კონტენტზე გადახტომა






სურათი

მწარე 7 ნოემბერი და ოცნება ზაზა ბეგაშვილზე

დაპოსტა: irmaberi, 24 March 2014 · 1610 ნახვა

მწარე 7 ნოემბერი და ოცნება ზაზა ბეგაშვილზე ორი დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ამსახველი კადრები ვნახე და გონებაში კიდევ ერთხელ დამიტრიალდა ის საშინელი დღე, რომლის სიმწარეც საკუთარ თავზე მთელი სიგრძე-სიგანით ვიწვნიე. იმ დღეს განცდილზე უარესი კი მეორე დღეს, ტელევიზიით მოსმენილი და ნანახი შეფასებები და აქციის მონაწილეების მიმართ ჩინოვნიკთაგან გამოთქმული ბრალდებები იყო. მათ სიტყვებს, მათ სახეებს, სიძულვილით ანთებულ მათ თვალებს ვერაფერი დამავიწყებს. საერთოდ, ნოემბრის ის 5 დღე არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან და ვინაიდან, აქციის არც ერთ მონაწილეს დაწვრილებით არ მოუყოლია ის ამბები, ახლა მინდა, ყოველგვარი პათოსის და შელამაზების გარეშე, მე მოგიყვეთ.
მოგეხსენაბთ, 2 ნოემბერს იმჟამინდელ პარლამენტთან, ნაციონალების 4 წლიანი მმართველობის პერიოდში პირველი მასშტაბური აქცია გაიმართა. იმ აქციის წინაპირობა ისედაც ყველამ იცით, ამიტომ აღარ მივუბრუნდები. 2 ნოემბრიდან ყოველდღე ნაშუადღევს გავდიოდი რუსთაველზე და საღამოს 11-12 საათამდე ვრჩებოდი. აქციაზე შეკრებილებს კუდი და სოდი ყველა რაკურსით გვიღებდა ფოტოებს და ვიდეოებს, მაშინდელი დეპუტატები კი პარლამენტის ფანჯრებიდან ფარულად გვითვალთვალებდნენ. ზოგი ფარდას ეფარებოდა და იქიდან გვიჭვრიტინებდა, ზოგი ვითომ მზეს იჩრდილავდა, ისე იფარებდა ხელს, რომ მისი სახე არ დაგვენახა. მახსოვს, აქციის მეორე თუ მესამე დღეს, ერთ-ერთ ფანჯარასათან ვიღაც იდგა, იდაყვში მოკეცილი მკლავი მინაზე ედო და შუბლით ისე ეყრდნობოდა, რომ ქვევიდან მხოლოდ მისი სახის ნაწილი ჩანდა, რომლითაც ვერავის ამოიცნობდი. აღნაგობით დავით კირკიტაძეს მივამგვანე და შინაგანი ხმაც მკარნახობდა ამას. თუმცა ცოდვას ვერ ვიტყვი და აშკარად ხელს ვერ დავადებ, მაგრამ დროდადრო ისეთ რამეს აკეთებდა, რის გამოც სწორედ მასზე მივიტანე ეჭვი. სახეზე მკლავაფარებული პიროვნება, როგორც კი შეამჩნევდა, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხიდან ვინმე მისკენ აიხედავდა, უმალ შარვლის უბეზე იკიდებდა ხელს და ისე აისვ-ჩაისვამდა, თითქოს, გვანიშნებდა, ეს არ მომაჭამოთო. ეს ისე, ცნობისთვის...
დანარჩენი დღეების ქრონიკას გამოვტოვებ და მთავარზე გადავალ.
6 ნოემბერს მთელი დღე იწვიმა, მიუხედავად ამისა, რუსთაველზე 2-3 საათიდან მაინც ბლომად ხალხი მოვიდა. ვინც ყოველდღე დავდიოდით, უკვე ერთმანეთს სახეზე ვცნობდით, ერთმანეთის განრიგიც ვიცოდით და ჩვენ ჩვენი დისლოკაციის ადგილიც გვქონდა. მე პირადად, პარლამენტის წინ, შადრევნის მეორე იარუსსზე ვდგებოდი, პირველი სკოლისკენ. იქიდან კიბეებზე მსხდომ მოშიმშილეებსაც კარგად ვხედავდი, სიტყვით გმომსვლელებასაც და აქციაზე მისულებსაც. იმ საღამოს, ქაშუეთის მხრიდან, ჩვეულებისამებრ, სვანეთიდან ჩამოსული დელეგაცია გამოჩნდა, რომელთაც თან ტრანსპარანტი მოჰქონდათ, წარწერით: „თუ გამტრაკებლები ვართ, გავატრაკოთ, თუ არადა, წავედით ჩვენ სახლში“. შეკრებილები ოვაციით და ტაშით შევხვდით სვანებს. წინა დღეებშიც ასე ვხვდებოდით, მაგრამ ამ ტრანსპარანტის შინაარსმა განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია. ისინი სვანეთიდან 2 ნოემბერს ჩამოვიდნენ და მას მერე, აქციას ყოველდღე, საღამოს 4-5 საათისთვის უერთდებოდნენ. ასამდე ადამიანი, ჯორჯაძის ქუჩიდან ერთად, ორგანიზებულად ამოდიოდა რუსთაველზე და მათი უმეტესობა დილამდე იქ რჩებოდა. რაც შეეხება „გატრაკებას“, ამ მიზნით, წინა დღეებში ირაკლი წერეთელმაც შემოიკრიბა რამდენიმე ათეული თანამოაზრე, მე აქ პოეზიის საღამოებისთვის არ მოვსულვარ, ეს ხელისუფლება ძალით უნდა გადავაგდოთ და გამომყევით, პარლამენტის სხდომაზე შევუვარდეთო. დაიძრნენ კიდეც ზედა შესასვლელისკენ, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგნლები შუა გზაში მიეწივნენ და უკმაყოფილო ირაკლი წერეთელი, თავის ამალიანად, უკან გამოაბრუნეს.
