაში. ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსმენის „საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ჩვენებას „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი, ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი, უილიამ კორტნი მისცემენ. „აღნიშნული მოსმენის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მისი გავლენის და აშშ-ის შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ ჩვენებას მისცემენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  17. საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კონგრესმენი, ჯო უილსონი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ის სტატიაშია ნათქვამი. „აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯო უილსონი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან აცილების და რუსეთის დაზვერვის აქტივების შესახებ ანგარიში წარუდგინოს. „უცხოური აგენტების შესახებ კანონსა“ და დემოკრატიაზე განხორციელებულ უფრო ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა სანქციები დაემუქროთ“, - წერს ამერიკული გამოცემა. WSJ-ის სტატიაში სახელწოდებით, „საქართველოსა და რუსეთის „ჰიბრიდული ომი“ აღნიშნულია, რომ თუ საქართველო კურსს შეიცვლის, მაშინ კანონპროექტი საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო, თავდაცვისა და კულტურული კავშირების გაძლიერების შესაძლებლობას მისცემს. „ასევე, კანონპროექტი საქართველოს შესაძლებლობას სთავაზობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო, თავდაცვისა და კულტურული კავშირები გააძლიეროს, თუ ის კურსს შეიცვლის. ეს შეიძლება საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტი იყოს, მაშინ როცა მისი მოსახლეობა ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტის შეჩერებას ცდილობს“, - ნათქვამია სტატიაში. იპნ
  18. აქტივისტი ნინო დათაშვილი წერს, რომ დაურეკეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან და დაიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე, 222-ე 225-ე 226-ე მუხლებით. პუბლიკა ესაუბრა ნინო დათაშვილს. იგი ვარაუდობს რომ მას მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ, და პოლიციაში მისვლას არ აპირებს. იგი მხოლოდ მოსამართლის წინაშე გამოკითვაზე დათანხმდება, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა. 222-ე მუხლი ეხება სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, 225-ე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. 226-ე კი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ნაწილი, ჯარიმას, ნაწილი, 3-იდან 5 წლამდე, ნაწილი კი 9 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. პუბლიკა
  19. სტრასბურგში, 16-17 მაისს გაიმართა ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა დარსალია მონაწილეობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მინისტერიალი საზეიმოა და ორგანიზაციის დაარსების 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. მინისტერიალში ასევე მონაწილეობდა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი თამარ ტალიაშვილმა. „ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობამ წარმოადგინა საიუბილეო დეკლარაცია, რომელშიც, ორგანიზაციის დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს ძალები და სამხედრო აღჭურვილობა საქართველოს მთლიანი ტერიტორიიდან. სიტყვით გამოსვლაში, ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ერთგულებას ორგანიზაციის ფუნდამენტური ღირებულებების - დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართ. მინისტერიალმა მიიღო გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელშიც მიესალმა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2024 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებას „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ და ცნობად მიიღო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოში კონფლიქტის თაობაზე. ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში, აღინიშნა საქართველოს კანდიდატის სტატუსი და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მნიშვნელობას ევროინტეგრაციის პროცესში. მინისტერიალზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათზე რეაგირების ქმედითი გზების ძიების მნიშვნელობას. დადებითად შეფასდა 2023 წელს ევროპის საბჭოს რეიკიავიკის სამიტის მიერ დასახული ამოცანების მიღწევის მიზნით გატარებული სამუშაო, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. აღინიშნა უკრაინის ზარალის რეგისტრის ამოქმედებისა და უკრაინის ანგარიშვალდებულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის თაობაზე ევროპის საბჭოში მიმდინარე სამუშაოს მნიშვნელობა. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, მომდევნო 6 თვის ვადით, საზეიმო ვითარებაში ლიხტენშტაინიდან ლიეტუვას გადაეცა. მინისტერიალის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა წევრი ქვეყნებისა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტების წარმომადგენლებთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
  20. საია 18 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მომხდარზე არაჯეროვანი რეაგირება ჰქონდა, ამიტომ ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, რომ თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა/ძალადობაზე. „2024 წლის 18 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ლექციამდე სტუდენტები ელოდებოდნენ, რათა მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ რუსული კანონი. როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროები მოწმობს, სტუდენტებს წინასწარ ორგანიზებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს. ადგილზე მომხდარ დანაშაულზე მანამდე მობილიზებული პოლიციელების რეაგირება უმოქმედობაში, ან, არაჯეროვან მოქმედებაში, ადგილობრივად გაშველებაში შემოიფარგლა, ხოლო, მოძალადე პირთა მიმართ არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გატარებულა. სტუდენტები საუბრობენ, რომ ბოლო დღეებში მათზე და მათი ოჯახის წევრებზეც ხორციელდება სატელეფონო მუქარა, დაშინების მცდელობები, მათ მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის, რუსული კანონის გაპროტესტების გამო, რაც ასევე შემაშფოთებელია. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას: ადგილზე მობილიზებული პოლიციელების მიერ არაჯეროვანი რეაგირების გამო, თავად დაიწყოს გამოძიება და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციული ნიშნით განხორციელებულ დევნა / ძალადობაზე. მოვუწოდებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას: დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე”, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში. იპნ
  21. პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება: "რუსულ კანონში რეგლამენტის დარღვევით განხორციელებული ცვლილებები კიდევ ერთი დასტურია, რომ „ოცნების“ ნდობა და მასთან კომპრომისი შეუძლებელია. რუსული კანონი რუსული მხოლოდ მისი ტექსტის გამო არ არის. ეს კანონი გვაშორებს ევროპას და მივყავართ რუსეთისკენ. რუსულ კანონზე ნებისმიერი კომპრომისი „ოცნებასთან“, როგორც ვეტოს განხილვის დროს, ისე შემდგომ პროცესში, იქნება საჩუქარი დასუსტებული ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ."
