Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.190

გელა დოლიძე: სახელმწიფოსგან დაუცველი ქვეყნის დამცველი სახელმწიფოს ვერ დაიცავს /// საქართველოში ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო


katya

2.763 views

blog-0323714001384378395.jpg„ვარდოსან–ფრიადოსანი“ ხელისუფლების მიერ დატოვებული ნაღმები პერიოდულად ფეთქდება და ისეთ გამოცდილ, ნასროლ–ნაომარ საზოგადოებასაც კი აგდებს მოულოდნელობის შოკში, როგორიც ომის ვეტერანებია.

ერთ–ერთი მათგანი სულ ახლახანს მოვიდა მოქმედებაში – ვეტერანთა ნაწილს, მათთვის გაურკვეველი მიზეზებით და სრულიად მოულოდნელად, 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია შეუწყდა. ამ სუბსიდიის გარდა ვეტერანებს უამრავი პრობლემა აქვთ და უახლოეს წარსულში მათი განხილვის პერსპექტივაც კი არ არსებობდა. წინა ხელისუფლების დამოკიდებულება ვეტერანების მიმართ ყველაზე მარტივად ვეტერანთა დიფერენცირებაში გამოიხატა. თუმცა, ვეტერანების თემა და მათი პრობლემები ზოგადად „ქართული პოლიტიკის“ შედეგია, უფრო სწორად წინა ორი ხელისუფლების ამბიციების შედეგი. თუმცა ეს სხვა, საკმაოდ სერიოზული თემაა, რაზეც ხმამაღლა არ საუბრობენ ყოფილი მეომრები, თუმცა, ხვდებიან, რომ მათი ძალა და სახელი უბრალოდ და მარტივად გამოიყენეს „დაყავი და იბატონეს“ კლასიკური მეთოდით.

კონკრეტული საკითხის გასარკვევად საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს დავუკავშირდით. დეპარტამენტის უფროს, გელა დოლიძესთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ არც ისეთი უიმედობაა, როგორც გვეგონა, „ვეტერანთა საქმეზე“ ყინული სახელისუფლებო დონეზე დაძრულა, რეალური პერსპექტივებიც გაჩენილა, თუმცა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რამდენად წამგებიანია არასაკმარისი კომუნიკაცია სახელისუფლებო უწყებასა და საზოგადოებას შორის. ვეტერანების დიდმა ნაწილმა არც იცის, რომ მათი ჯანმრთელობა 100%–ითაა დაზღვეული სახელმწიფოს მიერ, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს კანონში ვეტერანთა შესახებ და რომ ვეტერანთა დეპარტამენტს უკვე დაწყებული აქვს და წარმატებით ახორციელებს დასაქმების პროგრამას, ხოლო პერსპექტივაში, ვეტარანთა „დიდი რეაბილიტაციის“ ეტაპი იწყება...

ვიდრე გელა დოლიძესთან საუბარზე გადავიდოდეთ, აქვე დავაფიქსირებ მის თხოვნას, ინტერვიუში გაჟღერებულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ დეპარტამენტს, რომ მოხდეს პრობლემაზე სწრაფი რეაგირება.

ვეტერანთა დეპარტამენტი 1997 წელს ნატოსთან დაახლოების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. მასში 120 ადამიანი მუშაობდა, ჰქონდა წარმომადგენლობები ყველა რაიონში. მოგვიანებით რაიონული წარმომადგენლობები გაუქმდა და შეიქმნა სამხარეო წარმომადგენლობა. 2006 წლის მონაცემებით დასაქმებულთა რაოდენობა 92 ადამიანს შეადგენდა. ამის შემდეგ, დაიწყო შემცირება და დღეს ვეტერანთა დეპარტამენტში 30–დე ადამიანი მუშაობს. იქიდან გამომდინარე, რომ სხვაგან წარმომადგენლობა არაა, ვეტერანებს თბილისში ჩამოსვლა უწევთ.

უახლოეს მომავალში იგეგმება რეგიონალური წარმომადგენლობების აღდგენა.

ჯერ-ჯერობით ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაშია, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია მისი ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბება. ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვეტერანთა საქმეების სამსახურად ჩამოყალიბდება, მაგრამ, ამჯერად, იქნება მთავრობის დაქვემდებარებაში. საკანონმდებლო პროექტი მზადაა საპარლამენტო განხილვისთვის.