წერეთლის გეგმას, როგორც ჩანს, სვანეთის წარმომადგენლებიც იზიარებდნენ, რაზეც მათი ტრანსპარანტი მოწმობდა, თუმცა რამდენიმე საათში პროცესები სულ სხვაგვარად წარიმართა, ვიდრე ვინმეს წარმოგვედგინა. წვიმა კი, თითქოს, ჩვენს ჯიბრზე არ წყდებოდა. მთელი დღე სველ ასფალტზე დგომისგან, უკვე, ფეხსაცმელშიც ატანდა წყალი, მაგრამ იქაურობის მაინც ვერ ვტოვებდი. 9 საათისთვის, დიდი თერმოსებით ცხელი ჩაი და ყავა მოიტანეს, ერთჯერადი ჭიქები და შოკოლადებიც მოაყოლეს. ცოტა ხანში ვიღაცამ ცხელ-ცხელი ლობიანები და ხაჭაპურებიც ჩამოარიგა. კიდევ ცოტა ხანში, შუახნის ქალი ამოვიდა, ასევე ჯორჯაძის ქუჩიდან, კოლმეურნეობის მოედანზე მაღაზია მაქვს და ეს ჩემგან, თქვენ, აქ რომ დგახართ საქვეყნო საქმისთვისო. დიდი პოლიეთილენის პარკით ძვირაღირებული სიგარეტები და მოსკოვური შოკოლადები ამოიტანა და დაგვირიგა. მსგავსი რამეები ყოველ საღამოს ხდებოდა, ხან ვის მოჰქონდა საჭმელი და სიგარეტები იქ მყოფებისთვის და ხან - ვის, ჩაის და ყავის მოწოდებას აქციის ორგანიზატორები ახერხებდნენ. რაიონებში კი ხელისუფლება ხმებს ავრცელებდა, თითქოს აქციის მონაწილეებს ფულს უხდიდნენ რუსთაველზე დგომაში. წინა დღით დამირეკა ჩემმა ძმამ და გამეხუმრა, ამბობენ ღამისმთევლებს 400 ლარს უხდის პატარკაციშვილი და სულ მანდ რომ ხარ, შენ რატომ არ შეგხვდა ის ფულიო? თავად რომ არ მდომოდა, 400 ლარად კი არა, 4 მილიონად ვერავინ მაიძულებდა იქ მისვლას და დამეფიცება, სხვებიც ასეთივე განწყობით მედგნენ გვერდზე. იმ ღამითაც, წვიმისგან თავიდან ბოლომდე გალუმპულები ადგილიდან ფეხს არ ვიცვლიდით. მართალია, საწვიმარებიც მოიტანეს და რამდენიმე ადგილი ცელოფნითაც გადახურეს, მაგრამ ამან ვერ გვიშველა, ერთიანად დავსველდით. როცა ვიგრძენი, სიცივისგან ფეხებს ვეღარ ვიმორჩილებდი, გარშემომყოფებს კვლავშეხვედრის იმედით დავემშვიდობე და თავისუფლების მეტროსკენ გავწიე... 7 ნოემბერს, დილით, 9 საათზე ტელევიზორი ჩავრთე თუ არა, „იმედის“ ეთერში იმ კადრებს ვკიდე თვალი, მეეზოვეებად გადაცმულმა პირებმა პარლამენტს კიბეებზე მსხდარი, ნახევრადმძინარე მოშიმშილეები იმ კიბეებიდან როგორ დააგორეს და მივხვდი, საქმე უკვე ძალიან ცუდად იყო. ჟურნალისტიც იუწყებოდა, რომ აქციის რამდენიმე ორგანიზატორი უკვე დააკავეს და რუსთაველიც მომიტინგეებისგან „გაწმინდეს“. ამავდროულად, აცხადებდნენ, რომ დაჭერას გადარჩენილი ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის წინ ისევ აპირებდნენ შეკრებას და ხალხსაც იქ მოსვლას თხოვდნენ. რაღა თხოვნა მინდოდა?!. სასწრაფოდ ჩავიცვი და კისრისტეხით გავვარდი გაჩერებაზე. ნახევარ საათში რუსთაველზე ვიყავი. პარლამენტის შენობასთან სულ ორმოცდაათამდე ადამიანი დამხვდა, ოპოზიციის ლიდერები არსად ჩანდნენ, მხოლოდ კოკა გუნცაძე იდგა კიბეებთან, გაფითრებული და სახედაკარგული. ისევ წვიმდა. შადრევნის პირველ იარუსზე შევდექი და იქიდან დავიწყე მიდამოს თვალიერება. საპატრულო ეკიპაჟები აქეთ-იქით დაქროდნენ და ავტობუსებს პირველი სკოლის წინ გაჩერების უფლებას არ აძლევდნენ, ამიტომ იმ მხრიდან ხალხი არ ჩანდა. ცოტა შევფიქრიანდი, ნუთუ, დღეს ვინმე სახლში დაჯდება-მეთქი და ეტყობა, სახეზე მეწერა ეს სასოწარკვეთილება, უცებ ვიღაც ქალმა ქვემოდან ამომძახა, ბებია, ნუ გეშინია, მოვა, ბევრი ხალხი მოვა, აი, მე შემომხედე, მოხუცმა ვერ მოვითმინე და მოვედიო. მერე ხელი გამომიწოდა, მეც ამიყვანე მანდო და წამში ბებოც გვერდით ამომიდგა. 82 წლის ვარ, ბებო, ქმარი მყავს ქართველი, მე სომეხი ვარ, მაგრამ აქ დაბადებული და გაზრდილი, საქართველო ჩემი სამშობლოა და მისი ტკივილი ჩემი ტკივილიაო. აქამდე არ გამოვსულვარ, მაგრამ ახლა ვერ დავჯექი სახლში. ჩემი ქმარი მომძახოდა, სად მიდიხარ, შე ბებერო, ღირსი ხარ, კარგად მიგთეთქვონო, მაგრამ ტელევიზორში რომ დავინახე, ამ დილით ჩემი შვილების და შვილიშვილების ტოლ ხალხს როგორ მოექცნენ, ვერ გავჩერდი და მაინც წამოვედიო. მომივიდეს რაც მომივა, ქვეყნის ბედი წყდება აქ და მეც თქვენს გვერდით ვიქნებიო. ცრემლები წამომივიდა და ბებოს ჩავეხუტე.