  22. სამოქალაქო დაპირისპირების ნებისმიერი ფორმა თავიდან უნდა ავიცილოთ და ეს პასუხისმგებლობა ყველაზე ვრცელდება, პირველ რიგში ხელისუფლებაზე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლოვაში ომის რიტორიკით აშინებდა ჩვენს მოქალაქეებს და ძალადობისგან დამცველის ნაცვლად ძალადობის მომწყობი გახდა თბილისის ქუჩებში. მასობრივი ტერორი გრძელდება, ზარების განხორციელება მცირეწლოვან ბავშვებთან და სხვებთან. მიზანია, რომ საზოგადოება გახლიჩონ და დააპირისპირონ ერთმანეთს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1306741134062519/
  23. Last week
  24. სასწავლო წლის დასრულების მოახლოებასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტუალური გახდა სასკოლო ექსკურსიების თემა. საგულისხმოა, რომ ვისაც ექსკურსიისთვის ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ან ორი თვით ადრე არ დაუჯავშნავს, მის დასაქირავებლად დღეს შეიძლება ორმაგი ფასის გადახდაც მოუწიოს, ვინაიდან გამართული და ბავშვების გადასაყვანად მზადმყოფი ტრანსპორტის შოვნა არც ისე ადვილია. სატრანსპორტო მომსახურება მოსწავლეთა მშობლებს ისედაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ, მას ექსკურსიის სხვა ხარჯებიც ემატება და საბოლოოდ, უმეტესობის საოჯახო ბიუჯეტს ეს ღონისძიება მძიმე ტვირთად აწვება. თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა ცდილობს, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, კლასის დამრიგებლის მიერ მოწყობილ ექსკურსიას მათი შვილი არ გამოაკლდეს და რადგან, თავად აფინანსებენ, მის დაგეგმვაშიც აქტიურად მონაწილეობენ. რა თქმა უნდა, მშობლების მიერ ექსკურსიის დაეგმვა და დამრიგებლისთვის საორგანიზაციო საკითხებში დახმარება დასაძრახი არ არის, უფრო - პირიქით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ხშირად ასეთი ექსკურსია თავის მთავარ მიზანს სცდება და შემეცნებითის ნაცვლად მარტო გასართობ ფუნქციას ინარჩუნებს. ბევრს ჰგონია, რომ ექსკურსია მხოლოდ ეკლესია-მონასტრების მონახეულებაა, რომლის შემდეგაც ლამაზ ბუნებაში დასხდებიან და გემრიელად მოილხენენ. რეალურად კი ეს ღონისძიება ჩვეულებრივი პიკნიკისგან განსხვავდება და თავისი გამოკვეთილი ფუნქცია და დანიშნულება აქვს, რის შესახებაც საქათველოს უნივერსიტეტის და შავი ზღვის უნივერსიტეტის ლექტორი, გეოგრაფი თინათინ მოსიაშვილი გვესაუბრება. - რა არის სასკოლო ექსკურსიის მიზანი, რისთვის ტარდება და რა დანიშნულება აქვს? - იმით დავიწყებ, რომ ექსკურსია მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ბევრად მნიშვნელოვანიც ვიდრე ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი, რადგან რასაც ექსკურსიაზე ბავშვი ხედავს და რა გამოცდილებასაც იძენს, იმას ბუნებრივია, გაკვეთილზე ვერ ვთავაზობთ. მართალია, დღეს სკოლების დიდ ნაწილს მეტი ტექნიკური საშუალება, ინტერნეტრესურსები და სხვადასხვა თვალსაჩინოება გააჩნია, მაგრამ ეს მაინც არ ცვლის იმ ცოცხალ ურთიერთობას, რომელსაც ქალაქგარეთ გასვლისას მოსწავლეს ვთავაზობთ. ზოგადად, ექსკურსია ეს არის გამორჩეული ადგილის კოლექტიური მონახულება საგანმანათლებლო, სასწავლო-აღმზრდელობითი, სამეცნიერო ან გასართობი მიზნით. საექსკურსიო საქმის თეორეტიკოს გერდტის განმარტებით, ექსკურსია არის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობის ფორმა, რომლის დროსაც, ადამიანთა