ვეტერანთა დეპარტამენტს გელა დოლიძე, მარტიდან ხელმძღვანელობს. დეპარტამენტის მთავარი პრიორიტეტი ვეტერანთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი რეაბილიტირება და სრულფასოვანი ინტეგრირებაა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

–ბატონო გელა, რომ არა ვეტერანთა ზარი კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, ჩვენი საუბარი, ალბათ, არც შედგებოდა და არაერთი საჭირო ინფორმაცია დარჩებოდა მიზნობრივი ადიტორიის მიღმა. ისევე როგორც ზოგადად ახალ ხელისუფლებაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხი თქვენთანაც მოიკოჭლებს...

– გეთანხმებით, ჩვენი მინუსია ის, რომ ვერ მოვახერხეთ თუნდაც უკვე მიღწეული შედეგების სათანადოდ რეკლამირება. თუმცა, ამას აქვს თავისი ობიექტირი მიზეზი – ჩვენ ვართ საქვეუწყებო დაქვემდებარებაში და არ გვაქვს შესაბამისი წვდომა საინფორმაციო საშუალებებთან. აი მალე გავხდებთ დამოუკიდებელი ორგანიზაცია – საჯარო იურიდიული პირი და კომუნიკაციის საკითხებსაც მოვაგვარებთ. ჩვენს საქმეში ინფორმაციის დროულად და მიზნობრივად მიწოდებას სიტუაცია მოითხოვს .

აქამდე ისედაც ჩრდილში და მივიწყებულები იყავით, ახლა თითქოს რაღაცეები იცვლება თქვენი მიმართულებითაც არა?

– ყველაზე დიდი პრობლემა ვეტერანებთან მიმართებაში, ესაა სახელმწიფოს დამოკიდებულება საზოგადოების ამ ნაწილის მიმართ. დღეს, ფაქტია, ვექტორი იცვლება და ამ ეტაპზე რატომ არ ვართ მწვერვალზეო, ამის თქმა არ შეიძლება. საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ვეტერანთა მიმართ, ყველაზე სერიოზული წილი აქვს სახელმწიფოს. როგორიცაა სახელმწიფოს დამოკიდებულება გარკვეულ ეტაპზე, საზოგადიებრივი აზრიც შესაბამისად იცვლება.

მოდით, კონკრეტული საკითხი გავარკვიოთ, რა მოხდა 22 ლარიან სუბსიდიასთან დაკავშირებით და რატომ იყო ეს მოულოდნელი ვეტერანებისთვის?

- საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღებ პირთა წრე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის მე–4 დადგენილებით განისაზღვრა. სუბსიდიის მიმღები პირები იყვნენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და დაღუპულთა ოჯახის წევრები,საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, სამხედრო ზალების ვეტერანები და საბრძოლო მოქმედებების შემდგომ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. აღნიშნულ დადგენილებაში 2009 წელს განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აღრიცხვაზე იქნებოდნენ კომპეტენტურ ორგანოში სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებად. ცვლილება არ შეხებია უკვე დანიშნულ სუბსიდიას, რამაც არათანასწორ მდგომარეობაში ჩააყენა ერთი და იმავე სტატუსის მქონე ვეტერანები.

ვანო მერაბიშვილის ბრძანებულებით, ნასამართლევ ვეტერანებს მოუხსნეს სუბსიდიები. რაც კითხვებს ბადებს. საყოფაცხოვრებო სუბსიდია, წესით, არანაირ კავშირში არაა ადამიანების წარსულთან. მათ აღნიშნული სუფსიდია თავის დროზე, სამშობლოსთვის ბრძოლისთვის დაენიშნათ. არადა ომში იბრძოდნენ ნასამართლევებიც და არანასამართლევებიც. მაშინ, ნასამართლევობის მიზეზით, არც ბრძოლის უფლება უნდა მიეცათ.

ცვლილებამ დადგენილებაში გამოიწვია 4096 ვეტერანისთვის სიფსიდიის მოხსნა, რასაც მოყვა გაღიზიანება და აღშფოთება. ამის თაობაზე ალბათ თქვენც არაერთმა მოგმართათ.