ამასობაში, დავინახე, თავისუფლების მხრიდან როგორ მოასკდა ხალხი პარლამენტის შენობას და კიდევ უფრო ამიჩუყდა გული. ქაშუეთის მხრიდანაც იმატა მომსვლელთა რიცხვმა და წამებში გაივსო იქაურობა. აქციის მონაწილეების მატებასთან ერთად ყვითელსაწვიმარიანი პოლიციელების რიცხვიც საოცარი სიწრაფით მატულობდა. პარლამენტისკენ მიმავალ ყველა მხარეს უკვე ისინი იდგნენ, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც სულ გადაყვითლებული იყო. ვცდილობდი, ახლოს მდგომი პოლიციელებისთვის თვალებში ჩამეხედა, მაგრამ როგორც კი სახეში შევხედავდი, უმალ თავს დაბლა ხრიდნენ და თვალებს მარიდებდნენ. მივხვდი, არცთუ სასიამოვნო დავალება ჰქონდათ მიღებული, მაგრამ მაინც ვერ დავუშვი, რომ ასე სასტიკად მოგვექცეოდნენ. პატრული ცდილობდა, გზა არ გადაკეტილიყო და გამვლელ მანქანებს აიძულებდნენ, სვლის შეუნელებლად, მთელი სისწრაფით ემოძრავათ რუსთაველზე. გზის გაყოლებაზე კი, ჩვენს შესაკავებლად რკინის ჯებირებს ამაგრებდნენ. თერთმეტი საათისთვის პარლამენტს პირველი სკოლის მხრიდან ხალხის დიდი ნაკადი მოადგა. შორიდან შევამჩნიე ახალი მემარჯვენეების დროშები და, ვინაიდან, შემაღლებულზე ვიდექი, დათო გამყრელიძე, დათო საგანელიძე და ფიქრია ჩიხრაძეც სხვებზე ადრე დავინახე. აქ უკვე მესამედ ამომიჯდა გული. ამ დროს ჩემმა მეგობარმა, მაია ბუთბაიამ დამირეკა, იცოდა, სადაც ვიყავი და სხაპასხუპით მომაყარა, ახლა სამსახურში ვარ, რაც ხდება ამ ინფორმაციას ერთ-ერთ უცხოურ სააგენტოს მივაწვდი და მალე შენთან გავჩნდებიო. თან მკითხა, ხომ ბევრი ხალხიაო? მართლაც უკვე იმდენი ხალხი შეგროვდა, რომ პარლამენტის წინ, შემოსაზღვრულ ადგილზე ვეღარ ეტეოდა, ამიტომ კოკა გუნცაძე წინ გავიდა, მწკრივში ჩაიყენა მომიტინგეები და ჯებირებიანად ყველანი ტრასაზე გადავიდნენ. პატრული მედგარ წინააღმდეგობას უწევდა და ამ ჯაჯგურში რამდენიმე ადამიანი დაშავდა კიდეც. ვიღაცის კივილი გავიგონე და იქითკენ გავქანდი, ყოფილ მხატვრის სახლთან, ფიცრებით შემოღობილი ტერიტორიის წინ ორ მამაკაცს მხრებში ჩაევლოთ ხელი ქალისთვის, რომელსაც ცალი ფეხი მოეკეცა და განწირული კიოდა. ქაშუეთთან სასწრაფო დამხარების მანქანა მეგულებოდა და ახლა იქით გავიქეცი. მანქანა ცარიელი დამხვდა. მაშინ იქვე მდგარ პატრულის მანქანას ვეცი ყვირილით, ქალს ფეხი მოტყდა, სად არიან ექიმები-მეთქი. მძღოლმა, რა გაღრიალებს, ვერ ხედავ, ჩვენს თანამშრომელსაც მოტეხეს ფეხი, აგერ არიან ექიმებიო. შემცბარმა მანქანაში შევიხედე და რომ დავინახე, უკანა სავარძელზე ტკივილისაგან სახედაღრეჯილ თანამშრომელს სასწრაფოს ბრიგადა პირველ დახმარებას უწევდა, იქაურობას გავეცალე. მინდოდა ისევ პარლამენტის მხარეს გადავსულიყავი, მაგრამ უცებ რაღაც ყრუ გუგუნის და დაფდაფების ცემისმაგვარი ხმა ჩამესმა, გავირინდე, მივაყურადე, თუმცა ვერაფერს მივხვდი. ზუსტად ამ დროს ისევ დარეკა ბუთბაიამ და ლამის ტირილით მთხოვა, გოგო, ტრანსპორტი არ მოძრაობს და ფეხით მოვდივარ რუსთაველზე, ფოსტასთან სპეცრაზმელებს გადავეყარე. უამრავნი არიან, ჩემს წინ მიდიან, ხელკეტებს ფარებზე უტყაპუნებენ, ისეთი საშინელი ხმაა, შევძრწუნდი. როგორც ჩანს, აქციის დარბევას აპირებენ და გამოერიდე, სასწრაფოდ წამოდი იქიდან და მე აქვე დაგელოდებიო. არავითარ შემთხვევაში აქედან ფეხს არ მოვიცვლი, მოხდეს რაც მოსახდენია-მეთქი. ნუ ხარ შენ სულელი, გააკეთე, რასაც გეუბნებიო, ბუთბაიამ, მაგრამ ტელეფონი გავუთიშე და საგონებელში ჩავარდნილმა აქეთ-იქით მიმოვიხედე.