ჯგუფი გათვითცნობიერების მიზნით, გიდის (ექსკურსიამძღოლის) ხელმძღვანელობით მიდის ადგილის დასათვალიერებლად და სწავლობს საგანს ან მოვლენას, მისი ბუნებრივი მოცემულობის პირობებში. ექსკურსიის მოსაწყობად საჭიროა, არსებობდეს ადამიანთა ჯგუფი, შეირჩეს სასურველი დასათვალიერებელი ადგილები და შედგეს მარშრუტი. ასევე აუცილებელია გიდი. - გიდზე, იგივე ექსკურსიამძღოლებზე თუ არის მოთხოვნა სკოლებიდან, როცა ესა თუ ის მასწავლებელი ექსკურსიას გეგმავს? - სამწუხაროდ, სასკოლო ექსკურსიების დროს ძალიან იშვიათია მოთხოვნა ექსკურსიამძოლებზე. მართალია, ზოგიერთი ჩვენი მასწავლებელი ძალიან კარგად ცვლის მათ და ძალიან კარგ ექსკურსიას ატარებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველა სკოლას ჰყავს ასეთი მასწავლებელი და ყველას კარგად შეუძლია გიდის როლის შეთავსება. ხშირ შემთხვევაში, ექსკურსია განიხილება, როგორც მხოლოდ გასართობი ღონისძიება. არადა, ექსკურსიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი გამოკვეთილი მიზანი. საექსკურსიო თეორიაში მითითებულია, რომ ექსკურსია არის ტურიზმის საფუძველი და მოგზაურობის არსი. ამიტომაც ექსკურსიას აქვს თავისი ფუნქციები და ნიშნები, რაც ჩვენს ექსკურსიებზე ნაკლებად ჩანს. ასევე, ჩანს გიდის უგულვებელყოფაც. კიდევ გავიმეორებ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება მასწავლებლები კარგად ცვლიდნენ გიდებს, მაგრამ მაინც გაცილებით მნიშვნელოვანია ექსკურსიამძღოლის როლი, რომელსაც სპეციალური განათლება და პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება აქვს. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში აუცილებლად უნდა დაინერგოს გიდთან ერთად სიარულის პრაქტიკა. ღონისძიებების უმეტესობა, რაც ჩვენთან ვითომ ექსკურსიის სახით ტარდება, არ არის ექსკურსია. კი, ბატონო, პიკნიკიც კარგია, ბუნებაში გასართობად და კლასელების დაახლოებისთვის დაგეგმილი გასვლებიც კარგია, გარკვეულწილად ესეც შედის ექსკურსიის მიზნებში, მაგრამ მისი ფუნქცია მაინც უფრო მეტია, ვიდრე გართობა. ეს არის: სამეცნიერო პროპაგანდისტული ფუნქცია; საინფორმაციო ფუნქცია; კულტურული თვალსაწიერის გაფართოების, თავისუფალი დროის დაგეგმვის, ადამიანთა ინტერესების ფორმირების ფუნქცია და ასე შემდეგ. ექსკურსია ძალიან ჰგავს სასწავლო პროცესს, ოღონდ ის ტარდება ბუნებრივ მოცემულობაში. ეს არის სამყაროს შემეცნების ფორმა, რომელიც აზიარებს ადამიანს კულტურისა და ხელოვნების საგანძურს, ხელს უწყობს კომუნიკატიური კავშირების გაფართოვებას და ნათელი შთაბეჭდილებებით ამდიდრებს ექსკურსანტების მსოფლმხედველობას. - შინაარსის მიხედვით რა და რა თემებს შეიძლება მოიცავდეს სასკოლო ექსკურსია? - არა მარტო სასკოლო, ზოგადად, არსებობს თემატური ექსკურსიები, რომლებიც ეძღვნება ერთი თემის გახსნას. ეს იქნება: ისტორიული, სამრეწველო, საბუნებისმეტყველო (ეკოლოგიური), სახელოვნებათმცოდნეო, ლიტერატურული, არქიტექტურულ-სამშენებლო და ასე შემდეგ. წინასწარ არის გასააზრებელი, თუ რატომ მიგვყავს ბავშვები ექსკურსიაზე და ალბათ იშვიათად არის სკოლა, რომელიც კულტურული ძეგლების მონახულების გარდა, მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის ექსკურსიას სთავაზობს. მაგალითად, მახსოვს, ჩემი მოსწავლეობის დროს მეტალურგიულ ქარხანაში და სხვა საწარმოებშიც დავყავდით. დღესაც შეიძლება, ისტორიულ-კულტურული ძეგლების გარდა, საექსკურსიოდ გამოვიყენოთ საწარმოები, პარკები, დაცული ტერიტორიები, ადგილები, რომლებიც ამ მიზნით ნაკლებად არის ათვისებული. ბავშვს არ უნდა ეგონოს, რომ მარტო ტაძრის სანახავად მიდის. რა თქმა უნდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დაწყებითი კლასების მოსწავლეები როცა მიჰყავთ ექსკურსიაზე და ერთ დღეში ხუთ ტაძარს მოატარებენ, ეს მათთვის ბევრია და მოსაბეზრებელიც. ექსკურსიის თემატიკა კლასების მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს. თბილისის შემოგარენში შეიძლება მოვძებნოთ ადგილი, სადაც ბავშვებს ტაძარსაც აჩვენებ და არქეოლოგიურ ობიექტსაც, ბაღს, სასახლეს, ასევე დაათვალიერებინებ რომელიმე საწარმოს, საკუთარი თვალით ანახებ, როგორ მზადდება თუნდაც მათი საყვარელი ტკბილეული. დედაქალაქის ახლო-მახლო არსებობს ძალიან ბევრი ლიმონათის ქარხანა, შოკოლადის ფაბრიკა, ნაყინის და საკონდიტრო ქარხნები. ბავშვებისთვის ამ საწარმოებში სტუმრობა ძალიან საინტერესო იქნება და ასევე ხელს შეუწყობს მათ მომავალ პროფორიენტაციასაც. ასევე, თბილისში გვაქვს სამოცამდე მუზეუმი, სადაც ხშირად დავდივართ, მაგრამ ვფიქრობ, მუზეუმების რესურსი უფრო მეტად არის გამოსაყენებელი. მით უმეტეს, ბევრ მათგანს ძალიან კარგი სასწავლო პროგრამებიც აქვს. მაგალითად, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, ჯანაშიას მუზეუმი, ეს ის ადგილებია, რომლებიც ცალ-ცალკე შეიძლება გამოვიყენოთ და მოსწავლეები საექსკურსიოდ კონკრეტული თემისთვის მივიყვანოთ. მუზეუმების სახით ნამდვილად საინტერესო რესურსები გაგვაჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა ავითვისოთ, ოღონდ საჭიროა, იქ ბავშვებს ისეთი თანამშრომლები დაგვხვდნენ, რომლებიც საინტერესოდ მიაწვდიან ინფორმაციას. - როგორ უნდა დაიგეგმოს ექსკურსია და მშობელი რამდენად უნდა ჩაერიოს ამ პროცესში? - დღეს ექსკურსია საკმაოდ ძვირი ჯდება და მას მშობელი ფინანსებს, ამიტომ მასწავლებელი ხშირად იძულებულია, ანგარიში გაუწიოს მის სურვილს. თან, ჩვენს პირობებში, რთულიცაა მარტო მასწავლებელმა აიღოს პასუხისმგებლობა მთელ კლასზე ისე, რომ მშობელი არ დაიხმაროს, თორემ ნამდვილად არ არის მშობლის ჩარევა საჭირო არც ექსკურსიის დაგეგმვაში და არც მის მიმდინარეობაში. არ მინდა, ცუდად გამიგონ, მაგრამ ხშირად მშობლები ხელს უშლიან კიდეც მასწავლებელს ექსკურსიის ძირითადი მიზნის შესრულებაში. ექსკურსიის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომელი კლასი მიგვყავს, პროგრამის რას მონაკვეთს გადიან, რა ჩანაფიქრი აქვს მასწავლებელს, რა უნდა? მაგალითად, გასულ სემესტრში მე და ისტორიის მასწავლებელმა მე-7 კლასელები ბოლნის-დმანისში წავიყვანეთ, რადგან ისტორიის მასწავლებელმა მითხრა, რომ როცა ქვის ხანას გადიოდნენ, იქაურ ისტორიულ ძეგლებზე ბევრი ელაპარაკა მათ და უნდოდა, დმანისის ნაქალაქარი საკუთარი თვალით ენახათ. ასე რომ, ვიდრე ექსკურსიაზე წავიყვანთ, შეიძლება ბავშვებს უკვე წინასწარ ჰქონდეთ დამუშავებული ესა თუ ის თემა და ადგილზე უფრო განიმტკიცონ თავიანთი ცოდნა. ასევე არის ინტეგრირებული ექსკურსია, როცა ორი ან სამი საგნის მასწავლებელი შეიძლება ახლდეს მოსწავლეებს, მაგალითად, ისტორიის, გეოგრაფიის და ხელოვნების, ან ქართულის და ადგილი, სადაც წავლენ, სამივე მიმართულებით განიხილონ. ხანდახან შეიძლება ერთმა მასწავლებელმაც შეძლოს ყველა თემაზე საუბარი და მოსანახულებელი ობიექტის გაცნობა, როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული, ისე კულტურული და ლიტერატურული მახასიათებლებით, მაგრამ მაინც უმჯობესია აიყვანონ გიდი, რომელიც კონკრეტული მიმართულებით ყველა საჭირო ცნობას პროფესიონალურად მიაწვდის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ექსკურსიებზე გიდთან ერთად სიარულის კულტურა დავნერგოთ. ბევრჯერ ყოფილა, დავხმარებივარ ჯგუფებს ექსკურსიის ორგანიზებასა და დაგეგმვაში და