Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    406.211

კუდი ყავარზე, ოდა ყავაზე... ანუ სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს...


katya

2.473 views

blog-0823028001354037889.jpgროგორ უნდა ვიყოთ?

რაც ჩვენს ცხოვრებას დამართეს, ის დაემართა ომბუდსმენის კანდიდატურასაც, ანუ, სრული გაურკვევლობა გვჭირს.

ვისაც ევალება, ან ავალებენ, საზოგადოებაში აქტიურად აღვივებს ეჭვს, რომ დარჩენილ უფლებებსაც გვართმევენ და ომბუდსმენის თანამდებობა, შესაძლოა, ლიკვიდაციას დაექვემდებაროსო. არაა უფლება– არაა დამცველიც! არაა ადამიანი – არაა პრობლემა!

ამ უფლებააყრილ საქართველოში ამდენი თუ დაიბრალებდა უფლებადამცველობას, მაგას როგორ ვიფიქრებდი? თუმცა, ისიც ფაქტია, დიდი არჩევენის დროს გადაწყვეტილების მიღება ჭირს...

შპს „საქართველოს რკინიგზას“ ხომ უცებ გამოუჩნდა "შესაფერისი კადრი?" – ხელმძღვანელი, მეთვალყურეები და თავმჯდომარეები!? ეზუგბაიაზე ამბობენ, ისეთი ზღაპრული ხელფასი ჰქონდა, თავისი პრემიალურებით, თვით აკაკი ჩხაიძესაც შეშურდებოდაო. იმედია, რკინიგზის ახალი მესვეურები წინამორბედების ხელფასების შენარჩუნებას არ იკადრებენ, იმ ფონზე, როცა იმედგაცრუებული პენსიონრები იგივე კომუნალური ტარიფებით უნდა შეებრძოლონ ზამთარს. ეგ ამბავი თუ გახმაურდა, მერე არჩიონ, ვისი ოცნება ახდა და ვინ ვის რა აუსრულა... თუმცა, ოცნება "კუდს" და "სოდს" აღარ აუქმდებს და კომუნალურ გადასახადების განახევრება ვიღას ახსოვს?!.

 

ერთ რამეს ნუ დაივიწყებთ ბატონებო – არჩევნები თქვენ არ მოგიგიათ! არჩევნები ხალხმა მოიგო. იმ ხალხმა, რომელმაც „არა!“–ს თქმა უკვე ისწავლა!!!

 

გიგის თანაგუნდელებსაც მასე ეგონათ – სულ ვიქნებით და ვიქნებითო! თვით გიგისაც მასე ეგონა. ისეთი რეაქცია ჰქონდა ქალაქის დასუფთავების სამსახურში ფინანსური პოლიციის შესვლაზე, აშკარად დაეტყო, რომ მის ფინანსურ ინტერესებს ღირსება შეელახათ... გიგის რომ კითხო, კბილაშვილი არაკოპეტენტურია. კბილაშვილს კითხონ ერთი აბა, რა აზრისაა გიგიზე? გიგი უბრალოდ დელიკატურია – პირდაპირ ვერ იკითხა, რამდენი ხნით მსვამთო და მუხლის ნომერი მოითხოვა. აი კბილაშვილი კი, მთავარი პროკურორის სავარძლიდანაც ისევ ადვოკატივით საუბრობს...

რატომ? არ ვიცი, მაგრამ, მსგავს მომენტებში სულ მინდა ვუთხრა ზოგიერთებს – თუ რაიმე არ გახსოვთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილა. თუ რაღაც არ იცით, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს რაღაც არ არსებობს...

 

ამ ყველაფრის მიუხედავად, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მეც, ისე როგორც თქვენ, ცხელი ყავით ვიგრილებ ღირსებას, ვოცნებობ სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე, ყველა სიბრტყესა და სივრცეში ვეცნობი ახალ ამბებს, რომლებსაც აშუქებენ და გვთავაზობენ საინფორმაციო საშუალებები და, ზოგჯერ ისე მინდა გავიგო, მაინც რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ...

 

გასულ კვირას პარასკევამ კი არა და პარასკევმა ისევ აიჩემა, – მოდი, საქმეები ორშაბათისთვის გადავდოთო! ორშაბათს კი ეწყინა, მაგრამ პასუხისმგებლობის ამბიციამ მასში წყენა მიაძინა და ისეთი ორშაბათური „მძიმე როკი“ დასცხო, ლოჟაში ჯდომას შეჩვეული პუბლიკა სულ რიტმულად აცახცახა ...

ჯერ იყო და, დილიდან, შალვა რამიშვილმა კობა ბექაურის „აღსარება“ ჩაიბარა პირდაპირ ეთერში. სხვების შთაბეჭდილებებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ, მე, ბექაურის აღიარებითმა ტელე–ჩვენებამ, ის აზრი გამიძლიერა, რომ ნაციონალური მოძრაობა, ანუ ხელისუფალთყოფილები, "შანსგარდა" არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისი ნატურიდან გამომდინარე, „პატივცემული კობა“ ასე არ გარისკავდა. ეთერში კი, რაც მართალია–მართალია! ალალად ნერვიულობდა...

 

ვიდრე სამართალს ჩვენს ქვეყანაში ბულემია სჭირს და, 9 წლიანი დამშეულობის ნიადაგზე, ვერაფრით ძღება, ნაციონალურმა მოძრაობამ შემოდგომის ფოთოლცვენასავით გამოხშირულ საკუთარ ელექტორატს თავშესაქცევად და პოზიციებზე დასამაგრებლად, ახალი სერიალი შესთავაზა – „ვანოს ზღაპრები“. პირველი სერია ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომელიც, ემოციურობის თვალსაზრისით, მოლოდინს ვერც დაეწია. არხის მესვეურებმა აღიარეს, რომ „პოსტ სკრიპტუმში“ სერიალის ადგილი არ იყო და, მის „ვანოს შოუ“–ში გადატანაზე შეჯერდნენ. კარგი ბიჭიაო ვანო, ამბობდნენ, გამგებიო! შოუც კარგი გოგოა...