რუსთაველზე სამარისებული სიჩუმე იდგა, წვიმამ კი გადაიღო, მაგრამ ცა რაღაც ავისმომასწავლებლად მოქუფრული და ჩაჟამებული იყო, ერთნაირად დაბნეული და შემცბარი მომიტინგეები ერთმანეთს უხმოდ შევყურებდით. შორიდან კი უცნაური, მონოტური რაკუნი და ვიღაცის გამყინავი ხმა ისმოდა. თითქოს, ვიღაც ქალი რაღაც წინადადებას ამბობდა, ჩემს ყურთასმენას კი მხოლოდ ორ სიტყვა სწვდებოდა: „წინააღმდეგ შემთხვევაში“; „წინააღმდეგ შემთხვევაში“; „წინააღმდეგ შემთხვევაში“... სხვას ვერაფერს ვიგებდი თუ გონებას არ უნდოდა დანარჩენი სიტყვების მოსმენა, თუ უბრალოდ გათიშული ვიყავი, მიზეზი დღემდე ვერ ამიხსნია. ასეთ მდგომარეობაში მყოფს, მოულოდნელად, წინ მეგობარი ჟურნალისტი, თინიკო მოსიაშვილი შემეფეთა. მისი დანახვა ისე გამიხარდა, თითქოს ოკეანეში დაკარგულს ხომალდი შემხვედროდეს, გადავეხვიე და სრულიად უზაროდ, იმ სიტუაციისთვის შეუფერებელი რამ ვკითხე, როგორ ხარ-მეთქი... მახსოვს, გაოცებული თვალებით შემომხედა და ხელებგაშლილმა დამიბრუნა კითხვა, როგორ უნდა ვიყო? უცებ ვიღაცეებმა დაიჩურჩულეს, რომ სპეცრაზმი მოდის, რომ წყლის ჭავლის მანქანა მოუძღვით წინ, რომ თავისუფლების მოედანზეც სპეცრაზმელები დგანან... საკვირველი ის იყო, რომ წასვლა და იქაურობისგან გაცლა არავის უფიქრია.
რამდენიმე ათასი ადამიანი ხმაგაკმენდილი ვიდექით და ველოდით. სპეცრაზმელთა პირველი კორდონი და წყლის ჭავლიანი ლურჯი მანქანა უკვე ცისფერ გალერეას უახლოვდებოდა. და აქ ყველაზე საინტერესო რამ მოხდა. ქალები ინსტიქტურად გამოვეყავით შეკრებილებს და წინ წავედით, კოლონასთან შესახვდერად. ახლა ვფიქრობ, ეს იყო იმედი, რომ ქალებს დაგვინდობდნენ და ჩვენ კიდევ, უკან მდგომ კაცებს დავიცავდით. ამ სიტუაციამაც ძალიან ცოტა ხანს გასტანა, სულ რაღაც წამები... კაცები უცებ მოეგნენ გონს და წინ წასული ქალების გვერდზე გადაყვანა დაიწყეს. ქაშუეთის პირდაპირ მდგომმა, ანგარიშმიუცემლად „მამაო ჩვენო“ წამოვიწყე და უცებ ვიღაცამ უკნიდან ხელი ჩამავლო, ჰაერში ამწია და გვერდზე მომისროლა. პირველი რეაქცია რაც იყო, გავიფიქრე, სპეცრაზმელები მომეპარნენ და პოლიციის მანქანაში უნდა ჩამაგდონ-მეთქი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ქაშუეთის მხარეს, რომ აღმოვჩნდი, მივხვდი, ეს ვიღაც უცნობმა მამაკაცმა გააკეთა... ამ დროს რაღაცამ დაიქუხა და ჩემს გვერდით მდგომ მამაკაცს მხარზე კონუსის ფორმის მოგრძო ნივთი მოხვდა, მეორე ასეთი ჩემს ფეხებთან დაეცა და საშინელი კვამლი გაუშვა. ინსტიქტურად გავიქეცი. გამაყრუებელი სროლის ხმა უკვე მასიურად ისმოდა, ყუმბარებიც ყოველ ნაბიჯზე ცვიოდა. თავქუდმოგლეჯილები გავრბოდით. მე ყოფილი მხტვრის სახლის ადგილას აღმართულ ფიცრებს მივყვებოდი, მეშინოდა, არ წავიქცე და ხალხმა ზედ არ გადამიაროს-მეთქი. გარშემო რამის დანახვა ჭირდა, მაგრამ თვალი მაინც მოვკარი, როგორ წაიქცა ჩემს ახლოს ვიღაც ქალი და როგორ წამოაყენეს...