– რა თქმა უნდა გამოიწვევდა დაბნეულობას და პროტესტს, რადგან აბსოლუტურად არასამართლიანი დადგენილება იყო, რომელიც მექანიკურად მოვიდა მოქმედებაში. „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის“ დადგენილება თავის დროზე სიტუაციამ მოიტანა. მოგეხსენებათ, მოხდა განსახელმწიფოებრიობა დარგების. ენერგოკომპანიებიც გადავიდა კერძო სექტორში და ამიტომ სახელმწიფო ვეღარ მისცემდა ადრე დაწესებულ 100 კვტ ელექტროენერგიას და 20 კუბომეტრ გაზს თავისი ანგარიშიდან. ამიტომ, სახელმწიფომ გადაწყვიტა, ამ ადამიანებისთვის მიეცა კონკრეტული თანხა. როგორ დათვალეს, არავინ იცის, რადგან გათვლები არსადაა წარმოდგენილი. მთელი შეღავათების სისტემა გადაიყვანეს 22 ლარზე. დღეს ამას ქვია „საყოფაცხოვრებო“ სუბსიდია. ეს არც პენსიაა, არც კომპენსაცია. გაორმაგებული მოცულობით იყო ეს სუბსიდია ინვალიდ ვეტერანებზე, ანუ 44 ლარი და მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებზე, რადგან მათ ისედაც 2–ჯერ მეტი ჰქონდათ ყველა შეღავათი.

ამ დადგენილებაში, როგორც ვიცი, მოგვიანებით დამატებითი ცვლილებები შევიდა და, ალბათ ამას მაშინ რაღაც მიზანიც ჰქონდა?

– ასე იყო. 2009 წლის 4 ნოემბრის დადგენილებით, ვინც კი მომავალში გახდებოდა ვეტერანი, ის საყოფაცხოვრებო სუბსიდიით ვერ ისარგებლებდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე. ხოლო ვინც საგრებლობდა უკვე ამ სუბსიდიით, მას დარჩებოდა. ეს თავისთავად დისკრიმინაციული დადგენილება იყო. წარმოიდგინეთ, ორი ადამიანი რომლებიც ერთ ბრძოლაში იღებდნენ მონაწილეობას, ერთი სოციალური მდგომარეობით, ერთმა მოასწრო 5 ნოემბრამდე სტატუსის მოპოვება და მეორეს დააგვიანდა, ესთს ქონდა ეს სუბსიდია და მეორეს – არა.

ეს დადგენილება თუ არ ვცდები გილაურმა მიიღო ?

– კი, მისი გახლავთ. 2012 წლის 20 ივლისს ბოლო ნაღმი დატოვა ამ სეგმენტში ნაცმოძრაობამ, დაადგინა, რომ ის, ვინც მუშაობს საჯარო სამსახურში, მას უნდა მოეხსნას ეს სუბსიდია. და შეიტანა შესწორება შეჩერება კი არა შეწყვეტა ხდება. თუ შეუწყდა, აღარ აღუდგება.

რა შემთხვევებს ეხებოდა ეს შეწყვეტა?

– თუ 3 თვე ზედიზედ არ აიღო ეს სუბსიდია პირმა, თუ ციხეში მოხვდა, თუ ვთქვათ დარაჯად დაიწყო სკოლაში მუშაობა, უწყდება და ა.შ. 26 000 ვეტერანი იყო ამ სუბსიდიის მიმღები და დღეისთვის მას იღებს 17 885. აქედან 11 107 კაცი სოციალურად დაუცველია. რეალურად სადღაც 6 700 ადამიანია დარჩენილი, ვინც ამ დადგენილებების თანახმად იღებს 22 ლარიან სუბსიდიას. რაც ჩვენი პოზიციიდან თავისთავად არაა ნორმალური და ამას ჭირდება ცვლილება, ესაა ის აქილევსის ქუსლი, რომელიც დარჩენილია და მისი გასწორება ჯერ–ჯერობით ვერ მოხერხდა, რადგან ამას ცოტა კრეატიული გადაწყვეტილება ჭირდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ესეც გამოსწორდება.

და ვინ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება?

– მთავრობამ რა თქმა უნდა. ოპტიმალური ვარიანტი კი უნდა შესთავაზოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ და ჩვენმა უწყებამაც.

კონსულტაციების დონეზე არის უკვე საუბარი ამაზე?

– ჯერ–ჯერობით მიმდინარეობს საკითხის განხილვა და გადაწყვეტილება მიღებული არაა.

თანხის მოცულობაზეც იქნება ალბათ საუბარი.