ბოლოს უთქვამთ, გიდი კარგია, მაგრამ მირჩევნია, ამ ეტაპზე თანხა სხვა რამისთვის გავითვალისწინოო. მაშინაც კი, როცა ეს რამე განსაკუთრებულ თანხასთან არ იყო დაკავშირებული. რა საკვირველია, კვებაც ექსკურსიის თანმდევია, მაგრამ მარტო ეს არ უნდა იყოს მიზანი. და აქვე ვიტყვი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან რამესაც. ჩვენ ვხედავთ, რომ როცა სახელმწიფოს უნდა, ძალიან კარგად ახერხებს რესურსის გამონახვას იმისთვის, რომ თავისი მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეკრიბოს, ტრანსპორტით დედაქალაქში ჩამოიყვანოს და უკან წაიყვანოს, როგორც ეს 29 აპრილს გააკეთა. ახლა ვთქვათ, რაც იმ აქციის ორგანიზებასა და ხალხის ჩამოყვანაზე ადმინისტრაციული რესურსი დაიხარჯა, რამდენ სასკოლო ექსკურსიას დააფინანსებდა? თუ ამდენი ხალხის ჩამოყვანა შეუძლია, გამოდის ხელისუფლებას იმის შესაძლებლობაც აქვს, იქით შესთავაზოს სკოლებს სახელმწიფოს ხარჯით ექსკურსიების მოწყობა. როცა ღონისძიების ძირითადი დამფინანსებელი არ იქნება მშობელი, ეს ფაქტორი ხელს შეუწყობს მასწავლებელს, თავადვე დაგეგმოს ექსკურსია და თავადვე გადაწყვიტოს, რას როგორ გააკეთებს. ასევე, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ყველა ბავშვი წავიდეს ექსკურსიაზე და უფულობის გამო არავინ დაიჩაგროს. თუმცა, ვიცი, რომ მასწავლებლის მოხერხებით, დღეს ექსკურსიას იშვიათად აკლდებიან ის ბავშვები, რომლებიც ხელმოკლე ან მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან და თანხის დადებას ვერ ახერხებენ. - რამდენიმე წლის წინ, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით სამინისტროსგან რეკომენდებული იყო, რომ სასკოლო ექსკურსიები მხოლოდ 150 კმ-ის რადიუსში ჩატარებულიყო, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. როგორც ვიცით, ეს რეკომენდაცია მოიხსნა, რაც საექსკურსიო არეალს ზრდის, თუმცა ზრდის ხარჯებსაც, ხომ? - რა თქმა უნდა, რაც უფრო შორ მანძილზე იგეგმება ექსკურსია, მით მეტი თანხა არის საჭირო. ტრანსპორტირების ფასები ძალიან გაძვირდა და სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია ამ თანხის გადახდა. ამიტომაც ვამბობ, რომ კარგი იქნება, ის ფინანსური რესურსები, რასაც ხელისუფლება უყაირათოდ ხარჯავს, სასკოლო ექსკურსიებს მოხმარდეს. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოყვანა. მიმაჩნია, რომ სკოლასაც შეუძლია წელიწადში ერთხელ მონახოს ამის საშუალება. რაც შეეხება თავად ექსკურსიებს, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, ისე დაიგეგმოს, რომ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოსწავლეები აღმოსავლეთში ჩამოვიყვანოთ და აღმოსავლეთის ბავშვები - დასავლეთში. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც დასავლეთ ან ჩრდილოეთ საქართველოდანაა და კახეთში, რთველში ერთხელაც არ არის ნამყოფი, ასევე პირიქით, აღმოსავლეთში მცხოვრებ ადამიანს მანდარინის ხე ან ჩაის ბუჩქი არა აქვს ნანახი. საქართველო არ არის ისეთი დიდი ქვეყანა, რომ ამის ორგანიზება ვერ შევძლოთ. ბუნებრივია, გარკვეული რისკები ყოველთვის არსებობს, როცა ჯგუფები სადმე გაგყავს და უსაფრთხოების საკითხები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამის გამო თავი არც მასწავლებლებმა და არც მშობლებმა არ უნდა შეიკავონ. ამისთვის კი საჭიროა, კარგად გაიაზრონ, რომელი მნიშვნელოვანი ადგილების ნახვა სურთ, რატომ უღირთ იქ წასვლა, რა იქნება მათთვის საინტერესო და ასე შემდეგ. მაგალითად, აპრილის დასაწყისში ორი კვირა ვიყავი ვაშლოვანისკენ. ვაშლოვანის ეროვნული პარკი არის საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე დაცული ტერიტორია, რომელიც ნაკრძალს და ბუნების ძეგლებს აერთიანებს. მე რამდენიც არ უნდა ვესაუბრო მოსწავლეებს ტალახის ვულკანებზე, იმ შთაბეჭდილებას მაინც ვერ გამოვიწვევ, რასაც საკუთარი თვალით ადგილზე ყველაფრის ნახვისას იღებენ. მართლაც, როცა ტახტიტაფას ვულკანებზე მიმყავს, თითოეული მათგანი საოცარ ემოციას გამოხატავს. ძალიან ბევრი ადგილია საქართველოში, სადაც უამრავჯერ ვყოფილვარ, მაგრამ ყოველი ჩასვლისას ისეთი აღფრთოვანება მიბყრობს, თითქოს პირველად ვხედავდე. სხვათაშორის, ექსკურსია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კონტაქტს ვამყარებთ ადგილობრივ მოქალაქეებთან. ამიტომ, ეს მიმართულებაც უნდა გახდეს ექსკურსიის ნაწილი და გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომ ბავშვები ადგილობრივ საინტერესო პიროვნებებს შევახვედროთ. ჩვენი ქვეყანა არ არის მარტო ის, რასაც ტელევიზორში ვხედავთ. საბედნიეროდ, გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ადგილზე ჩუმად და უხმაუროდ ძალიან კარგ საქმეებს აკეთებენ. სწორედ ეს ადამიანები უნდა ვაქციოთ ჩვენი საექსკურსიო ტურების მნიშვნელოვან ნაწილად. მთავარი ისაა, თუ როგორ მივაწვდით მათზე ინფრომაციას მოსწავლეებს, სტუდენტებს. სამწუხაროა, რომ ბევრი ქართველი არ იცნობს საკუთარ სამშობლოს, მათ შორის ჩვენი მთავრობის წევრებიც. ხელისუფლებაში სულ ისეთი ადამიანები მოდიან ხოლმე, რომლებიც აბსოლუტურად არ იცნობენ თავიანთ ქვეყანას. - თანამედროვე სასკოლო ექსკურსიებზე ძალიან აქტუალურია ანიმატორების დაქირავების საკითხი, რაშიც გარკვეული თანხა იხარჯება. თქვენ რამდენად ხედავთ მათ აუცილებლობას? - მიუხედავად იმისა, რომ ექსკურსიაზე ლამის ყველა ბავშვს მშობელი მიჰყვება, რატომღაც მაინც საჭიროდ მიაჩნიათ ანიმატორების მომსახურება. ამ დროს მშობლებს თავად შეუძლიათ მოიფიქრონ ისეთი გასართობი, სადაც თავიანთ შვილებთან ერთად იაქტიურებენ. ეს იქნება ფეხბურთის, ფრენბურთის, ბანდმიქტონის თამაში, გამოცნობანა, იგივე ,,ნამიოკობანა,“ შეჯიბრებები. ანიმატორი ხომ სხვას არაფერს აკეთებს? სიმართლე ვთქვათ, აქაც არჩევანი გიდსა და ანიმატორს შორის რომ იდგეს, რა თქმა უნდა, ყველა ერთხმად ანიმატორს აირჩევს. არადა, გიდებსაც შეგვიძლია მათ ისე დავუგეგმოთ ექსკურსია, რომ თან საინტერესო და შემეცნებითი იყოს, თან - გასართობი. იმისათვის, რომ ექსკურსია გახდეს ისეთი, როგორიც წესით არის გათვალისწინებული, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო ყველას ერთად, სკოლასაც, მასწავლებელსაც, მშობელსაც და მოსწავლესაც. - აქ მარტო ექსკურსიის შინაარსზეა საუბარი თუ ექსკურსიაზე ქცევის წესებიც გვაქვს ასათვისებელი? - დიახ, ნამდვილად გვაკლია ეს ცოდნაც. შარშან დანიაში გახლდით და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ვხედავდი, მწკრივში ჩამდგარი ბავშვები ჩუმად და უხმაუროდ როგორ გადაადგილდებოდნენ ქუჩებში, რომელთაც თავსა და ბოლოში მხოლოდ თითო მასწავლებელი მიჰყვებოდათ. ეს ბავშვები, ბაღის ასაკიდან დაწყებული მოზრდილებით დამთავრებული, მხვდებოდნენ მუზეუმებშიც, სადაც ასევე ხმის ამოუღებლად იდგნენ ექსპონატების წინ და უსმენდნენ თავიანთ მასწავლებელს, რომელიც ამ ექსპონატის შესახებ თავიანთ ენაზე რაღაცას უხსნიდა. სამაგალითოდ მოწესრიგებული იყო მათი მსვლელობაც და მათი ქცევაც, რაც ჩვენთან იშვიათი სანახავია. ირმა ბერიშვილი