კინო „რუსთაველს“ რომ მივუახლოვდი, უკვე, ვიხრჩობოდი, სუნთქვა აღარ შემეძლო და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი სიცოცხლე იმ წამს, იქ დასრულდებოდა. კონოთეატრის პირველ კარებს ვეცი, მაგრამ დაკეტილი დამხვდა. მახსოვს, განწირული, მთელი ძალით როგორ ვეხეთქებოდი და ვცდილობდი შემეტეხა. მინის კარებს მიღმა კი ჯიბეში ხელებჩაწყობილი დაცვის წევრი იდგა და მანიშნებდა, მეორე კარებისკენ წადიო. მეორე კარებამდე მისვლა არ შემეძლო, უჟანგბადობისგან სული მეხუთებოდა, მეგონა, რომ ვკვდებოდი. წარმომიდგენია, რა საწყალი და საცოდავი შესახედი ვიყავი, იმ ბიჭს კი ჯიბეში ეწყო ხელები და მიყურებდა არაფრისმთქმელი, გულგრილი მზერით. ეს კადრი არასდროს ამომივა გონებიდან... თითქოს დღესაც ვხედავ ჩემს თავს იმ დაცვის ბიჭის თვალებით: სახეშეშლილი, პირდაფჩენილი, შეშინებული როგორ ვცდილობ მინის კარების მხრებით შენგრევას. უფრო დამაცირებელი კი ის იყო, რომ როცა მივხვდი, იმ კარებს ვერაფერს ვუზამდი, უკანასკნელი ძალა მოვიკრბე და მეორე კარებისკენ გავიქეცი, იქ კი სხვა, ჩემსავით დაწამლულ-გამწარებული ადამიანები დამხვდნენ, რომლებიც ამაოდ ეჯაჯგურებოდნენ. თურმე, ის კარიც დაკეტილი ყოფილა... ამ ყველაფრის მერე, თავადაც არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი საჯარო ბიბლიოთეკის ჩასახვევთან, ფურცელაძის ქუჩაზე. გაქცეულთა ერთი ნაკადი, სწორედ იქ შევიკრიბეთ. წელში მოკაკვულები, შეშინებულები, დაზაფრულები გაუთავებლად ვახველებდით, ცხვირ-პირი გვეწვოდა და ხმელეთზე ამოყრილი თევზებივით პირდაბჩენილები მთელი ძალით ვცდილობდით სუფთა ჰაერის ჩაესუნთქვას, რომელიც იმ დღეს რუსთაველზე დეფიციტი გახდა. როგორც კი ჰაერის მცირე ნაკადი შევისუნთქე და ფილტვები ამუშავდა, გახარებულმა ყვირილი დავიწყე, არ ვკვდებით, ხალხო, ნუ გეშინიათ, არ ვკვდებით-მეთქი. ნელ-ნელა გავიშალეთ მხრებში და მიმოვიხედეთ. არემარე ნაცრისფერ ბურუსში იყო გახვეული, სპეცრაზმელები რუსთაველზე პიკაპებით დარბოდნენ და გარშემო ყურისწამღები საგანგაშო სიგნალების ხმა ისმოდა. იქვე მდებარე ბინების ბინადრებმა ბოთლებით წყალი გამოგვირბენინეს, რომლითაც სახის დაბანა ვცადეთ, ვიფიქრეთ, წვას შეგვიჩერებსო, არადა, უარესად გაგვამწარა. თურმე, ასეთ დროს მხოლოდ სოდიანი წყლის მოხმარება ყოფილა რეკომენდებული... ეს მერე, სასწრაფო დახმარების ექიმებმა გვითხრეს.