 

ვანომ არ დამალა და თქვა – შეიძლება დამიჭირონო... მე მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხიო. ბაჩოსაც იგივე ტექსტი ჰქონდა, თუ სწორად მახსოვს...

ყოფილმა პრემიერმა ისიც აღიარა, – ჩვენი შეცდომა იყო, საზოგადოებასთან დიალოგი რომ არ გავმართეთო.

გაგემართათ მერე, ვინ დაგიშალათ? აბა მარტო სააკაშვილის მონოლოგები გეყოფოდათ?

მაშინ როცა დიდ რუსეთში დედის დღეს ზეიმობდნენ, საქართველოში ყველა სახის უმრავლესობა ერთხმად აღიარებდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მომავალს, დედა აუტირდა... არადა, როგორ ეფექტურად დაიწყეს?!...ყველაზე რთული საკუთარი ნაკლის დანახვა ყოფილა. იმდენად ახლოსაა, ეგ ტიალი, მხედველობა უბრალოდ ფოკუსირებას ვერ ახერხებს.

ზემო ალვანში სტალისნის ძეგლი დაბრუნებულა თავის ფეხით... ეგ რა დიდი ამბავია? მალე თვით იგორ ორგაძეც ბრუნდება, ალბათ ფაიტონით... ქვეყნის შეცვლილი ვექტორები და ახალი პოლიტიკური კურსი აკმაყოფილებს თურმე ქვეყნის ნომერ პირველ ტერორისტს.

ავსტრიაში მყოფი ლევან პირველი აღშფოთებულია პარლამენტის პოლიტდევნილთა სიით, სადაც, თურმე პირველ ნომრად უნდა ყოფილიყო. გვარად პირველს არც ვექტორი აკმაყოფილებს, არც კურსი, არც ჰაერის ტენიანობა და, საერთოდ, – რიგი დაიცავითო!..

 

რაც შეეხება სააკაშვილს, კულუარული და ბუღაძისეული ინფორმაციით, ამბობენ, პრეზიდენტი უკრაინაში ავლაბრის ყინვებს გაექცაო. ძველი მეგობრობის ფარგლებში, ეგებ, იქ გამოზამთრებაც შესთავაზონ?! დიდი ამბავი. სიამოვნებით ვიდარდებდი „ჩემი პრეზიდენტის“ შემცივნებას, უამრავი ქართველი ბავშვის შიმშილს და სიცივეში გამოზამთრებას ისევ მაგის ძაგ–ძაგი და პერსპექტიული კუჭის წყლული რომ არ მერჩიოს...

ეკა ბესელიამ ჩიორა დღეს სულ სხვა რაკურსში აღმოაჩინა და მასში მიძინებული „ხულიგანი“ სინათლეზე ამოიყვანა. არადა, აქამდე მხოლოდ დედობრივ ფრთებს აფართხალებდა ქალბატონი თაქთაქიშვილი. რამდენად იცავს მისი იღლია სამართლებრივი დევნისგან, ჯერ უცნობია. კი ამბობენ მავანნი, ჩიორა ვის დაკარგვიაო?! არსებობს გონივრული ეჭვი, რომ საკუთარ თავს დაეკარგა, ან თავი დაკარგა... მპოვნელი დასაჩუქრდება ცხადია! ჰოდა, აპოვნინეთ რააა!!!

 

ვიდრე, სხვისი, თუნდაც თანამოაზრის, მაგივრად აზრის დაფიქსირებას არ მოვეშვებით, დიდი იმედები ნურაფერზე გვექნება.

არ გეკადრებათ, პარლამენტარო გაჩეჩილაძევ, სხვისი პულტით მანიპულირება. სანამ "მწვანეები" ქუთაისში პულტებით ხულიგნობთ და თბილისის ნაძალადევის რაიონი მაჟორიტარის გარეშეა დარჩენილი, ყბადაღებული სამადაშვილის "მეგობრები" ისევ ძველ რეჟიმში აგრძელებენ სკვერების ჩეხვას. ნაძალადევის მოსახლეობის სახელით მოვითხოვ – ან დეპუტატი გამოგვიყავით, ან ოჩოპინტრე მოგვამაგრეთ.

მერე კიდევ უკვირთ, რა ნიჰილიზმის ფერი დაგკრავსო... ნურას უკაცრავად! ბავშვობიდან ფერმკრთალი გახლავართ და ასე იოლად არ ვნებდები...

ამ ყველაფრის მიუხედავად, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მეც, ისე როგორც თქვენ, ცხელი ყავით ვიგრილებ ღირსებას, ვოცნებობ სიმშვიდესა და კეთილდღეობაზე, ყველა სიბრტყესა და სივრცეში ვეცნობი ახალ ამბებს, რომლებსაც აშუქებენ და გვთავაზობენ საინფორმაციო საშუალებები და, რა ჩემი ბრალია, თუ ზოგჯერ იმის გარკვევა მსურს, რაც სინამდვილეში მოხდა...

პრინციპში, 72 წლის ჩინელი ბაბუა რომ ერთ მშვენიერ დილას ქალის ტანსაცმლის მოდელად გაიღვიძებს, მე რატომ არ უნდა ვიყო ოპტიმისტი!?

ჰოდა, ყავამშვიდობისა, ადამიანებო!

კატო ჩულაშვილი

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...