  25. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. AP-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, დაადებს თუ არა ის ვეტოს კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევის უნარი აქვს, პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ. ეს ეხება ყველა კანონს, რომლისთვისაც აქამდე ვეტო დამიდია, მას შემდეგ რაც გავაკეთე განცხადება, რომ ვეტოს დავადებდი ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს როგორც ფორმალურად, ისე არსებითად, რადგან ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა, გავაკეთო რაც შემიძლია ყველაფერი ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. ასე რომ, მე ზუსტად ამ პოზიციაზე ვარ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, კანონი მიუღებელია და მოდიფიცირებას არ ექვემდებარება. „ახლა ვართ შუა გზაზე კანდიდატის მოპოვებულ სტატუსსა და მიმდინარე წლის ბოლომდე გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას შორის. ამ დროს პარლამენტმა 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც ჩვენ მაგიდაზე გვაქვს. პარლამენტი, იმის ნაცვლად, რომ გააკეთოს ის, რასაც ჩვენგან ელიან, მუშაობს შარშან გაწვეულ კანონზე, რომლის შესახებაც ყველა ჩვენმა პარტნიორმა თქვა, რომ არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მიზნებს. გასაგებია, რა ხდება: ხელისუფლება არ აკეთებს იმას, რასაც ქვეყანა მოელის. ქვეყანას სურს ევროპა და სურს, რომ წლის ბოლოს არ დაკარგოს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. ipn
  26. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, მაია სანდუს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. „ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს და მადლიერება გამოვხატე საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვას ურყევი მხარდაჭერისათვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. netgazeti
  27. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ვიზიტის შესახებ X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოფნის შემდეგ, ბევრი რამ აქვს გასაანალიზებელი. ანტიდემოკრატიული სულისკვეთების დაწერილი კანონის გამოსწორება შესაძლებლობებს სცდება. ბევრს სჯერა, რომ ნებისმიერი გადაწერა იქნება უბრალოდ დაფარვა და სინამდვილეში მთავრობას კიდევ შეუნარჩუნდება მექანიზმები, რომ არასამთავრობოების ფუნქციონირების შესაძლებლობა შეზღუდოს ამოქმედების შემთხვევაში, კანონი, დიდი ალბათობით, გაფართოვდება, როგორც ეს რუსეთში ვნახეთ. კანონის არსებობის შემდეგ, მარტივია მისი მშვიდად შესწორება”, – წერს ის. publika
  28. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ DW-ის ეთერში საქართველოში ვიზიტსა და რუსულ კანონზე ილაპარაკა. მან ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არ არი და ის შეიძლება, გადაიხედოს. ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს მოსახლეობის მოთხოვნები და მათთვის მიცემული დაპირებები. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამით გასულ წელს „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის გაწვევასა და გაკეთებულ გაცხადებაზე მიუთითა, რომ ისინი მას ხელახლა აღარ დააინიციირებდნენ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ცაჰნკა ამბობს, ისინი დააყენებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირთან. ის ასევე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც, თითქოს 4 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე კოლეგებთან შეთანხმდნენ, რომ “საქართველომ სწორი გააკეთა, რომ არ მოუსმინა ევროპელ კოლეგებს და არ დაუწესა სანქციები რუსეთს, არ გაათავისუფლა სააკაშვილი”. მარკუს ცაჰკნამ ამას “საჯარო ტყუილი უწოდა”. publika
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...