ცოტა რომ მოვსულიერდით, ერთმანეთი გავამხნევეთ და პირი ისევ რუსთაველისკენ ვქენით. დაახლოებით 70-80 ადამიანი ვიქნებოდით, რომელთაგან სახლში წასვლა არც ერთს მოსვლია აზრად. ის იყო, ფურცელაძიდან რუსთაველისკენ დაძრულთ სპეცრაზმელებმა თვალი გვკიდეს და ერთ-ერთი პიკაპიდან რეზინის ტყვიები დაგვიშინეს. ისევ უკან, ბიბლიოთეკისკენ გავბრუნდით. მე ბუთბაიასთან ტელეფონზე დაკავშირება ვცადე, ვიცოდი, ძალიან ინერვიულებდა, მაგრამ კავშირი გაწყვეტილი იყო. შესაბამისად, იქ შეკრებილთაგან ვერავინ ვერავისთან დარეკა და ვერც ის გავიგეთ, „ჩვენს იქით“ რა ხდებოდა. ზოგმა თქვა, საპატრიარქოში წავიდეთო, ზოგმა - სამებაშიო, ზოგმა - იქეთაც საშიშიაო, კოლმეურნეობის მოედანზეც პოლიცია დგასო. ამ თათბირში ვიყავით, უცებ, კინოთეატრის უკანა მხრიდან ყვითელსაწვიმრიანი ახალგაზრდა პოლიციელი გამოჩნდა, ასე 22-23 წლისა იქნებოდა, თავჩაქინდრული მოდიოდა თავისთვის, ჩვენს დანახვაზე, შეცბა, სვლა შეანელა. რამდენიმემ გინებით გაიწია მისკენ. მივხვდი, ძალიან ცუდი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო და ვიკივლე, არ მიქაროთ, ხელი არ დააკაროთ, გაუშვით, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ-მეთქი. ჩემმა დანამუსებამ გაჭრა, არც გაუჩერებიათ, არც მიუწყევლიათ, არც გაულანძღავთ, ტაშის თანხლებით უსიტყვოდ გავატარეთ. ზუსტად ამ დროს დარეკა ბუთბაიამ და ჩემი ხმა რომ გაიგონა, აკივლდა: ცოცხალი ხარ, სად ხარ? ჩქარა წამოდი, ახლა მაინც გამიგონე, ოპერასთან ვარ, აქ გელოდები. მერე თაბუკაშვილის ქუჩით ავედი ოპერასთან, გადარეული ბუთბაია იქ დამხვდა და ყველაფერი სიტყვა-სიტყვით მომაყოლა. ოპერის იქით, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტოიაზე სპეცრაზმელები იდგნენ, აქეთ - ჩვენ, ხალხი გვემატებოდა გვემატებოდა. იქიდან მხუთავი გაზის ყუმბარებს ისევ ისროდნენ, გარდი-გარდმო ჭრიდა სივრცეს თეთრკუდმობმული კონუსები. სასწრაფო დახმარების მანქანებს მოწამლული ადამიანები გაჰყავდათ და თან ფანჯრიდან სამედიცინო ნიღბებს გვიყრიდნენ. სიტუაცია აბსოლუტურად გაურკვეველი იყო, არავინ იცოდა, რა იქნებოდა შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებიდან არავინ ჩანდა, შესაბამისად, იმ დღის სამოქმედო გეგმას ვერავინ გვაწვდიდა, მაგრამ მაინც არ ვიშლებოდით, პირიქით, ხალხის ნაკადი არა და არ წყდებოდა. მერე, დიდი, შავი ჯიპიდან ბურთივით გადმოაგდეს იქვე, ჩემს ფეხებთან, დილით დაკავებული გოგა ხაინდრავა, რომელმაც შეშლილი სახით მიმოიხედა ირგვლივ და აღმართზე სირბილით ავარდა. ცოტა ხანში, ვიღაცამ ამბავი მოიტანა, ლიდერები შეიკრიბნენ და დათქვეს, რიყეზე შევიკრიბოთო. ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ, უკვე ვიცოდით, საითაც უნდა წავსულიყავთ. ჰო, ყველაზე მთავარი დამავიწყდა. ჩემი ძმიშვილი წინა ღამეს მეგობრებთან დარჩა, ამიტომაც არ მახლდა თან. სხვა დღეებში სოხუმის უნივერსტეტის სტუდენტებთან ერთად მოდიოდა აქციაზე, საღამოს კი სახლში ვუშვებდი. იმ დღეს, პირველი დარბევის მერე, როგორც კი სატელეფონო კავშირები აღდგა, რამდენჯერმე დამირეკა და მთხოვა, შემხვდი და სახლში ერთად წავიდეთო. მოვატყუე, შენ წადი და მეც მალე მოვალ-მეთქი. რამდენჯერაც დამირეკა, იმდენჯერ რომ ისევ აქციაზე აღმომაჩინა, ვეღარ მოითმინა და მეც მოვდივარ, ფილარმონიასთან შემხვდიო. რუსთაველიდან მე და ბუთბაია ფილარმონიისკენ წავედით, მერე ის თავისი სამსახურისკენ გაემართა, მე კი ჩემს ძმიშვილს შევხვდი და ორივემ რიყისკენ გავწიეთ. ვიდრე ტრანსპორტში ჩავჯდებოდით, ჯიბიდან 90-ე ფსალმუნი და მაცხოვრისა და წმინდა გიორგის ხატების კარედი ამოვიღე და მას მივეცი, მე კი ხის ჯვარცმა დავიტოვე, რომელიც ახლობელმა პატიმარმა