– ალბათ იქნება, მაგრამ აქ ხშირად ურევენ ერთ რამეს – ეს არაა სოციალური დახმარება, ესაა საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რომელიც ითვალისწინებს ერთ ვეტერანზე თვეში ელექტროენერგიის ხარჯს, გაზის, დასუფთავების და წყლის საფასურს. სუბსიდია ამ 4კომპონენტისგან შედგება და თუკი გადავთვლით, სწორი გათვლებით სადღაც 32 ლარამდე გამოდის. ანუ შესაძლებელია 12 ლარით ამ სუბსიდიის გაზრდა.

ხშირად ვეტერანებს პროტესტის გრძნობა უჩნდებათ სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობის გამო და, ალბათ, ობიექტურადაც.

– მე პირადად პროტესტის გრძნობა მიჩნდება სხვა რამის მიმართ – როცა ვეტერანს განიხილავენ, როგორც მხოლოდ მიმღებს რაღაც დახმარებების. მიმაჩნია, რომ ვეტერანების მიმართ სხვანაირი პოლიტიკა უნდა ტარდებოდეს.

როგორი?

– ჩემი აზრით, ვეტერანებს ჭირდებათ რეაბილიტაცია და დასაქმება. უფრო მნიშვნელოვანია მოხდეს მათი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია შემდგომი დასაქმებით, ვიდრე სუბსიდიების და კომპენსაციების გაზრდა, ეს გზა უმნიშვნელოა. დღეს საკმარისია ვთქვათ 50 ლარი, ხვალ 100 იქნება საჭირო. ანუ სახელმწიფომ მუდმივად უნდა გაიღოს რაღაც–რაღაცეები, ასეთი მიდგომით. მე მიმაჩნია, რომ მთავარი, რაც ვეტერანს უნდა მივცეთ, ესაა ანკესი და არა თევზი.

ზოგიერთები თვლიან, რომ თევზის ჭერის სწავლებაუკვე დაგვიანებულია.

– ზოგისთვის შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ მათი ასეთი განწყობა ყოფიდან გამომდინარეა და არა მათი ფსიქო–მორალური მდგომარეობიდან. კიდევ ვიმეორებ, უნდა შეიცვალოს პოლიტიკა და დამოკიდებულება. პროგრამები უნდა ვაწარმოოთ იმ მიმართულებით, რომ მოხდეს საზოგადოების ამ ნაწილის დეგრადაციის პროცესის შეჩერება. რესოციალიზაცია შეუძლებელია, თუ არ მოხდა მათი რეაბილიტაცია.

ანუ უნდა დაიწყოს სხვა თანმიმდევრული პროგრამა.

– რა თქმა უნდა. ასე რომ მოხდება, დასაქმების პროგრამაც უფრო სწრაფად ამუშავდება. ვეტერანებში სოციალური ჯგუფები საკმაოდ მრავალფეროვანია. 11 000 ვეტერანი, სოციალურ ზღვარს მიღმაა. გეთანხმებით, რომ იქ დეგრადაციის მაღალი პროცენტია. მათ მართლა მხოლოდ უნდა მისცე, მაგრამ მათ ჰყავთ შვილები, ეგებ ღირდეს ამ პროგრამების მათ შვილებზე მიმართვა.მამის მაგივრად ჯერ შვილი დადგეს ფეხზე და მერე ის მამასაც მიხედავს. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ცდილობს თავად დადგეს ფეხზე. ჩვენ დავიწყეთ დასაქმების პროგრამა, რაც წარმატებით მიმდინარეობს.

ვეტერანთა დასაქმების პროგრამაზე ალბათ ბევრმა არაფერი იცის. რამდენი ხანია რაც პროგრამა დაიწყეთ?

– დავიწყეთ ზაფხულში და უკვე რამდენიმე ასეული დასაქმებული გვყავს.ესაა პირად კავშირებზე აწყობილი პროგრამა თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. მოგეხსენებათ, სამინისტროში გარდა ჯარისკაცებისა საჭიროა კიდევ უამრავი პროფესია. სხვადასხვა ტიპის კვალიფიციური მუშის პროფესიებია. ვეტერანების აყვანა და სპეციალური გადამზადება ხდება. ზოგერთმა ვერ შეძლო თავად ჩართვა ამ პროგრამაში, მაგრამ შვილი გამოგზავნა. ხელფასი 700–800 ლარამდეა, არაა ეს ისეთი ხელფასი, რომ ადამიანების ცხოვრება შეცვალოს, მაგრამ ოჯახს შიმშილი არ ემუქრება.

ამ მხრივ სამაგალითო ქვეყნად დღეისთვის საფრანგეთი და ამერიკა ითვლება, სადაც ვეტერანთა ინსტიტუტი ყველაზე გამართული და მოწესრიგებულია.