მაჩუქა. ახლა ვფიქრობ, რიყეზე რომ მივდიოდით, შეგუებული ვიყავი იმ აზრთან, რომ შეიძლებოდა ისევ დავერბიეთ ან უარესი რამეც მომხდარიყო, ამიტომაც ჩავუდე გულის ჯიბეში ხატი და ფსალმუნი 20 წლის ძმიშვილს, ვინძლო, მე ვერ დავიცვა, იქნება ამან უშველოს-მეთქი და იქ წავიყვანე, სადაც არავინ იცოდა, რა მოხდებოდა. ხომ ვიყავი მოსაკლავი? რიყეზე მისულებს იქაურობა გავსებული დაგვხვდა და ხალხი ისევ მოდიოდა და მოდიოდა. ჩვენ სიღრმეში შევიწიეთ, სადაც ოპოზიციის ლიდერებს სახელდახელო ტრიბუნა მოეწყოთ. მე კისერი წავიგრძელე, მინდოდა მენახა, რომლები იყვნენ ადგილზე და ამ დროს, ვიღაც ახალგაზრდამ დაიძახა, სპეცრაზმი წამოვიდაო. მართლაც, ყველა მხრიდან მომდგარიყვნენ, უკვე. ერთი ნაწილი მეტეხის ხიდიდან მოდიოდა, მეორეს ბარათაშვილის ხიდი გაევსო და მესამე - ავლაბრის აღმართს მიუყვებოდა ფარების ბრახუნით. როგორც ჩანდა, ზემოთა გასასვლელის ჩაკეტვასაც აპირებდნენ. სამებისკენ წავიდეთო, იყვირა ვიღაცამ და ღვინის აღმართისკენ დავიძარით. კიბეებთან ახლოს მდგომები იოლად გადავრჩით, უცებ ავიარეთ და წყლის ჭავლიან მანქანას გავექეცით, ჩვენს უკან მომავლებს კი არც სპეცრაზმელთა ხელკეტი დაკლებიათ და არც ცივი წყლის ჭავლი. სამაგიეროდ, ჩვენ ავლაბრის მოედანზე დაგვერივნენ ყუმბარებით. მხუთავი აირისგან ირგვლივ ყველაფერი წამში გაიკვამლა. სასწრაფოს ექიმების მიერ მოცემული სამედიცინო პირბადე ჩემს ძმიშვილს გავუკეთე და გავაფრთხილე, არ შეშინებოდა, თუკი სუნთქვა გაუჭირდებოდა, მე კი სვიტრის საყელოში ჩავრგე ცხვირ-პირი... თვალების გახელა გვიჭირდა, ვერ ვსუნთქვადით, მაგრამ ხველებ-ხველებით მაინც გავიგნეთ გზა მეტრომდე, იქ ცოტა შევისვენეთ და ხელიხელჩაკიდებულები გავიქეცით სამებისკენ. სულ ცოტა ხანში ტაძრის მთელი ეზო აქციის მონაწილეებით გაივსო, ნაწილი შიგნით შევიდა, ნაწილმა თავი შევიკავეთ. არ დავმალავ, სპეცრაზმი ფეხდაფეხ მოგვდევდა და ვიფიქრეთ, შეიძლებოდა, ტაძრის შიგნითაც შეეშვათ მხუთავი აირი, დახურულ სივრცეში კი მართლა დავიხრჩობოდით. იმ დღეს ქაშუეთში თავშეფარებულ ხალხს შეუყარეს ყუმბარები და სამებაში რა გარანტია გვქონდა, რომ იგივეს არ იზამდნენ? სამების მიმდებარე ტერიტორიაზე მოვლენებს მხოლოდ „იმედის“ მაშინდელი კორესპონდენტი ნათია მიქიაშვილი აშუქებდა, რომლის ოპერატორის კამერასაც მე და ჩემი ძმიშვილი რამდენჯერმე დავემალეთ. სადმე კადრში რომ მოვხვედრილიყავით, ჩვენი ოჯახის წევრები ტელევიზიით აუცილებლად ნახავდნენ და ყველას ერთად დაარტყამდა ინფარქტი. ჩემი ძმა რომ მირეკავდა, სად ხართო, ტაძრის კარებს ვეფარებოდი და ისე ვატყუებდი, სტუმრად ვართ ნათესავთან-მეთქი. სიმართლეს ვერ ვეტყოდი და რომ მეთქვა, ბინაში ვართ-მეთქი, სახლის ტელეფონზე დარეკავდნენ და ტყულში ეგრევე გამოგვიჭერდნენ. მოკლედ, ამ გაურკვევლობაში ვიყავით, როცა ერთ-ერთმა მოძღვარმა მოგვმართა, შემოდით ყველანი შიგნით და დამშვიდდით, თქვენთან შესახვედრად მალე პატრიარქი მოვაო. ამ ინფორმაციამ მართლაც დაგვამშვიდა და სხვებთან ერთად მე და ჩემი ძმიშვილიც ტაძარში შევედით. მთელი დღის ფეხზე დგომის და სირბილისგან ისე ვიყავი დაღლილი, შუაგულში, პატრიარქის ტახტთან დაგორგოლავებულ დიდ ხალიჩაზე დავჯექი, ჩექმები მოურიდებლად გავიხადე და ფეხები გავჭიმე. სწორედ ამ დროს ნათია მიქიაშვილი და მისი ოპერატორი გამოჩნდნენ. ოპერატორმა ეგრევე ჩვენსკენ მომართა კამერა, მაგრამ მე სასწრაფოდ წამოვხტი, ვტაცე ჩემს ფეხსაცმელს ხელი და თვალს მივეფარე. ისევ დამირეკა ბუთბაიამ, რომლისთვისაც უკვე ნათქვამი მქონდა, რომ გარეთ, მთელ პერიმეტრს სპეცრაზმი აკონტროლებდა, რომ მეტრომდე მისვლა შეუძლებელი იყო და იქ პატრიარქს ველოდებოდით, რათა მშვიდობიანად გაღწევაში დაგვხმარებოდა.