– ამ ქვეყნებში უკვე დამუშავებული და პრაქტიკაში განხორციელებულია წარმატებული პროგრამები. მაგალითად ისეთი, როგორიცაა ბიზნესის დაწყების გამარტივებუილ ფორმა სახელმწიფო კრედიტით, შეღავათები გადასახადებში. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ამერიკაში აპრილში ყველა სახელმწიფო უწყებას შეუმცირდა დაფინასება, ვეტერანთა დეპარტამენტის გარდა. 71 მილიარდია ვეტერანთა დეპარტამენტის ბიუჯეტი ამერიკაში.

ეტერანთა დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდული პირად ჩამოყალიბების შემდეგ ალბათ გაჩნდება საშუალება დამატებითი ფინანსების მოძიების, რომლებიც ვეტერანებ მოხმარდება.

– ამ მხრივ საინტერესო ინიციატივა გვაქვს, რომელსაც ჯერ არ გავახმოვანებ, გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა, გპირდებით, რომ როგორც კი ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება და რეალურ ფორმას შეიძენს, პირველად თქვენ შგატყობინებთ.

მომზადებული პროექტით საშუალება იქნება განხორციელდეს ვეტერანთა დასაქმების პროგრამა. ვეტერანები აუცილებლად საჭიროებენ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, მათი სოციალური რეინტეგრაცია უნდა მოხდეს.

პარაზიტულ ცხოვრების წესი არ შეიძლება იყოს ვეტერანების არჩევანი. ადამიანი, რომელიც თავის დროზე წავიდა ომში, ვერ იქნება პარაზიტი, მან საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე. ამიტომ, ამ ტიპის ადამიანებისთვის ზუსტად ასეთი მიდგომებია საჭირო, რომ არ იგრძნონ შეურაცხყოფილად თავი.

– ვეტერანები განსხვავებული კატეგორიაა, განსხვავებული ხედვით და ცხოვრების წესით, რომელიც ომმა დაუტოვათ. ამერიკელებმა ამას „ვიეტნამის სინდრომი“ დაარქვეს. მანამდე „ალჟირის სინდრომი“ ერქვა საფრანგეთში. რაში მდგომარეობს ეს სინდრომი – ვეტერანები მასაში ხდებიან ანტისოციალურები. ეს ხდება იმიტომ რომ მეომარი, რომელიც ყოველდღიურად სიკვდილს უყურებს თვალებში, მათთვის მომავალი თავდება საღამოთი – გადარჩა. დღეს გადარჩა..

გასაგებია, ანუ ამ ადამიანებს ხვალინდელი დღის დაგეგმვა, უჭირთ.

– ასეა. ამას ემატება ცხოვრებაში თანდათან მზარდი წარუმატებლობები, ამიტომ, უმრავლესობის მომავალი მთავრდება საღამოს ერთადერთი საკითხით – რა დალიოს? აი ეს პრობლემაა სწორედ. რეაბილიტაცია ამას გულისხმობს. ამ პრობლემებს თავი უნდა დავაღწიოთ.

რეაბილიტაციის პროგრამაში ვინ იქნება ჩართული?

– რა თქმა უნდა ფსიქოლოგებიც თავის საქმეს გააკეთებენ, მაგრამ ამ ადამიანებს სჭირდებათ სხვა სოციალური გარემოს შექმნა. წაქცეულს თუ ააყენებ, ის განაგრძობს გზას, მაგრამ თუ მიწაზე დატოვე – კვდება. ეს უნდა გავაკეთოთ და მომავლის გზა ვაჩვენოთ. დიდი ნაწილი გაივლის და გადარჩება. ჩემი აზრია და სამინისტროს აზრიცაა, სჯობს მივცეთ ანკესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მივეცით ანკესი და დავივიწყეთ.

თქვენ ბრძანეთ, რომ მოკლე ხანში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. უფრო კონკრეტულად?

- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბოლო თვეებში გაკეთდა, ესაა ვეტერანთა ბაზის მოწესრიგება. რა თქმა უნდა ის კიდევ შეივსება და დაიხვეწება,მაგრამ ძირითადი ინფორმაცია უკვე არსებობს. საქართველოში დაახლოებით 70 ათასი ვეტერანია. აქიდან 32 ათასია აფხაზეთის ომის ვეტერანი, დაახლოებით 5 ათასი რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი. მიმდინარეობს, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის ასევე, აფხაზეთის ომის ვეტერანის რეგისტრაცია.