მაიამ მითხრა, ინფორმაცია მაქვს, პატრიარქი სამებაში ვერ მოვა და სასწრაფოდ დატოვეთ იქაურობაო. რომელიმე ჩიხიდან გამოიპარეთ და წამოდით იქიდანო, კატეგორიულად მომთხოვა. ეს ამბავი დიდად არ მომეწონა, მაგრამ გვერდით მყოფებს მაინც გადავეცი მისი ნათქვამი, მინდოდა, ისინიც გამეფრთხილებინა, რაზეც ძალიან გამიბრაზდნენ, არ არსებობს პატრიარქი რომ არ მოვიდეს, რადგან შეგვპირდნენ, მოვა კიდეც, მის გარეშე აქედან არ წავალთო. იმ დღეს პირველად დავუჯერე ბუთბაიას, მოვკიდე ჩემს ძმიშვილს ხელი და სამებიდან გავედი. ჭიშკრის სიახლოვეს მიქიაშვილი და ოპერატორი კადრებს ისევ იღებდნენ, მათგან რამდენიმე მეტრში სპეცრაზმელების მუზარადები ბრჭყვიალებდა. მახსოვს, იმ სიუჟეტის გამო, კინაღამ ტრიბუნალს გადასცეს ნათია მიქიაშვილი, მე კი, ცოცხალი მოწმე ვამბობ, მართლა არსებობდა სამების ეზოში შეკრებილი ხალხის დარბევის საშიშროება, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ახლოს იდგა ერთ-ერთი შეიარაღებული დანაყოფი, დანარჩენებს კი მეტროს მიმდებარე ტერიტორია ჰქონდათ ბლოკირებული. ფაქტობრივად, სპეცრაზმს ალყაში ვყავდით. მერე ჩუმად, ფეხაკრეფით, სადღაც მიხვეულ-მოხვეულებში ვიარეთ, ხან ვიღაც შემხვედრს ვკითხეთ, როგორ გავსულიყავით გზაზე, ხან ჩვენს ინტუიციას და ორიენტაციას მივყევით და სადღაც, ბარათაშვილის ძეგლის მიდამოებში ჩავედით. მერე ძლივს გავაჩერეთ ტრანსპორტი, რომელმაც ვაგზლის მოედნამდე მიგვიყვანა, ბოლოს, დიდი დიღმისკენ მიმავალ „მარშუტკაში“ რომ ჩავჯექით, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი თავი უსაფრთხოდ და უკანა სავრძელზე მოკალათებულმა, ჩემს ძმიშვილს ვუთხარი, ახლა, როგორც კი მივალთ, ჩავრთოთ „იმედი“ და მთელ ჩვენს თავგადასავალს ვუყუროთ-მეთქი. დიდუბემდე რომ მივედით, მძღოლმა გააგვაფრთხილა, მასივში თუ მიდის ვინმე, იქით ვერ შევალ, „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა და გზები გადაკეტილიაო. ეს იყო იმ დღის საშინელი ფინალი, ყველაზე დიდი დარტყმა და შოკი, რამაც ისე დამანგრია, რომ აღარ მახსოვს, როგორ მივედით სახლში ან რა გავაკეთე ან როგორ დავიძინე ან მეძინა თუ არა საერთოდ. მარტო ის მახსოვს, მეორე დღეს როგორ გამოდიოდნენ ტელევიზიით პატივცემული გვამები და როგორ აფასებდნენ სიტუაციას, როგორ მოგვიხსენიებდნენ ქვეყნის მტრებად, რუსეთის აგენტებად და მოღალატეებად. იმ უგვანთაგან ყველაზე მეტად ნინო ბურჯანაძის განცხადებამ აღმაშფოთა, რომელმაც კმაყოფილი სახით ბრძანა, რომ ჩვენი დარბევით სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ, რომ ჩვენ, აქციაზე მდგომები ხელისუფლებამ ჩვენივე შეცდომებისგან გვიხსნა, რადგან ვერ ვხვდებოდით, როგორ გვამრთავდა რუსეთი და ჩვენი მეშვეობით, როგორ უთხრიდა ძირს საქართველოს... რა საოცარია ცხოვრება... მსგავსი ბრალდებები დღემდე იღვრება იგივე გვამების საინფორმაციო ღრუდან, ოღონდ ახლა თავად ნინო ბურჯანაძის მისამართითაც. ქალბატონ ბურჯანაძეს უკან მიუბრუნდა თავისი ყველა სიავე, მოღალატის დამღაც თავად ადევს შუბლზე და რუსეთთან ვინ მეგობრობს, ეგეც იცის ხალხმა. თუმცა, ბურჯანაძის სიტყვებზე ჩემი გაცოფება რა მოსატანია, იმასთან, რაც 7 ნოემბერს გადატანილის მერე იმ კადრების ნახვაზე მომივიდა, ჩვენგან დაცლილ რუსთაველზე მოსეირნე სპეცრაზმელებს ზაზა ბეგაშვილი რომ კოცნის და გავიმარჯვეთო, ულოცავს.
აი, იმ შუბლისძარღვგაწყვეტილი ბეგაშვილის ჯავრი ვერ ვიყარე დღემდე. შვიდი წელია, ოცნებად მაქვს, შემთხვევით გადავეყარო სადმე. სხვა, მასავით დაბალი რანგის ჩინოვნიკს შევხვედრივარ ბევრგან, რესტორანში, კაფეში, ბარში, სახაჭაპურეშიც კი, აი, მაგის ნახვას კი ვერსად ვეღირსე. არადა, რამდენჯერ მიოცნებია, როგორ ვხვდებით ერთად ერთ რესტორანში, როგორ ვუკვეთავ ოფიციანტს რაიმე წვნიან და ცხელ კერძს, მერე როგორ მიმაქვს სავსე მათლაფა ბეგაშვილის მაგიდასთან და რა სიამოვნებით ვაპირქვავებ თავზე. ისე არ მინდა მოვკვდე, ეს ოცნება არ ავიხდინო. ჩინეთში რომ გაამწესეს ელჩად, მას მერე მის შესახებ არც არაფერი გამიგია, თუ სადმე ნახოთ, მით უმეტეს, რესტორანში, გამაგებინეთ ვინმემ, ქენით სიკეთე. 7 ნოემბრის შემოქმედებითი ჯგუფი კი, თავისი ხელმძღვანელიანად, პროკურატურისთვის მიმინდვია.
ირმა ბერიშვილი




სექტემბერი 2019

1234567
891011121314
15161718192021
22 23 2425262728
2930