- ვეტერანთა ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხიც მოგვარებულა...

– რაც განსაკუთრებით წინსვლად მიგვაჩნია – ვეტერანთა ექსკლუზიური დაზღვევაა. მათი ჯანმრთელობა 100%–ით დაზღვეულია სახელმწიფოს მიერ. რომელშიც შედის ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაცია, სპეციალისტი ექიმების უფასო კონსულტაცია, ანალიზები ყველა სხის გარდა მაღალტექნოლოგიური კვლელებისა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ყველა სახის ოპერაცია აბსოლოტურად ფინანსირდება სახელმწიფოს მიერ. ასევე, ონკოლოგიური დაავადებები 15 000 ლარის ფარგლებში.

საყოველთაო დაზღვევაზე გაცილებით უკეთესი ყოფილა, იქ 70%–იანი თანადაფინანსებაა და აქ ასპროცენტიანი. და მომსახურების ამ პაკეტის მიღება საქართველოს მასშტაბით შეიძლება?

– რა თქმა უნდა, პროგრამა მუშაობს საქართველოს მასშტაბით 1 ივლისიდან. ვეტერანები აღრიცხვას გაივლიან ადგილობრივ სამედიცინო ცენტრებში და მიიღებენ სრულ მომსახურებას. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას გაივლიან თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში, რომელთან დაკავშირებითაც ასევე წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. ჯერ დეტალებში არ ჩავალ, რადგან ჰოსპიტალის რეაბილიტაციის და უმაღლესი სტანდარტების დონეზე გამართვის საკითხიც დამუშავების პროცესშია.

ამერიკაში ვეტერანებისთვის რამოდენიმე ათეული ჰოსპიტალი ფუნქციონირებს. ჩვენთან მხოლოდ ერთია და ისიც საშინელ მდგომარეობაში.

– მალე ჩვენთანაც ასე იქნება. 1997 წელს საქართველოში 2 სამხედრო ჰოსპიტალი იყო. ქუთაისში ამბულატორიის სახით, ხოლო თბილისში - სრულფასოვანი კლინიკა. წლების მანძილზე ვეტერანთა ჯანდაცვა ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი. შედეგიც თვალსაჩინოა.

სამხედრო ჰსპიტალი თქვენი დეპარტმანტის დაქვემდებარებაშია?

არა. ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და აფინანსებს თავდაცვის სამინისტრო. ბიუჯეტი 800 ათასი ლარია. პერსონალით უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჰოსპიტალი თავის ფუნქციას სრულფასოვნად ასრულებს, მაგრამ სოციალურად დაუცველი ვეტერანებისთვის სხვა ალტერნატივა დღეს არ არსებობს. მალე ვეტერანებს ექნებათ ახალი ელექტრონული მოწმობები, რომლითაც ისარგებლებენ საქალაქო ტრანსპორტზე ასევე ქვეყნის მასშტაბით.

რამდენადაც ვიცი, შეღავათები საქალაქო ტრანსპორტზე მხოლოდ თბილისში მოქმედებდა.

– ეს იყო თბილისის მერიის გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა შეიცვალა და ვეტერანები სარგებლობენ სატრანსპორტო შეღავათით ნებისმიერ ქალაქში, სადაც არის მუნიციპალური ტრანსპორტი.

ვეტერანთა დეპარტამენტის ინიციატვით, კიდევ ერთი პროგრამა ამუშავდა – ვეტერანთა შვილებისთვის ჯავახიშვილის სახელობის უნივესრიტეტში სამოქალაქო ლექციები, 13–17 წლამდე ახალგაზრდებისთვის. ძალიან საინტერესო ლექციები ტარდება საუკეთესო ლექტორების მიერ, რაც მომავალი თაობის თვალსაწიერის და ხედვის გაფართოებას ემსახურება.

განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს დაღუპულთა ოჯახები და მათი მშობლები. ასეთი დავალება გვაქვს თავდაცვის მინისტრისგან და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ ადამიანებმა გმირები გაზარდეს და სახელმწიფო ვალდებულია, რომ ისინი დააფასოს.სახელმწიფოში დაფასებული და მოვლილი არ არის ქვეყნის დამცველი, სახელმწიფოც არ არის დაცული.

 

კატო ჩულაშვილი

„ქრონიკა+“ 12.11.2013

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...